მთავარი,სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს წევრის მამა ისტორიულ ციხეს ანგრევს და იქ კორპუსების ჩადგმას გეგმავს

04.02.2026 •
ქუთაისის საკრებულოს წევრის მამა ისტორიულ ციხეს ანგრევს და იქ კორპუსების ჩადგმას გეგმავს

ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამის კომპანია, შპს „იბერია სტარ გრუპი“ ქალაქის ცენტრში, ტაბიძის ქუჩაზე, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის დანგრევას აპირებს და იმ ადგილას კორპუსების ჩადგმას გეგმავს.

მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა.

ისტორიული ციხის დემონტაჟის ნებართვა ქუთაისის მერიამ უკვე გასცა.

ისტორიული ციხის ადგილას კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგება საზოგადოების ნაწილი.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე „გუბერსკის ციხე“ ქუთაისის ისტორიის ნაწილია და მისი სწორად დატვირთვის შემთხვევაში, იქ შეიძლება მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია გაკეთდეს. ეს ისტორიულ ქალაქს დამატებით შემოსავალს მოუტანს.

  • ვინ იყიდა გუბერსკის ციხე და რის მოწყობას გეგმავს 

გუბერსკის ციხე წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.

2019 წლის ნოემბერში ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა ტაბიძის ქუჩა №39ა-ში მდებარე სამრეწველო/სასაწყობე ობიექტი (ფართობით – 9 196 კვ.მ). ქონების საწყისი ფასი – 3 490 000 ლარი იყო, ბიჯი 5000 ლარი, საგარანტიო თანხა კი 349 000 ლარი.

აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხა მყიდველს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45  დღის  ვადაში უნდა გადაეხადა.

2019 წელს გუბერსკის ციხე არ გაიყიდა, არცერთი ბიჯი არ დადებულა, ინტერესი არავის გამოუხატავს.

ორი წლის შემდეგ, 2021 წელს, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, იგივე ქონება აუქციონზე განახევრებული ფასით, 1 მილიონ 745 000 ლარად და უპირობოდ გაიტანა.

ქონების სააგენტომ მოკლე აღწერილობაში ჩაწერა, რომ ობიექტის სამომავლო განვითარების პროფილი შეიძლება ყოფილიყო სასტუმრო კომპლექსი. ამ ჩანაწერს სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა.

ე.წ „გუბერსკის ციხე“ და მასთან დაკავშირებული ერთ ჰექტრამდე ფართობი „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრის, მაგდა კოსტავას მამამ, დავით კოსტავამ 2021 წელს განმეორებით აუქციონზე განახევრებულ ფასად, 1 მილიონ 745 000 ლარად იყიდა.

ქუთაისის ისტორიულ უბანში მდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი 9 196 კვ. მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ დავით კოსტავამ 1 კვ. მეტრ ფართობში 190 ლარი გადაიხადა.

ელექტრონული ვაჭრობისას მას კონკურენტი არ ჰყოლია.

აუქციონს ერთადერთი პირობა ჰქონდა – მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღეში გადაეხადა.

ამრიგად, ქუთაისის ცენტრში მდებარე ისტორიული ციხე 2021 წლის ივნისში კერძო მესაკუთრის, დავით კოსტავას საკუთრებაში გადავიდა.

2022 წლის თებერვალში „გუბერსკის  ციხეს“ მეპატრონე შეეცვალა – ფიზიკური პირიდან იურიდიულზე გადავიდა.

საჯარო რეესტრს კომპანია „იბერია სტარ გრუპმა“ მიმართა და იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.

„იბერია სტარ გრუპი“ დავით კოსტავას კომპანიაა. ის ამ კომპანიაში წილის 60 % ფლობს, ხოლო 40 % წილის მფლობელი ოთარ კოსტავაა, დავით კოსტავას შვილი. დავით კოსტავა „იბერია სტარ გრუპში“ მფლობელთან ერთად კომპანიის დირექტორის პოსტსაც იკავებს.

2024 წლის მარტში კომპანიამ აუქციონზე შეძენილი ქონება საქართველოს ბანკში იპოთეკით დატვირთა. 2025 წლის მაისში კი საქართველოს ბანკიდან იპოთეკა ლიბერთი ბანკში გადაიტანეს.

  • კორპუსები ისტორიული ციხის ნაცვლად

ის, რომ ისტორიული ციხის ადგილას საცხოვრებელი კორპუსების ჩადგმა იგეგმებოდა, მისი გაყიდვიდან მალევე გახდა ცნობილი.

გუბერსკის ციხეს თითქმის ორი საუკუნის ისტორია კი აქვს, მაგრამ არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

შესაბამისად, როცა ისტორიულ შენობას სახელმწიფო არ იცავს, მისი დანგრევა ადვილია.

2021 წელს გუბერსკის ციხის მფლობელს, „იბერია სტარ გრუპს“ ქუთაისის მერიამ მშენებლობის ნებართვა დაუმტკიცა. დემონტაჟისა და ახალი მშენებლობის დაწყების ნებართვაში ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ ბრძანებაში ჩაწერა, რომ პროცესს თავად გააკონტროლებდა: „ბრძანების შესრულების კონტროლს ვივალებ პირადად.“

მიუხედავად ამისა, კომპანიამ მშენებლობა ვერ დაიწყო.

„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „იბერია სტარ გრუპმა“ სამშენებლო ნებართვა 2025 წლის ოქტომბერში განაახლა.

გუბერსკის ციხის შენობა რომ ისტორიული ღირებულებისაა, ამის შესახებ წერია მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად წარდგენილ სამშენებლო დოკუმენტებშიც. მიუხედავად ამისა, მის შენარჩუნებაზე არავინ იფიქრა.

უფრო მეტიც, ქუთაისის მერიამ დასკვნა, რომ „ყოფილი ციხის ტერიტორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობით, წარმოადგენს დისკომფორტს მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მეპატრონეებისთვის და, ზოგადად, მიმდებარე არეალისთვის“.

გუბერსკის ციხე ქუთაისის ისტორიულ უბანში

  • სტალინის საკანი და მეფის რუსეთის დროინდელი ციხე

„გუბერსკის ციხე“ ქუთაისში, მდინარე რიონის პირას, თეთრი ხიდიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.

ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილე – ცნობილი, როგორც „გუბერსკის ციხის“, მე-19 საუკუნეშია აგებული.

ორსართულიანი, ძველი, ქალაქური სტილის შენობა ქუთაისში, ისტორიულ უბანში დგას – საინვესტიციოდ მიმზიდველ და სარფიან ადგილას.

უცნობია შენობის თავდაპირველი დანიშნულება, თუმცა ისტორიული წყაროებით დასტურება, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს შენობა უკვე გამოიყენებოდა, როგორც საგუბერნიო საპყრობილე.

გუბერსკის ციხე ცნობილია იმით, რომ აქ 1903 წელს სასჯელს იხდიდა იოსებ ჯუღაშვილი, სტალინი.

ციხეში სტალინის საკანი მის დახურვამდე იყო შემორჩენილი.

გუბერსკის ციხეში სასჯელს იხდიდნენ კატორღამისჯილებიც. ლეო ქიაჩელის რომანში „სისხლი“, მოთხრობილია ამბავი ციხიდან გაქცევის შესახებ. ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილი ეს ეპიზოდი, სწორედ ქუთაისის ციხეში ხდება და მას საფუძვლად რეალური ამბები უდევს.

მეფის რუსეთის დროს ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილე სავსე იყო პოლიტიკური პატიმრებით, ხოლო 1920-21 წლებში იქ მოუყარეს თავი ე.წ. ბოლშევიკურ ელიტას.

საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ, ქუთაისის ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს.

ციხემ სრულად ფუნქციონირება 2005 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულება გახსნეს ქუთაისში.

მისი პირვანდელი ფუნქციის შეწყვეტის შემდეგ ქუთაისის ციხის უფუნქციოდ დარჩენილი შენობა მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს გაიხსნა სახელოვნებო პროექტისთვის.

„გუბერსკი – ხელოვნება ჩაკეტილ სივრცეში“ – ასე ერქვა პროექტს, რომელიც მოიცავდა გამოფენებს, ინსტალაციებს, სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის კონცერტებს. სახელოვნებო პროექტში ქართველი, გერმანელი, ჰოლანდიელი, შვეიცარიელი, პოლონელი და იტალიელი ხელოვანები მონაწილეობდნენ.

გუბერსკის ციხის შიდა ეზო – დახურვის შემდეგ ციხის ტერიტორია მხოლოდ ერთხელ გაიხსნა სახელოვნებო პროექტისთვის

  • რას ითხოვს ქუთაისის საზოგადოების ნაწილი

ქუთაისელების უმრავლესობას გუბერსკის ციხის არც გაყიდვა გაუპროტესტებიათ და არც მის დანგრევას აპროტესტებენ.

მოქალაქეთა ერთი ჯგუფი – სამოქალაქო აქტივისტები, ფოტოგრაფები, ტურიზმის სექტორში მომუშავეები, რომლებსაც ესმით შენობის ისტორიული სტატუსის მნიშვნელობა, მის გადასარჩენად იბრძვიან.

სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი მიშიკო მუმლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც „გუბერსკის ციხის“ გადასარჩენად იბრძვის. ის ქუთაისის მერიას მიმართავს, გამოისყიდოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გაყიდული შენობა და მის ამჟამინდელ მეპატრონეს ალტერნატიული ადგილი შესთავაზოს.

მიშიკო მუმლაძე ფიქრობს, რომ გუბერსკის ციხის კულტურულ-შემეცნებითი დატვირთვა ქუთაისს, როგორც ქალაქს, მუდმივ შემოსავალს გაუჩენს, ტურისტულ დატვირთავს გაუზრდის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მაგალითად აქცევს.

„შეიძლება შეიქმნას ახალი ქუთაისის კონცეფცია ისე, რომ 3500-წლოვან ქალაქს რაღაც ისტორიული ნაწილი შერჩეს, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულება. ეს ქალაქი აეროპორტით ცოცხლობს, ტურისტულ ბიზნესზე ბევრი ოჯახია მიბმული და ბევრ სფეროში პირდაპირი უცხოური ფული შემოდის. მაგრამ ტურისტი აქ ძირითადად 2 დღე ჩერდება.

მე-19 საუკუნის საგუბერნიო ციხეში ტურისტისთვის საინტერესო ატრაქციების შექმნა ადვილია. აქ მე-20 საუკუნის დასაწყისში რევოლუციონერები იხდიდნენ სასჯელს, თუნდაც სტალინის საკნის შეფუთვა შეიძლება ტურისტულ პროდუქტად.

9 ათას კვ.მეტრზე მეტია ეს ტერიტორია. იქ მდგარი შენობები რომ მოწესრიგდეს, კერძო პირები იქირავებენ. მუზეუმი შეიძლება გაკეთდეს – ყველაფერი შეიძლება გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო ქუთაისის ბიუჯეტში,“ – ამბობს მიშიკო მუმლაძე.

მაგრამ რა შანსი აქვს მოქალაქეების სურვილს და იდეას დაიცვას ისტორიული შენობა დიდი ფულის წინააღმდეგ?

ოფიციალური პასუხების მიხედვით, არავითარი.

ქუთაისის მერიას ვკითხეთ, გასცა თუ არა ტაბიძის ქ.#39ა-ს სამხრეთით მდებარე გუბერსკის ციხის დემონტაჟის და მის ნაცვლად ახალი შენობის აშენების ნებართვა.

„ქუთაისში, ტაბიძის ქ. #39ა-ს სამხრეთით მდებარე, შპს „იბერია სტარ გრუპის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულია ორი ნებართვა: 2025 წლის 12 ივნისს გაიცა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა (ვადა 84 თვე) და 2025 წლის 22 ოქტომბერს გაიცა  არსებული ამორტიზებული შენობის დემონტაჟის ორგანიზების ნებართვა – (ვადა 12 თვე),“ – მოგვწერეს ქუთაისის მერიიდან.

„ბათუმელებმა“ კითხვებით მიმართა „იბერია სტარ გრუპს“. გვინდოდა კომპანიის მფლობელის, დავით კოსტავასთვის გვეკითხა, ხომ არ აპირებს კომპანია შეცვალოს გადაწყვეტილება და არ დაანგრიოს ისტორიული ციხე.

„იბერია სტარ გრუპს“ 2 თებერვალს მივმართეთ. 4 თებერვალს, კომპანიიდან გვიპასუხეს, რომ „ბატონი დავითი კომენტარს, ზეგ, ანუ 6 თებერვალს გააკეთებს“.

კომენტარის მოპოვების შემთხვევაში „ბათუმელები“ ბიზნესმენის პასუხს მასალაში ასახავს.

  • ვინ არის დავით კოსტავა და რას აშენებს „იბერია სტარ გრუპი“

დავით კოსტავა ქუთაისელი ექიმი და ბიზნესმენია. მისი შვილი, მაგდა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ორი მოწვევის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

სწორედ საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომლის წევრიც მაგდა კოსტავა იყო 2021-2025 წლებში, დაამტკიცა „იბერია სტარ გრუპის“ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმა „გუბერსკის ციხის“ დანგრევაზე.

დავით კოსტავა ფლობს კომპანიებს – შპს „ნიულანი“, შპს „იმერ-ტრანსი“, შპს „ქუთმოლი“, შპს „იბერია სტარ გრუპი“, შპს „დაკოსტა“ და შპს „იბერიის ვარსკვლავი“.

კომპანია „იბერია სტარ გრუპის“ [მას ეკუთვნის „გუბერსკის ციხე“] ძირითადი მიმართულება ბიზნეს ცენტრების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სასტუმროების მშენებლობაა.

„იბერია სტარ გრუპის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია 1990 წელს დაარსდა მოსკოვში, ქუთაისის ფილიალით და წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობდა.

კომპანია „იბერია სტარ გრუპის“ სახელით ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს.

  • როგორ ეხმარება სახელმწიფო ბიზნესმენ დავით კოსტავას 

საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების თანახმად, 2024 წლის 17 სექტემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება „შპს „იბერია სტარ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე.

ამ განკარგულების მიხედვით, „იბერია სტარ გრუპს“  სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 2027 წლის 13 ივნისამდე გადაუვადეს.

დოკუმენტების თანახმად, გუბერსკის ციხის გარდა, დავით კოსტავას 2021 წელს სხვა სახელმწიფო ქონებაც შეუძენია. თუმცა აღებული ვალდებულება ვერც იქ შეასრულა და პრემიერის განკარგულება გახდა საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესმენისთვის ვადა გაეზარდათ.

საუბარია ქუთაისში, ზ. ანჯაფარიძის ქუჩა N120-ში არსებული 6259.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობებზე.

დავით კოსტავამ ეს ქონება 2021 წლის ნოემბერში ელექტრონული აუქციონით იყიდა, კონკურენციის გარეშე ერთი ბიჯით – 659 500 ლარად და პირობით.

აუქციონის პირობის მიხედვით, დავით კოსტავას საპრივატიზებო თანხა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან  45 კალენდარული დღეში უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, აიღო ვალდებულება პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 200 მოსწავლის/სტუდენტის სწავლებაზე გათვლილი საგანმანათლებლო დაწესებულება გაეხსნა, იმავე ვადაში უნდა შესულიყო შენობა ექსპლუატაციაში და საგანმანათლებლო დაწესებულებას ფუნქციონირება დაეწყო.

დავით კოსტავამ და მისმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: