დღეს, 3 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
უქმდება სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებს არა გამომცემლობები შეარჩევენ, არამედ განათლების სამინისტრო.
სკოლებში საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის მობილურის გამოყენების პირობებსაც სამინისტრო დაადგენს.
დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც ასევე დაამტკიცებს სამინისტრო.
ასევე, ცვლილებების თანახმად, მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მასწავლებელს, ასევე, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.




