განათლება,მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია დაამტკიცა – რა წერია დოკუმენტში

28.01.2026
„ოცნებამ“ ზოგადი განათლების ახალი კონცეფცია დაამტკიცა – რა წერია დოკუმენტში

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა.

პარტია, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია, განათლების რეფორმის კონცეფციაში ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ უზრუნველყო ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა; ვერ ააშენა საკმარისი სკოლები, ვერ გამართა ინფრასტრუქტურა, ვერ აღჭურვა სკოლები ტექნოლოგიებით და ვერ მისცა ახალ თაობას გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნა.

„ოცნების“ განათლების კონცეფციას 9 ამოცანა აქვს, რის მიხედვითაც გეგმავს ზოგადი განათლების სისტემაში ცვლილებებს. „ბათუმელები“ გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების ჩამონათვალს, რის განხორციელებასაც „ოცნება“ გეგმავს.

„ოცნება“ მიიჩნევს, რომ „თავისუფალმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც მოსწავლეს მისცემს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას, სისტემური აზროვნების და ღრმა გაგების უნარს“. ამიტომ სკოლის სახელმძღვანელოებს „ძირეულად გადახედავენ“.

შესაბამისად, ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს.

„სახელმძღვანელო იქნება მუდმივად განახლებადი და მოქნილი, რაც საშუალებას მისცემს განათლების სისტემას დროულად უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს“ – წერია დოკუმენტში.

„ოცნების“ მთავრობა თავად გადაწყვეტს, რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს ეს სახელმძღვანელოები. გარდა ამისა, „რეფორმის“ ამ დოკუმენტის მიხედვით, სკოლებს აღარ უტოვებენ არჩევანის თავისუფლებას, თითო საგანში მხოლოდ თითო სახელმძღვანელო იქნება.

აქამდე არსებულ სახელმძღვანელოებს კი „ოცნება“ „სახელმწიფოებრივი ხედვის“ ნაკლებობას უწუნებს.

„ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს, 28 იანვარს კომენტარი გააკეთა ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით, სადაც დააზუსტა, რომ ახალი სახელმძღვანელოები 2028 წლის 15 სექტემბრამდე შემუშავდება.

„ყველა ფუნდამენტურ საგანში მოხდება ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება, ექსპერტული ჯგუფების მიერ და ეტაპობრივად მოხდება მათი პილოტირება სკოლებში. ყველა სკოლას, მათ შორის კერძო სკოლებსაც ექნებათ ერთ დისციპლინაში, ერთი და იგივე სტანდარტული სახელმძღვანელო“ – თქვა გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობს, რომ დღეს, ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებენ ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, რადგან, მიიჩნევენ, რომ „ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში“ მხოლოდ ეს მეცნიერებები მონაწილეობენ.

განათლების კონცეფციის ახალ დოკუმენტში, არაფერია ნათქვამი მაგალითად ისეთ მნიშვნელოვან საგანზე, როგორიცაა „მოქალაქეობა“ და „სამოქალაქო განათლება“. სპეციალისტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ „ოცნებას“ სურს ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან.

აქვე, საკვანძო მიმართულებად ასახელებენ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლებას, მაშინ როცა, სკოლების ნაწილი ვირტუალურ ლაბორატორიებსაც კი არ ფლობს.

ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დღეს სკოლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა პირველ კლასში 6 წლამდე ბავშვის მიღებაა, ამიტომ პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები წავლენ, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი.

ეს ცვლილება ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლისთვის და პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ დიდ ქალაქებს, მომდევნო პერიოდებიდან კი ყველა სკოლას მოიცავს.

ასევე, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზე ახალი წესი გავრცელდება, რაც მათ სასკოლო ფორმის ტარებას ავალდებულებს. სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ექნებათ პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეებს. 

არაერთ სკოლაში ორ-სამ ცვლაში მომუშავე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს „ოცნების“ ხელისუფლება არწმუნებს, რომ  „სასკოლო ფორმა ხელს უწყობს სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას“ და ეს აღმოფხვრის მოსწავლეებს შორის არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განსხვავებებს. თუმცა, სპეციალისტების თქმით, სკოლაში ბულინგის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს და ეს საერთოდ არ უკავშირდებოდეს ტანისამოსს.

განათლების კონცეფციის დოკუმენტში ასევე ჩაიწერა, რომ საჯარო სკოლები გადავლენ 11-წლიან სწავლებაზე, მე-12 კლასი კი მოსწავლეების წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე გაიხსნება. მე-11 კლასი  ე.წ. რეპეტიტორიუმი იქნება – „ოცნების“ განმარტებით, ამ კლასის ფუნქცია აბიტურიენტების მომზადება იქნება ეროვნული გამოცდებისთვის.

11-წლიან სწავლებაზე გადასვლით ქართული განათლების სისტემა შორდება დასავლურ მოდელს, რაც ქართველ ახალგაზრდებს ევროპაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის და იზოლაციაში აქცევს ქართული განათლების სისტემას.

დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც მე-11 კლასს  2027-28 სასწავლო წელს დაასრულებენ.  

„ქართული ოცნების“ განათლების კონცეფცია არეგულირებს სკოლებში მობილურების გამოყენებასაც. დოკუმენტში პირდაპირ არ წერია, რომ ტელეფონების გამოყენება იკრძალება, თუმცა ნათქვამია, რომ „შემუშავდება მობილური ტელეფონების გამოყენების წესი“, თუმცა არაა დაზუსტებული, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ წესში.

დოკუმენტში არსად წერია, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სკოლამ მობილური ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად სასწავლო რესურსების დეფიციტის ფონზე და არა ის, რომ პირდაპირ აიკრძალოს მათი მოხმარება და ეს მაშინ, როცა, თავად „ოცნების“ ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო სკოლების თანამედროვედ აღჭურვა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა.

კონცეფციაში ნათქვამია იმის შესახებაც, რომ ინკლუზიური განათლება გახდება მასწავლებლის სტანდარტის განუყოფელი ნაწილი, რისთვისაც სპეციალისტებს გადაამზადებენ. ასევე, „ოცნება“ სკოლასა და მშობელს შორის მეტი თანამშრომლობის მიზნით 2026 წლიდან პირდაპირ შეხვედრებს აანონსებს „გამჭვირვალე და მოქნილი მექანიზმების“ შესამუშავებლად. აქვე ვკითხულობთ, რომ სკოლაში გაიზრდება მანდატურების, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობაც, თუმცა როდის – ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

კონცეფციაში ნახსენებია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერაც – შეიქმნება ახალი მოდელი, რომელიც „ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას“.

„ქართული ოცნების“ განათლების ახალი კონცეფცია, რომელსაც სპეციალისტების ნაწილმა „განათლების დეფორმა“ უწოდა, 26 იანვარს დაამტკიცეს.

ამავე თემაზე: 

„შეაჩერეთ ჩვენი შვილების მომავლის ნგრევა“ – მშობლების აქცია განათლების სამინისტროსთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: