„ოცნებას“ საქართველოს კანონში „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ცვლილება შეაქვს. კანონპროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა ორზე მეტი ვადით იქნება შესაძლებელი.
კანონში ცვლილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის, გოგიტა თოდრაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ემთხვევა.
პროექტის ავტორების განმარტებით, კანონში ცვლილება „უზრუნველყოფს ინსტიტუციურ სტაბილურობას, გამოცდილი ხელმძღვანელის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების სრულად გამოყენებას და უწყების საქმიანობის უწყვეტობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაცემთა მაღალი ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად“.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება დაინიშნოს ორზე მეტი ვადით.
ცვლილების პროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“ – ვკითხულობთ ცვლილების პროექტში.
საქსტატის მოქმედი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამ თანამდებობაზე 2018 წლის მაისიდან მუშაობს, 2026 წლის მაისში მას მეორე ვადა უმთავრდება, მანამდე, სავარაუდოდ, „ოცნება“ კანონში ცვლილებას დაამტკიცებს, რაც მას თანამდებობაზე დარჩენის შესაძლებლობას მისცემს. 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით თოდრაძის ხელფასი 2024 წელს 8746 ლარი იყო, 2025 წელს კი კიდევ უფრო გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] არის სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავის საქმიანობას უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებლად. ეს საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი მთავარი ორგანოა, რომელიც კოორდინაციას უწევს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და ყველა სახის სტატისტიკურ საქმიანობას, გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობისა.
საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოს თავმჯდომარე. აღმასრულებელ დირექტორს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით.
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ინიციატორები არიან შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი და ლევან მაჭავარიანი.
____________
ფოტოზე: გოგიტა თოდრაძე






