Batumelebi | „რას გვაძალებთ, სიკვდილს?“ – მეუფე სპირიდონი მრევლს ვაქცინით აშინებს, რას ამბობს ეკლესია სიცრუეზე „რას გვაძალებთ, სიკვდილს?“ – მეუფე სპირიდონი მრევლს ვაქცინით აშინებს, რას ამბობს ეკლესია სიცრუეზე – Batumelebi
RU | GE  

„რას გვაძალებთ, სიკვდილს?“ – მეუფე სპირიდონი მრევლს ვაქცინით აშინებს, რას ამბობს ეკლესია სიცრუეზე

„რას გვაძალებთ, კაცო, სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება… შესაძლოა, ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ“, – აცხადებს სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი covid 19-ის ვაქცინაციის შესახებ. ეპისკოპოსის ქადაგების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დღეს, 20 მარტს. გაავრცელეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საპატრიარქოს სთხოვა კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესში გვერდში დგომა. საპატრიარქომ მაშინ დააფიქსირა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში“. თუმცა სინოდის წევრი, ეპისკოპოსი სპირიდონი, ფაქტობრივად, მოუწოდებს მრევლს, რომ არ აიცრან.

„ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში“, – წერდა 16 მარტს ფეისბუქში საპატრიარქოს პრესპიკერი ანდრია ჯაღმაიძე.

„რა პასუხს გვცემს ჩვენ ხელისუფლება, რომელიც მოუწოდებს ვაქცინაციას და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ აძალებენ უკვე და სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რა შედეგი ექნება ამ ვაქცინაციას 6 თვის ან 1 წლის შემდეგ, გაქვთ ამის პასუხი? – არა გაქვთ, მაშ, რას გვაძალებთ, კაცო? სიკვდილს? რა ვიცი, რა იქნება? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ნახეთ ალბათ სოციალურ ქსელებში გაიკეთეს ვაქცინა და ადგილზე მოკვდა ზოგი, ასეულობით ადამიანია გარდაცვლილი, სამ მილიონამდე ადამიანია გარდაცვლილი კოვიდ 19-სგან, 2 მილიონ რაღაცა და მილიარდზე მეტი ადამიანის აცრა უნდათ, რა შედეგს გამოიწვევს? შესაძლოა ასეულობით მილიონის ლეტალური შედეგი გამოიწვიოს ამ ვაქცინაციამ, ვინ იცის?

ამიტომ აფრთხილებს ეკლესია, ეს არის ეკლესიის ხმა, ღვთის ხმა, ეკლესია ნახეთ რას ამბობს: პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვებზე და ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს. დანარჩენი ახლა ვისაც ყური აქვს, სმენად ისმინოს. ყური ყველას აქვს ხო, ასე არ არის?“ – ამბობს სპირიდონი.

მისაღებია თუ არა ეპისკოპოსის ეს მოწოდება იმ ფონზე, როცა საპატრიარქო აცხადებს, რომ პოზიცია არ აქვს ვაქცინაციის პროცესზე, „რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, როგორც ამას წერდა 17 მარტს ანდრია ჯაღმაიძე და რაც სინოდის 11 თებერვლის განჩინებაში წერია? – ვკითხეთ საპატრიარქოს პრესსპიკერს ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც გვთხოვა კითხვა მიგვეწერა.

პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

___

მსოფლიოს, ევროპის, საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რაც კორონავირუსის პანდემიას დაამარცხებს. სამეცნიერო წრეების განცხადებით, „ასტრაზენეკა“ შეფასებულია “უსაფრთხოდ და ეფექტურად”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი