მთავარი,სიახლეები

ვინც არ ვეთანხმებით იმას, რაც ხდება… მწერენ, რომ სიამოვნებით მომკლავენ – რუსი მსახიობი

14.03.2022
ვინც არ ვეთანხმებით იმას, რაც ხდება… მწერენ, რომ სიამოვნებით მომკლავენ – რუსი მსახიობი

ავტორი: იულია აუგი, რუსი მსახიობი

გამოქვეყნდა „ნოვაია გაზეტაში“, 2022 წლის 12 მარტს.

ბოლომდე, 24 რიცხვამდე – იმ მომენტამდე, როცა დაახლოებით ხუთ საათსა და ორმოც წუთზე ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება პუტინის სასწრაფო ვიდეომიმართვაზე, სადაც მან სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, არ მჯეროდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. როცა პუტინმა თქვა, რომ სამხედრო სპეცოპერაციას იწყებს, ისე ხმამაღლა ვიყვირე, რომ პოლინას [ავტორის შვილი – რედ.] გაეღვიძა.

ადრე მეჩვენებოდა, რომ ცხოვრების ყველაზე საშიში გამოცდილება ქმრის სიკვდილი იყო, მაგრამ არა. ახლაც კი ვერ ვახერხებ გავიხარო იმით, რომ გოგო მყავს და არა ბიჭი – საწყალი ახალწვეული, რომელიც გააცურეს და წვრთნების ნაცვლად უკრაინაში გააგზავნეს. ჩემს შვილს მოუწევს მთელი ცხოვრება ატაროს ის, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მოხდა. მას ამასთან ერთად უფრო დიდხანს მოუწევს ცხოვრება, ვიდრე მე.

ვხედავ, რომ ახლა არავის არ შეუძლია იწინასწარმეტყველოს მოვლენეთა განვითარების რეალობასთან მოახლოებული სურათი. პუტინი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია.

მეშინია, ძალიან მეშინია ბირთვული ომის, მაგრამ მომავალზე საერთოდ არ ვფიქრობ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ღამით კი მეგობრებს ვწერ. უკრაინაში მეგობრები დამრჩა, ღამით მწერენ ხოლმე, რას ხედავენ ფანჯრიდან.

კიევიდან მეგობარი მწერს: „სულ აფეთქებებია, სულ“. რამდენიმე დღის წინ მომწერა: „ვერანაირად ვერ ვიგებ, რა ხდება – თითქოს თოვლი მოდის, მაგრამ თოვლს არ ჰგავს“. დღისით, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, შვილთან ერთად გარეთ გასვლა გადაწყვიტა. „გავედით და კიდევ დაიწყო აფეთქებები“.

მყავს კიდევ ერთი მეგობარი, გასაოცარი ფოტოგრაფი, ცხოვრობს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან“, უკვე რუსეთის ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. ყოველ საღამოს მწერს: „ჯერ ცოცხალი ვარ“. დღეს დილითაც მწერდა, აღწერდა, როგორი მზე იყო და როგორ ყინავდა, მაგრამ როგორ ჟღურტულებდნენ ჩიტები, თითქოს გაზაფხული ყოფილიყო. უცებ შეჩერდა, შემდეგ კი მომწერა: „სროლა დაიწყეს“.

ამიტომ, არ ვფიქრობ მომავალზე, როგორღაც ვცხოვრობ თითოეულ დღეს. საკმარისია ვიცოდე, რომ ახლობლები ცოცხლები არიან.

მეგობრები უკრაინიდან მწერენ, რომ ძალიან ეშინიათ. მაგრამ ისინი გრძნობენ, რომ მართლები არიან, რომ მშობლიურ მიწასა და დამოუკიდებლობას იცავენ, რომ არსად წავლენ. ისინი არიან მათ შორის, ვინც გადაწყვიტა, დარჩენილიყო თავის მიწაზე და ევაკუაციაზე უარი ეთქვა.

ახლა რას შეგვიძლია დავეყრდნოთ, რა ცოდნას? მთელი ცხოვრება დოკუმენტურ თეატრში ვმოღვაწეობ. მონაწილეობას ვიღებდი ფინეთის ომისადმი მიძღვნილ პროექტში, რეჟისორი ვარვარა ფაერი იყო. სამწუხაროდ, რუსეთში ეს პროექტი, თავის ვარიანტში, ვერ განხორციელდა. ფინელი მსახიობებიც ჩამოვიდნენ, ექსპრესჩვენებაც მოვაწყვეთ, მაგრამ სპექტაკლი რუსი მსახიობების გარეშე, ფინეთში დაიდგა. თუმცა ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ დოკუმენტურ მასალებზე; შევისწავლეთ პროცესები, რომლებიც წინ უძღოდა ომს; დოკუმენტები, რომლებიც მის მიმდინარეობასთან და საბჭოთა კავშირში მის აღქმასთან იყო დაკავშირებული. ეს ხომ ისტორიის სამარცხვინო ფურცელია, რომელსაც სსრკ-ში მაქსიმალურად მალავდნენ, არ ახსენებდნენ მას, ხოლო თუ ახსენებდნენ, მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ ომის შედეგად სსრკ-ს ერგო ტერიტორიები, რომლებიც კარელიას შეუერთეს. ცდილობდნენ არ ეხსენებინათ, რომ ეს იყო სამარცხვინო, წაგებული ომი, რომ ფინელთა გაცილებით მცირე ჯარმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ საკუთარ მიწას იცავდა. ფინელებმა გაიმარჯვეს, რადგან ფინეთისთვის ეს იყო სამამულო ომი.

უზომოდ მოხარული ვარ, რომ მეგობრები მომხდარს ერთნაირად აფასებენ. თუმცა ჩემს ცხოვრებაში ახლახან პატარა დრამა განვითარდა… თითქმის სასაცილო. მყავს დედამთილი, ჩემი გარდაცვლილი ქმრის დედა. მე და პოლინა [ავტორის შვილი – რედ.] ჯერ კიდევ იმ ერთოთახიან ბინაში ვართ ჩაწერილი, სადაც მე და მეუღლე ვცხოვრობდით. ბინის მფლობელი ჩემი დედამთილია. ადრე სულ ამბობდა, რომ ბინას პოლინას დაუტოვებდა, მას ხომ სჭირდება თავისი სახლი. მოკლედ, მას შემდეგ, რაც ჩემთან, რეგისტრაციის ადგილზე, პოლიცია მოვიდა, დედამთილმა მომწერა. გვთხოვს, რაც შეიძლება მალე ამოვეწეროთ და ულევ მადლობებს გვითვლის.

იულია აუგი

თავის დროზე ვკითხულობდი, რომ 30-50-იან წლებში ოჯახი დაპატიმრებულ წევრს ბინიდან ამოწერდა ხოლმე. როცა ადამიანი გადასახლებიდან ან ბანაკიდან ბრუნდებოდა, არ ჰქონდა საცხოვრებელი – არსად იყო ჩაწერილი. კარგად მახსოვს ეს შემთხვევები. მაგრამ არ ველოდი, რომ დედამთილის დახმარებით ისტორიის სახელმძღვანელოში მოვხვდებოდი.

არ მაქვს გეგმები ხელოვნების მხრივ. არაფერი დარჩა. დარჩა სპექტაკლი „ბაღი“ ელექტროთეატრში, სპექტაკლი სანკტ-პეტერბურგში და სპექტაკლები „გოგოლ-ცენტრში“, მათ შორის „წამებული“; საბედნიეროდ, „გოგოლ-ცენტრი“ დარჩა თავისუფალ ადგილად, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებს აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევს.

მთელი ცხოვრება ორ ქვეყანაში გავატარე. ესტონეთი ჩემი სახლია; მე რუსული კულტურის ადამიანი ვარ, თან ისე, რომ ჩემში არც ერთი წვეთი რუსული სისხლი არაა, მაგრამ სულ მქონდა განცდა, რომ რუსულ კულტურას ვეკუთვნი. მეჩვენებოდა, რომ ჩემი სისხლით, აღზრდით, რომელიც მაინც ესტონეთში მივიღე, ჩემი ფესვებით, შემიძლია ვიყო ადამიანი, რომელიც ევროპულ და რუსულ კულტურას აერთიანებს. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ეს ყველასთვის უინტერესო ფაკულტეტია.

დედაჩემი 91 წლისაა. 10 წლის იყო, როცა დიდი სამამულო ომი დაიწყო. ყველაფერი ახსოვს და რასაც ახლა განიცდის, სიტყვებით ვერ გადმოიცემა. ყოველდღე კითხულობს: „იულია, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო? როგორ მოხდა? არ უნდა მომხდარიყო“. მინდა, ქვეყნიდან გავიყვანო დედა და იმედი მაქვს, გამომივა.

„დედა, ჩვენი კატაც ებრაელია?“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ესტონეთში დეკემბერში გამოვიდა.

ის ესტონეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და მტკივნეულ გვერდს, ჰოლოკოსტს ეხება. მოთხრობილია ესტონეთში მომხდარი რამდენიმე დოკუმენტური ისტორია. ებრაული თემის, სინაგოგისა და მუზეუმის მიერ მოწოდებულ არქივში ვმუშაობდი. ეს დოკუმენტები ეხება არა ებრაელთა მასობრივ ხოცვას, არამედ კონკრეტული ადამიანების ბედს.

სპექტაკლის დადგმის პროცესში მე და მსახიობები ვცდილობდით გაგვეგო, რა შეიძლებოდა დამართნოდათ ესტონელებს, რომლებმაც უცებ დაიწყეს იმ ხალხის მოკვლა, ვისთან ერთადაც ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ვისთან ერთადაც მაღაზიაში დადიოდნენ, ყიდულობდნენ პურსა და ღვინოს, შეიძლება არ იცნობდნენ, მაგრამ შეხვედრიან თვალებით.

სპექტაკლში არის კონკრეტული ისტორია, როცა ხალხი ერთმანეთს იცნობდა, ერთ სახლში ცხოვრობდა, მათი შვილები ერთ სკოლაში სწავლობდნენ. როცა ჰაია ლევინი თხრილის კიდესთან დააყენეს, მან დაინახა, რომ მოკლავს ადამიანი, რომელსაც ახალგაზრდობიდან იცნობს. მიუბრუნდა და ჰკითხა: „მარტინ, შენ მომკლავ?“. მან გაისროლა.

სპექტაკლში სულის გასაოცარ სიმამაცეზეც არის ისტორიები. მაგალითად, ჰარისა და კეილას ამბავი. ჰარი პარისი ძალიან ცნობილი მსახიობი იყო, მუშაობდა თეატრ „ესტონეთში“ და ჰყავდა ებრაელი ცოლი, კეილა. როცა ომი დაიწყო, ყველა მეგობარი ეუბნებოდა: „შენ თვითონ თუ არ გინდა ევაკუირება, კეილას მაინც მიეცი საშუალება. როცა ფაშისტები მოვლენ, შენს ცოლს არ დაინდობენ“. ის პასუხობდა, რომ ძალიან კარგად იცნობს გერმანელებს, რომ მუშაობდა გერმანიაში, რომ ეს დიდი და განათლებული ერია და ისინი არავის მოკლავენ. არსებითად, მან ცოლს ევაკუაციის საშუალება არ მისცა.

როცა ფაშისტებმა ტალინი აიღეს, თანდათანობით წესების გამკაცრება დაიწყო: ჯერ ყველა ებრაელი აღწერეს, გამოიძახეს კომენდატურაში, პასპორტში ჩაუსვეს ნიშანი Juut [ესტ. ებრაელი – რედ.]. შემდეგ, სხვათა შორის, კომენდანტურაში თავად ჰარი გამოიძახეს და ურჩიეს, რაც შეიძლება სწრაფად გაეყაროს ცოლს, რათა პრობლემები არ ჰქონდეს. შემდეგ ებრაელებს ტროტუარებზე სიარული, კაფეებში, თეატრებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში სიარული აუკრძალეს და ყველას ყვითელი ვარსკვლავის ტარება უბრძანეს.

როცა უწყება მოვიდა და ცხადი გახდა, რომ კეილას კომენდანტურაში, ბანაკში გასაგზავნად იძახებენ, მეუღლეებმა მეგობრები დაპატიჟეს, მოაწყვეს საშინაო დღესასწაული, ძალიან ნათელი – იშოვეს ღვინო, ახალი პური; ყველა ცეკვავდა და მღეროდა. მერე დადგა კომენდანტის საათი, ყველა დაიშალა, კეილა მეეზოვესთან ჩავიდა და გასაღები დაუტოვა, ჰარი ძალიან გულმავიწყი გახდაო. დილით კი იგი რეპეტიციაზე არ მივიდა, ცხოვრებაში პირველად. იმდენად მთრთოლვარედ უდგებოდა პროფესიას, რომ ავადმყოფიც კი მოვიდოდა. მოკლედ, როცა ბინა გააღეს, ლოგინში ჰარი და კეილა იპოვეს. ორი წერილი დატოვეს, ითხოვეს, ერთად, ერთ კუბოში დაესაფლავებინათ.

სპექტაკლში ხუთი დოკუმენტური სიუჟეტია. არის ისიდორ ლევინის ისტორია. იგი ესტონეთის ტერიტორიაზე ერთადერთი ოფიციალურად გადარჩენილი ებრაელია, ესტონეთი ხომ Judenfrei ანუ ებრაელებისგან სრულიად თავისუფალ ტერიტორიად იყო გამოცხადებული. თუმცა, დოკუმენტების თანახმად, კიდევ ხუთი ებრაელი ადგილობრივებმა გადაარჩინეს.

მაგალითად, არის აბსოლუტურად დოკუმენტური ისტორია, თუ როგორ გადაარჩინა ქმარმა ებრაელი ცოლი. პრობლემა იმაშია, რომ სპექტაკლში ამ ისტორიის მოყოლა არ შეიძლება, რადგან ის და მეუღლე მთელი ცხოვრება მალავდნენ იმ ხუტორის კოორდინატებს, სადაც ის 1944 წლამდე იმალებოდა. არც ხუტორის მეპატრონეებს სურდათ, რომ მათი სახელები გასაჯაროვდეს, არც თავად ელია დობრიშს უსაუბრია მათზე. ამაზე ლაპარაკის ეშინოდათ, არ იცოდნენ, როგორ შეიძლებოდა აღექვათ ასეთი რამ ნკვდ-ში [შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი – რედ.]. 

მოკლედ, ასეთი ისტორიები არის, მაგრამ ისინი დოკუმენტირებული არაა, რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანს დღემდე ეშინია ამაზე საუბარი. ეს ხუთი იმიტომ მოვყევი, რომ ისინი დოკუმენტური ისტორიებია – შემონახულია წერილები, დასახვრეტთა სიები, დაკითხვის ოქმები.

ბევრი ადამიანი ტირის სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ძალიან ბევრი.

რუსეთში ჩვენ, ვინც არ ვეთანხმებით იმას, რაც ხდება, გვიწევს ახალი გამოცდილება ავითვისოთ. საკუთარ ქვეყანაში უცხონი აღმოვჩნდით. ამასთან დაკავშირებით რაღაც განსაკუთრებული ილუზიები არ მქონია, მაგრამ სწორედ ახლა პირად შეტყობინებებში მწერენ, რომ სიამოვნებით მომკლავენ. მწერენ, უკან იყურეო, ბევრი ადამიანიაო, სიამოვნებით რომ მოგკლავენო.

თუმცა არის ლევ ტოლსტოის სიტყვები. ისინი გამოსადეგია ყველა დროისთვის, არა მარტო დღეს, ტრაგიკულ სიტუაციაში, არამედ მთელი ცხოვრება: „აკეთე, რაც უნდა აკეთო და დაე, მოხდეს მოსახდენი“.

თარგმანი: ნიკა ბურდული

მთავარი ფოტო: „ნოვაია გაზეტა“

___

ამავე თემაზე:

რა ხდება რუსეთში, რა ფასი აქვს რუს ჯარისკაცს და მედიას – ინტერვიუ რუს ნობელიანტ ჟურნალისტთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: