მთავრობის განცხადებით, აპრილიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ მედიკამენტების სია დაზუსტებული ჯერაც არ არის.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ამ ეტაპზე საქართველოში თურქეთიდან შემოტანილია 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა შეძენა „ფარმადეპოსა“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში 60-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი.
„ჩვენ საიდან ავიღეთ ეს 200 მედიკამენტი – გასული წლების განმავლობაში შეზღუდული იყო თურქეთიდან [მედიკამენტების მასობრივად] შემოტანა, მხოლოდ ინდივიდუალური საჭიროებებისთვის, ფორმა 100-ის საფუძველზე შეეძლო მოქალაქეს შემოეტანა წამალი. ყველა ის მედიკამენტი, რაც ამ პერიოდში შემოდიოდა, ეს არის 200-მდე მედიკამენტი, უკვე გამარტივებული პარალელური რეჟიმით შემოვა საქართველოში. ეს უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოში მედიკამენტების იმპორტი თურქეთის საბითუმო ბაზებიდან ხორციელდება.
„ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე შემოსულია დაახლოებით 50 განაცხადი, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული რეჟიმით ვარეგისტრირებთ. ვფიქრობ, მომავალი ერთი თვის განმავლობაში სრულად მოხდება ყველა იმ მედიკამენტის შემოტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა. ეს არის, დაახლოებით, 200 მედიკამენტი“, – თქვა აზარაშვილმა.
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების მოხვედრის რისკის დაზღვევის მიზნით, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორი ვალდებულია წარადგინოს სამინისტროში GMP სტანდარტი და სერტიფიკატი.
ამავე თემაზე:
აპრილიდან მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ექიმი ვერ მიუთითებს ბრენდს – მინისტრი