მთავარი,სიახლეები

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს – პრეზიდენტი

14.03.2022 • 1363
ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს – პრეზიდენტი

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით წარსდგა.

მან მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც  თავიანთი ქმედებებით სცოდავენ.

„დღეს კი ორივე მხარე, პოზიციაც და ოპოზიციაც, სცოდავს ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება, ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია, თანხმობის ძიების მაგივრად, ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას თუ გადაწყვეტილებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს.

ორივე მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულიად მიუღებელია და საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ქვეყნისთვის, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, დამაზიანებელია და გარკვეულწილად, საფრთხისშემცველი.

ქვეყნის შიგნით ეს იწვევს დაყოფას, გვასუსტებს, ძალას გვაცლის, ვნებს და აფრთხობს საზოგადოებას, ქვეყნის გარეთ კი გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობას და მიზანმიმართულობას.

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა თუ შიშის ვერავითარი არგუმენტი  ვერ ამართლებს იმას, რომ სიტყვით მაინც ღირსეულად ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ღირსეული ქართველობა მოითხოვს.

ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში, ქვეყნის ისტორიული განაცხადი ერთობლივი ხელმოწერით კი არ წარადგინა ევროპის წინაშე, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის და ეროვნული თანხმობის ნიშანი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციაც გააკრიტიკა.

„ხელისუფლება სცოდავს, როცა პარტიას ეძლევა უპირატესობა სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებაში თუ გასაჯაროებაში.

როცა სახელმწიფო უწყებებს შორის ერთობლივი გადაწყვეტილებები არ იხილება ერთობლივად და ინფორმაცია არ ზიარდება, ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით? სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები.

ოპოზიციაც სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები საქართველოს სახე ისე წარმოაჩინოს, ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას. თითქოსდა ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის და ამტკიცებს, რომ მთავრობამ და მაშასადამე ქვეყანამ შეცვალა პროდასავლური კურსი. ეს ხომ ქვეყნის და შენი ხალხის შეურაცხყოფაა. როცა შენს ქვეყანას ვაშინგტონში ბრალს უყენებ და შენი ქვეყანა მასპინძლის დასაცავი ხდება.

ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა ხომ მხოლოდ მთავრობას არ აზიანებს, არამედ ქვეყანას და მტრის საქმეს აკეთებს“  – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობების შემოტანის მცდელობას არ დაუშვებს.

„ამიტომ, როგორც შარშან, 9 აპრილს, საქართველოს მთავრობას მივმართე, რომ დაებრუნებინა უკრაინის ელჩი საქართველოში, აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ვთხოვ, რომ დააბრუნოს ელჩი, რადგან ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში კავშირი სრულიად გამყარდეს, იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი.

ამ ურთულეს პერიოდში მაინც გავახილოთ თვალი და შევიგნოთ, რა ხდება ჩვენს თავს. ჩავდგეთ ახალ კალაპოტში და ქვეყანას ვაჩვენოთ გზა. გამოვასწოროთ ის, რაც წინსვლის და წარმატების გზაზე გვაფერხებს. ერთიანობა ჩვენი ერთადერთი გამოსავალია“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

__________________

ამავე თემაზე:

სალომე ზურაბიშვილი მთავრობას: საზოგადოება თქვენზე ფხიზელი და მამაცია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: