მთავარი,სიახლეები

უკრაინის მუფთი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

14.03.2022 • 3206
უკრაინის მუფთი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის

უკრაინის მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა, საიდ ისმაგილოვმა, რელიგიური შესამოსელი გაიხადა, ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და უკრაინის არმიის რიგებს შეუერთდა. მუფტი მოუწოდებს ყველას, მათ შორის უკრაინელ მუსლიმებს, რომ სამშობლოსთვის იბრძოლონ.

საიდ ისმაგილოვმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ახსნა, როდის აქვთ მუსლიმებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს ომში ჩართვის უფლება.

მუფტმა წმინდა წიგნიდან – ყურანიდან ის სურა წაიკითხა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს აქვთ ბრძოლის უფლება მაშინ, როცა მათ უსამართლოდ ექცევიან.

„ამ მუხლის მიხედვით, ჩვენ, მუსლიმებს, უფლება გვაქვს ვიბრძოლოთ, თუ უსამართლოდ თავს დაგვესხნენ და ამ უსამართლობის გამო გვკლავენ. თუ ჩვენ წინააღმდეგ იბრძვიან. ალაჰი ასეთ შემთხვევაში გვაძლევს ბრძოლის უფლებას.

ჩვენ უკრაინელი მუსლიმები ვიცავთ ჩვენს სამშობლოს მტრისგან, რომელიც ჩვენს მოსაკლავად მოვიდა; მტრისგან, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და ბავშვებს, ანგრევს ჩვენს სახლებს, ანგრევს ჩვენს საავადმყოფოებს, ანგრევს ჩვენს ცხოვრებას. ყურანის ეს სურა ახლა ისე აქტუალურია უკრაინაში, როგორც არასდროს.

უკრაინელი მუსლიმები, სხვა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს,“ – თქვა საიდ ისმაგილოვმა.

საიდ ისმაგილოვი ეთნიკური თათარია. მისი მშობლიური ქალაქი დონეცკია.

ყირიმის ნახევარკუნძული, დონეცკი და ლუგანსკი 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული რუსეთს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: