მთავარი,სიახლეები

თუ გინდა შვილებს ასწავლო, საკუთარ თავს ყველაფერი უნდა მოაკლო – 5 შვილის დედა ხულოდან

14.03.2022 • 6448
თუ გინდა შვილებს ასწავლო, საკუთარ თავს ყველაფერი უნდა მოაკლო – 5 შვილის დედა ხულოდან

61 წლის გულიკო ზანდარაძე 5 შვილის დედაა სოფელ დიოკნისიდან. ის ამბობს, რომ ბედნიერია, რახან მცირე შემოსავლისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, შეძლო ხუთივე შვილისთვის მიეცა უმაღლესი განათლება. ის საუბრობს იმ ოჯახების რთულ მდგომარეობაზე, რომელთა წევრებიც არსად არიან დასაქმებული, ბოლომდე დამოკიდებულნი არიან სოფლის მეურნეობაზე და სტუდენტი შვილი ან შვილები ჰყავთ. 

„ყველა მშობელს უნდა, რომ შვილს განათლება მისცეს და ამისთვის ყველა ღონეს იყენებს. ცხოვრება წინ მიდის, მშობლებსაც უნდათ ცხოვრების გაუმჯობესებული პირობები, მაგრამ თუ გინდა შვილს ასწავლო, ყველაფერი უნდა მოიკლო. ახალგაზრდობაში ყველაფერი გეხალისება, მაგრამ როცა სტუდენტი შვილები გყავს, ყველაფერზე თვალებს ხუჭავ“, –  ამბობს გულიკო ზანდარაძე. 

ქალის თქმით, მის ხუთივე შვილს უნივერსიტეტში რომ ესწავლა, ბათუმში 20 წლის განმავლობაში ბინას ქირაობდა.

„ჩვენ საკუთარი ბინა არ გვაქვს. 20 წელია, რაც სტუდენტი შვილები მყავს და წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის განმავლობაში ქირაში ყოველთვიურად გადახდილი 300 ლარი რამდენია, ბინას ვიყიდდი, ბიზნესის წამოწყება შემეძლო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად შვილებისთვის განათლების მიცემა ვამჯობინე. 

ჩვენს სოფელში ბევრი სტუდენტია, ბევრმა მათგანმა უკვე დაასრულა უნივერსიტეტი, თანაც მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ უმუშევრები არიან.

მაღაზიაში გამყიდველად დასაქმებას მე დასაქმებას არ ვეძახი, რადგან მაგას განათლება არ სჭირდება, როცა დავუშვათ იურისტი ხარ, არ უნდა გიწევდეს მაღაზიაში მუშაობა. მართალი არ ვარ?!“ – ამბობს გულიკო. 

გულიკოს შეფასებით, მნიშვნელოვანია ხელშეწყობა და სოფლებში სამუშაო ადგილების შექმნა შესაფერისი ანაზღაურებით, რათა ახალგაზრდებს სოფელში გაჩერების სურვილი და მიზეზი ჰქონდეთ. ამბობს, რომ ძირითად შემთხვევაში ახალგაზრდები სოფლებში ვერ ხედავენ დასაქმების პერსპექტივას და სწორედ ამიტომ მიდიან სოფლიდან. 

მისი თქმით, არ შეუძლია შვილებს უთხრას სოფელში დაბრუნდნენ და ისევ ყანაში იმუშაონ, როცა ამდენი იწვალეს განათლების მისაღებად. დასძენს, რომ ბევრჯერ მოუსმენია – „სოფელში არ არის ხარჯი“, რაც მცდარია, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, სად ცხოვრობს ახალგაზრდა, მათ იგივე მოთხოვნილებები და საჭიროებები აქვთ. 

გულიკო ზანდარაძე ამბობს, რომ ხუთი შვილის დედობას დიდი ენერგია სჭირდება, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რაც თავის მხრივ დიდ ხარჯსა და ბევრ პრობლემას გულისხმობს. 

გულიკოს ის პერიოდიც ახსოვს, როცა ერთხელ შვილს სწავლის საფასური ვერ გადაუხადა და მის შვილს სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს, რაც მისთვის და ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის ძალიან სტრესული იყო. მისი თქმით, სწავლის პარალელურად უფროსი შვილები ცდილობდნენ დასაქმებას, რათა გადასახადების გადახდაში დახმარებოდნენ ოჯახს, მაგრამ ვერ მოახერხეს – სამუშაო ვერსად ნახეს. 

„ჩემი შვილის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი მხოლოდ ერთხელ შეუჩერეს. ფულს ხან ერთი მეზობლიდან ვსესხულობდი, შემდეგ – სხვა მეზობლიდან. რთული ფინანსური მდგომარეობა ბევრჯერ გვქონია. 

მე სოფლის ამბულატორიაში ექთნად ვმუშაობ, ჩემი მეუღლე – ბაღში. ხელფასები ძალიან დაბალი გვქონდა ორივეს. ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი კარტოფილი იყო. სულ ვალი გვქონდა და ასე ვიხდიდით შვილების სწავლის საფასურს, ბინის ქირას, ტრანსპორტის ხარჯს. 

ყოველთვის გვქონდა ბანკის სესხი, დღემდე გვაქვს. მოვიდოდა მოსავალი და  როგორმე გადავფარავდით ხოლმე“, – ამბობს გულიკო.

გულიკოს უფროსმა შვილმა უნივერსიტეტში 2001 წელს ჩააბარა, ხოლო უმცროსმა – 2017 წელს. როგორც ამბობს, წელს პირველი წელია, როცა ოჯახს ერთდროულად ორი სტუდენტი არ ჰყავს, აქამდე ყოველთვის ორი შვილი ერთდროულად სწავლობდა უნივერსიტეტში. ასევე, იყო პერიოდი, როცა ერთი შვილი თბილისში სწავლობდა, მეორე ბათუმში და ორგან უწევდა ოჯახს ბინის დაქირავება. ეს კიდევ უფრო ართულებდა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. 

„ჩემი შვილების ძირითადი ხარჯი ბინის ქირა, სწავლის საფასური და ტრანსპორტირება იყო. სტუდენტები ხომ ისედაც ნახევრად მშივრები არიან. იყო დრო ბათუმში და თბილისში მიწევდა ბინის ქირაობა მათთვის“, – ამბობს გულიკო. 

მისი თქმით, მისი შვილები მარტივად არ დასაქმებულან. უნივერსიტეტის დასულების შემდეგ 1-2 წელი მაინც უწევდათ უმუშევრად ყოფნა. პანდემიამ კიდევ უფრო შეამცირა სამუშაო ადგილები, ახლა  მისი უმცროსი შვილი, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტია და მაგისტრის საფეხურზე სწავლობს ცდილობს დასაქმებას, მაგრამ სამსახურს ვერ პოულობს. 

გულიკოსგან ვიგებთ, რომ არცერთი შვილისთვის არ აუყვანია რეპეტიტორი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, თუმცა ამის მიუხედავად ყველა მათგანი გახდა სტუდენტი, რაც მას ძალიან ეამაყება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: