დღეს, 15 მარტს, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს აწესებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის საპასუხოდ.
ახალი სანქციების თანახმად რუსეთის სამთავრობო და რეგიონული ხელისუფლების 370-ზე მეტ წარმომადგენელს, პარლამენტარებს, ბიზნესმენებსა და მათი ოჯახების წევრებს, ეკრძალებათ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა, მათი აქტივები კი დიდ ბრიტანეთში, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება.
სიაში არიან: პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ეკონომიკის მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი და ა.შ.
ასევე, სანქციები დაუწესდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს, მის შვილებსა და ცოლს და ჟურნალისტ ვლადიმერ სალავიოვს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა სადაზღვევო კომპანია Sogaz-ს, ინტერნეტკვლევის სააგენტოს, Geopolitika.ru ვებსაიტს, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალს New Eastern Outlook-სა და პორტალ Oriental Review-ს. ამ კომპანიების აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება.
2 აპრილს ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. #4 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი საკრებულოში თავის წარმომადგენელს აირჩევს. ამ ოლქში ხელახალი არჩევნების გამართვა დღის წესრიგში საკრებულოს არჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დადგა.
ნუგზარ ფუტკარაძე ახალარჩეული საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს აშანტაჟებდნენ, ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი გაავრცელა და საქმის სწრაფად გამოძიება მოითხოვა.
ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოქლში 20 202 ამომრჩეველია რეგისტრირებული [10 589 ქალი და 9613 კაცი]. შუალედურ არჩევნებზე ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე, ის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილია და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული 20 138 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 11 535 ამომრჩეველი მივიდა. მათგან 4838-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა ნუგზარ ფუტკარაძეს [ენმ], 4542-მა მამუკა კაკაბაძეს [„ოცნება“], 1481-მა კი – მინდია დევაძეს, „გახარია საქართველოსთვის“. ამჯერად გახარიას პარტიამ შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატი არ დააყენა.
დღეს, 15 მარტს, დაახლოებით 16:25 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის ეპიცენტრი ვანთან ახლოს მდებარე სოფელი სულორი იყო.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის ცვლილებებს ითხოვს. ორგანიზაციის სარჩელი ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას უკავშირდება.
2022 წლის მარტის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო.
უფლებადამცველი ორგანიზაცია პრობლემის მასშტაბზე წერს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უსვამენ ონკოდაავადების დიაგნოზს.
PHR-ის ინფორმაციით, 2015-2020 წლებში სიმსივნით 169 ბავშვი გარდაიცვალა.
„შედეგი დრამატულია, რადგან დიაგნოსტირებული ბავშვების 25%-ია გარდაცვლილი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა, რისი სტატისტიკაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვს“, – ამბობს PHR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა აბაშიძე.
ანა აბაშიძე, უფლებადამცველი
„ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური ლიმიტი ბავშვებისთვის არის 23 000 ლარი, ხოლო საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების ლიმიტი – არაუმეტეს 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარი. ეს მაშინ, როცა საშუალოდ ბავშვს 100 000 ევრო სჭირდება მკურნალობისთვის. სახელმწიფო ბავშვის უცხოეთში მკურნალობის მაქსიმუმ 10% -ს აფინანსებს, რაც მიზერულია და რის გამოც ბავშვები საერთოდ ვერ იღებენ სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას“, – წერია PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ორგანიზაციამ სარჩელის მოთხოვნები წარადგინა, უფლებადამცველმა ანა აბაშიძემ ხაზი გაუსვა ონკოპაციენტი ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პრობლემასაც.
ანა აბაშიძის განმარტებით, საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების დროს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 10 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში, არასდროსაა საკმარისი ბავშვებისთვის, რადგან საზღვარგარეთ ონკოდაავადების მქონე ბავშვის მკურნალობას საშუალოდ 100, 150 ათასი დოლარი, ხშირად კი ამდენივე ევრო სჭირდება.
„მნიშვნელოვანია ასევე მედიკამენტები, რითაც ბავშვებს ვმკურნალობთ. სამწუხაროა, რომ საქართველოში დაბალხარისხიან, მძიმე გვერდითი მოვლენების მქონე მედიკამენტებს ვიყენებთ. თუ როგორ მედიკამენტებს უნდა ვაძლევდეთ ონკოდაავადების მქონე ბავშვებს, ამას ევროპის წამლის სააგენტო განსაზღვრავს. ვერცერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ უმკურნალებენ ბავშვებს მედიკამენტით, რომელსაც ევროპის წამლის სააგენტოს ნებართვა არ აქვს, საქართველოში კი მედიკამენტები ასე არ რეგულირდება.
გარდა ამ ყველაფრისა, საქართველოში ბავშვებისთვის ერთადერთი ონკოკლინიკაა. წარმოიდგინეთ მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოყვანილი ბავშვი, მისი ოჯახის მდგომარეობა, რომელსაც უწევს თბილისში ბინის დაქირავება, ოჯახით ქალაქში გადმოსვლა, საცხოვრებლის დატოვება, სამკურნალო სახსრების მოძიება“, – თქვა დღეს ანა აბაშიძემ სარჩელის საპრეზენტაციო პრესკონფერენციაზე.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელით ითხოვს:
ბავშვების საქართველოში მკურნალობა დაფინანსდეს სრულად
ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდეს სრულად
იყოს შესაძლებელი მეორე აზრის მოპოვება ქვეყანაში, რაც გულისხმობს მინიმუმ კიდევ ერთი სპეციალისტის (ექიმის) არსებობას
გაიზარდოს კლინიკების გეოგრაფიული მისაწვდომობა (რაც გულისხმობს რეგიონებში ონკოცენტრების გახსნას), რათა ოჯახებს არ დაშორდნენ ბავშვები და არ მოუწიოთ დედაქალაქში გადასვლა
მთავრობის განცხადებით, აპრილიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ მედიკამენტების სია დაზუსტებული ჯერაც არ არის.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ამ ეტაპზე საქართველოში თურქეთიდან შემოტანილია 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა შეძენა „ფარმადეპოსა“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში 60-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი.
„ჩვენ საიდან ავიღეთ ეს 200 მედიკამენტი – გასული წლების განმავლობაში შეზღუდული იყო თურქეთიდან [მედიკამენტების მასობრივად] შემოტანა, მხოლოდ ინდივიდუალური საჭიროებებისთვის, ფორმა 100-ის საფუძველზე შეეძლო მოქალაქეს შემოეტანა წამალი. ყველა ის მედიკამენტი, რაც ამ პერიოდში შემოდიოდა, ეს არის 200-მდე მედიკამენტი, უკვე გამარტივებული პარალელური რეჟიმით შემოვა საქართველოში. ეს უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში მედიკამენტების იმპორტი თურქეთის საბითუმო ბაზებიდან ხორციელდება.
„ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია დაახლოებით 50 განაცხადი, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, – თქვა აზარაშვილმა.
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების მოხვედრის რისკის დაზღვევის მიზნით, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორი ვალდებულია წარადგინოს სამინისტროში GMP სტანდარტი და სერტიფიკატი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის 32 დასახელების თურქული მედიკამენტი აქვს შემოტანილი „ფარმადეპოს“, 22 – „ავერსს“და 1 – „პსპ“-ს.
სამინისტროს ცნობით, მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდაზე ქართულ ფარმაცევტულ კომპანიებსა და თურქულ მხარეს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
წამლების სია, რომელიც „ფარმადეპომ“ გამოაქვეყნა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ სიის ნამდვილობას.
აქვე ნახეთ „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის მიერ მოწოდებული 22 მედიკამენტის სია ახალი და ძველი ფასებით:
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დღეიდან, 15 მარტის 20 საათიდან 17 მარტის დილის შვიდ საათამდე კიევში კომენდანტის საათი ცხადდება.
„ვთხოვ კიეველებს, მოემზადონ იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევთ სახლში ყოფნა ან განგაშის სიგნალის შემთხვევაში, თავშესაფარში“, – აცხადებს კიევის მერი.
რუსულმა არტილერიამ 15 მარტსაც გააგრძელა უკრაინაში დასახლებული პუნქტების დაბომბვა. მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
დაბომბვის შედეგად კიევში ასევე დაზიანდა ერთ-ერთი მეტროსადგური. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, არტილერიით შეუტიეს და გაანადგურეს ტყეში დამალული რუსეთის სამხედრო ტექნიკა.
პროექტის – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შუახევში ორი პეტიცია მოამზადეს, რომელთაგან ერთი უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტს ეხება და ადგილობრივ საკრებულოს წარუდგენენ, მეორე კი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს შეეხება და მისი ადრესატი აჭარის უმაღლესი საბჭოა.
„ერთი კვირის წინ შუახევში ვიყავი, ფეხი მტკივა და გაწვალებული გავედი. გზის პრობლემა გვაქვს ძირითადად და დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის, სოფლებში ტრანსპორტი რომ დაინიშნოს“ – ამბობს ციური დიმიტრაძე, რომელიც შუახევში, სოფელ ცივაძეებში ცხოვრობს.
პეტიცია იმის შესახებ, რომ შუახევის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს, მომზადებულია და ამჯერად ხელმოწერებს აგროვებენ. ამ პროცესში ჩართული არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“.
პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ] და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის თქმით, შუახევში 20 ახალგაზრდა კონკურსის გზით შეარჩიეს, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ტრენინგი ჩაუტარეს თემებზე – როგორ დავწეროთ პროექტები, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, რას ნიშნავს სამოქალაქო ბიუჯეტი და ა.შ.
„ვმონაწილეობ ამ პროექტში, რომლის ფარგლებშიც ჩავატარეთ შუახევში მცხოვრები ქალების გამოკითხვა, რათა დაგვედგინა, თუ რა პრობლემების წინაშე იდგნენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქალები ასახელებდნენ შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობას, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ დაბა შუახევში თავისუფლად ჩასვლას. მოქალაქეებს ხშირად უწევთ მრავალი კილომეტრის გავლა ფეხით. ზოგჯერ დილით მგზავრობენ სამარშრუტო მიკროავტობუსით, რომელიც ბათუმში მიდის და შემდგომ დიდხანს უწევთ ლოდინი გზაზე… ამიტომ შევიმუშავეთ ეს პეტიცია პროექტში ჩართულმა ქალებმა. ამჟამად მიმდინარეობს ხელმოწერები,“ – ამბობს იზა ფუტკარაძე, პროექტის მონაწილე.
შეხვედრა შუახევში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“
პროექტში, რომელსაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანადაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს, შუახევის მერიის ქალთა ოთახიც არის ჩართული.
„პროგრამის ფარგლებში მომზადებული იქნა ორი პეტიცია: ერთი პეტიცია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენად, რომელიც ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ხოლო მეორე პეტიცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად, რომელიც სწორედ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეეხება და რომლის ფარგლებშიც გვინდა, რომ აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს მსგავსი პროგრამა, რათა ხელი შევუწყოთ ქალთა თანაბარუფლებიანობასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესებას,“ – ამბობს თამილა ფუტკარაძე, შუახევის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი
„აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მოგმართავთ პეტიციით ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შემუშავების მოთხოვნით, რითაც შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფით მოხდეს შესაბამისი პროგრამის დაფინანსება, ან აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ განახორციელოს აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ქალების იდეების თანამონაწილეობით დაფინანსება,“ – აღნიშნულია პეტიციაში.
პროექტის მონაწილეები შუახევის სხვადასხვა სოფელში საინფორმაციო შეხვედრებსაც მართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრა შუახევში
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სოფელ ნენიის მოსახლეობასთან. გავაცანით პროგრამები, რომლებსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერია. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა თანამშრომლობას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“, რადგან ერთობლივი პროექტია და თან მინდა მადლობა გადავუხადო აქვე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ არის განებივრებული შემოსავლებით და არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან, ჩვენს იდეებს უფრო ფართო და მასობრივი ხასიათი რომ მივცეთ.
შუახევში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება და წელს პირველად, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროგრამამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო,“ – ამბობს რუსუდან შავაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
საუბარია პროგრამაზე, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზეა ორიენტირებული და რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალთა იდეები ფინანსდება. პროექტების შედგენაში კი ქალებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ გადამზადებული ახალგაზრდები ეხმარებიან. ისინი ამ პროგრამის პოპულარიზაციასაც ეწევიან, რათა სოფლებში მეტი ქალი იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ არის მექანიზმი, რითაც შეუძლიათ თავიანთი იდეები რეალობად აქციონ.
შეხვედრა შუახევში
„საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში ეს პროგრამა არ ხორციელდება და ჩვენ ვართ ასეთი პროგრამის ინიციატორები. იდეა იყო, რომ პეტიცია მოგვემზადებინა უმაღლეს საბჭოში წარსადგენად, რომ მომავალში ეს გახდეს უფრო მრავალფეროვანი და დაფინანსების თვალსაზრისითაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდეს,“ – ამბობს რუსუდან შავაძე.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიცვალა სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ვადები.
ბრძანების მიხედვით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩატარდეს „არაუგვიანეს 2023 წლის პირველი იანვრისა, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩატარდეს, არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა“. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებენ.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის საგნობრივი გამოცდა პირველად შარშან, 14 ივლისს ჩატარდა. გამოცდაზე 2 800-მდე მსურველი იყო დარეგისტრირებული.
„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს: „კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს.“
გუშინ, 14 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა. ამ მოხსენებაში მან უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის და პარლამენტის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა.
გუშინ პრეზიდენტს უსაყვედურეს, რომ ის პარლამენტში ურაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად მივიდა, ამის შესახებ კი პარლამენტში გაფრთხილებულები არ იყვნენ.
გთავაზობთ ამონარიდებს „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ტექსტიდან:
„საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არც ერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია.
ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროვა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია. საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა.
სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება.
ამ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს.
მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა.
მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.
უკანასკნელ პერიოდში პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო მოგვიანებით პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა.
არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია „დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“.
რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების – ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა.
როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არც ერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.
სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.
პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი. გასული ერთი წლის განმავლობაში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ.“
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მარტის 21 საათიდან 16 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 17-18 მარტს, აჭარის სანაპირო რაიონებში კვლავ თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, მთაში კი – თოვა.
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში შესაძლოა ორშაბათს, 21 მარტს, გამოიდაროს, თუმცა ცივი ამინდი აჭარაში მარტის ბოლომდე გასტანს.
არტ-კაფე „ბათუმის გული“, მაზნიაშვილის ქუჩაზეა, 11 ნომერში. კაფეს მეპატრონე მინდია ბოლქვაძეა. მინდია 10 წელი ცხოვრობდა უკრაინაში: 2 წელი ყირიმში, სევასტოპოლში მუშაობდა მზარეულად, მერე კიევში გადავიდა და იქ 8 წელი იცხოვრა.
„პროფესიით მზარეული ვარ, ცოლი მყავს უკრაინელი. 8 წელია, რაც საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად. საუკეთესო წლები მაკავშირებს უკრაინასთან, საუკეთესო მოგონებები. რაც ახლა იქ ხდება, წარმოუდგენელია. იცით, რა ქალაქი იყო ხარკოვი? კადრების ყურება მიჭირს, არ შემიძლია ვუყურო იმას, რაც იქ ხდება ახლა. ეს ის დროა, როცა ყველამ უნდა ვქნათ სულ მცირე რამეც კი, რაც კი შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია“ – ამბობს მინდია.
არტ-კაფე „ბათუმის გული“ ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილ თხუთმეტ ადამიანს უმზადებს ახლა სადილს უსასყიდლოდ და ყოველდღე შინ უგზავნის.
„ახლა ცივა, ყინავს და კაფემდე მოსვლაც რთულია ადამიანებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ შინ გაგვეგზავნა სადილი ყველასთვის,“ – ამბობს მინდია.
ის და ბათუმის კიდევ რამდენიმე კაფეს მეპატრონე, როგორც თავად გვეუბნება, შეთანხმდნენ, რომ ლტოლვილთა ოჯახების ნაწილთა კვებას თანაბრად უზრუნველყოფდნენ. დაბინავებული ლტოლვილები სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ. მათ ნაწილს საცხოვრებელი ადგილობრივებმა დაუთმეს დროებით, ზოგს კი ქირის ფულს საქართველოში მცხოვრები ახლობლები უხდიან.
საუზმეს და ვახშამს – ამ შეთანხმების მონაწილე სხვა კაფეები, სადილს კი „არტ-კაფე“ ამზადებს.
სადილის ულუფად მოიაზრება წვნიანი, საბავშვო წვნიანიც, კარტოფილი, ქაბაბი, კატლეტი, სალათები, ჩაი, კომპოტი და ა შ.
ლტოლვილები, რომლებსაც ახლა „არტ-კაფე“ სადილით უზრუნველყოფს, ომის დროს, რამდენიმე დღის წინ წამოვიდნენ უკრაინიდან.
„ჩვენ შეგვიძლია საკვებით ვუმასპინძლოთ უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც ლტოლვილია და ვისაც ახლა ეს სჭირდება, მშიერს არავის დავტოვებთ. ასევე, მეგობარი სტომატოლოგები მყავს, რომლებმაც მითხრეს, რომ მომსახურებას უსასყიდლოდ გაუწევენ, ვისაც სტომატოლოგი დასჭირდება,“ – ამბობს კაფეს მეპატრონე.
ამავე კაფეში აგროვებენ თბილ ტანსაცმელს ქალებისა და ბავშვებისთვის, მათ შორის: ბოტებს, ქურთუკებს, ქოლგებს, საწვიმრებს.
„მე და ჩემს მეუღლეს უამრავი მეგობარი გვყავს უკრაინაში. ჩემს მეუღლეს ყველა ნათესავი იქ ჰყავს, ახლობლები, მეგობრები.
ჩვენები ყველანი გამოვიდნენ სახიფათო ადგილებიდან, ჩერნიგოვიდან ლტოლვილთა მესამე ტალღას გამოჰყვნენ ძლივს. როგორ გითხრათ, რომ კარგად არიან… მაგრამ ცოცხლები კი გადარჩნენ, ეს დიდი რამეა.
ბევრი გვაკითხავს, ვინც საქართველოში სტუმრად იყო ჩამოსული ტურისტად და უკან ომის გამო ვეღარ დაბრუნდა. შესაბამისად, არც სამოსი აქვთ წამოღებული საკმარისად და არც ხანგრძლივად ცხოვრებისთვის ჰქონიათ ბინის ქირა გათვალისწინებული,“ – ამბობს მინდია ბოლქვაძე.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება. დღეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია ერთ საგნად ისწავლებაი. რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე გამოტანა სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №16 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ თევზაძე საუბრობს.
ქალბატონო თამარ, ფიქრობთ, რომ საქართველოს ისტორია ცალკე უნდა ისწავლებოდეს? რა შეიცვლება ამით?
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მიმაჩნია, რომ არათუ X-XII კლასებში, არამედ ზოგადად, ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს საქართველოს ისტორია.
დღეს როგორ ვასწავლით ქვეყნის ისტორიას?
ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მწირად მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ისტორიაა წარმოდგენილი. საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როცა რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1920 წლის 7 მაისის დოკუმენტით, თუმცა შემდეგ თვითონვე უგულებელყო ეს დოკუმენტი, მოახდინა საქართველოს ანექსია და იძულებით გააერთიანა საბჭოთა კავშირში.
მსგავსი თემები, ვფიქრობ, არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ [საგაკვეთილო] საათისთვის, უფრო ღრმად უნდა გავიაზროთ ეს საკითხები და რაც მთავარია, სახელმძღვანელოში შეტანილი თემები სანდო წყაროებზე უნდა იყოს დაფუძნებული, არქეოლოგიური წყაროებით და ფოტოებით გამდიდრებული.
როცა მოსწავლეს კარგი წყაროები ექნება მიწოდებული, ანალიზიც უკეთ გამოუვა, ისწავლის კრიტიკულ აზროვნებას და მსჯელობას.
რახან რუსეთი და ოკუპაცია ახსენეთ, მინდა გკითხოთ, როგორ ისწავლება ეს საკითხი სკოლაში. რამდენად გააზრებული აქვთ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის სიმძიმე და დღეს რასთან კავშირში განიხილება ეს თემა?
სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია მწირია. მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რუსეთის მიერ ანექსია, ქართველი ხალხის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში, რეპრესიები, რაც საბჭოთა რეჟიმმა გაატარა და ასე შემდეგ.
სხვა თვალით უნდა იყოს ეს ისტორია სახელმძღვანელოში დანახული, რომ მოსწავლემ ობიექტური დასკვნის გამოტანა შეძლოს.
მართალია, მასწავლებელი არ არის მხოლოდ ამაზე დამოკიდებული და დამატებითი მასალების მოძიებაც შეუძლია, მაგრამ მეტი სანდო წყაროს მიწოდებაა საჭირო, სადაც მოსწავლე თვალნათლივ დაინახავს წარსულში არსებულ ვითარებას და დღევანდელ გამოწვევებთანაც დააკავშირებს.
დღევანდელ სახელმძღვანელოებში უახლესი ისტორიის და წყაროების, ობიექტურ მასალებზე დაფუძნებული ინფორმაციის დეფიციტია. მოცემული უნდა იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე წყარო, რომ მოსწავლემ თავად შეძლოს მსჯელობა და ანალიზი.
არის მოსაზრება, რომ დღევანდელი სკოლა ასწავლის მხოლოდ მშრალ ისტორიულ ფაქტებს და ნაკლებად – ანალიზს. საქართველოს ისტორიის ცალკე გამოყოფა ანალიზის ხარისხს გაზრდის?
ვფიქრობ, რომ კი. თუმცა მგონია, რომ კონკრეტული თემების ამბებად შემოტანა უკეთ დაეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, პრობლემის ანალიზში, არგუმენტების წარმოდგენასა და შეფასებაში.
სახელმძღვანელოში არ უნდა იყოს მხოლოდ გაბმულად გადმოცემული ისტორიები, რომლის გაგება ბავშვებს მეტ-ნაკლებად უჭირთ. პარალელების გავლება ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის სწავლების დროს, თუნდაც კითხვაზე პასუხი – თავად რას შეცვლიდა კონკრეტულ მომენტში და რატომ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ხელი შეუწყოს ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვაში.
არაერთხელ ითქვა, რომ დღეს ზოგიერთი მასწავლებელი მაინც განიცდის საბჭოთა წარსულის გავლენას. რამდენად ვნებს ეს ისტორიის სწორად გააზრებას სკოლაში?
ბავშვებს უკითხავთ ხოლმე, თუ რატომ ამბობენ მათი ბებიები ან ბაბუები, რომ საბჭოთა კავშირში კარგი ცხოვრება იყო. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება ცალკეულ ოჯახებში შემორჩენილია და კითხვებს აჩენს ახალ თაობაშიც. თუმცა მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები ნამდვილად განსხვავებულად აზროვნებენ ამ მხრივ და უკეთ აანალიზებენ მოვლენებს.
საქართველოს ისტორია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ისტორიასთან კონტექსტში უნდა ისწავლებოდეს, რადგან ეს დაეხმარება ბავშვებს მოვლენების სწორად შეფასებაში.
დღეს მიმდინარე ამბებზე, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომზე, რას ფიქრობენ ბავშვები?
უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია აქვთ ახალგაზრდებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვიცნობთ კარგად უკრაინის ისტორიას, ისევე, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნების და ამაზე კითხვები აქვთ ბავშვებს. სახელმძღვანელოში უკრაინის შესახებ მხოლოდ კიევის რუსეთის ისტორიაა შეტანილი, შემდეგ რუსი მეფეები მოდის. დამოუკიდებელი უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ისწავლება სკოლაში.
სახელმძღვანელოში ცოტაა ინფორმაცია სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებაშიც.
რა თქმა უნდა, ბევრი რამეა მასწავლებლის კომპეტენციაზე, მის ხელოვნებაზე დამოკიდებული, თუ როგორ გაშლის თემას, რა წყაროებს მოიშველიებს, მაგრამ მე, როგორც მასწავლებელს, სამუშაო მაკლია სახელმძღვანელოში.
თუ წიგნში ბევრი წყარო იქნება ჩაშენებული, დროსაც მოვიგებთ და ბავშვებსაც ანალიზისთვის მეტი ინფორმაცია ექნებათ.
საბოლოოდ, კრიტიკული აზროვნება და ანალიზი დღეს სკოლების აქილევსის ქუსლია. ამიტომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო როგორც მასწავლებლის მხრიდან საკუთარ თავთან, ასევე ჩარჩოებიდან გამოსვლა და მეტი შემოქმედებითობაა სასურველი.
დღეს, 14 მარტს, მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ მარნეულში პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მოხატა.
სამირა პარტია „კონსერვატიულ მოძრაობის“ წევრებს მოღალატეებს უწოდებს.
„დღეს, დაახლოების საღამოს 18:00 საათზე, მივედი მარნეულში გახსნილ „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან და ფანჯრები უკრაინის და ევროკავშირის დროშის ფერებში მოვხატე, ამით მინდა მათ ვაჩვენო, რომ ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა და ეს ევროპაა. ასევე, მინდა ვაჩვენო, რომ მარნეული სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, – ამბობს სამირა.
სამირას დღეს „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი დაკეტილი დახვდა. მისი დაკვირვებით, პარტიის წევრები ოფისში ჯერჯერობით აქტიურად არ მუშაობენ.
სამირას თქმით, მარნეულში, იმ შენობაში, სადაც ახლა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისია, „ქართული მარშის“ ოფისი მუშაობდა.
„მარნეულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი თებერვალში გაიხსნა. როცა დავინახე ეს, პირველივე დღეს მინდოდა რაღაც გამეკეთებინა. ამ ფაქტზე პროტესტი იმ დღესვე გამოვხატე სოციალურ ქსელში, მეტი ქმედებისგან თავს ვიკავებდი, რადგან ვნახე ფოტო, რომელზეც „ალტ-ინფოს“ წევრი შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იყო და იმედი არ მქონდა, რომ როგორც მოქალაქეს, სისტემა დამიცავდა“, – ამბობს სამირა.
________________________________
„კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართობი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.
ტელევიზია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა 2021 წლის ნოემბერში დააფუძნეს პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.
„ალტ-ინფოს“ ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).
5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.
61 წლის გულიკო ზანდარაძე 5 შვილის დედაა სოფელ დიოკნისიდან. ის ამბობს, რომ ბედნიერია, რახან მცირე შემოსავლისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, შეძლო ხუთივე შვილისთვის მიეცა უმაღლესი განათლება. ის საუბრობს იმ ოჯახების რთულ მდგომარეობაზე, რომელთა წევრებიც არსად არიან დასაქმებული, ბოლომდე დამოკიდებულნი არიან სოფლის მეურნეობაზე და სტუდენტი შვილი ან შვილები ჰყავთ.
„ყველა მშობელს უნდა, რომ შვილს განათლება მისცეს და ამისთვის ყველა ღონეს იყენებს. ცხოვრება წინ მიდის, მშობლებსაც უნდათ ცხოვრების გაუმჯობესებული პირობები, მაგრამ თუ გინდა შვილს ასწავლო, ყველაფერი უნდა მოიკლო. ახალგაზრდობაში ყველაფერი გეხალისება, მაგრამ როცა სტუდენტი შვილები გყავს, ყველაფერზე თვალებს ხუჭავ“, – ამბობს გულიკო ზანდარაძე.
ქალის თქმით, მის ხუთივე შვილს უნივერსიტეტში რომ ესწავლა, ბათუმში 20 წლის განმავლობაში ბინას ქირაობდა.
„ჩვენ საკუთარი ბინა არ გვაქვს. 20 წელია, რაც სტუდენტი შვილები მყავს და წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ქირაში ყოველთვიურად გადახდილი 300 ლარი რამდენია, ბინას ვიყიდდი, ბიზნესის წამოწყება შემეძლო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად შვილებისთვის განათლების მიცემა ვამჯობინე.
ჩვენს სოფელში ბევრი სტუდენტია, ბევრმა მათგანმა უკვე დაასრულა უნივერსიტეტი, თანაც მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ უმუშევრები არიან.
მაღაზიაში გამყიდველად დასაქმებას მე დასაქმებას არ ვეძახი, რადგან მაგას განათლება არ სჭირდება, როცა დავუშვათ იურისტი ხარ, არ უნდა გიწევდეს მაღაზიაში მუშაობა. მართალი არ ვარ?!“ – ამბობს გულიკო.
გულიკოს შეფასებით, მნიშვნელოვანია ხელშეწყობა და სოფლებში სამუშაო ადგილების შექმნა შესაფერისი ანაზღაურებით, რათა ახალგაზრდებს სოფელში გაჩერების სურვილი და მიზეზი ჰქონდეთ. ამბობს, რომ ძირითად შემთხვევაში ახალგაზრდები სოფლებში ვერ ხედავენ დასაქმების პერსპექტივას და სწორედ ამიტომ მიდიან სოფლიდან.
მისი თქმით, არ შეუძლია შვილებს უთხრას სოფელში დაბრუნდნენ და ისევ ყანაში იმუშაონ, როცა ამდენი იწვალეს განათლების მისაღებად. დასძენს, რომ ბევრჯერ მოუსმენია – „სოფელში არ არის ხარჯი“, რაც მცდარია, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობს ახალგაზრდა, მათ იგივე მოთხოვნილებები და საჭიროებები აქვთ.
გულიკო ზანდარაძე ამბობს, რომ ხუთი შვილის დედობას დიდი ენერგია სჭირდება, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც თავის მხრივ დიდ ხარჯსა და ბევრ პრობლემას გულისხმობს.
გულიკოს ის პერიოდიც ახსოვს, როცა ერთხელ შვილს სწავლის საფასური ვერ გადაუხადა და მის შვილს სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, რაც მისთვის და ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის ძალიან სტრესული იყო. მისი თქმით, სწავლის პარალელურად უფროსი შვილები ცდილობდნენ დასაქმებას, რათა გადასახადების გადახდაში დახმარებოდნენ ოჯახს, მაგრამ ვერ მოახერხეს – სამუშაო ვერსად ნახეს.
„ჩემი შვილის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი მხოლოდ ერთხელ შეუჩერეს. ფულს ხან ერთი მეზობლიდან ვსესხულობდი, შემდეგ – სხვა მეზობლიდან. რთული ფინანსური მდგომარეობა ბევრჯერ გვქონია.
მე სოფლის ამბულატორიაში ექთნად ვმუშაობ, ჩემი მეუღლე – ბაღში. ხელფასები ძალიან დაბალი გვქონდა ორივეს. ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი კარტოფილი იყო. სულ ვალი გვქონდა და ასე ვიხდიდით შვილების სწავლის საფასურს, ბინის ქირას, ტრანსპორტის ხარჯს.
ყოველთვის გვქონდა ბანკის სესხი, დღემდე გვაქვს. მოვიდოდა მოსავალი და როგორმე გადავფარავდით ხოლმე“, – ამბობს გულიკო.
გულიკოს უფროსმა შვილმა უნივერსიტეტში 2001 წელს ჩააბარა, ხოლო უმცროსმა – 2017 წელს. როგორც ამბობს, წელს პირველი წელია, როცა ოჯახს ერთდროულად ორი სტუდენტი არ ჰყავს, აქამდე ყოველთვის ორი შვილი ერთდროულად სწავლობდა უნივერსიტეტში. ასევე, იყო პერიოდი, როცა ერთი შვილი თბილისში სწავლობდა, მეორე ბათუმში და ორგან უწევდა ოჯახს ბინის დაქირავება. ეს კიდევ უფრო ართულებდა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას.
„ჩემი შვილების ძირითადი ხარჯი ბინის ქირა, სწავლის საფასური და ტრანსპორტირება იყო. სტუდენტები ხომ ისედაც ნახევრად მშივრები არიან. იყო დრო ბათუმში და თბილისში მიწევდა ბინის ქირაობა მათთვის“, – ამბობს გულიკო.
მისი თქმით, მისი შვილები მარტივად არ დასაქმებულან. უნივერსიტეტის დასულების შემდეგ 1-2 წელი მაინც უწევდათ უმუშევრად ყოფნა. პანდემიამ კიდევ უფრო შეამცირა სამუშაო ადგილები, ახლა მისი უმცროსი შვილი, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტია და მაგისტრის საფეხურზე სწავლობს ცდილობს დასაქმებას, მაგრამ სამსახურს ვერ პოულობს.
გულიკოსგან ვიგებთ, რომ არცერთი შვილისთვის არ აუყვანია რეპეტიტორი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, თუმცა ამის მიუხედავად ყველა მათგანი გახდა სტუდენტი, რაც მას ძალიან ეამაყება.
ბოლომდე, 24 რიცხვამდე – იმ მომენტამდე, როცა დაახლოებით ხუთ საათსა და ორმოც წუთზე ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება პუტინის სასწრაფო ვიდეომიმართვაზე, სადაც მან სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. როცა პუტინმა თქვა, რომ სამხედრო სპეცოპერაციას იწყებს, ისე ხმამაღლა ვიყვირე, რომ პოლინას [ავტორის შვილი – რედ.] გაეღვიძა.
ადრე მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების ყველაზე საშიში გამოცდილება ქმრის სიკვდილი იყო, მაგრამ არა. ახლაც კი ვერ ვახერხებ გავიხარო იმით, რომ გოგო მყავს და არა ბიჭი – საწყალი ახალწვეული, რომელიც გააცურეს და წვრთნების ნაცვლად უკრაინაში გააგზავნეს. ჩემს შვილს მოუწევს მთელი ცხოვრება ატაროს ის, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მოხდა. მას ამასთან ერთად უფრო დიდხანს მოუწევს ცხოვრება, ვიდრე მე.
ვხედავ, რომ ახლა არავის არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს მოვლენეთა განვითარების რეალობასთან მოახლოებული სურათი. პუტინი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.
მეშინია, ძალიან მეშინია ბირთვული ომის, მაგრამ მომავალზე საერთოდ არ ვფიქრობ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ღამით კი მეგობრებს ვწერ. უკრაინაში მეგობრები დამრჩა, ღამით მწერენ ხოლმე, რას ხედავენ ფანჯრიდან.
კიევიდან მეგობარი მწერს: „სულ აფეთქებებია, სულ“. რამდენიმე დღის წინ მომწერა: „ვერანაირად ვერ ვიგებ, რა ხდება – თითქოს თოვლი მოდის, მაგრამ თოვლს არ ჰგავს“. დღისით, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, შვილთან ერთად გარეთ გასვლა გადაწყვიტა. „გავედით და კიდევ დაიწყო აფეთქებები“.
მყავს კიდევ ერთი მეგობარი, გასაოცარი ფოტოგრაფი, ცხოვრობს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან“, უკვე რუსეთის ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. ყოველ საღამოს მწერს: „ჯერ ცოცხალი ვარ“. დღეს დილითაც მწერდა, აღწერდა, როგორი მზე იყო და როგორ ყინავდა, მაგრამ როგორ ჟღურტულებდნენ ჩიტები, თითქოს გაზაფხული ყოფილიყო. უცებ შეჩერდა, შემდეგ კი მომწერა: „სროლა დაიწყეს“.
ამიტომ, არ ვფიქრობ მომავალზე, როგორღაც ვცხოვრობ თითოეულ დღეს. საკმარისია ვიცოდე, რომ ახლობლები ცოცხლები არიან.
მეგობრები უკრაინიდან მწერენ, რომ ძალიან ეშინიათ. მაგრამ ისინი გრძნობენ, რომ მართლები არიან, რომ მშობლიურ მიწასა და დამოუკიდებლობას იცავენ, რომ არსად წავლენ. ისინი არიან მათ შორის, ვინც გადაწყვიტა, დარჩენილიყო თავის მიწაზე და ევაკუაციაზე უარი ეთქვა.
ახლა რას შეგვიძლია დავეყრდნოთ, რა ცოდნას? მთელი ცხოვრება დოკუმენტურ თეატრში ვმოღვაწეობ. მონაწილეობას ვიღებდი ფინეთის ომისადმი მიძღვნილ პროექტში, რეჟისორი ვარვარა ფაერი იყო. სამწუხაროდ, რუსეთში ეს პროექტი, თავის ვარიანტში, ვერ განხორციელდა. ფინელი მსახიობებიც ჩამოვიდნენ, ექსპრესჩვენებაც მოვაწყვეთ, მაგრამ სპექტაკლი რუსი მსახიობების გარეშე, ფინეთში დაიდგა. თუმცა ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ დოკუმენტურ მასალებზე; შევისწავლეთ პროცესები, რომლებიც წინ უძღოდა ომს; დოკუმენტები, რომლებიც მის მიმდინარეობასთან და საბჭოთა კავშირში მის აღქმასთან იყო დაკავშირებული. ეს ხომ ისტორიის სამარცხვინო ფურცელია, რომელსაც სსრკ-ში მაქსიმალურად მალავდნენ, არ ახსენებდნენ მას, ხოლო თუ ახსენებდნენ, მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ ომის შედეგად სსრკ-ს ერგო ტერიტორიები, რომლებიც კარელიას შეუერთეს. ცდილობდნენ არ ეხსენებინათ, რომ ეს იყო სამარცხვინო, წაგებული ომი, რომ ფინელთა გაცილებით მცირე ჯარმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ საკუთარ მიწას იცავდა. ფინელებმა გაიმარჯვეს, რადგან ფინეთისთვის ეს იყო სამამულო ომი.
უზომოდ მოხარული ვარ, რომ მეგობრები მომხდარს ერთნაირად აფასებენ. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ახლახან პატარა დრამა განვითარდა… თითქმის სასაცილო. მყავს დედამთილი, ჩემი გარდაცვლილი ქმრის დედა. მე და პოლინა [ავტორის შვილი – რედ.] ჯერ კიდევ იმ ერთოთახიან ბინაში ვართ ჩაწერილი, სადაც მე და მეუღლე ვცხოვრობდით. ბინის მფლობელი ჩემი დედამთილია. ადრე სულ ამბობდა, რომ ბინას პოლინას დაუტოვებდა, მას ხომ სჭირდება თავისი სახლი. მოკლედ, მას შემდეგ, რაც ჩემთან, რეგისტრაციის ადგილზე, პოლიცია მოვიდა, დედამთილმა მომწერა. გვთხოვს, რაც შეიძლება მალე ამოვეწეროთ და ულევ მადლობებს გვითვლის.
იულია აუგი
თავის დროზე ვკითხულობდი, რომ 30-50-იან წლებში ოჯახი დაპატიმრებულ წევრს ბინიდან ამოწერდა ხოლმე. როცა ადამიანი გადასახლებიდან ან ბანაკიდან ბრუნდებოდა, არ ჰქონდა საცხოვრებელი – არსად იყო ჩაწერილი. კარგად მახსოვს ეს შემთხვევები. მაგრამ არ ველოდი, რომ დედამთილის დახმარებით ისტორიის სახელმძღვანელოში მოვხვდებოდი.
არ მაქვს გეგმები ხელოვნების მხრივ. არაფერი დარჩა. დარჩა სპექტაკლი „ბაღი“ ელექტროთეატრში, სპექტაკლი სანკტ-პეტერბურგში და სპექტაკლები „გოგოლ-ცენტრში“, მათ შორის „წამებული“; საბედნიეროდ, „გოგოლ-ცენტრი“ დარჩა თავისუფალ ადგილად, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებს აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევს.
მთელი ცხოვრება ორ ქვეყანაში გავატარე. ესტონეთი ჩემი სახლია; მე რუსული კულტურის ადამიანი ვარ, თან ისე, რომ ჩემში არც ერთი წვეთი რუსული სისხლი არაა, მაგრამ სულ მქონდა განცდა, რომ რუსულ კულტურას ვეკუთვნი. მეჩვენებოდა, რომ ჩემი სისხლით, აღზრდით, რომელიც მაინც ესტონეთში მივიღე, ჩემი ფესვებით, შემიძლია ვიყო ადამიანი, რომელიც ევროპულ და რუსულ კულტურას აერთიანებს. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველასთვის უინტერესო ფაკულტეტია.
დედაჩემი 91 წლისაა. 10 წლის იყო, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. ყველაფერი ახსოვს და რასაც ახლა განიცდის, სიტყვებით ვერ გადმოიცემა. ყოველდღე კითხულობს: „იულია, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო? როგორ მოხდა? არ უნდა მომხდარიყო“. მინდა, ქვეყნიდან გავიყვანო დედა და იმედი მაქვს, გამომივა.
„დედა, ჩვენი კატაც ებრაელია?“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ესტონეთში დეკემბერში გამოვიდა.
ის ესტონეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და მტკივნეულ გვერდს, ჰოლოკოსტს ეხება. მოთხრობილია ესტონეთში მომხდარი რამდენიმე დოკუმენტური ისტორია. ებრაული თემის, სინაგოგისა და მუზეუმის მიერ მოწოდებულ არქივში ვმუშაობდი. ეს დოკუმენტები ეხება არა ებრაელთა მასობრივ ხოცვას, არამედ კონკრეტული ადამიანების ბედს.
სპექტაკლის დადგმის პროცესში მე და მსახიობები ვცდილობდით გაგვეგო, რა შეიძლებოდა დამართნოდათ ესტონელებს, რომლებმაც უცებ დაიწყეს იმ ხალხის მოკვლა, ვისთან ერთადაც ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ვისთან ერთადაც მაღაზიაში დადიოდნენ, ყიდულობდნენ პურსა და ღვინოს, შეიძლება არ იცნობდნენ, მაგრამ შეხვედრიან თვალებით.
სპექტაკლში არის კონკრეტული ისტორია, როცა ხალხი ერთმანეთს იცნობდა, ერთ სახლში ცხოვრობდა, მათი შვილები ერთ სკოლაში სწავლობდნენ. როცა ჰაია ლევინი თხრილის კიდესთან დააყენეს, მან დაინახა, რომ მოკლავს ადამიანი, რომელსაც ახალგაზრდობიდან იცნობს. მიუბრუნდა და ჰკითხა: „მარტინ, შენ მომკლავ?“. მან გაისროლა.
სპექტაკლში სულის გასაოცარ სიმამაცეზეც არის ისტორიები. მაგალითად, ჰარისა და კეილას ამბავი. ჰარი პარისი ძალიან ცნობილი მსახიობი იყო, მუშაობდა თეატრ „ესტონეთში“ და ჰყავდა ებრაელი ცოლი, კეილა. როცა ომი დაიწყო, ყველა მეგობარი ეუბნებოდა: „შენ თვითონ თუ არ გინდა ევაკუირება, კეილას მაინც მიეცი საშუალება. როცა ფაშისტები მოვლენ, შენს ცოლს არ დაინდობენ“. ის პასუხობდა, რომ ძალიან კარგად იცნობს გერმანელებს, რომ მუშაობდა გერმანიაში, რომ ეს დიდი და განათლებული ერია და ისინი არავის მოკლავენ. არსებითად, მან ცოლს ევაკუაციის საშუალება არ მისცა.
როცა ფაშისტებმა ტალინი აიღეს, თანდათანობით წესების გამკაცრება დაიწყო: ჯერ ყველა ებრაელი აღწერეს, გამოიძახეს კომენდატურაში, პასპორტში ჩაუსვეს ნიშანი Juut [ესტ. ებრაელი – რედ.]. შემდეგ, სხვათა შორის, კომენდანტურაში თავად ჰარი გამოიძახეს და ურჩიეს, რაც შეიძლება სწრაფად გაეყაროს ცოლს, რათა პრობლემები არ ჰქონდეს. შემდეგ ებრაელებს ტროტუარებზე სიარული, კაფეებში, თეატრებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში სიარული აუკრძალეს და ყველას ყვითელი ვარსკვლავის ტარება უბრძანეს.
როცა უწყება მოვიდა და ცხადი გახდა, რომ კეილას კომენდანტურაში, ბანაკში გასაგზავნად იძახებენ, მეუღლეებმა მეგობრები დაპატიჟეს, მოაწყვეს საშინაო დღესასწაული, ძალიან ნათელი – იშოვეს ღვინო, ახალი პური; ყველა ცეკვავდა და მღეროდა. მერე დადგა კომენდანტის საათი, ყველა დაიშალა, კეილა მეეზოვესთან ჩავიდა და გასაღები დაუტოვა, ჰარი ძალიან გულმავიწყი გახდაო. დილით კი იგი რეპეტიციაზე არ მივიდა, ცხოვრებაში პირველად. იმდენად მთრთოლვარედ უდგებოდა პროფესიას, რომ ავადმყოფიც კი მოვიდოდა. მოკლედ, როცა ბინა გააღეს, ლოგინში ჰარი და კეილა იპოვეს. ორი წერილი დატოვეს, ითხოვეს, ერთად, ერთ კუბოში დაესაფლავებინათ.
სპექტაკლში ხუთი დოკუმენტური სიუჟეტია. არის ისიდორ ლევინის ისტორია. იგი ესტონეთის ტერიტორიაზე ერთადერთი ოფიციალურად გადარჩენილი ებრაელია, ესტონეთი ხომ Judenfrei ანუ ებრაელებისგან სრულიად თავისუფალ ტერიტორიად იყო გამოცხადებული. თუმცა, დოკუმენტების თანახმად, კიდევ ხუთი ებრაელი ადგილობრივებმა გადაარჩინეს.
მაგალითად, არის აბსოლუტურად დოკუმენტური ისტორია, თუ როგორ გადაარჩინა ქმარმა ებრაელი ცოლი. პრობლემა იმაშია, რომ სპექტაკლში ამ ისტორიის მოყოლა არ შეიძლება, რადგან ის და მეუღლე მთელი ცხოვრება მალავდნენ იმ ხუტორის კოორდინატებს, სადაც ის 1944 წლამდე იმალებოდა. არც ხუტორის მეპატრონეებს სურდათ, რომ მათი სახელები გასაჯაროვდეს, არც თავად ელია დობრიშს უსაუბრია მათზე. ამაზე ლაპარაკის ეშინოდათ, არ იცოდნენ, როგორ შეიძლებოდა აღექვათ ასეთი რამ ნკვდ-ში [შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი – რედ.].
მოკლედ, ასეთი ისტორიები არის, მაგრამ ისინი დოკუმენტირებული არაა, რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანს დღემდე ეშინია ამაზე საუბარი. ეს ხუთი იმიტომ მოვყევი, რომ ისინი დოკუმენტური ისტორიებია – შემონახულია წერილები, დასახვრეტთა სიები, დაკითხვის ოქმები.
ბევრი ადამიანი ტირის სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი.
რუსეთში ჩვენ, ვინც არ ვეთანხმებით იმას, რაც ხდება, გვიწევს ახალი გამოცდილება ავითვისოთ. საკუთარ ქვეყანაში უცხონი აღმოვჩნდით. ამასთან დაკავშირებით რაღაც განსაკუთრებული ილუზიები არ მქონია, მაგრამ სწორედ ახლა პირად შეტყობინებებში მწერენ, რომ სიამოვნებით მომკლავენ. მწერენ, უკან იყურეო, ბევრი ადამიანიაო, სიამოვნებით რომ მოგკლავენო.
თუმცა არის ლევ ტოლსტოის სიტყვები. ისინი გამოსადეგია ყველა დროისთვის, არა მარტო დღეს, ტრაგიკულ სიტუაციაში, არამედ მთელი ცხოვრება: „აკეთე, რაც უნდა აკეთო და დაე, მოხდეს მოსახდენი“.
უკრაინის მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, საიდ ისმაგილოვმა, რელიგიური შესამოსელი გაიხადა, ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და უკრაინის არმიის რიგებს შეუერთდა. მუფტი მოუწოდებს ყველას, მათ შორის უკრაინელ მუსლიმებს, რომ სამშობლოსთვის იბრძოლონ.
საიდ ისმაგილოვმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ახსნა, როდის აქვთ მუსლიმებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს ომში ჩართვის უფლება.
მუფტმა წმინდა წიგნიდან – ყურანიდან ის სურა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს აქვთ ბრძოლის უფლება მაშინ, როცა მათ უსამართლოდ ექცევიან.
„ამ მუხლის მიხედვით, ჩვენ, მუსლიმებს, უფლება გვაქვს ვიბრძოლოთ, თუ უსამართლოდ თავს დაგვესხნენ და ამ უსამართლობის გამო გვკლავენ. თუ ჩვენ წინააღმდეგ იბრძვიან. ალაჰი ასეთ შემთხვევაში გვაძლევს ბრძოლის უფლებას.
ჩვენ უკრაინელი მუსლიმები ვიცავთ ჩვენს სამშობლოს მტრისგან, რომელიც ჩვენს მოსაკლავად მოვიდა; მტრისგან, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და ბავშვებს, ანგრევს ჩვენს სახლებს, ანგრევს ჩვენს საავადმყოფოებს, ანგრევს ჩვენს ცხოვრებას. ყურანის ეს სურა ახლა ისე აქტუალურია უკრაინაში, როგორც არასდროს.
უკრაინელი მუსლიმები, სხვა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს,“ – თქვა საიდ ისმაგილოვმა.
საიდ ისმაგილოვი ეთნიკური თათარია. მისი მშობლიური ქალაქი დონეცკია.
ყირიმის ნახევარკუნძული, დონეცკი და ლუგანსკი 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული რუსეთს.
აპრილიდან საქართველოში ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ექიმი წამლის გამოწერისას ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს.
ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციის მიზანია არ მოხდეს ექიმების მხრიდან მედიკამენტების მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით გამოწერა.
აზარაშვილის თქმით, ეს რეგულაცია ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, გეგმა წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.
„პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. 1-ელი მარტიდან ჩვენ ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია შემოვიღეთ. ამით ჩვენს ბაზაში ვხედავთ ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით გამოწერა ანუ პოლიფარმაცია – დღეისთვის ჩვენ გვაქვს ამის ბერკეტები, თუ როგორ უნდა ვმართოთ ეს.
ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერის შესაძლებლობა ექნება ექიმს. ის კონკრეტულ მედიკამენტს, კონკრეტული ბრენდის დასახელებით ვერ მიუთითებს. რის შემდეგაც მომხმარებელს საშუალება ექნება, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება აფთიაქში და არ შეიძინოს, მაგალითად, რომელიმე ქვეყნის წარმოებული ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი, რომელსაც ექიმი აქამდე უწერდა.
ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ და საერთო ჯამში, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გენერიკის გამოწერისას ექიმი უთითებს მედიკამენტში შემავალ აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ფარმაბაზარზე შეიძლება სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით და ფასით იყოს წარმოდგენილი.
გავრცელებული პრაქტიკით, საქართველოში სამედიცინო წარმომადგენლები ხვდებიან კლინიკების მენეჯერებსა და ექიმებს და მათთან გარიგებას აფორმებენ პრინციპით – „რამდენსაც გაყიდი, იმდენს მიიღებ“.
საქართველოში მედიკამენტების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიები არიან: „პსპ ფარმა“, „გეფა“ (რომელიც ფლობს „ჯი პი სი-ს“ და „ფარმადეპოს“ ქსელებს) და „ავერსი“. ყველა მათგანი ასევე ფლობს როგორც კლინიკებს, ისე სააფთიაქო ქსელს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათთვის მუშაობენ სამედიცინო წარმომადგენლებიც.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობით დახმარება არ უთხოვია.
როგორც Reuters-ი წერს, 14 მარტს პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, რუსულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ სრული კონტროლის დამყარება უკრაინის მთავარ ქალაქებზე და მას აქვს უკრაინაში თავისი მიზნების შესასრულებლად საკმარისი სამხედრო აღჭურვილობა ჩინეთის დახმარების გარეშე.
13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. აღნიშნული პირველად ჩინეთმა უარყო.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა ლიუ პენგიუმ განაცხადა, რომ არაფერი იცის რუსეთის მხრიდან ჩინეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული თხოვნის შესახებ.
„გამოვიდა ოფისიდან კაცი და გვითხრა, რა, ომი გინდათო? ჩვენ ვუთხარით, რომ ომში ვართ უკვე,“ – ამბობს მოძრაობა „სირცხვილიას“ ხელმძღვანელი ბათუმში, თამარ კურატიშვილი. ის დღეს, 14 მარტს, ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და ოზურგეთში წავიდა, სადაც აქცია ისევ ამ პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ დაიწყო.
„კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური პარტიაა და მას ოფისები დაატოვებინეს ხულოსა და შუახევში. პრორუსულ პოლიტიკურ ძალას პროტესტით დახვდნენ სხვა რეგიონებშიც.
„ქობულეთში პარტიის ოფისი შაბათს გახსნეს და ახლაც ფუნქციონირებს. ჩვენ არც გვიცდია შესვლა, მაგრამ პოლიციის კორდონი ჩაგვიყენეს. ჩვენ ყოველდღე გვექნება აქცია და მისი ორგანიზატორი ხალხია, მოქალაქეებმა აიღეს ხელში ეს ინიციატივა. ჩვენ, უბრალოდ, აქციაზე მივედით,“ – გვითხრა ლაშა კომახიძემ, ის ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“.
მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა „კონსერვატიული მოძრაობის“ ქობულეთის ოფისის წინ პულვერიზატორით დაწერეს – „რუსეთის ღორები“.
„ასევე, ვაზელინის ნაცვლად წებო დავუტოვეთ და ხურდები მივაყარეთ, ვუთხარით, რომ გამყიდველები არიან,“ – ამბობს თამარ კურატიშვილი. მისი თქმით, პოლიციას დღესაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ უკანონო მოთხოვნა ჰქონდა და ადგილი ჰქონდა პოლიციელებთან შელაპარაკებასაც, თუმცა ამჯერად არავინ დაუკავებიათ.
„პოლიციელებმა მოგვთხოვეს გადავსულიყავით გზის საპირისპირო მხარეს, რაც უკანონო მოთხოვნაა. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ბინის გამქირავებელს, რომ არ დაეთმო საკუთრება მოღალატეებისთვის,“ – აღნიშნა თამარ კურატიშვილმა.
„ქობულეთში რაღაც 20-კაციანი გეი აქცია მოგვიწყვეს ოფისთან,“ – წერს ფეისბუქში „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ოთარ დანელია.
ამ პოლიტიკურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირი, მამუკა ანდღულაძე კი, ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „სამკურნალოს ვუმკურნალებთ“.
14 მარტს ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე სასახლეში აქტივისტები შეიჭრნენ და გადმოფინეს უკრაინის დროშები და ბანერი – „ეს საკუთრება გათავისუფლდა“.
მედიის ცნობით, სასახლე რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას საკუთრებაა, რომელსაც ევროკავშირის სანქციები შეეხო. აქტივისტები აცხადებენ, რომ სახლი ცარიელია, ამჟამად იქ არავინაა.
მედიის ცნობით, სასახლის ღირებულება 50 მლნ ფუნტია.
„ბიბისი“ წერს, რომ ეს სასახლეში შეჭრილი აქტივისტების პროტესტია რუსეთის პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის გამო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იუნისეფი და UNFPA ერთიანი ძალებით მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმა უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებზე, თუმცა განცხადებაში რუსეთი ნახსენები არ არის.
„დღეს ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა უკრაინაში ჯანდაცვაზე. ამ საშინელი თავდასხმების შედეგად კვდებიან და სერიოზულ დაზიანებებს იღებენ პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები, ნადგურდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა და ათასობით ადამიანს ეზღუდება ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა, მიუხედავად კატასტროფული საჭიროებისა,” – წერია განცხადებაში.
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზედამხედველობის სისტემის (SSA) მეშვეობით დაფიქსირდა 31 თავდასხმა ჯანდაცვის დაწესებულებებზე. ამ ანგარიშის თანახმად, 24 შემთხვევაში დაზიანდა ან განადგურდა სამედიცინო ობიექტები, ხოლო ხუთ შემთხვევაში დაზიანდა ან განადგურდა სასწრაფო დახმარების ავტომანქანები. ამ თავდასხმებს მოჰყვა სულ მცირე 12 ადამიანის სიკვდილი და დაშავდა 34, ამან ასევე ნეგატიური ზეგავლენა იქონია ჯანმრთელობის აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობაზე,“ – წერია ჯანმოს, იუნისეფისა და UNFPA-ს საერთო განცხადებაში.
„თავდასხმა ყველაზე დაუცველებზე – ჩვილებზე, ბავშვებზე, ორსულებზე, მათზე, ვინც უკვე დაავადებულია და ჯანდაცვის მუშაკებზე, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვა სიცოცხლის გადასარჩენად – ეს არის უსინდისო სისასტიკის აქტი“.
გაეროს ორგანიზაციების საერთო განცხადებაში წერია, რომ უკრაინაში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ჯანმრთელობის სერვისებზე, ხოლო წვდომა ამ სერვისებზე მკაცრად შეზღუდულია ძალადობის გამო.
„მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყებიდან 4300-ზე მეტმა ქალმა გააჩინა ბავშვი და ელოდებიან, რომ უახლოეს სამ თვეში 80000 უკრაინელი ქალი გააჩენს ბავშვს. ჟანგბადი და სამედიცინო მარაგი, მათ შორის, ორსულობის გართულებების მართვისთვის, სახიფათოდ მცირეა,“ – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სერვისები სისტემატურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასაზღვრო პუნქტებზე, მათ შორის, გადაუდებელი დახმარება:
„მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარულ აქტორებს ჰქონდეთ უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა, რათა მიაღწიონ ყველა იმ სამოქალაქო პირამდე, ვისაც ეს სჭირდება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.
იუნისეფი, UNFPA და ჯანმო მუშაობენ პარტნიორებთან, რათა გააფართოონ სიცოცხლის გადარჩენის სერვისები და დახმარება ჯანმრთელობის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ უნდა შეგვეძლოს უსაფრთხოდ მივაწოდოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება – მათ შორის, სამეანო და ახალშობილთა მოვლისთვის – ჯანმრთელობის ცენტრებში, დროებით დაწესებულებებსა და მიწისქვეშა თავშესაფრებში“.
მოწოდებების მიუხედავად, თავდასხმები უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე გრძელდება.
გაეროს ორგანიზაციების ამ განცხადებას უკრაინის მოქალაქეები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან და წერენ, რომ დროა ასეთ მოწოდებებში ადრესატად ღიად დასახელდეს რუსეთი.
ხვალ, 15 მარტს, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყო.
როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, სკოლის პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე ხვალიდან განახლდება. არადადეგების დროს ტესტირება შეჩერებული იყო.
განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიცვან კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული წესები.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურზე 32 სკოლა სწავლობდა, დისტანციურად მუშაობდა 97 მასწავლებელი.
ახალი რეგულაციის მიხედვით, სკოლის მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტირება კვირაში ერთხელ უტარდებათ. PCR ტესტის ჩატარების ვალდებულება აღარ არსებობს.
დღეს, 14 მარტს, საქართველოს პარლამენტის წევრმა „ლელოდან“, დავით უსუფაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, რომ დაუშვებელია ქვეყნის თავდაცვის სისუსტის პროპაგანდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
„საქართველომ არ უნდა დაუშვას ომში ჩართვა, საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს ომი, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო მზად იყოს თავდასხმის მოგერიებისთვის, ქვეყნის დაცვისთვის, იმისთვის, რაც კონსტიტუციაში გვიწერია, რისთვისაც შეიარაღებული ძალები გვყავს.
როგორც ომის პროპაგანდა არის დაუშვებელი დანაშაული დღეს, ისევე ქვეყნის სისუსტის პროპაგანდა არის დაუშვებელი დანაშაული. და ქვეყნის სისუსტის პროპაგანდაა ყოველი ფრაზა, როდესაც ვინმე ლაპარაკობს იმაზე, რომ მტერი ძლიერია, ტანკი ახლოს ჰყავს, იმას იმდენი ჯარისკაცი ჰყავს, ჩვენ – ამდენი და ასე შემდეგ. ეს დაუშვებელია.
თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება და მორალური კლიმატის აწევა არის აუცილებელი წინაპირობა. არ დაგვესხმება ვინმე თავს? არ დაგვსხმია? კიდევ რა მოუვა თავში ვიღაცას.
ამ ვითარებაში ჩვენ უნდა ვიყოთ მტკიცე და მტერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მას სათანადოდ დავხვდებით. ეს არაა ომის რიტორიკა, ეს არის თავდაცვის პოლიტიკა.“ – განაცხადა უსუფაშვილმა.
დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.
მან მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავიანთი ქმედებებით სცოდავენ.
„დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც, სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.
ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, დამაზიანებელია და გარკვეულწილად, საფრთხისშემცველი.
ქვეყნის შიგნით ეს იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, ვნებს და აფრთხობს საზოგადოებას, ქვეყნის გარეთ კი გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობას და მიზანმიმართულობას.
ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერავითარი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ სიტყვით მაინც ღირსეულად ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ღირსეული ქართველობა მოითხოვს.
ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნის ისტორიული განაცხადი ერთობლივი ხელმოწერით კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის და ეროვნული თანხმობის ნიშანი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციაც გააკრიტიკა.
„ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში თუ გასაჯაროებაში.
როცა სახელმწიფო უწყებებს შორის ერთობლივი გადაწყვეტილებები არ იხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება, ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით? სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები.
ოპოზიციაც სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები საქართველოს სახე ისე წარმოაჩინოს, ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას. თითქოსდა ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის და ამტკიცებს, რომ მთავრობამ და მაშასადამე ქვეყანამ შეცვალა პროდასავლური კურსი. ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა. როცა შენს ქვეყანას ვაშინგტონში ბრალს უყენებ და შენი ქვეყანა მასპინძლის დასაცავი ხდება.
ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობების შემოტანის მცდელობას არ დაუშვებს.
„ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, საქართველოს მთავრობას მივმართე, რომ დაებრუნებინა უკრაინის ელჩი საქართველოში, აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ვთხოვ, რომ დააბრუნოს ელჩი, რადგან ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში კავშირი სრულიად გამყარდეს, იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი.
ამ ურთულეს პერიოდში მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ, რა ხდება ჩვენს თავს. ჩავდგეთ ახალ კალაპოტში და ქვეყანას ვაჩვენოთ გზა. გამოვასწოროთ ის, რაც წინსვლის და წარმატების გზაზე გვაფერხებს. ერთიანობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოხსენებით მიმართავს.
„ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება, რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, ონკოლოგიური საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცთა და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების თავგანწირული ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოსა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად.
რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობას და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით. მინდა გთხოვოთ ფეხზე ადგომით დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა.“-განაცხადა პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ პარლამენტში უკრაინის ჰიმნი აჟღერდა და პარლამენტში მყოფი ადამიანები ფეხზე წამოდგნენ.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ პარლამენტში საქართველოს ერთიანი სულისკვეთება გამოიხატება. „სახელმწიფოს და ყველა მისი ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა, ჩვენთან ერთად არიან ეკლესიის წარმოდგენილი და ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელებს.
უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ, და ვიცი, რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი. უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ – რუსული იმპერიისგან გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, თავისი აჯანყებებით, რეპრესიებით და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტებით და ხელი მაინც ვერაფერმა აგვაღებინა დამოუკიდებლობაზე. ვერავინ და ვერაფერმა შეგვაცვლევინა ჩვენ მიერ არჩეული ევროპული კურსი.
უკრაინის ბრძოლა გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია, რადგან ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი აუხილა და გამოაღვიძა. უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის გააქტიურება და იზოლირებული და დასუსტებული რუსეთი,“-ამბობს ზურაბიშვილი.
დრო აღარ ითმენს, თუ ახალ მოვლენებს და საფრთხეებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს დრო აღარ დაბრუნდება. ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის და დამღუპველი დაპირისპირების, პოლარიზაციის დასრულების მაგივრად აქ შეკრებილნი ვივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენ გერბზე – „ძალა ერთობაშია“. საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია ერთიანია. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული ერთიანობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თქვენში კი ამის მზაობას ვერ ვხედავ,“- ამბობს ზურაბიშვილი.
პარლამენტში სხდომას უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრება.
დაიღუპა ორსული ქალი, რომელიც 9 მარტს მარიუპოლში ბავშვთა და სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვისას დაშავდა. ორსული ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობას უკრაინის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ვერც ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.
რუსეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო 9 მარტს დაბომბეს.
მეორე დღეს, 10 მარტს, უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი და დაშავდა 17, მათ შორის, ფეხმძიმე ქალები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 18 სხვადასხვა თავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის დაწესებულებებზე.
BBC-ის ცნობით, რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა კლინიკებიდან გაიყვანეს პაციენტები და გაიტანეს აღჭურვილობა და საბრძოლო პოზიციები შექმნეს.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადის.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის უკრაინაში იმყოფება და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა.
„არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდისა და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ.
ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ.
დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ – წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ქადაგებისას რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ძმები ჩხუბობენ“ და „ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ“.
სხალთელი ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ არის წინასწარმეტყველებები ამ ომზე, გაერთიანდება სამი ქვეყანა – რუსეთი, ბელარუსი და უკრაინა და ეყოლებათ ერთი მეფე.
„არის წინასწარმეტყველება მამების, რომ ეს მოხდებოდა ასე და შემდეგ გაერთიანდება და შედგება ერთი წმინდა რუსეთი. ეს არის უკრაინა, ბელარუსი და რუსეთი. ერთი მეფე ეყოლებათ.
მერე საქართველოში აღდგება მეფობა, იქ რომანოვი იქნება მეფედ, აქ ბაგრატიონი და მეგობრულად იქნებიან ერთმანეთში. ვის უნდა ომი? ვილოცოთ, რომ შერიგდნენ და მშვიდობა იყოს“ – ამბობს ეპისკოპოსი.
მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ „ჩვენ“, საქართველო, არ უნდა ჩავერიოთ და ირაკლი ღარიბაშვილს პოზიცია მოუწონა.
„ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში. არ უნდა დავიჭიროთ რომელიმეს მხარე, ეს არის ჩემი პირადი აზრი, ესენი ძმები არიან, ახლა ერთმანეთს ეჩხუბებიან. შერიგდებიან, ერთი ხალხია.
ჩვენ თუ ჩავერევით, უნდა ჩავერიოთ რით – აი, როგორც ჩვენი დიდი პატრიარქი, მსოფლიო მოციქული აკეთებს, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, გავუგზავნოთ მშვენიერი საჭმელი, სასმელი, ჰუმანიტარული ტვირთი და ვილოცოთ, რომ მშვიდობა იყოს.
…მოვისმინე ამ დღეებში, ძალიან მრისხანედ და ძალიან ცუდად ახსენებენ რუსეთს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეცდომა. არაფრით არ შეიძლება საქართველომ და ქართველმა ხალხმა ასე გააკეთოს. ამასთან ერთად დავძენ, რომ მე მივესალმე ირაკლი ღარიბაშვილის და ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ არ ჩაერია ამ კონფლიქტში და არ შეუერთდა სანქციებს.
…ვინც გეოპოლიტიკა და ისტორია ოდნავ მაინც იცის, ამის [კავკასიაში კონფლიქტების] სტაბილიზაციას აკეთებს რუსეთი. მთლიანად, იმიტომ, რომ მის გარეშე, მისი ნების გარეშე წონასწორობა კავკასიაში არ დაირღვევა.
…მის ხელშია კავკასიაში ომის და მშვიდობის გასაღები და შენ რომ იმას აგინებ, ლანძღავ, იმ კაცმა რომ უთხრას ჩვენს მეზობლებს, რაც გინდათ ის გიქნიათო, დარჩება ჩვენგან რამე?! თუ ისეთი ჯარი და არმიები გვყავს, რომ ყველა ფრონტზე მოიგერიებენ ყველას. ამიტომ არაფრით არ შეიძლება, ეს არის ემოციებზე აყოლა.
…რომ აგინებ და ლანძღავ, რომ წამოვიდეს შენზე გაბრაზებული აქეთ, პასუხს შენ აგებ?!“ – რიტორიკულად სვამს შეკითხვას მთავარეპისკოპოსი.
„ამ მეთოდის მიზანია ის, რომ უკვე მოსახლეობამ აიძულოს ზელენსკი წავიდეს მოლაპარაკებებზე, ასევე იმ მებრძოლებმა, რომლებიც არიან წინა პოზიციებზე და აქვთ პირდაპირი საფრთხე,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. მას ვკითხეთ, რამდენად რეალურია დღეს რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ქიმიური იარაღი, როგორც ეს გააკეთეს სირიაში?
სირია, კონკრეტულად კი, ალეპო, ვახტანგ კაპანაძემ „ბათუმელების“ წინა ინტერვიუშიც ახსენა, როცა გვესაუბრა რუსეთის მხრიდან ტაქტიკის შეცვლაზე და თქვა: „ყველა ქალაქში ქმნიან ალეპოს“.
ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო.
ბატონო ვახტანგ, რუსეთის ტაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად უშვებთ იმას, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენოს ისე, როგორც ეს მოხდა სირიაში?
ნურასოდეს იტყვის ნურასოდეს – ყველაზე მეტად ეს გამოთქმა შეესაბამება რუსეთს. რთულია წინასწარ რამის თქმა და ლოგიკური დასკვნების გამოტანა, თუმცა მინიშნებები რუსეთის მხრიდან, რომ უკრაინა ცდილობს გამოყენოს ქიმიური იარაღი, რომ ამიაკი შეაქვთ და ასე შემდეგ, მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, მართლაც გამოიყენოს რუსეთმა ქიმიური იარაღი და ეს შემდეგ დააბრალოს უკრაინას.
რაზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა ასეთ შემთხვევაში რუსეთს, თუ ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებს?
სრულად შესაძლებელია დაარტყას ისეთ ობიექტს, რომლის დანგრევა ან განადგურებაც გამოიწვევს ტექნოგენურ კატასტროფას, რაც გულისხმობს გაჟონვას, მომწამვლელი გაზის, ნივთიერების გაშვებას. ასე რომ, გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა, ის მიდის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე, რაც იმის სურვილია, რომ გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ტრავმა და შოკი. ამ მეთოდის მიზანია ის, რომ უკვე მოსახლეობამ აიძულოს ზელენსკი წავიდეს მოლაპარაკებებზე, ასევე იმ მებრძოლებმა, რომლებიც არიან წინა პოზიციებზე და აქვთ პირდაპირი საფრთხე.
კარგად გვახსოვს სოხუმის დაცემა და 26 სექტემბერი. მაშინ ედუარდ შევარდნაძემ რამდენიმე ოჯახი, რომლებიც თბილისში იყვნენ გამოხიზნული, სოხუმში ჩაიყვანა და ამ დროს მოხდა დარტყმა. მაშინ პოლიციელებიც კი ტოვებდნენ პოლიციას, რომ ოჯახები განერიდებიათ თავდასხმას.
სირიის ანალოგის გამოყენება რამდენად ლოგიკური შეიძლება იყოს რუსეთისთვის, რომელიც ახლა უკრაინაში ომობს?
სირიაში მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალური დანაკარგი მიეღო მოსახლეობას, ასევე იმ ამბოხებულ დანაყოფებს, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ. იქ ქიმიურ იარაღსაც იყენებდნენ და ყველაფერს, რის გამოყენებაც ზოგადად შეეძლოთ, მაგრამ მთავარი განსხვავება არის ალბათ ის, რომ უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა.
სირიაში იღუპებიან ადამიანები და თავისთავად ეს უბედურებაა, მაგრამ მსოფლიოს თვალსაწიერიდან უკრაინა უფრო მტკივნეულად ჩანს, ვიდრე სირიაში. სირიაში ვიღაც დიქტატორი ხოცავს ხალხს, აქ კი ერთი ქვეყანა ეომება მეორე ქვეყანას და ეს ხდება შუა ევროპაში.
„ჩვენ აქ არ გველოდებიან,“ – ეს შთაბეჭდილება გაუჩნდა ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს, რომელიც რამდენიმე დღეა უკვე საქართველოშია. ეკატერინე კოტრიკაძე „დოჟდის“ ჟურნალისტია, იმ სატელევიზიო არხის, რომელიც ომის დაწყების შემდეგ დახურეს პუტინის რუსეთში, ხოლო კრიტიკული არხის ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს.
ეკატერინე კოტრიკაძეს ვესაუბრეთ რუსეთის იმ აუდიტორიაზე, რომელიც „დოჟდის“ უყურებდა და, ბუნებრივია, კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა პუტინის რეჟიმის მიმართ. სად არის ახლა ეს ხალხი და რა ძალა აქვთ მათ?
პირველ რიგში, გვითხარით, რა გაირკვა „დოჟდის“ ჟურნალისტ ფიშმანის შესახებ: რატომ არ შემოუშვეს ის საქართველოში, სად არის ახლა და არის თუ არა უსაფრთხოდ?
არაფერი არ გაირკვა. ეს ის შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ მიიჩნია, რომ არაფერი არ უნდა დაასაბუთოს. ფიშმანი არის უსაფრთხოდ. ის არც რუსეთშია და არც საქართველოში, გავიდა ქვეყნიდან. არ მაქვს უფლება ვთქვა, სად არის.
თქვენ როგორ დაბინავდით?
ჩვენ დროებით ვართ აქ, ნათესავებთან, თბილისში არის ბაბუაჩემის სახლი. ეს სიტუაცია ჩემთვის ყველაზე ნაკლებად მტკივნეულია: თბილისი ჩემი სახლია, საქართველო ჩემი ქვეყანაა, განსხვავებით ჩემი კოლეგებისგან, ვინც აქ არავის იცნობს. მოგეხსენებათ, რთულია ბინის შოვნაც. ცოტა ცუდად ხვდებიან, როგორც რუსებს და ეს არ მომწონს. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ ისე მელაპარაკა მაღაზიაში კონსულტანტი, მეგონა მცემდაო. მაღაზიაში, თუ ტაქსიში ნეგატიურად ელაპარაკებიან რუსებს.
მესმის, რომ არ იციან, ისინი „დოჟდის“ ჟურნალისტები არიან და არ ფიქრობენ ისე, როგორც პუტინი, მაგრამ რომც არ ეწინააღმდეგებოდეს ადამიანი პუტინს, შენ როცა ქართველი ხარ და მიდიხარ ევროპისკენ, ამ მიდგომით და აგრესიით უარესს აკეთებ. საქართველო ყოველთვის იყო მეგობრული, მრავალეთნიკური და ახლა მიჭირს ამ რეალობის აღქმა. არ მესმის, რატომ ხდება ასე. ჩვენ ყოველთვის უფრო ჭკვიანი ხალხი ვიყავით. რუსეთში შეჩვეული ვიყავი, რომ შესაძლოა არ მოგესალმონ მაღაზიაში, არ გაგიღიმონ…
მესმის, რომ რუსეთი ახლა აწარმოებს საშინელ, კატასტროფულ ომს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ სხვანაირად უნდა მოვიქცეთ. სახელმწიფო უნდა ახდენდეს რეაგირებას, როცა პატარა ქვეყანაში შემოდიან დიდი რაოდენობით უცხოელები, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად დაშინებულია, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი, პუტინი, „დოჟდის“ ჟურნალისტიც კი არ შემოუშვეს.
მოახერხებთ იმას, რომ საქართველოდან აღადგინოთ „დოჟდის“ მაუწყებლობა?
ეს ბუნებრივი იდეაა, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია. ჩვენ აქ არ გველოდებიან.
იმდენად ამაზრზენია ჩემთვის, რომ თურმე ვიღაც ჩინოვნიკს ეშინია, რომ მე თუ აქ მუშაობა დავიწყე, საფრთხე შეიქმნება. მოკლედ, არ უნდათ, რომ „დოჟდი“ შეიქმნას საქართველოში.
ვის არ უნდა კონკრეტულად, რომელ ჩინოვნიკს გულისხმობთ?
მაპატიეთ, მაგრამ ვერ გეტყვით კონკრეტულად. მივიღეთ რამდენიმე შეტყობინება, თუმცა ეს დადასტურებული ინფორმაცია არ არის… ჩვენი აზრით, პრობლემატური იქნება აქ „დოჟდის“ არსებობა. შესაძლოა, ეს ძალიან სუსტი და გაუმართლებელი პოზიციაა, მაგრამ ბევრი პრობლემა გადავიტანეთ, დიდი დრამა და აღარ გვაქვს ამის სურვილი. უახლოეს პერიოდში ყველას შეგატყობინებთ, როცა გადაწყვეტილება გვექნება მიღებული. ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ გვინდა შევიკრიბოთ ისევ სადმე, თუნდაც მარსზე, სადაც არ იქნება ასეთი აგრესიული, არამეგობრული ატმოსფერო. მგონია, რომ ჩვენ ისევ შევქმნით ახალ მედიაპროექტს.
გასული წლის აპრილში, როცა „ფორმულას“ მიეცით ინტერვიუ, აღნიშნეთ, რომ „რუსეთში აუდიტორია იცვლება“ და ხაზი გაუსვით თქვენს იუთუბარხზე მაყურებლის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. თქვენი დაკვირვებით, რა შეიცვალა რუსეთში და რა ვერ შეიცვალა?
შეიცვალა, პირველ რიგში, ადამიანების რაოდენობა, ვინც ჩვენ გვიყურებდა და ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რამდენი აანალიზებს და ფიქრდება იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. ბოლო დღეებში დღეში 25 მილიონი ნახვა გვქონდა იუთუბზე, ეს ომის დღეებში, იქამდე საშუალოდ 19 მილიონი იყო დღეში. ეს აჩვენებდა იმას, რომ ჩვენ აუდიტორიას ძალიან ვჭირდებოდით.
ძირითადად დიდ ქალაქებში იზრდებოდა აუდიტორია, თუმცა მხოლოდ მოსკოვსა და პეტერბურგში არა: ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ბევრ დიდ ქალაქში აქტიური ადამიანი ცხოვრობს და იზრდებოდა აუდიტორია. ყველაზე აქტიურები იყვნენ 25-დან 40 წლამდე ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, მეორე ჯგუფი იყო საშუალო ასაკის და მესამე ჯგუფი 16- 25 წლის ადამიანები.
იუთუბი, მოგეხსნებათ, არ არის სოციოლოგიური კვლევა, თუმცა გაძლევს იმის გააზრების საშუალებასაც, რაზე ფიქრობენ ადამიანები. ყოველი ეთერის შემდეგ გვწერდნენ კომენტარებს, გვეხმაურებოდნენ.
რა აინტერესებდა რუსეთში აუდიტორიას ყველაზე მეტად, რა საკითხებზე იყო მგრძნობელობა?
ნავალნი, რა თქმა უნდა, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ბელორუსიასთან ურთიერთობა აინტერესებდათ ძალიან და ყველაფერი, რაც ლუკაშენკოს ეხებოდა, საერთაშორისო ურთიერთობები. კოვიდის თემა, მაგალითად, ბოლო დროს უკვე საერთოდ აღარ აინტერესებდათ.
სად არის ახლა თქვენი აუდიტორია, რატომ ვერ ხერხდება პროტესტის ორგანიზება?
იმიტომ, რომ არ ჰყავთ ლიდერი. ნავალნი ციხეშია, დანარჩენი ლიდერები გასულები არიან ქვეყნიდან. მესამე პრობლემა არის ის, რომ პატარა აქციაზე ვინც გადის, იმასაც კი აკავებენ, რომ ყველამ იგრძნოს, რას ნიშნავს რამე გააპროტესტო რუსეთში.
როცა ნავალნი ჩასვეს ციხეში, აქციები იყო, ორი კვირა გავიდა და შემდეგ მიაკითხეს სახლებში იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე არ დაუკავებიათ. მათ რაღაც გაფრთხილების სახით ჩააბარეს და რაც მთავარია, აგრძნობინეს, რომ აი, ჩვენ ყველაფერი ვიცით: ვინ ხარ, სად დადიხარ, კამერებზე აღბეჭდილი ხარ.
ამას წინათ ერთ ძლიერ სოციოლოგს ვესაუბრე და იმან მითხრა, რომ ეს შიშიც დაძლევადია, რომ არსებობდეს ოპოზიციის სტრატეგია, მათ შორის, ქუჩაში გამოსვლის. ნავალნის კოლეგები ახლა სხვა ქვეყნებიდან უხმობენ ადამიანებს რუსეთში ქუჩებში გამოსვლისკენ, მაგრამ რა ძალა აქვს ამას?
თქვენი აზრით, რა შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკული ზღვარი, როცა უკვე ამ ადამიანებს ვეღარაფერი შეაჩერებს?
მგონია, რომ რუსეთში კრიტიკული განწყობა პირდაპირ არის კავშირში დაღუპულების რაოდენობასთან. ახლა უკრაინაში იღუპებიან რუსი ჯარისკაცები. რაც უფრო მეტი დაიღუპება, სამწუხაროდ, მით უფრო ბევრი ადამიანი მიხვდება რუსეთში, რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა, რომ ეს ერთი ადამიანის უაზრო გადაწყვეტილებაა.
უკრაინელები არ აინტერესებთ რუსებს. როცა უყურებენ კადრებს დაღუპული უკრაინელების, მათ შორის, ბავშვების შესახებ, ამბობენ, რომ ეს არის ყალბი ინფორმაცია.
ეს პროპაგანდა წლების განმავლობაში მუშაობდა – 2014 წლის შემდეგ უკრაინა სახელმწიფო ტელევიზიების ტოპთემაა. ბევრს მართლა სჯერა, რომ უკრაინა რუსეთის ნაწილია და ის უნდა დავაბრუნოთ. ბევრისთვის პუტინის ეს აზრი არის გასაგები და ახლო. როგორ გინდა დაიჯერო, რომ შენი ქვეყანა უბრალოდ კლავს ადამიანებს. ძალიან რთულია ამის აღქმა.
რუსეთიდან ემიგრირებული მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი, ამბობდა რამდენიმე დღის წინ იმპერიალიზმის დაშლა დაიწყოო. ეთანხმებით?
არ ვიცი, ვეთანხმები თუ არა. მე მგონია, რომ ჯერ ამის თქმა ალბათ ძალიან ნაადრევია.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში, ქალაქ ირპენში, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ჟურნალისტი, 51 წლის ამერიკის მოქალაქე ბრენტ რენო. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ადგილზე გადაღებული ფოტოებიც, რომლებზეც ასახულია მოკლული ჟურნალისტი და მისი დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც იგი „ნიუ იორ თაიმსის“ ვიდეოჟურნალისტი იყო.
ინფორმაციას მედიასთან ადასტურებს კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი ანდრეი ნებიტოვი.
მისივე თქმით, ასევე დაჭრილია ორი კორესპონდენტი, რომელთა გამოყვანაც მოხერხდა და ისინი კიევში, კლინიკაში, არიან გადაყვანილნი, ინფორმაცია მათი ვინაობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული არ არის.
ამერიკელი ჟურნალისტისა და რეჟისორის დაღუპვის ფაქტს ტვიტერზე ეხმიანება „ნიუ იორკ თაიმსი“. გამოცემა წერს, რომ წუხან ნიჭიერი რეჟისორის გარდაცვლების გამო, მაგრამ ბრენტ რენო მათთვის არ მუშაობდა უკრაინაში. გამოცემა წერს, რომ მასთან გასულ წლებში თანამშრომლობდნენ და ინფორმაცია, რომ იგი „ნიუ იორკ თაიმსისთვის“ მუშაობდა უკრაინაში, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იგი გამოცემის პრესბარათს ატარებდა, რომელიც სხვა დავალებისთვის იყო გაცემული წლების წინ.
ბრენტ რენო ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების რეჟისორი და პროდიუსერი იყო.
imdb.com-ის ცნობით, იგი ძმასთან, კრეიგთან ერთად, ცნობილი იყო „ჰუმანისტური ამბების თხრობით მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან“. მის პროექტებს შორისაა: ომები ერაყსა და ავღანეთში, მიწისძვრა ჰაიტიში, პოლიტიკური არეულობა ეგვიპტესა და ლიბიაში, ექსტრემიზმი აფრიკაში, კარტელების ძალადობის თემა და ა.შ. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო ჟურნალისტიკაში.
უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსეთი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებში აკრძალულ ფოსფორის ნაღმებს იყენებს.
„ღამით ქალაქ პოპასნაში, ლუგანსკის რეგიონში, ფოსფორიანი საბრძოლო მასალის ჭურვები ამოიღეს. ასეთი ჭურვები შეიცავს აალებად სახსარს, რომლის ტემპერატურა აღემატება 800 °C-ს და ვრცელდება რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე.
ამ საბრძოლო მასალით დაჭრამ შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული ტრავმები ან ნელი და მტკივნეული სიკვდილი. ჭრილობების დასამუშავებლად საჭიროა სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალი, რომელიც ასევე შეიძლება დაშავდეს ტრავმების დამუშავებისას.
ამ საბრძოლო მასალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კატეგორიულად აკრძალულია.
მშვიდობიანი ქალაქისთვის ასეთი იარაღის სროლა არის სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“ – აცხადებს დენისოვა და გაეროს წევრ ქვეყნებს მიმართავს, დააჩქარონ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოქმედებების შესასწავლად.
„რუსული ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელობისა და მისი რასისტული არმიის არც ერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“ – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.
პოლიციამ თბილისში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს.
შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინკაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური – „ზერო“ ბარათის გამოყენებით ანაღდებდა.
გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.