ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით აირჩია.
ილიას უნივერსიტეტის ინფორმაციით, სხდომა 2026 წლის 2 თებერვალს გაიმართა.
ნინო დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის ამ უნივერსიტეტში დაარსების დღიდან მუშაობს.
კონკურსი რექტორის ასარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.
ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ნინო დობორჯგინიძე არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ ე.წ. რეფორმას უმაღლესი განათლების შესახებ. მისი შეფასებით, ეს რეფორმა „კატასტროფული შედეგების მომტანი“ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის.
მისი თქმით, ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელმაც საკუთარი სახსრებით ააშენა ახალი სასწავლო – ტექნოლოგიები სკოლისთვის, რომელიც უახლესი ლაბორატორიებითაა აღჭურვილი (მილენიუმის პროგრამის ფარგლებში).
„გვაქვს ამერიკული აკრედიტაციის პროგრამა, სამი პროგრამა ახლა გადის აკრედიტაციის პროცესს. უზარმაზარი რესურსი ჩაიდო თანამედროვე სტანდარტების მონაცემთა ცენტრის შექმნაში, უძლიერესი პროფესურა გვყავს ამ მიმართულებით და ახლა სახელმწიფომ უნდა ამიკრძალოს ტექნოლოგიის პროგრამები და დამავალდებულოს, გასული საუკუნის 70-იან წლებში რა პროგრამებიც იყო, ისაა შენი ტრადიციაო? აბსურდია!“- ამბობდა ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში გასული, 2025 წლის ბოლოს.
________________
ამავე თემაზე:
აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია






