მთავარი,სიახლეები

შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური იარაღი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

13.03.2022 • 4402
შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს ქიმიური იარაღი – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ამ მეთოდის მიზანია ის, რომ უკვე მოსახლეობამ აიძულოს ზელენსკი წავიდეს მოლაპარაკებებზე, ასევე იმ მებრძოლებმა, რომლებიც არიან წინა პოზიციებზე და აქვთ პირდაპირი საფრთხე,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. მას ვკითხეთ, რამდენად რეალურია დღეს რუსეთმა უკრაინაში გამოიყენოს ქიმიური იარაღი, როგორც ეს გააკეთეს სირიაში?

სირია, კონკრეტულად კი, ალეპო, ვახტანგ კაპანაძემ „ბათუმელების“ წინა ინტერვიუშიც ახსენა, როცა გვესაუბრა რუსეთის მხრიდან ტაქტიკის შეცვლაზე და თქვა: „ყველა ქალაქში ქმნიან ალეპოს“.

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო.

  • ბატონო ვახტანგ, რუსეთის ტაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად უშვებთ იმას, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენოს ისე, როგორც ეს მოხდა სირიაში? 

ნურასოდეს იტყვის ნურასოდეს – ყველაზე მეტად ეს გამოთქმა შეესაბამება რუსეთს. რთულია წინასწარ რამის თქმა და ლოგიკური დასკვნების გამოტანა, თუმცა მინიშნებები რუსეთის მხრიდან, რომ უკრაინა ცდილობს გამოყენოს ქიმიური იარაღი, რომ ამიაკი შეაქვთ და ასე შემდეგ, მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, მართლაც გამოიყენოს რუსეთმა ქიმიური იარაღი და ეს შემდეგ დააბრალოს უკრაინას.

  • რაზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა ასეთ შემთხვევაში რუსეთს, თუ ის ქიმიურ იარაღს გამოიყენებს? 

სრულად შესაძლებელია დაარტყას ისეთ ობიექტს, რომლის დანგრევა ან განადგურებაც გამოიწვევს ტექნოგენურ კატასტროფას, რაც გულისხმობს გაჟონვას, მომწამვლელი გაზის, ნივთიერების გაშვებას. ასე რომ, გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია:  რუსეთმა შეცვალა ტაქტიკა, ის მიდის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე, რაც იმის სურვილია, რომ გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ტრავმა და შოკი. ამ მეთოდის მიზანია ის, რომ უკვე მოსახლეობამ აიძულოს ზელენსკი წავიდეს მოლაპარაკებებზე, ასევე იმ მებრძოლებმა, რომლებიც არიან წინა პოზიციებზე და აქვთ პირდაპირი საფრთხე.

კარგად გვახსოვს სოხუმის დაცემა და 26 სექტემბერი. მაშინ ედუარდ შევარდნაძემ რამდენიმე ოჯახი, რომლებიც თბილისში იყვნენ გამოხიზნული, სოხუმში ჩაიყვანა და ამ დროს მოხდა დარტყმა. მაშინ პოლიციელებიც კი ტოვებდნენ პოლიციას, რომ ოჯახები განერიდებიათ თავდასხმას.

  • სირიის ანალოგის გამოყენება რამდენად ლოგიკური შეიძლება იყოს რუსეთისთვის, რომელიც ახლა უკრაინაში ომობს? 

სირიაში მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალური დანაკარგი მიეღო მოსახლეობას, ასევე იმ ამბოხებულ დანაყოფებს, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლების წინააღმდეგ. იქ ქიმიურ იარაღსაც იყენებდნენ და ყველაფერს, რის გამოყენებაც ზოგადად შეეძლოთ, მაგრამ მთავარი განსხვავება არის ალბათ ის, რომ უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა.

სირიაში იღუპებიან ადამიანები და თავისთავად ეს უბედურებაა, მაგრამ მსოფლიოს თვალსაწიერიდან უკრაინა უფრო მტკივნეულად ჩანს, ვიდრე სირიაში. სირიაში ვიღაც დიქტატორი ხოცავს ხალხს, აქ კი ერთი ქვეყანა ეომება მეორე ქვეყანას და ეს ხდება შუა ევროპაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: