მთავარი,სიახლეები

კაფე ბათუმში, საიდანაც უკრაინელ ლტოლვილებს ყოველდღე უგზავნიან სადილს

14.03.2022
კაფე ბათუმში, საიდანაც უკრაინელ ლტოლვილებს ყოველდღე უგზავნიან სადილს

არტ-კაფე „ბათუმის გული“, მაზნიაშვილის  ქუჩაზეა, 11 ნომერში. კაფეს მეპატრონე მინდია ბოლქვაძეა. მინდია 10 წელი ცხოვრობდა უკრაინაში: 2 წელი ყირიმში, სევასტოპოლში მუშაობდა მზარეულად, მერე კიევში გადავიდა და იქ 8 წელი იცხოვრა.

„პროფესიით მზარეული ვარ, ცოლი მყავს უკრაინელი. 8 წელია, რაც საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად. საუკეთესო წლები მაკავშირებს უკრაინასთან, საუკეთესო მოგონებები. რაც ახლა იქ ხდება, წარმოუდგენელია. იცით, რა ქალაქი იყო ხარკოვი? კადრების ყურება მიჭირს, არ შემიძლია ვუყურო იმას, რაც იქ ხდება ახლა. ეს ის დროა, როცა ყველამ უნდა ვქნათ სულ მცირე რამეც კი, რაც კი შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია“ – ამბობს მინდია. 

არტ-კაფე „ბათუმის გული“ ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილ თხუთმეტ ადამიანს უმზადებს ახლა სადილს უსასყიდლოდ და ყოველდღე შინ უგზავნის.

„ახლა ცივა, ყინავს და კაფემდე მოსვლაც რთულია ადამიანებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ შინ გაგვეგზავნა სადილი ყველასთვის,“ – ამბობს მინდია.

ის და ბათუმის კიდევ რამდენიმე კაფეს მეპატრონე, როგორც თავად გვეუბნება, შეთანხმდნენ, რომ ლტოლვილთა ოჯახების ნაწილთა კვებას თანაბრად უზრუნველყოფდნენ. დაბინავებული ლტოლვილები სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ. მათ ნაწილს საცხოვრებელი ადგილობრივებმა დაუთმეს დროებით, ზოგს კი ქირის ფულს საქართველოში მცხოვრები ახლობლები უხდიან.

საუზმეს და ვახშამს – ამ შეთანხმების მონაწილე სხვა კაფეები, სადილს კი „არტ-კაფე“ ამზადებს.

სადილის ულუფად მოიაზრება წვნიანი, საბავშვო წვნიანიც, კარტოფილი, ქაბაბი, კატლეტი, სალათები, ჩაი, კომპოტი და ა შ.

ლტოლვილები, რომლებსაც ახლა „არტ-კაფე“ სადილით უზრუნველყოფს, ომის დროს, რამდენიმე დღის წინ  წამოვიდნენ უკრაინიდან.

„ჩვენ შეგვიძლია საკვებით ვუმასპინძლოთ უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც ლტოლვილია და  ვისაც ახლა ეს სჭირდება, მშიერს არავის დავტოვებთ. ასევე, მეგობარი სტომატოლოგები მყავს, რომლებმაც მითხრეს, რომ მომსახურებას უსასყიდლოდ გაუწევენ, ვისაც სტომატოლოგი დასჭირდება,“ – ამბობს კაფეს მეპატრონე.

ამავე კაფეში აგროვებენ თბილ ტანსაცმელს ქალებისა და ბავშვებისთვის, მათ შორის: ბოტებს, ქურთუკებს, ქოლგებს, საწვიმრებს.

„მე და ჩემს მეუღლეს უამრავი მეგობარი გვყავს უკრაინაში. ჩემს მეუღლეს ყველა ნათესავი იქ ჰყავს, ახლობლები, მეგობრები.

ჩვენები ყველანი გამოვიდნენ სახიფათო ადგილებიდან, ჩერნიგოვიდან ლტოლვილთა მესამე ტალღას გამოჰყვნენ ძლივს. როგორ გითხრათ, რომ კარგად არიან… მაგრამ ცოცხლები კი გადარჩნენ, ეს დიდი რამეა.

ბევრი გვაკითხავს, ვინც საქართველოში სტუმრად იყო ჩამოსული ტურისტად და უკან ომის გამო ვეღარ დაბრუნდა. შესაბამისად, არც სამოსი აქვთ წამოღებული საკმარისად და არც ხანგრძლივად ცხოვრებისთვის ჰქონიათ ბინის ქირა გათვალისწინებული,“ – ამბობს მინდია ბოლქვაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: