„თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა,“ – განმარტავს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მას „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომელიც შეიძლება შეეხოს საქართველოს ასობით მოქალაქეს, ვისაც საფრანგეთსა თუ გერმანიაში მკურნალობას უფინანსებენ.
იმ შემთხვევაში რა მოხდება, თუ საქართველოში გადმოურიცხავენ პაციენტს ფულს ქართველი ემიგრანტები სამკურნალოდ?
„რა შემთხვევაში და როდის ჩაითვლება, რომ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა ხმარდება საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას? – ეს არის პრობლემა და ეს იქნება მთავარი საფრთხე ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების. შეიძლება, მაგალითად, ემიგრანტი რიცხავს თანხას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მაგრამ მიმღები არის ისეთი პირი, რომელიც პრობლემურია ხელისუფლებისთვის… საჯაროდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, ან მოითხოვს, მაგალითად, ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას,“ – ამბობს იურისტი.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” [GDI] თავმჯდომარესთან, იურისტ ედუარდ მარიკაშვილთან.
- ბატონო ედუარდ, შეიძლება თუ არა „ოცნების“ ახალი, რეპრესიული კანონი გრანტების შესახებ შეეხოს საფრანგეთში ან გერმანიაში მყოფ ქართველ პაციენტებსაც, რომლებსაც მკურნალობას უფინანსებს უცხო ქვეყნის მთავრობა? ასევე, ქართველ პაციენტებს, რომლებსაც, ქართველი ემიგრანტები უგროვებენ ფულს?
როცა ემიგრანტებს ეხება საქმე და ემიგრანტებისგან გადმორიცხულ თანხებს, რამდენიმე მიმართულებით უნდა განვითარდეს მსჯელობა: ერთი არის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ე.წ. FARA. ამ შემთხვევაში „ფარა“ საუბრობს იმაზე, რომ უცხოურ პრინციპალად უნდა მივიჩნიოთ პირი, რომლისგანაც მიღებული თანხა შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ კონტროლს „ფარას“ ფარგლებში და ასეთი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეც, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის უცხოეთში.
ასე რომ, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვს უცხო ქვეყანაში, როცა რიცხავს თანხას საქართველოში საქართველოს მოქალაქისთვის და შემდეგ უკვე ეს პირი ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში, მაშინ ეს თანხა ექვემდებარება „ფარას“ ფარგლებში კონტროლს და წარმოშობს ვალდებულებებს.
რაც შეეხება „გრანტების შესახებ“ კანონს: „გრანტების შესახებ“ კანონი საუბრობს უცხოეთის მოქალაქის მიერ გადმორიცხულ თანხაზე და არა პირდაპირ, ხელაღებით ყველა ემიგრანტის მიერ გადმორიცხულ თანხაზე. „გრანტების შესახებ“ კანონი შეეხება იმ გადმორიცხვას საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომლის ინიციატორი, ანუ გადმომრიცხველი არის უცხოეთის მოქალაქე.
შეიძლება, ემიგრანტს ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა. თუკი მის მიერ გადმორიცხული თანხა გამიზნულია იმისთვის, რომ პირი, ვინც არის ამ თანხის მიმღები, ჩაერთოს, ან ჩართულია პოლიტიკურ საქმიანობაში – კანონი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის საქმიანობა, რომელიც მიემართება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, ან და საზოგადოების რომელიმე ფენაზე გავლენის მოხდენას – ამ შემთხვევაში ასეთი თანხა ჩაითვლება გრანტად და მისი შეთანხმება მოუწევთ ამ პირებს მთავრობასთან, სანამ გადმორიცხავენ.
გადმომრიცხველს მოუწევს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება, ვიდრე გადმორიცხავს ამ თანხას საქართველოს მოქალაქესთან.

ედუარდ მარიკაშვილი საპროტესტო აქციაზე
პრობლემა არის „პოლიტიკური საქმიანობის“ განსაზღვრების საკითხში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც არ უარყოფენ, რომ იმ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეა, შეიძლება დაექვემდებაროს „გრანტების შესახებ“ კანონით რეგულირებას. მათივე განმარტებით, თუკი ემიგრანტი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის რიცხავს ამ თანხას, მაშინ ეს ფული არ ექცევა „გრანტების შესახებ“კანონში.
რა შემთხვევაში და როდის ჩაითვლება, რომ ემიგრანტის მიერ გადმორიცხული თანხა ხმარდება საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას? – ეს არის პრობლემა და ეს იქნება, ასე ვთქვათ, მთავარი საფრთხე ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებისთვის.
- განსაკუთრებით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხარისხის და პრაქტიკის გათვალისწინებით?
დიახ.
ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო იქნება განმსაზღვრელი: რა საქმიანობა ჩაითვლება საქმიანობად, რომელიც „გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ან საზოგადოებრივ ჯგუფებზე“. შეიძლება, მაგალითად, ემიგრანტი რიცხავს თანხას საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მაგრამ მიმღები არის ისეთი პირი, რომელიც პრობლემურია ხელისუფლებისთვის.
- მაგალითად, აქციებზე დადის ან ფეისბუქპოსტებით „ოცნებას“ აკრიტიკებს?
კი, საჯაროდ კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ, ან მოითხოვს, მაგალითად, ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას. ასეთი შემთხვევა, სწორედ, რომ შესაძლოა ჩაითვალოს „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევად და დაექვემდებაროს სახელმწიფოსგან, მთავრობისგან თანხმობას.
- ეს თანხმობა თუ არ იქნება, გამოიწვევს პირდაპირ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას – 6 წლით ციხეს?
კი, ასეა. თვითონაც არ უარყოფენ, რომ ზოგ შემთხვევებში, შესაძლოა, ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხები ჩაითვალოს გრანტად, თუ ის უცხოეთის მოქალაქეც არის.
ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, როდის ჩათვლიან, რომ საქართველოში თანხის მიმღები პირი არის აქტიურად პოლიტიკაში ჩართული.
- კანონი მოიაზრებს ძალიან ბევრ ადამიანს. ეს ხდება იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუჩნდეს შიში, ხმა რომ ამოვიღო, ციხეში არ აღმოვჩნდეო?
რა თქმა უნდა. ნორმის განუჭვრეტელობა არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა.
ზოგადად, რეპრესიულ კანონმდებლობას და ავტორიტარულ კანონმდებლობას ახასიათებს განუჭვრეტელობა სწორედ იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი შემთხვევა მოიაზროს ისეთი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მოვა. ეს საბჭოთა კანონმდებლობას ახასიათებდა და ავტორიტარულ ქვეყნებს ახასიათებს: რაც შეიძლება მეტი შემთხვევა უნდა არსებობდეს, რაც ჩაითვლება კანონთან კონფლიქტად.
ამას ორი მიზანი აქვს: ერთი, რომ ფართოდ ეხსნება გზა რეჟიმს, რომ ბევრი შემთხვევა მოაქციოს ამ კანონში; მეორე – შერჩევითად მიუდგეს, ისეთი შემთხვევები ამოარჩიოს, რომელიც მისთვის არის ყველაზე პრობლემური და იმ ადამიანების მიმართ გაატაროს რეპრესია.
რაც მთავარია: ბუნდოვანმა და განუჭვრეტელმა კანონმა უნდა შექმნას განცდა საზოგადოებაში, რომ ყველაფერი შეიძლება ამ კანონთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ შიში იმისა, რამე არ გააკეთონ ისე, რომ კანონი დაარღვიონ. რაც უფრო მეტი ბუნდოვანება იქნება, უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება იმაზე, რომ შეიძლება კანონთან კონფლიქტში მოვიდეს.
ამიტომაც, ურჩევნია, საერთოდ არ ისაუბროს კონკრეტულ პრობლემაზე, ან არ მიიღოს ფული, არ ჩაერთოს რაიმე შრომით, საქმიან ურთიერთობაში რომელიმე ორგანიზაციასთან, რომ შემდეგ პრობლემები არ ჰქონდეს.
- კონკრეტულად რომ გვითხრათ: მაგალითად, საფრანგეთსა თუ გერმანიაში, სადაც ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩიეს ამ ქვეყნების მთავრობის დაფინანსებით, დღეს რა უნდა იფიქროს ქართველმა პაციენტმა? შეიძლება, მოედავონ იმის გამო, რომ, მაგალითად, ფეისბუქში გააკრიტიკოს ქართული ჯანდაცვის სისტემა?
პირზე, რომელიც ელოდება ან მიღებული აქვს ჯანმრთელობის საკითხზე რაიმე დაფინანსება უცხოური მთავრობისგან, შესაძლოა, გავრცელდეს „გრანტების შესახებ“ კანონი, თუ თანხის მიმღები პირი ამავდროულად რაიმე ფორმით ჩართული იქნება საზოგადოებრივი, ან პოლიტიკური მნიშვნელობის პროცესებში.
კანონში არ არის გამონაკლისი, მაგალითად, ჩარიცხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა.
ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული კანონია, ჩემი აზრით, რომელიც სიტყვის თავისუფლების და ზოგადად აქტიური მოქალაქეობას, პოზიციის დაფიქსირების კრიმინალიზებას ახდენს. ფაქტობრივად, დანაშაულად აცხადებს ყველა სახის საჯარო აქტივობას იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც რაიმე ფორმით შეხება აქვს უცხოურ ორგანიზაციასთან, უცხოურ მთავრობასთან, ან უცხოეთში მყოფ ქართველთან, რომელიც არის ამავე დროს უცხო ქვეყნის მოქალაქე. შესაბამისად, ძალიან დიდ წრეზეა საუბარი, ვისი საჯარო პოზიციაც დანაშაულად ცხადდება.
- შესაძლებელია იმის თქმა, რომ მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან კონკრეტული ჯგუფები, მათ შორის, ქართველი პაციენტები ევროპაში?
რა თქმა უნდა, ისინი უკვე ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ: ეს არის უცხოური მთავრობისგან მიღებული თანხა. რჩება მეორე კრიტერიუმის დაკმაყოფილება. თუკი ისინი რაიმე ფორმით აღმოჩნდებიან იმ მდგომარეობაში, რომ მოუწევთ საჯარო პოზიციის დაფიქსირება პოლიტიკურ, ან საზოგადოებრივ საკითხზე, მათთვის ესღა იქნება დარჩენილი, რომ ამ კანონის ფარგლებში მოექცნენ.
სხვები შეიძლება უფრო კარგ მდგომარეობაში არიან, ვისაც ჯერ უცხოური დაფინანსება რაიმე ფორმით არ მიუღიათ და არ ჰქონიათ ამასთან შეხება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შეიძლება, სხვადასხვა დროს ამ ადამიანებსაც მოუწიოთ რაიმე შეხება უცხოურ ორგანიზაციებთან და მათ მიერ საჯარო პოზიციის დაფიქსირება უკვე ავტომატურად გამოიწვევს მათთვისაც პრობლემას.
„ფარას“ კანონი მათზე ვრცელდება. დასაწყისშივე წერია, რომ ნახო, რომ პრინციპალად ითვლება მათ შორის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა უცხო ქვეყანაში.
„გრანტების შესახებ“ კანონში გადმოიტანეს „ფარა“. „ფარაშიც“ იგივე წერია, რომ პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ცვლილებისკენ, ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენს საზოგადოების რომელიმე ნაწილზე, მაგალითად, ქალთა უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ბევრი სოციალური ფენა არსებობს. რომ გააკრიტიკო განათლების სისტემა, რომელიც ბავშვებზე ახდენს გავლენას, ან გააკრიტიკო უმაღლესი განათლების რეფორმა – ესეც ხომ ახდენს გავლენას?
თუნდაც პენსიის გაზრდა რომ მოითხოვო და ამ დროს მიღებული გაქვს რაღაც დაფინანსება უცხოეთიდან, ან ერთი კანონი შეიძლება შეგეხოს, ან მეორე.
ცალსახად, ხელაღებით თქმა იმისა, რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს ეხება – „ფარა“, ან „გრანტების კანონი“ – არ არის სწორი, თუმცა არაფერი გამორიცხავს იმას, რომ გარკვეულ შემთხვევებში ემიგრანტებისგან ან/და უცხო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან გადმორიცხული თანხა მოექცეს ან ერთ ან მეორე კანონში.
- მათ შორის, მკურნალობის დაფინანსება უცხო ქვეყნის მთავრობისგან ან უცხოური ორგანიზაციებისგან?
დიახ, შეიძლება, თუკი მეორე კრიტერიუმსაც დააკმაყოფილებს – თუკი ამ დაფინანსების მიმღები ჩართული იქნება რაიმე ფორმით პოლიტიკურ საქმიანობაში.
- ამ კანონის აღსრულება როგორ წარმოგიდგენიათ?
მათ უკვე მონიშნული ჰყავთ ის წრე ადამიანებისა და ორგანიზაციების, ვის მიმართაც უნდა აღასრულონ ეს კანონი. პირველი ტალღა ეს იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი სხვებისთვის პრობლემა არ არის და მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.
ამ ტალღის შემდეგ ყველა ადამიანს შეუქმნის ეს კანონი პრობლემას, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ეტაპზე რაიმე ფორმით განაწყენდება ხელისუფლებაზე, ექნება მიღებული უცხოური დაფინანსება და დააფიქსირებს ამავე დროს საჯარო პოზიციას. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც გახმაურებულ პოლიტიკურ საკითხებზე იყოს ეს საჯარო კრიტიკული პოზიცია დაფიქსირებული. შეიძლება ეს იყოს ჯანდაცვის პოლიტიკაზე, საპენსიო პოლიტიკაზე, გარემოს დაცვის პოლიტიკაზე…
საჯარო სივრცეში დაფიქსირებული პოზიცია ნიშნავს პოზიციას, რომელსაც აქვს რესურსი – გავლენა მოახდინოს გარკვეულ წრეზე. მაგალითად, სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიცია ასეთად აუცილებლად ჩაითვლება. ასევე, აქციაზე დაფიქსირებული პოზიცია, ან რაიმე შეკრებაზე…
- „ოცნების“ რეჟიმმა რამდენიმე რეპრესიული კანონი აამოქმედა. რა არის მთავარი საფრთხე ამ შემთხვევაში, თქვენი აზრით?
ახალი ტალღა დაიწყება. ეს არის ახალ მოცემულობაში გადასვლა. დაიწყება რეპრესიის ახალი ტალღა.
ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ ამ კანონს აქვს დამაშინებელი ეფექტი, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, თუმცა მე მგონია, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ამ კანონის აღსრულებას, განსაკუთრებით მისთვის მიუღებელი პირების მიმართ.
მათ უკვე აქვთ გარკვეული წრე მონიშნული იმისა, ვის მიმართაც უნდა აღასრულონ, ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი რეპრესიული მნიშვნელოვანი ტალღის დასაწყისი.
________________________
მთავარ ფოტოზე: ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ფრანკფურტში. 2025 წლის 4 ოქტომბერი






