ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება. დღეს საქართველოს და მსოფლიო ისტორია ერთ საგნად ისწავლებაი. რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე გამოტანა სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ბათუმის №16 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ თევზაძე საუბრობს.
- ქალბატონო თამარ, ფიქრობთ, რომ საქართველოს ისტორია ცალკე უნდა ისწავლებოდეს? რა შეიცვლება ამით?
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მიმაჩნია, რომ არათუ X-XII კლასებში, არამედ ზოგადად, ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს საქართველოს ისტორია.
- დღეს როგორ ვასწავლით ქვეყნის ისტორიას?
ჩემი აზრით, დღეს ყველაზე მწირად მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ისტორიაა წარმოდგენილი. საქართველოს ისტორიის ის პერიოდი, როცა რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1920 წლის 7 მაისის დოკუმენტით, თუმცა შემდეგ თვითონვე უგულებელყო ეს დოკუმენტი, მოახდინა საქართველოს ანექსია და იძულებით გააერთიანა საბჭოთა კავშირში.
მსგავსი თემები, ვფიქრობ, არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ [საგაკვეთილო] საათისთვის, უფრო ღრმად უნდა გავიაზროთ ეს საკითხები და რაც მთავარია, სახელმძღვანელოში შეტანილი თემები სანდო წყაროებზე უნდა იყოს დაფუძნებული, არქეოლოგიური წყაროებით და ფოტოებით გამდიდრებული.
როცა მოსწავლეს კარგი წყაროები ექნება მიწოდებული, ანალიზიც უკეთ გამოუვა, ისწავლის კრიტიკულ აზროვნებას და მსჯელობას.
- რახან რუსეთი და ოკუპაცია ახსენეთ, მინდა გკითხოთ, როგორ ისწავლება ეს საკითხი სკოლაში. რამდენად გააზრებული აქვთ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის სიმძიმე და დღეს რასთან კავშირში განიხილება ეს თემა?
სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაცია მწირია. მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რუსეთის მიერ ანექსია, ქართველი ხალხის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში, რეპრესიები, რაც საბჭოთა რეჟიმმა გაატარა და ასე შემდეგ.
სხვა თვალით უნდა იყოს ეს ისტორია სახელმძღვანელოში დანახული, რომ მოსწავლემ ობიექტური დასკვნის გამოტანა შეძლოს.
მართალია, მასწავლებელი არ არის მხოლოდ ამაზე დამოკიდებული და დამატებითი მასალების მოძიებაც შეუძლია, მაგრამ მეტი სანდო წყაროს მიწოდებაა საჭირო, სადაც მოსწავლე თვალნათლივ დაინახავს წარსულში არსებულ ვითარებას და დღევანდელ გამოწვევებთანაც დააკავშირებს.
დღევანდელ სახელმძღვანელოებში უახლესი ისტორიის და წყაროების, ობიექტურ მასალებზე დაფუძნებული ინფორმაციის დეფიციტია. მოცემული უნდა იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე წყარო, რომ მოსწავლემ თავად შეძლოს მსჯელობა და ანალიზი.
- არის მოსაზრება, რომ დღევანდელი სკოლა ასწავლის მხოლოდ მშრალ ისტორიულ ფაქტებს და ნაკლებად – ანალიზს. საქართველოს ისტორიის ცალკე გამოყოფა ანალიზის ხარისხს გაზრდის?
ვფიქრობ, რომ კი. თუმცა მგონია, რომ კონკრეტული თემების ამბებად შემოტანა უკეთ დაეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში, პრობლემის ანალიზში, არგუმენტების წარმოდგენასა და შეფასებაში.
სახელმძღვანელოში არ უნდა იყოს მხოლოდ გაბმულად გადმოცემული ისტორიები, რომლის გაგება ბავშვებს მეტ-ნაკლებად უჭირთ. პარალელების გავლება ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიის სწავლების დროს, თუნდაც კითხვაზე პასუხი – თავად რას შეცვლიდა კონკრეტულ მომენტში და რატომ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა ხელი შეუწყოს ბავშვს საკუთარი აზრის გამოხატვაში.
- არაერთხელ ითქვა, რომ დღეს ზოგიერთი მასწავლებელი მაინც განიცდის საბჭოთა წარსულის გავლენას. რამდენად ვნებს ეს ისტორიის სწორად გააზრებას სკოლაში?
ბავშვებს უკითხავთ ხოლმე, თუ რატომ ამბობენ მათი ბებიები ან ბაბუები, რომ საბჭოთა კავშირში კარგი ცხოვრება იყო. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება ცალკეულ ოჯახებში შემორჩენილია და კითხვებს აჩენს ახალ თაობაშიც. თუმცა მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები ნამდვილად განსხვავებულად აზროვნებენ ამ მხრივ და უკეთ აანალიზებენ მოვლენებს.
საქართველოს ისტორია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ისტორიასთან კონტექსტში უნდა ისწავლებოდეს, რადგან ეს დაეხმარება ბავშვებს მოვლენების სწორად შეფასებაში.
- დღეს მიმდინარე ამბებზე, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომზე, რას ფიქრობენ ბავშვები?
უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია აქვთ ახალგაზრდებს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არ ვიცნობთ კარგად უკრაინის ისტორიას, ისევე, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნების და ამაზე კითხვები აქვთ ბავშვებს. სახელმძღვანელოში უკრაინის შესახებ მხოლოდ კიევის რუსეთის ისტორიაა შეტანილი, შემდეგ რუსი მეფეები მოდის. დამოუკიდებელი უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ისწავლება სკოლაში.
სახელმძღვანელოში ცოტაა ინფორმაცია სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებაშიც.
რა თქმა უნდა, ბევრი რამეა მასწავლებლის კომპეტენციაზე, მის ხელოვნებაზე დამოკიდებული, თუ როგორ გაშლის თემას, რა წყაროებს მოიშველიებს, მაგრამ მე, როგორც მასწავლებელს, სამუშაო მაკლია სახელმძღვანელოში.
თუ წიგნში ბევრი წყარო იქნება ჩაშენებული, დროსაც მოვიგებთ და ბავშვებსაც ანალიზისთვის მეტი ინფორმაცია ექნებათ.
საბოლოოდ, კრიტიკული აზროვნება და ანალიზი დღეს სკოლების აქილევსის ქუსლია. ამიტომ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო როგორც მასწავლებლის მხრიდან საკუთარ თავთან, ასევე ჩარჩოებიდან გამოსვლა და მეტი შემოქმედებითობაა სასურველი.