„ოცნება“ ფიქრობს არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას, თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.
მას პირველ რიგში უნივერსიტეტების ერთი ხელის მოსმით გაერთიანების შესახებ ვკითხეთ და საზოგადოების რეაქციაზე, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.
პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ოცნება“ ამ შემთხვევაში საკუთარ მხარდამჭერებსაც შეეხო, ამიტომაც, არაა გამორიცხული, საპროტესტო მოძრაობა „სამზარეულოებიდან ქუჩაში გადმოვიდეს“.
კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, ივანიშვილის მიზანია 2028 წლამდე სრულად მოასუფთაოს პოლიტიკური ველი, მანამდე კი, ის ტრამპის ყურადღების ქვეშ არ უნდა მოხვდეს:
„გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო: თუ იქ დაიძაბება სიტუაცია, შეიძლება სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც კი გახდეს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მაინცდამაინც ხიდების ბოლომდე ჩატეხას შეერთებულ შტატებთან,“ – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.
- ბატონო კორნელი, რა გამოჩნდა თქვენთვის რეაქციით, რაც უნივერსიტეტების გაერთიანებაზე „ოცნების“ გადაწყვეტილებას მოჰყვა?
გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგია არამხოლოდ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება, არამედ ზოგადად, არც „ოცნების“ მომხრეებიც არიან აღფრთოვანებულები, განსაკუთრებით ტექნიკურ უნივერსიტეტში.
რეალურად „ქართული ოცნება“, საზოგადოების გამყოფი ამ პოლიტიკის წარმოებით ნელ-ნელა დაპირისპირების რეჟიმში შედის უფრო ფართო სოციალურ, პოლიტიკურ და ინტერესთა ჯგუფებთან. თუ აქამდე, გადაიკიდეს დათხოვნილი საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია და პოლიტიკური პარტიები, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ეტაპზე საუნივერსიტეტო საზოგადოებასაც მიადგნენ.
ეს უკვე ახალი ეტაპია.
თუ გადავხედავთ ავტორიტარული ხელისუფლებების ლოგიკას მსოფლიოში, ასე ხდება: იწყებენ პოლიტიკური ოპონენტებით, შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებით, შემდეგ აკადემიური წრეებით, ბოლოს უკვე შემდგომი ფაზა ეხება ყველას: მხატვრებს, პოეტებს, ბიზნესს და თითოეულ მოქალაქემდე მიდის.
აი, ამ პროცესს გავდივართ ახლა. როგორც ვხედავთ, რეპრესიებისგან დაცული არც „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან.

კორნელი კაკაჩია
ფაქტობრივად, „ოცნებას“ უნდა, ქვეყანაში დარჩეს მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელიც იქნება მორჩილი პოლიტიკური დიქტატის, ხელისუფლების მხრიდან. რაც მთავარია: არ უნდა არსებობდეს ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი და ადამიანები. დღეს აცხადებენ, რომ ეს ცვლილება არ შეეხება პროფესორებს და ამ უნივერსიტეტების თანამშრომლებს, რაც თავიდანვე გამორიცხულია, რადგან ამ პროცესს აქვს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი.
ამასთანავე, სურთ ამ ხელოვნური გაერთიანებით და შემდგომში საშტატო შემცირებებით უზარმაზარი თანხა გამოათავისუფლონ, ისევე, როგორც შენობები. ეს უბრალოდ დროის ამბავია, მაგრამ მთავარი ამბავია – როგორც ეს ბევრ ქვეყანაში მოხდა, სადაც ავტორიტარიზმი დამყარდა – აკადემიური სივრციდან განიდევნოს თავისუფალი აზრი.
- გამოსდის ეს ივანიშვილს? გამოჩნდა, რომ არაერთი რეპრესიული კანონის ამოქმედების მიუხედავად, მაინც ვერ ჩაახშვეს პროტესტი, მათ შორის, ტროტუარებზე პროტესტის აკრძალვით და ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაპატიმრებით. დღეს იწყება „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა…
ისინი ყველანაირად ცდილობენ ამას, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება უწევს ამას წინააღმდეგობას. იმის ნაცვლად, რომ შეწყდეს პროტესტი ხალხი უკვე საუბრობს იმაზე, როგორ უნდა მოხდეს რეალურად საპროტესტო მოძრაობის გადმოტანა სამზარეულოებიდან ქუჩაში.
ისეთი ტემპებით მოძრაობენ ამ რეპრესიული კანონების შემუშავებაში, არ არის გამორიცხული, ეს დღეც დადგეს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ინტერესთა ჯგუფების უკან, რომლებსაც ისინი ერჩიან, ოჯახები და ათასობით მოქალაქე დგას. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იქნებოდა. ეტყობა, „ოცნება“ ფიქრობს, არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას.
თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა.
- დღეს კიდევ ერთი წერილით გააკრიტიკა ტრამპი ივანიშვილთან დაახლოებულმა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა. რა ლოგიკით აწყობს ივანიშვილს ტრამპის კრიტიკა?
წესით არ აწყობს. თუმცა ამ ჟანრის პოლიტიკური პამფლეტების არსებობა უკვე დიაგნოზია. სამწუხაროა, რომ ასეთ იაფფასიან პროპაგანდაზე ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავა მედეგობა საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა და ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მოწყვლადია.
თვითონ ამ წერილს თუ გადავხედავთ, იკითხება, ფაქტობრივად, უიმედობა იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ მოახერხებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგებას, როგორც ისინი ჰპირდებოდნენ ამას საზოგადოებას. ეს რეალურად არ ხდება და ახლა უკვე ცდილობენ რაღაცნაირად გამოძვრნენ საკუთარი ნარატივებიდან, რომელიც უკვე წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც მანამდე აჟღერებდნენ. ფაქტია, რომ მათი საგარეო პოლიტიკის წყალობით, აშშ-თვის საქართველო ამ ეტაპზე სტრატეგიულად უმნიშვნელო გახდა.
ზოგადად, ანტიდასავლური რიტორიკა ჩვეულებრივი ამბავია „ოცნებისთვის“, მაგრამ ევროკავშირის კრიტიკისგან განსხვავებით, რომელსაც ისინი არ თვლიან სერიოზულ სტრატეგიულ აქტორად, ბოლო ხანებში ოდნავ შეამცირეს ანტიამერიკული პროპაგანდა – ეტყობა, მაინც ცოტათი ეშინიათ ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათის, არ უნდათ, რომ ზედმეტად მიიქციონ მისი ყურადღება, განსაკუთრებით აშშ-ის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ფონზე ვენესუელაში და ირანის გარშემო.
- რის იმედი აქვს ასეთ მოცემულობაში ივანიშვილს, თქვენი დაკვირვებით?
მთლიანობაში ამ პოლიტიკის მიზანია, რომ 2028 წლამდე – ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ გადმოსახედიდან ასე ჩანს – მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი. ამან უნდა უზრუნველყოს ის ფაქტი, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი დარჩეს განუსაზღვრელი ვადით ხელისუფლებაში. ასევე, არაა გამორიცხული, ანტი-ევროპული რიტორიკით 2028 წლისთვის ქვეყანა მიიყვანონ იმ კონდიციებამდე, რომ უკვე თავად ევროკავშირს დაჰბრალდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიდან ჩამოშორება.
ამასთანავე, ამ ეტაპისთვის ქვეყნის შიგნითაც არ უნდა არსებობდეს მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ალტერნატივა.
- რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებული პროცესების გათვალისწინებით? თებერვალში სომხეთს და აზერბაიჯანს აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტი ეწვევა. თქვენი აზრით, ტრამპი ვერ ხედავს საქართველოს?
ტრამპის ადმინისტრაციისთვის შესაძლოა ჩვენი რეგიონი ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ შემთხვევითია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური არხებით რამდენჯერმე სცადა წერილი გამოეგზავნა თბილისისთვის, სადაც სავარაუდოდ ჩამოწერილი იყო მოთხოვნები, რის შესრულებასაც ელოდება შეერთებული შტატები საქართველოსგან. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები, მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის.“ ბუნებრივია არც შეერთებული შტატებიდან უნდა მოველოდეთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას, რაც ართულებს „ქართული ოცნების“ მიზანს საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვების თვალსაზრისით.
ამასთანავე, „ოცნება“ ცდილობს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ფონზე, დასავლეთი თანდათანობით შეაგუოს კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის ფონზე არსებულ „ადგილობრივ რეალიებს“. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტაქტიკამ გაამართლოს.
მინიმუმ ევროკავშირის მხრიდან გამორიცხულია, რომ ეს რეალობა მიიღოს – საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ არის კანდიდატი ქვეყანა და ის საკუთარ რეპუტაციას ეჭვქვეშ არ დააყენებს. ამ პროცესს აკვირდებიან ასევე სხვა კანდიდატი ქვეყნებიც.
ამ ეტაპზე საქართველო ფაქტობრივად ჩაკარგულია – ქვეყანას თითქოს დაკარგული აქვს სტრატეგიული კომპასი. ამას აქვს საკუთარი ფასი: თუ ეს რეალობა არ შეიცვლება, შესაძლოა, საქართველო თანდათანობით გახდეს ე.წ „გარიყული სახელმწიფო“. თუ მოვლენები ამ სცენარით წარიმართება, ეს ასევე აისახება სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.
ცნობილი აფორიზმის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, თუ საერთაშორისო პოლიტიკაში მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზიხარ, სავარაუდოდ, მაშინ მენიუში მოიაზრები. საქართველოს დასალეთისგან იზოლაციის ფონზე საქართველოსთვის, როგორც სუსტი სახელმწიფოსთვის ეს ყურადსაღები ფაქტორია.
თუ რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდა, ბუნებრივია, საქართველო დაკარგავს უკვე იმ ბენეფიტს, რომლითაც ის ომის პერიოდში სარგებლობდა.
საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესი შეერთებულ შტატებს შესაძლოა დღეს არ აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რეგიონის მიმართ მთლიანად დაკარგული აქვს ინტერესი – იგივე სამხრეთ კავკასიაში ეს ჩანს. გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები ირანის გარშემო: თუ იქ დაიძაბება სიტუაცია, შეიძლება სამხრეთ კავკასია, ასე ვთქვათ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანიც კი გახდეს. ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ქართული ოცნება“ არ ცდილობს მაინცდამაინც ხიდების ბოლომდე ჩატეხას შეერთებულ შტატებთან. იგივე ანაკლიის პორტი და სხვა პროექტები არ უნდა ივანიშვილს, რომ მოხვდეს ტრამპის ადმინისტრაციის გადამეტებული ყურადღების ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე, რომელიც შეერთებული შტატებისთვის დღეს-დღეობით წარმოადგენს სისტემური მეტოქეს.
ამიტომაც, ტრამპის ადმინისტრაციამ ბევრ რაღაცას შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს საქართველოში, მაგრამ თუ ის დარწმუნდება, რომ საქართველო სტრატეგიულ ურთიერთობაში შედის მის სისტემურ მოწინააღმდეგესთან, ეს იქნება ჩინეთი, ირანი და სხვები, ბუნებრივია, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტი ყურადღების მიქცევა საქართველოსკენ.
„ოცნებაში“ ეს, მგონი, კარგად ესმით.
- არსებობს მოლოდინი რუსეთ–უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტაზე. რამდენად შეიძლება ამ ომის დასრულებამ შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი?
ამ ეტაპზე უმადურია საქმეა ვიმარჩიელოთ, როდის დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი და რა შედეგებით. თუმცა ამ ომის დამთავრება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, ისევე, როგორც სხვა მეზობელი სახელმწიფოებისთვის.
დღეს ვხედავთ „წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის” ნგრევას, სადაც მრავალმხრივი დიპლომატია ადგილს უთმობს „დიდი სახელმწიფოების პოლიტიკას”. საერთაშორისო წესრიგი, როგორც ჩვენ ვიცნობდით, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს. დასავლეთის არაერთმა ლიდერმა უკვე ღიად განაცხადა, რომ ჩვენ შევდივართ რაღაც ახალი ტიპის მსოფლიო წესრიგში, თუ უწესრიგობაში, სადაც უკვე დიდი სახელმწიფოები წყვეტენ ბევრ საკითხს.
არსებული ტენდენცია ძალიან ასუსტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო სამართლის ეროზიას იწვევს, რაც ხელს არ უწყობს განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოების სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომაც კანადის პრემიერმა განაცხადა თავის ცნობილ სიტყვაში: პატარა და საშუალო სახელმწიფოების ალიანსი უნდა შეიქმნას იმისათვის, რომ რაღაცნაირად წინააღმდეგობა გაუწიონ ამ პროცესებსო.
- ამ მოცემულობას სათავისოდ იყენებს ივანიშვილი. რა გამოჩნდა ამ დროს მოლდოვას თამამი ნაბიჯებით ევროინტეგრაციისკენ?
რაც შეეხება მოლდოვას: ფაქტობრივად, ტრიო [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა] უკვე დიდი ხანია დაშლილია და დუო გახდა – მოლდოვა-უკრაინა. ჯერჯერობით უცნობია, უკრაინის მიღების საკითხი როგორ გადაწყდება ევროკავშირში.
მოლდოვაში არსებობს მოსაზრება: ხომ არ აჯობებს, მოლდოვის ინტეგრაცია ევროკავშირში მოხდეს უფრო ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ის რუსეთის გეოპოლიტიკური წნეხის ქვეშაა და ამავე დროს მის საკითხს არ ბლოკავს უნგრეთი უკრაინისგან განსხვავებით. ამ ეტაპზე უცნობია რა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ბრიუსელში, მაგრამ თუ ეს უახლოეს ხანში მოხდება, ეს იქნება ასევე იქნება ძლიერი სიგნალი მთელი რეგიონისთვის.
- წინა ინტერვიუში აღნიშნეთ წინააღმდეგობის პროცესზე საქართველოში: თივასთან ღვივის ნაპერწკალიო. ახლაც იგივე სიტუაციაა, თუ შეიცვალა რამე?
ჩვენ ზუსტად აი, ამ პროცესში ვართ. ალბათ უახლოესი რამდენიმე კვირა და მიმდინარე პროცესებზე ქართული საზოგადოების რეაქციები გვაჩვენებს, რეალურად სად ვდგავართ.






