მთავარი,სიახლეები

როცა თანამდებობის პირი „ქურდული სამყაროს“ მიმდევართან ქეიფობს – რას აჩვენებს რესტორანში პოლიციელის ცემის საქმე

04.02.2026
როცა თანამდებობის პირი „ქურდული სამყაროს“ მიმდევართან ქეიფობს – რას აჩვენებს რესტორანში პოლიციელის ცემის საქმე

„ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები, ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა,“ – ადვოკატი ლია მუხაშავრია გვიყვება, რომ ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის დაპატიმრების ამბავი აქტიური მედიაგაშუქებისა და საზოგადოების რეაქციის შედეგია.

ლია მუხაშავრიას ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ვესაუბრეთ:  ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით შარაშიძემ ორ პირთან ერთად პოლიციელს სცემა. პროკურატურა ამბობს, რომ დაპირისპირების საგანი „ქურდული სამყაროს პატივისცემა“ იყო.

„თუკი დავით შარაშიძე არ დაისჯება ისე, როგორც მას ეკადრება – კანონის მთელი სიმკაცრით, მაშინ ჩვენ, მთელ საზოგადოებას, შეგვექმნება კიდევ უფრო მყარი აზრი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არის სრულიად უსამართლო, უკანონო და ის მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიის მექანიზმს, გამორჩევით ასამართლებს ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების, საქმიანობის თუ სხვა ნიშნების მიხედვით,“ – ამბობს ლია მუხაშავრია „ბათუმელებთან“. ის სტრასბურგის სასამართლოს საქმეებზე საქართველოდან მუშაობს.

„ბათუმელებმა“ ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლია, დავით შარაშიძეს, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და გამოძიების ვერსიით, მან  პოლიციელს ჯგუფურად სცემა, დღეს სააპელაციო სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა. რა ჩანს ამ შემთხვევიდან? 

დიდი მადლობა მედიას. დღეს, როცა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მეტისმეტად ცდილობს დააკნინოს მედიის როლი და გავლენა საზოგადოებაზე, აი, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მედიის როლი უმნიშვნელოვანესია, ხანდახან გადამწყვეტიც კი, ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების ცხოვრებაში გასატარებლად. აი, ამ შემთხვევაში ნამდვილად მედიამ შექმნა ის საზოგადოებრივი აზრი და გამოხატა საზოგადოების აღშფოთება ამ ფაქტის გამო, რამაც აიძულა მართლმსაჯულება დამდგარიყო სიმართლეზე.

ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები. ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა. კარგია, რომ სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას და გამოიყენა საპატიმრო ღონისძიება.

თანამდებობის პირებსა და განსაკუთრებით პოლიტიკური თანამდებობის პირებს ავიწყდებათ, რომ ისინი უნდა იყვნენ უმაღლესი მორალური სტანდარტის დამამკვიდრებელი და სამაგალითო მოქალაქეები საზოგადოების თვალში და არა პირიქით. ბოლო დროს სულ ვხედავთ საპირისპირო მაგალითებსა და შემთხვევებს, რაც იწვევს საზოგადოების აღშფოთებას, რეაქციას უსამართლობაზე.

ეს არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ არც სასამართლოს, არც საკანონმდებლო ხელისუფლებას და არც ადგილობრივ ხელისუფლებას. მგონი, ეს იქნება კარგი ჭკუის სასწავლებელი სხვა რეგიონების პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის და, ზოგადად, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, როგორ უნდა იქცეოდნენ საჯარო სივრცეში და ანგარიშს უწევდნენ საზოგადოებრივ აზრს.

ლია მუხაშავრია

  • ამ შემთხვევაში TV პირველის მიერ მოპოვებული რესტორნის სათვალთვალო ვიდეოკადრებით ჩანს, როგორ ურტყამს დავით შარაშიძე – ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელს მუშტებს. ის ოზურგეთის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, როცა სილის გაწვნის გამო ციხეშია მზია ამაღლობელი და ის წინასწარ პატიმრობაშიც დატოვეს… 

ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. „მზია ამაღლობელის საქმე“ დარჩება უსამართლობის აღმაშფოთებელ ქეისად ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში, როდესაც ქალის მხრიდან პოლიციელისთვის სილის გაწვნა ჩაითვალა მძიმე დანაშაულად, რის გამოც მიუსაჯეს ასეთი მძიმე სასჯელი.

„მზია ამაღლობელის საქმე“ ყველაზე შავი ლაქა იქნება უახლეს მართლმსაჯულების ისტორიაში.

ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ვიდეომასალა არსებობს, როგორი ძალადობრივი ქმედება ჩაიდინა თანამდებობის პირმა პოლიციელის მიმართ. თანაც, აქ გასათვალისწინებელია მოტივი: რის გამო დაიწყო ეს ძალადობა. ერთ შემთხვევაში იყო მზიას პროტესტი და შეიძლება უნებლიე ქმედებაც, შეიძლება აფექტურიც მის მიმართ შეურაცხყოფის გამო და მეორე შემთხვევაში მოტივი იყო ის, რომ პოლიციელმა გამოთქვა უკმაყოფილება თანამდებობის პირის მიერ ქურდულ სამყაროსთან კავშირების, თუ ქურდული სამყაროს მიმართ პატივისცემის გამოხატვის გამო.

  • ვიდეოჩანაწერის მიხედვით, ვიდრე პოლიციელს სამი კაცი ცემას დაუწყებდა, მათ შორის, დავით შარაშიძე, პოლიციელს ეკამათება ლუკა ჩხიკვაძე, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდის, „კახა ჩოხატაურსკის“ შვილია. პროკურორმა ელგუჯა ადეიშვილმა ოზურგეთის სასამართლოში, სხდომაზე თქვა, რომ პოლიციელთან კონფლიქტის მიზეზი გახდა „კრიმინალური სამყაროს პატივისცემა“. 

დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ პოლიციელი სავარაუდოდ აღშფოთდა – ბუნებრივია, უნდა აღშფოთებულიყო – როცა დაინახა, რომ „კანონიერი ქურდის“ შვილი ზის სუფრასთან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთან ერთად და ქეიფობს. ამ ნიადაგზე უკმაყოფილებას მოჰყვა ძალადობა პოლიციელზე.

ჩემი საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე ხშირად მომისმენია პოლიციელებისგან აღშფოთება, როდესაც ისინი აპატიმრებენ ადამიანს და სასამართლო მას ათავისუფლებს გირაოთი. სოციალურ კონტექსტში ეს ფენა [„ქურდული სამყარო“] მართლაც მიუღებელი უნდა იყოს და არის კიდეც.

რეგიონში მეტი პოლიტიკური თანამდებობა არაფერია – საკრებულოს თავმჯდომარეა და ის აშკარად ძალადობს პოლიციელზე. ამ დროს სასამართლოს რეაქცია მართლაც იყო აღმაშფოთებელი საზოგადოებისა და მედიისთვის. როგორც ჩანს, სააპელაციო სასამართლომ ანგარიში გაუწია საზოგადოებრივ აზრს.

  • სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებამდე ხომ არ გამოჩნდა ისე, რომ „ოცნების“ სისტემამ არჩია – დაეცვა თავისი რეგიონული ლიდერი და „ქურდული სამყარო“ და არა პოლიციელი, რომელიც „ოცნების“ რეჟიმის მთავარი საყრდენია? 

სრულიად შესაძლებელია, რომ ეს იყოს.

საკრებულოს თავმჯდომარე რეგიონში, ადგილზე წარმოადგენს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს. მისი თანამდებობიდან ჩამოცილება ამ საპატიმრო ღონისძიებით იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეიძლება ამანაც დააფრთხო სასამართლო…  კარგია, რომ სააპელაციოში ეს შეცდომა, დარღვევა თუ უგუნურება გამოსწორდა.

  • დაზარალებულად ცნობილ, ნაცემ პოლიციელს შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს. ეს რაზე მიუთითებს?  

გურიის მასშტაბით და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ეს არის უპრეცედენტო ამბავი და შესაძლოა, გადაწყვეტილება მისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოწვეული იყოს იმით, რომ მისი სამსახურში დაბრუნება შეიძლება გამოიწვევდა გარკვეულ დისონანსს საზოგადოებაში, ან თვით პოლიციის ორგანოებში. არ ვიცი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

  • გუშინ დავით შარაშიძემ ფეისბუქპოსტი დაწერა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო, ჟურნალისტები გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი ჯინჭარაძე რესტორანში პოლიციელის მოვალეობას არ ასრულებდა. 

ფორმა არ ეცვაოა, ხომ? შეუძლებელია, არ სცოდნოდა, რომ ის პოლიციელი იყო. ეს ერთი, მეორეც: პოლიციელს ყველგან და ყოველთვის მისი პროფესიული მოვალეობა გააჩნია დ პოლიციელად რჩება მიუხედავად იმისა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს უშუალოდ თუ არა. ამიტომაც, ეგ სრულიად უადგილო არგუმენტი იყო და დავით შარაშიძის ამ პოსტმაც გამოიწვია საზოგადოების შემდგომი აღშფოთება.

მიუღებელი იყო ასეთი განმარტება: თუ პოლიციელის მოვალეობას არ ასრულებს ადამიანი, ის შეიძლება გახდეს ძალადობის მსხვერპლი? ეს სამარცხვინო კომენტარი მის წინააღმდეგ ძალიან სერიოზულად ამუშავდა. ერთია, რომ ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს უკანონო ქმედება, მაგრამ როცა ცდილობ ამის გამართლებას და საჯაროდ გამოდიხარ გამართლების დასაბუთებით, ეს უფრო აღმაშფოთებელია.

  • რას ნიშნავს მაღალი თანამდებობის პირების, ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს კავშირი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან? 

გამოძიებამ ზუსტად უნდა დაადგინოს ეს მომენტი. დღეს იხილავდა სასამართლო ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის დედისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს: თითქოს დედა ეხმარებოდა მას ე.წ. ქურდული გარჩევის მოწყობაში.

ეს „ქურდული სამყაროს“ შესახებ კანონი, ანუ  სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლი თავის დროზე არის პოლიტიკური მოტივებით მიღებული. მართლაც კარგად არ არის განსაზღვრული არც კოდექსით და არც სასამართლო პრაქტიკით მისი გამოყენების ფარგლები. ეს ძალიან საშიშს ხდის ამ მუხლს.

ერთ შემთხვევაში შეიძლება დედა ჩაითვალოს დამნაშავედ ამ მუხლით, იმიტომ, რომ შვილთან ჰქონდა კომუნიკაცია. მეორე მხრივ, პოლიტიკური თანამდებობის პირი თუ ქურდის შვილთან ქეიფობს და მას „იცავს“ სავარაუდოდ პოლიციელის შენიშვნისგან, ეს არ ჩაითვალოს ქურდულ სამყაროსთან არაპირდაპირ კავშირად. ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია.

ამ კუთხითაც საინტერესოა ამ საქმის გამოძიება. ჩვენ არ ვიცით მხარეებს შორის შელაპარაკების ზუსტი დეტალები და საუბრის შინაარსი, რომელიც მათ შორის მოხდა და რომელსაც მოჰყვა ეს დავა. მე ძალიან მაინტერესებს ეს საქმე, ვფიქრობ. ამიტომაც, მედიამ უნდა მოსთხოვოთ გამოძიებას, ანგარიში წარუდგინოს საზოგადოებას: რა დაადგინეს, როგორ დაადგინეს და რა ხდება კვალიფიკაციის თვალსაზრისით, ვიდრე სასამართლოში განიხილება საქმე. შემდეგ უკვე საჯარო პროცესზე ალბათ გვექნება შესაძლებლობა, დეტალურად გავიგოთ, როგორ წარიმართება საქმე.

  • თქვენი დაკვირვებით ე.წ. ქურდულ სამყაროს აქტიურად იყენებს „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება? 

ბოლო დროს მასობრივად აპატიმრებენ ადამიანებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით. მეჩვენება, რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ არ არის „ქურდულ სამყაროსთან“ გარიგებებში, რაღაც უკანონო შეთანხმებებში. ეს ტენდენცია სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური მიზნებით იყენებენ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს.

ვინც ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს, მათ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა არ შეუძლიათ დაპატიმრების შიშით – ისინი გადახვეწილი არიან სამშობლოდან. ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე რჩება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ იმუნიტეტი, თორემ ასეთი მკვეთრი გაყოფა სხვანაირად ვერ აიხსნება. მე გარკვეული პროფესიული პრაქტიკა მქონდა ამ კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით და კარგად მესმის ეს საკითხი.

  • ახსენეთ „ქურდული სამყაროს“ წევრების „პოლიტიკური მიზნებით“ გამოყენება. რას გულისხმობთ კონკრეტულად? 

არჩევნების პროცესში ეს ადამიანები ძალიან აქტიურდებიან და იწყებენ ამომრჩევლებზე ზეგავლენას სხვადასხვა ფორმით. იქ, სადაც მათი ავტორიტეტი ჭრის, იყენებენ ავტორიტეტს. იქ, სადაც მათ ავტორიტეტი არ აქვთ, თესავენ შიშს და ტერორს. ეს ცნობილი ამბავია. ამაზე ადეკვატური რეაქცია და მათი უკანონო ქმედების მიმართ სახელმწიფოს რეაქცია ჩვენ არ გვინახავს. ამიტომაც, შეიქმნა საკმაოდ მყარი აზრი, რომ ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია ხელისუფლებასთან, მასთან თანამშრომლობს.

ამ სოციუმის ჩამოყალიბება დაკავშირებულია საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც ამ ჯგუფს იყენებდა საზოგადოების კონტროლისთვის, ერთი მხრივ, პენიტენციური სისტემის შიგნით, ხოლო თუ ვინმე გარეთ იყო – გარეთ. ეს მავნე, საბჭოთა და ძალიან მანკიერი ტრადიცია პოლიტიკურ სფეროში გადაიზარდა და ვხედავთ, რომ ის ისევ მოქმედებს.

მე მინდა მადლობა ვუთხრა მედიის ყველა წარმომადგენელს, რომელმაც ამ საქმის [ოზურგეთში, რესტორანში პოლიციელის ცემა] გაშუქებაში მიიღო მონაწილეობა. მინდა გთხოვოთ თქვენ, მედიას, გააგრძელოთ ამ საქმის საჯაროობაზე მუშაობა და მოსთხოვოთ საგამოძიებო ორგანოებს და სამართალდამცავ უწყებებს ინფორმაცია გასაჯაროონ გამოძიების მიმდინარეობის და საქმის წარმოების დეტალების ჩათვლით.

საზოგადოების პროგრესული, დიდი ნაწილი თვლის, რომ მზია ამაღლობელი არის რეჟიმის ტყვე და ამ შემთხვევაში, თუკი დავით შარაშიძე არ დაისჯება ისე, როგორც მას ეკადრება – კანონის მთელი სიმკაცრით, მაშინ ჩვენ, მთელ საზოგადოებას, შეგვექმნება კიდევ უფრო მყარი აზრი იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ხელისუფლება არის სრულიად უსამართლო, უკანონო და ის მართლმსაჯულების სისტემას იყენებს, როგორც რეპრესიის მექანიზმს, გამორჩევით ასამართლებს ადამიანებს მათი პოლიტიკური შეხედულებების, საქმიანობის თუ სხვა ნიშნების მიხედვით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: