პოლიციამ თბილისში ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს.
შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინკაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური – „ზერო“ ბარათის გამოყენებით ანაღდებდა.
შ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 227 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა“ – იუწყება შს სამინისტრო.
გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
_______________
ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან






