ომის განმავლობაში კიევში 807 ბავშვი დაიბადა

უკრაინაში რუსეთის ყოვლისმომცველი ომის შემდეგ, კიევში 807 ბავშვი დაიბადა. დაბადებული ჩვილებიდან 427 ბიჭია, 380 – გოგო. ინფორმაციას კიევის საქალაქო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა kyivindependent-ი ავრცელებს.

ომის განმავლობაში კიევში 807 ბავშვი დაიბადა.

„ცხოვრება გრძელდება! რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევის 25 დღის განმავლობაში დედაქალაქში 807 ბავშვი დაიბადა: 427 ბიჭი და 380 გოგონა.

ახალშობილთა შორის 15 ტყუპია. ახალშობილებსა და მათ ოჯახებს ვუსურვებ მშვიდ ცას და ჯანმრთელობას!“ – განაცხადა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, მიკოლა პოვოროზნიკმა.

____________________

მთავარი ფოტო: კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის (KSCA) ოფიციალური გვერდიდან/ფოტო: ალექსეი სამსონოვი

1 053 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 7 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

22 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარაში – 34, იმერეთსი – 143, ქვემო ქართლში – 37, შიდა ქართლში – 65, გურიაში- 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 99, კახეთში – 76, მცხეთა-მთიანეთში – 28, სამცხე-ჯავახეთში – 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 27.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 22 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 643 295 , ბოლო 24 საათში – 1 053
  • მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 601 578 , ბოლო 24 საათში – 2 067
  • მათ შორის, გარდაცვლილი – 16 678 , ბოლო 24 საათში – 7
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 21 614, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 284, PCR ტესტით – 2 330
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,87%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო 7 დღის – 4,78%
  • სულ აცრილია – 2 844 372, დღიურად აცრილია – 1 661
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 766 პაციენტი

„წიქარაში“ ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დაილუქა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

„სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება“, – აცხადებს სააგენტო.

„ნიკოს ძალიან უყვარს ხატვა და თეატრი“ – დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღეს აღნიშნავს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში, სახელმწიფო პროგრამებში, ამ დროისთვის დაუნის სინდრომის მქონე 30 ბავშვია ჩართული.

ბათუმელი ნიკოლოზ ხიტირი 7 წლისაა და მასაც დაუნის სინდრომი აქვს.

ნიკოლოზის დედა, ანა მახარაძე ამბობს, რომ დღეს საზოგადოების ცნობიერება ბევრად გაზრდილია დაუნის სინდრომის შესახებ, თუმცა იმისთვის, რომ უფრო ბედნიერად და ლაღად იგრძნონ ბავშვებმა თავი, უფრო მეტია გასაკეთებელი სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან.

ანა იხსენებს შემთხვევას, როცა ერთ-ერთმა კერძო სტუდიამ ნიკოლოზი სტუდიიდან იმის გამო გამოუშვა, რომ მას დაუნის სინდრომი ჰქონდა.

7 წლის ნიკოლოზი ძმასთან და მშობლებთან ერთად

„გასულ წელს იყო ეს შემთხვევა. კერძო სტუდიაში მივიყვანე ნიკოლოზი, თუმცა ორი დღის შემდეგ აღარ დაიტოვეს. მითხრეს, „ქცევითი პრობლემები“ აქვსო.

ნიკოლოზი მანამდე საბავშვო ბაღში დადიოდა და ქცევითი პრობლემები არ გამოუვლენია. ვფიქრობ, ეს პრეტენზია მისი დიაგნოზის გამო ჰქონდათ. მივმართე კიდეც სახალხო დამცველს, მათ შეისწავლეს ფაქტი და დაადგინეს დისკრიმინაცია,“ – გვეუბნება ანა მახარაძე.

მისი თქმით, ეს კარგი პრეცედენტი იყო, რადგან სხვა კერძო სტუდიებიც გაითვალისწინებენ და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები აღარ დაიჩაგრებიან.

„როცა ნიკოლოზი დაიბადა, არც მე მქონდა ინფორმაცია დაუნის სინდრომზე. საერთოდ არ ვიცოდი რა სინდრომი იყო და როგორ უნდა მეზრუნა ბავშვზე.

ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრად ინფორმირებულია და იციან, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება და არც გენეტიკური დაავადებაა, როგორც ზოგი ადრე ფიქრობდა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უბრალოდ სჭირდებათ უფრო მეტი ყურადღება, სითბო და სიყვარული,“ – გვეუბნება ანა.

დედის თქმით, ნიკოს ძალიან უყვარს ხატვა და თეატრი

საქართველოში სახელმწიფო აფინანსებს ადრეული განვითარების პროგრამას, რომელიც ფსიქოლოგის და ლოგოპედის მომსახურებას ითვალისწინებს. თუმცა, როგორც ანა მახარაძე ამბობს, ადრეული განვითარების პროგრამა მხოლოდ 7 წლის ასაკამდე ემსახურება ბავშვებს და არ არის საკმარისი ლოგოპედის ან ფსიქოლოგის მომსახურებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

„ვფიქრობ, ლოგოპედის მომსახურება უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის. პანდემიის პერიოდში ონლაინ ვიღებდით ამ მომსახურებას, რა თქმა უნდა, ონლაინ ლოგოპედის მომსახურება არ იყო ხარისხიანი, მაგრამ სულ არარაობას, მაინც ჩართვა ვამჯობინეთ.

ასევე, ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს განმავითარებელ აქტივობებსაც. მაგალითად, ბათუმში მხოლოდ ინკლუზიური თეატრია და იქ დამყავს ნიკოლოზი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ხატვის, ძერწვის და სიმღერის წრეებიც იქნება, რადგან ყველაზე კარგად ამ ბავშვებს სწორედ ეს საქმე გამოსდით,“ – გვითხრა ანამ.

წელს, სექტემბერში, ნიკოლოზი სკოლაში პირველად წავა. მშობლებმა არჩევანი საჯარო სკოლაზე შეაჩერეს. „ადრე რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ სკოლაში ნიკოლოზთან სპეცმასწავლებელი იმუშავებს და ვფიქრობ, საჭიროებების მიხედვით დაეხმარებიან“ – იმედოვნებს ანა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი  გაუმჯობესდეს, აუცილებელია მათი ცოდნის რეალიზება, პროფესიულ პროგრამებში ჩართვა და მათი დასაქმება.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. 2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა გაეროს წევრ ყველა ქვეყანას და მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს, აქტიურად ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიებში.

_________________

ამავე თემაზე: 

ერთით მეტი ქრომოსომა – „მზის შვილები“ საქართველოში

 

რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სახლებიდან ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს

უკრაინელი ჟურნალისტების თანახმად, ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ოკუპანტებმა ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს. ამის შესახებ დღეს დილით დაწერა ერთ-ერთი ჟურნალისტის შვილმა, ტატიანა კუმოკმა. მშობლების გატაცების ცნობიდან რამდენიმე საათში თავად ტანიაც გაუჩინარდა.

„დღეს დილით ოკუპანტებმა მამა გაიტაცეს… მიხაილ კუმოკი. მიხაილ კუმოკი პენსიაზე გასვლამდე იყო ჰოლდინგის ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს გაზეთს, ვებგვერდს და რაც მთავარია – სტამბას.

შეიარაღებულმა პირებმა სახლებში მიაკითხეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ჟურნალისტები – იულია ოლხოვსკაია და ლიუბოვ ჩაიკა, გაზეთ „მელიტოპოლსკი ვედემოსტის“ გამომცემელი, მიხაილ კუმოკი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბორიანი.

ალბათ, ოკუპანტები ცდილობენ [ისინი] დაითანხმონ თანამშრომლობაზე. ჯერჯერობით არც ერთი გატაცებული არ დაგვკავშირებია. ვერც დედას ვუკავშირდებით. მშობლების სახლთან დგას ოკუპანტების მანქანა.

მე უსაფრთხოდ ვარ“, – ეს უკრაინელმა ქალმა, ტატიანა კუმოკმა 5 საათის წინ დაწერა ფეისბუქში.

ერთი საათის წინ კი უკრაინელმა ჟურნალისტებმა თავად ტატიანას გაუჩინარებაზე დაიწყეს წერა. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ გაიტაცეს ტატიანაც, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ანტისაოკუპაციო აქციებში.

ჟურნალისტი წერს:

„ტანია კუმოკი ლამაზი და ჭკვიანი უკრაინელი ებრაელია. რუსეთის შემოსევის შემდეგ, რაც მისი მშობლიური ქალაქი, მელიტოპოლი, რუსულმა ჯარებმა და „კადიროველებმა“ დაიპყრეს, ის გმირი გახდა. ის გამოდის ქალაქის ქუჩებში, რათა საჯაროდ განაცხადოს – არა რუსულ ოკუპაციას.

მან მთელ მსოფლიოს უთხრა რა ხდება, როგორია ოკუპაციაში ცხოვრება. როდესაც ტანია პირველად გამოჩნდა ეთერში, ჩართვა ტელეფონით შევთავაზეთ, სახელისა და გვარის გარეშე, რადგან ეს საშიშია. მან დაჟინებით მოითხოვა: „სახეს არ დავმალავ“. კითხვაზე „რატომ?“ – მან თქვა:

„მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ებრაელი ვარ. ძალიან კარგად ვიცი ჩემი ხალხის ისტორია, ვიცი, როგორ დაიწყო ის, რაც, სამწუხაროდ, დასრულდა 6 მილიონი ებრაელის გაზის ღუმელში გაგუდვით. სამწუხაროდ, მე ახლაც ხალხის განადგურების დასაწყისს ვხედავ. ასე დაიწყო ჰოლოკოსტი, ზუსტად მსგავსი მოვლენებით, რაც, სამწუხაროდ, ახლა უკრაინაში, მელიტოპოლში ხდება.

15 წლის ვიყავი, როცა ექსკურსიაზე წავედი ოსვენციმში. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დღეს ისრაელელები სწავლობენ (მე ისრაელის მოქალაქე ვარ), ის არის, თუ როგორ დაუშვეს ებრაელებმა ჰოლოკოსტი? აი, ასე: ჩუმად იყვნენ და სიმართლის თქმის ეშინოდათ. ფიქრობდნენ, სიჩუმით „გამოძვრებოდნენ“, ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. იქამდე არ დაიცვეს თავი, როცა თავის დაცვა ძალიან გვიანი არ იყო. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ თუ რამე – არ გავჩუმდები“.

უკრაინის ქალაქი მელიტოპოლი ერთ-ერთია ოკუპირებულ ქალაქებს შორის, სადაც ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

___

მთავარი ფოტო: მამა-შვილი მიხაილ და ტატიანა კუმოკები

რუსეთში სასამართლომ აკრძალა ფეისბუქი და ინსტაგრამი „ექსტრემისტული საქმიანობისთვის“

დღეს, 21 მარტს, მოსკოვის სასამართლომ კომპანია „მეტა“, რომელიც ფლობს ფეისბუქს, ინსტაგრამსა და ვათსაპს, ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

სასამართლომ რუსეთში აკრძალა ფეისბუქი და ინსტაგრამი „ექსტრემისტული საქმიანობისთვის“. რაც შეეხება WhatsApp-ს, შეზღუდვა ამ მესენჯერზე არ ვრცელდება.

„ტასის“ ცნობით, მოქალაქეები და ორგანიზაციები არ აგებენ პასუხს ექსტრემიზმზე Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენების გამო.

აკრძალვის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

ამავდროულად, „მეტას“ ეკრძალება რუსეთში ფილიალების გახსნა და ბიზნესის წარმოება. რუსეთის პროკურატურა მიიჩნევს, რომ „მეტას“ საქმიანობა მიმართულია რუსეთისა და მისი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

ხარკოვში დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაცი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა

უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპა 96 წლის კაცი, რომელიც სამი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობაში იყო.

ბორის რომანჩენკო 1942 წელს აღმოჩნდა პირველად ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში. ბუხენვალდის შემდეგ იგი კიდევ ორი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო.

რომანჩენკო ცხოვრობდა ხარკოვში, მრავალსართულიან სახლში, რომელსაც პარასკევს, 18 მარტს, ჭურვი მოხვდა.

მისი დაღუპვის შესახებ ბუხენვალდის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაცია წერს ტვიტერზე.

„ბორის რომანჩენკო აქტიურ კამპანიას აწარმოებდა ნაციზმის დანაშაულების ხსოვნისთვის და იყო ბუხენვალდ-დორას საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორად მურთაზ დევაძე დაინიშნა

ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, მურთაზ დევაძე აკადემიის რექტორად დაინიშნა. ის მიმდინარე წლის 14 თებერვლიდან რექტორის მოვალეობას ასრულებდა. მასვე დაეკისრა ფოთში აკადემიის ახალგახსნილი ფილიალის საზღვაო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობაც.

მურთაზ დევაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანია.

„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე.

აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი მიზანია, გემთმფლობელებმა საზღვაო პრაქტიკის გავლისას ჩვენს კადეტებს გადაუხადონ ანაზღაურება.

ყურადღებას მივაქცევთ პროფესიული განათლების განვითარებას. ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრში ყველა პირობა გვაქვს შექმნილი უმაღლესი კლასის სპეციალისტების მოსამზადებლად. ფოთის ფილიალის განვითარების პარალელურად გავაძლიერებთ პროფესიული განათლების მიმართულებას ბათუმშიც. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ბათუმის მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის სრულიად გასაახლებლად“, – ამბობს ახალი რექტორი აკადემიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მურთაზ დევაძე აღნიშნულ პოსტზე ირაკლი შარაბიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დანიშნეს. შარაბიძემ რექტორის პოსტი 14 თებერვალს დატოვა.

„ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას“ – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ მოხალისეებზე

დღეს, 21 მარტს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ გამოუცხადა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მოხალისეების ოჯახებს სამძიმარი და აპირებს თუ არა მთავრობა მათ გმირის წოდება მიანიჭოს.

„მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ზოგიერთი მათგანი, ჩემი ინფორმაციით, იბრძოდა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვსიტოს ომში… სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს“, – განცხადა  ღარიბაშვილმა და დაგვიანებულ სამძიმარზე შემდეგი განმარტა: „დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია…“

რაც შეეხება დაღუპულებისთვის გმირის წოდების მინიჭებას, ღარიბაშვილმა განაცხადა: „ასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. თუმცა მინდა მოგიწოდოთ ყველას თხოვნით, რომ ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების გრძნობებზე და ემოციებზე“.

რაც შეეხება სამძიმარს, ღარიბაშვილის თქმით, „როგორც საჭიროა ისე უნდა დავაფასოთ თითოეული გარდაცვლილი, ასე უნდა მოვიქცეთ, ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ჩვენ ყველანი“.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების – გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისში მოქალაქეებმა, სადაც უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვიც იმყოფებოდა. მან დაღუპულთა სურათებთან გვირგვინი მიიტანა.

___

ამავე თემაზე:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სახელმწიფო გადმოასვენებს – სამინისტრო

ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების უმეტესობა კერძო სკოლაში ჩარიცხეს

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი 20 ბავშვია მხოლოდ ამ ეტაპზე სკოლებში ჩარიცხული. აქედან ორი ბავშვი საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, 18 კი – კერძო სკოლაში.

ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, სკოლებს ამ დრომდე 30-ზე მეტმა უკრაინიდან ლტოლვილმა მშობელმა მიმართა.

„უკრაინელი ბავშვები ჩაირიცხნენ კერძო სკოლაში – „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, რადგან ამ სკოლას აქვს რუსული სექტორი. საჯაროში კი, ჯერჯერობით მხოლოდ ორი ბავშვის ჩარიცხვა მოხერხდა,“ – გვითხრა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ.

მისი თქმით, ზოგიერთ ლტოლვილ ბავშვს კერძო სკოლა უფასოდ ასწავლის, ზოგიერთს კი სწავლის საფასურის გადახდა მოუწევს.

„კერძო სკოლა ფასიანია, რა თქმა უნდა, და ჩვენ ამ ნაწილში ვერ ჩავერევით, მაგრამ სკოლას ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად გაეწია ბავშვებისთვის შეღავათი. როგორც ვიცით, ბავშვების ნაწილი გადახდისუნარიანია და იხდის სწავლის საფასურს, ნაწილს შეღავათს გაუწევენ და უფასოდ ისწავლიან,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.

„ბათუმელები“ „გიმნაზია 21-ე საუკუნეს“ დირექტორსაც ესაუბრა. სკოლის დირექტორის, ირინა ქიქავას თქმით, სკოლაში სწავლის წლიური გადასახადი დაახლოებით 4 ათასი ლარია, თუმცა უკრაინელ ბავშვებს სწავლის საფასური გაუნახევრდათ.

„თუ ოჯახიდან სამი ბავშვი შემოდის, ორს გაუნახევრდება საფასური, ერთი კი უფასოდ ისწავლის. დღეს მოვიყვანეთ უკრაინული ენის მასწავლებელიც, რომ პატარა ასაკის ბავშვებს ჰქონდეთ მშობლიური ენის უკეთ დაუფლების შესაძლებლობა.

დღეს 18-ზე მეტი განცხადება შემოვიდა სკოლაში, თუმცა ავტორიზაციით ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ბავშვების რაოდენობა და ძალიან ბევრს ვერ მივიღებთ. სამომავლოდ ვნახოთ რა იქნება,“ – გვითხრა ირინა ქიქავამ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ლტოლვილი ბავშვების ოჯახები ვეღარ შეძლებენ კერძო სკოლის სწავლის საფასურის დაფარვას? – გოჩა დავითაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მათ ყურადღების გარეშე არ დატოვებს.

„ვიცით, რომ სახელმწიფომ გაამარტივა უკრაინელი ბავშვების სკოლებში ჩარიცხვის წესი და ეს კარგია. ჩვენ ახლა ველოდებით ზუსტ მონაცემებს, თუ რა ასაკის ბავშვები მოგვმართავენ და ამის მიხედვით შეიქმნება ჯგუფები.

ბათუმში სწავლების მხოლოდ ორი სექტორი გვაქვს – ქართული და რუსული, სამწუხაროდ სხვა სექტორებს ვერ შევთავაზებთ უკრაინელ ბავშვებს. ამიტომ, ბათუმის №3 და №7 საჯარო სკოლებში გაიხსნება დამატებით რუსულენოვანი კლასები, მასწავლებლებიც მიიღებენ დამატებით ანაზღაურებას და არც ერთი ბავშვი არ დარჩება სკოლის გარეთ,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, გოჩა დავითაძის თქმით, სახელმძღვანელოების გარკვეული ნაწილი სკოლის ბიბლიოთეკებში გამოიძებნება. „თუ პრობლემა შეიქმნება, ბოლოსდაბოლოს, დავაქსეროქსებთ“ – ამბობს ის.

უკრაინელ ბავშვებს და მათ ოჯახებს სახელმწიფო უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებასაც სთავაზობს. „სკოლებში გვყავს მანდატურები და მათ შეუძლიათ შესთავაზონ დევნილ ბავშვებს და მათ ოჯახებს ფსიქოლოგის მომსახურება და სურვილის შემთხვევაში გადაამისამართონ ისინი ცენტრში,“- ამბობს გოჩა დავითაძე.

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ამ დროისთვის ათ მისამართზეა გახსნილი საქართველოში (თბილისი – 2; თელავი; რუსთავი; გორი; ქუთაისი; ბათუმი; ახალციხე; ფოთი; ზუგდიდი). სურვილის შემთხვევაში ბავშვებმა შესაძლოა გაიარონ როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური კონსულტაცია. ფსიქოლოგის მომსახურების ცხელი ხაზია: 08 00 00 00 88.

საქართველოს განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 19 მარტის მდგომარეობით თბილისსა და სხვა რეგიონებში სკოლებში ბავშვის ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა. სამინისტროს განცხადებით, მათგან საქართველოს სკოლებში უკვე ჩარიცხულია 38 უკრაინელი მოსწავლე.

სამინისტროს განცხადებით, „უკრაინელ ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ“. თუმცა ბათუმის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ეს ასე არ არის, ბათუმში სახელმწიფო მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზე სთავაზობს მათ განათლებას.

თიბისი ფერმერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს

თიბისის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი ბანკის, მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება, აქ.ახლა დაუზოგოს დრო და უფრო გაამარტივოს მათი საქმიანობა.

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად აგროსექტორში დასაქმებული ადამიანებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური თუ არაფინანსური მხარდაჭერა.

ფერმერებს, თიბისის მხარდაჭერით, შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ფინანსური რესურსი ან ისარგებლონ სხვადასხვა ფინანსური პროდუქტით, რომელიც მათ საჭიროებებზეა მორგებული. დამატებითი ფინანსური რესურსი დაეხმარება მათ მიმდინარე ხარჯების დაფარვაში, მეურნეობისთვის საჭირო სხვადასხვა მასალების შეძენასა და მომსახურების გადახდაში.

თიბისის ფინანსური მხარდაჭერის მიზანია, ფერმერებისთვის დამატებითი რესურსის მიწოდება, რათა ისინი მომზადებული შეხვდნენ სეზონის მოახლოებას, განავითარონ ბიზნესი, გააფართოვონ  წარმოება, წამოიწყონ ან გაზარდონ არსებული ექსპორტი და ა.შ.

ხოლო თიბისის არაფინანსური მხარდაჭერის მიზანია, ხელი შეუწყოს ფერმერებს სხვადასხვა დარგში აიმაღლონ ცოდნა, განავითარონ არსებული ბიზნესები და მიაღწიონ წარმატებას.

თიბისი საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი, ბანკი ფერმერებს მათ აგრო მეურნეობის სპეციფიკაზე მორგებულ სესხს სთავაზობს, გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით.

ეწვიე თიბისის ფილიალს შენს რეგიონში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მარტივად აიღე აგროსესხი და შეხვდი საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას მომზადებული.

რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები – 21 მარტის მონაცემები

რუსული და უკრაინული მხარეები დღევანდელი, 21 მარტის მონაცემებით, სამხედრო დანაკარგების შესახებ აქვეყნებენ ინფორმაციას.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგები ჯამში ომის დაწყებიდან 21 მარტის ჩათვლით ასეთია:

  • ძირითადი შემადგენლობა – 15 000 ადამიანი
  • ტანკი – 498 ერთეული
  • საბრძოლო ჯავშანტექნიკა / APV – 1535 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 240 ერთეული
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა РСЗВ / MLRS – 80 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 45 ერთეული
  • თვითმფრინავი – 97 ერთეული
  • ვერტმფრენი – 121 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 969 ერთეული
  • გემი/ნავი – 3 ერთეული
  • საწვავის ავზი – 60 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატი – 24 ერთეული
  • სპეციალური ტექნიკა/აღჭურვილობა – 13 ერთეული

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მონაცემები განახლებადია და მუდმივად ზუსტდება, რასაც ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები უკრაინაში.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით კი, 21 მარტის მონაცემებით, გასულ ღამეს რუსულმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ გაანადგურა უკრაინელების:

  • სამხედრო ობიექტი – 44 ერთეული, მათ შორისაა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის ორი პუნქტი, რომლებიც, რუსული მხარის ხაზგასმით, დასახლებულ ადგილებში, ნალივაიკოვკასა და ზოლოჩევაში იყო განთავსებული.
  • Buk M-1 საზენიტო სარაკეტო სისტემა – 6 ერთეული
  • საარტილერიო იარაღი Msta-B – 3 ერთეული (ვიშგოროდის რაიონში)
  • საწყობი – 4 ერთეული
  • სარაკეტო, სარტილერიო იარაღი და საბრძოლო მასალა
  • სამხედრო ტექნიკის საწყობი – 23 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატი – 2 ერთეული

რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 21 მარტის ჩათვლით, რუსულმა მხარემ გაანადგურა უკრაინის:

  • უპილოტო საფრენი აპარატი – 216 ერთეული
  • საზენიტო-სარაკეტო სისტემა -180 ერთეული
  • ტანკი – 1506 ერთეული
  • მრავალჯერადი სარაკეტო სადგური – 152 ერთეული
  • საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი – 592 ერთეული
  • სპეციალური სამხედრო მანქანა – 284 ერთეული

რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე:

მარიუპოლი ულტიმატუმს არ დათანხმდა – ბრძოლა გრძელდება

 

 

საქართველოში წელს რუსეთიდან 181 მილიონის საქონელი შემოვიდა, გავიდა – 92 მილიონის

2022 წლის ორი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია ჩინეთში, შემდეგ კი – რუსეთსა და აზერბაიჯანში. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ამავე პერიოდში ყველაზე მეტი პროდუქცია შემოტანილია თურქეთიდან, შემდეგ მოდის რუსეთი და მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი.

2022 წლის ორ თვეში საქართველოდან რუსეთში გატანილია ჯამში 92,8 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო ამავე პერიოდში რუსეთიდან შემოტანილია 181,7 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია 49,9 მილიონი დოლარით, ხოლო რუსეთში ექსპორტი გაზრდილია 30,3 მილიონი დოლარით.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტ-ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთანაც.

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ევროკავშირში გატანილია 159 მილიონი დოლარის პროდუქცია, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანილია ჯამში 378 მილიონი დოლარის პროდუქცია.

რაც შეეხება იმპორტს ევროკავშირის ქვეყნებიდან – საქართველოში 2022 წლის იანვარ-თებერვალში შემოტანილია 378 მილიონი დოლარის პროდუქცია [წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ევროკავშირიდან საქართველოში შემოტანილია 259,7 მილიონი დოლარის პროდუქცია].

ექსპორტ-იმპორტი 2021 და 2022 წლის იანვარ-თებერვალში
ექსპორტი საქართველოდან/ წყარო საქსტატი
იმპორტი საქართველოში / წყარო საქსტატი

ქვეყნების მიხედვით პირველი სამეული, 

სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა 2022 წლის იანვარ-თებერვალში:

  • ჩინეთი – 95,4 მილიონი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 92,8 მილიონი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 92,3 აშშ დოლარი

საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოვიდა 2022 წლის იანვარ-თებერვალში:

  • თურქეთი – 294,4 მილიონი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 181,7 მილიონი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 156,7 მილიონი აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტ-ექსპორტს უკრაინასთან: 2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინიდან საქართველოში შემოტანილია 68 873 800 აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოდან უკრაინაში გატანილია 47 581 700 დოლარის პროდუქცია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ [არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე] მთლიანობაში 760.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამავე თემაზე:

საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მლნ-ის, ხოლო შემოტანილია 85 მლნ-ის პროდუქცია 

ასევე შეგიძლიათ ნახოთ:

 

მთავრობა შაქრისა და ხორბლის მარაგზე – „არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა“

„არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა,“ – აღნიშნა დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს შაქრისა და პურის ფქვილის მარაგთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მას ჰკითხეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მარაგსა და შაქარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისევ გაძვირდა.

მინისტრის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილმა უსაფუძვლოდ მოიმარაგა შაქარი.

„ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, ვიხილეთ ყველამ ერთად აჟიოტაჟი, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შექმნის მიზნით. ეს პროცესი მიმდინარეობს ისე, რომ არანაირი შეფერხება არ არსებობს… “,- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე შაქრისა და ხორბლის, ასევე, პურის ფქვილის მარაგი არსებობს და შეფერხებას არ ელოდებიან.

ახალი აგროკრედიტები ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება

ახალი აგროკრედიტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 პროცენტით დაფინანსდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 21 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, აგროკრედიტების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს 18 პროცენტი.

„ფერმერებს საშუალება ექნებათ ერთწლიანი კულტურებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, დააფინანსებენ საბრუნავ სახსრებს და ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა: სათესლე მასალის შეძენა, საწვავი, ტექნიკის დაქირავება,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ასევე 80 პროცენტით დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს  ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნას. პროექტი ამ შემთხვევაში კოოპერატივის მიერ უნდა იყოს შემუშავებული.

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პროკურატურა

მასშტაბური ნგრევა და რვა დაღუპული – უკრაინის დედაქალაქში, პოდოლსკის რაიონზე, რუსული შეირაღებული ძალების მიერ ღამის სარაკეტო თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„2022 წლის 20 მარტის საღამოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით განახორციელეს სარაკეტო შეტევა უკრაინის დედაქალაქის პოდოლსკის რაიონზე.

მტრის დაბომბვისა და ცეცხლის შედეგად სავაჭრო ცენტრი განადგურდა. დაზიანებულია მიმდებარე სახლების ფანჯრები და იქვე გაჩერებული ავტომანქანები. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა რვა ადამიანი,“ – წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.

ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება. დანაშაულის დოკუმენტირებისთვის შემთხვევის ადგილზე ახლაც მუშაობენ მაშველები და სამართალდამცავები.

_______________

ფოტოზე: დაბომბვის შედეგად განადგურებული სავაჭრო ცენტრი კიევში.

ახალი პატარა ქალაქი ქობულეთში – პროექტი და სავარაუდო მყიდველი

აჭარის მთავრობა ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე, #1/4-ის მიმდებარედ, 249 909 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. ამ ნაკვეთის გაგრძელებაზე არსებულ 100 ჰექტრის განაშენიანებისთვის კი მთავრობა განვითარების კონცეფციის მომზადებას გეგმავს – პროექტს „Smart City Kobuleti“ უწოდეს.

„Smart City Kobuleti“ – საცხოვრებელი კორპუსების, სარეკრეაციო და სპორტული ზონების, სავაჭრო ობიექტების, სახელმწიფო და სოციალური მომსახურებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ცენტრის, კლინიკურ-დიაგნოსტიკური, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებების მოწყობას ითვალისწინებს.

შესაბამისი კონცეფციის მომზადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასაყიდად გამზადებული ნაკვეთის პოტენციურ მყიდველს ავალდებულებდა. თუმცა ნაკვეთი პირველ ჯერზე არ გაიყიდა, აუქციონი არ შედგა.

გასაყიდი მიწის ნაკვეთი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ქონებას მთავრობა აუქციონზე ისევ გაიტანს, სავარაუდოდ, შეცვლილი პირობით ან შემცირებული ფასით. თუმცა ცვლილების შესახებ დაზუსტებით ჯერ არ ვიცით.

მიუხედავად იმისა, რომ აუქციონი ჩაიშალა, „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ მთავრობამ მიწის ნაკვეთის შეძენის დაინტერესებული პირის შესახებ იცის და მასთან გარკვეული მოლაპარაკებებიც ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ინვესტორს აუქციონის პირობებში რამდენიმე დეტალი არ მოეწონა, მაგრამ „მოლაპარაკება გრძელდება.“

კომპანიას, რომელსაც ქობულეთში 24 ჰექტრის შესყიდვა სურს, იგივე სახელი „სმარტ სითი ქობულეთი“ ჰქვია და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთის განაშენიანების კონცეფციის მონახაზიც აქვს გამოქვეყნებული. ეს მონახაზი ე.წ. რენდერებს, ვიზუალიზაციასაც მოიცავს.

რენდერი

სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ კომპანიას წინადადება უწყებაში წარდგენილი აქვს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 249 909 კვ.მეტრ ნაკვეთს ქობულეთში, პირველ ჯერზე, 5 მილიონ 250 000 ლარად ყიდდა, რაც კვადრატულ მეტრზე 21 ლარია. აუქციონზე ერთი ბიჯიც კი არავის დაუფიქსირებია, შესაბამისად ის არ შედგა.

შპს „სმარტ სითი“ 2020 წლის ივნისში დააფუძნეს, კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი ნიკა ევგენიძეა. მან განმარტებაზე უარი გვითხრა.

სამინისტროს ინფორმაციით, გასაყიდი ნაკვეთების ნაწილზე განთავსებულია აჭყვის დამშრობი სისტემის არხები, ასვე სამელიორაციო არხი.

აუქციონის პირობების მიხედვით, რომელიც არ შედგა, სამინისტრო ითხოვდა გასაყიდი ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 100 ჰექტრის განაშენიანების კონცეფციის მომზადებას შემდეგი პარამეტრებით: „შენობა-ნაგებობის განთავსების ტერიტორია არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი ტერიტორიის 30%-ს, განსათავსებელი შენობა-ნაგებობების სიმაღლე კი გრუნტიდან არ უნდა აღემატებოდეს 24 მეტრს“.

 

სამინისტროს მიერ გაწერილი პირობების მიხედვით, 100 ჰექტარზე უნდა დაპროექტდეს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელ ფართობები. პროექტის მოიცავს არანაკლებ 200-ნომრიან სასტუმროებს. კომერციულ ფართობებს [საოფისე სივრცე; საზოგადოებრივი დანიშნულებისა და კვების ობიექტებს; სავაჭრო ცენტრს და ა.შ.], რომელიც უნდა შეადგენდეს ტერიტორიის განაშენიანების საერთო ფართობისა [კ2] და საგანმანათლებლო, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებების განაშენიანების ფართობის სხვაობის არანაკლებ 20%-ს.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს: არანაკლებ 1000 სტუდენტზე გათვლილ უმაღლეს ან/და პროფესიულ ერთ ან რამდენიმე სასწავლებელს [რომელიც შეიძლება მოიცავდეს ტექნოლოგიური პარკის [Tech Park] ბაზაზე არსებულ IT სასწავლებელს – რობოტიკა, კომპიუტერული დიზაინის მიმართულებით.]

არანაკლებ 500 მოსწავლეზე გათვლილ საშუალო და საბაზისო ერთ ან რამდენიმე სასწავლებელს; ჩამოთვლილი დაწესებულებები უნდა მოიცავდეს: სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზს, სპორტული აქტივობებისთვის მოწყობილ ეზოს, დასასვენებელ და სამუშაო სივრცეებს, ბიბლიოთეკისა და ლაბორატორიისათვის განკუთვნილ სივრცეებს, დახურულ ან/და ღია აუზს, არანაკლებ 100 ადამიანზე გათვლილ მოსწავლეთა/სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაძლებელია დაიგეგმოს კვარტალის სახით; 2.12. საგანმანათლებლო დაწესებულების დაგეგმარება შეთანხმებულ უნდა იქნას პროფილურ სამინისტროსთან.

  •  სამედიცინო დაწესებულებები: არანაკლებ 150 საწოლზე და არანაკლებ 2000 მომხმარებელზე გათვლილ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებს (რაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს, კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ცენტრს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სარეაბილიტაციო ცენტრს, მრავალპროფილიან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას, ბოქსირებულ მომსახურებას, ასაკობრივი ჯგუფებისთვის გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას;
  • სამედიცინო დაწესებულებები შესაძლებელია დაიგეგმოს კვარტალის სახით;  სამედიცინო დაწესებულების დაგეგმარება შეთანხმებულ უნდა იქნას პროფილურ სამინისტროსთან. რეკრეაციული ზონა და ინფრასტრუქტურა – მთლიანი მიწის ფართობის არანაკლებ 70%: 4.1. პარკს, სკვერებს; ღია სათამაშო მოედნებს;  სასეირნო ბილიკებს, ველობილიკებს, სარბენ ბილიკებს; დასასვენებელ ზონებს, გზებს; პარკინგებს, წყალსაცავებს, წყლის არხებს, აუზებს;  კომუნალურ ინფრასტრუქტურას. საჯარო დაწესებულებების (საჯარო სერვისების) სივრცეები: პოლიცია, დაცვის პოლიცია, სახანძრო-სამაშველო; იუსტიციის სახლი, საზოგადოებრივი ცენტრები; მუნიციპალიტეტის მერიის მომსახურების ცენტრები …

გონიოში გაყიდული მიწები და აშენებული კორპუსები პარკინგების გარეშე

ბათუმის #4 მაჟორიტარული ოლქი, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ინასარიძის ქუჩიდან გონიოს ციხემდე და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. არჩევნებში მონაწილეობს აღმაშენებლის, ასევე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ნაწილისა და კახაბრის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა.

ბოლო წლებში ამ უბნებში მთავარი აქტივობა მშენებლობაა, განსაკუთრებით კი, გონიოს სანაპირო ზოლში საქმიანობაა. აშენებენ სასტუმროებს, სასტუმრო აპარტამენტებს, ზღვიდან ოდნავ მოშორებით კი – საცხოვრებელ კორპუსებს.

გონიოს სანაპიროს ისევე ქაოსურად ითვისებენ, როგორც ბათუმის ცენტრს. პრობლემურია პარკინგის საკითხიც –  ბევრმა მშენებელმა აქ ნაყიდი მიწა მაქსიმალურად აითვისა, პარკინგისთვის კი მცირე სივრცე დატოვა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურა გონიოში სასტუმრო „მგზავრებს“ ეკუთვნის. კომპანია აქ წლებია ფართოვდებოდა და ამ დროისთვის სულ ექვსი მასშტაბური შენობა აქვს აშენებული, ღია აუზებით და თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურით. ბოლო სასტუმრო „ლაბაუ“ იყო, რომლის მშენებლობაც უკანონოდ, ნებართვის გარეშე დაიწყო. გასულ წელს კომპანიამ ეს შენობა გაყიდა.

პროექტის რენდერი – შავი ფასადით, ასევე, მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე კარკასები სასტუმრო „ლაბაუს“ რენდერია – პროექტი სამ კარკასს აერთიანებს. მარცხნივ კი მოქმედი სასტუმრო „მგზავრებია“

შპს „სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბიზნესმენ დავით ცერცვაძეს ეკუთვნის.

შპს „გონიო 2020“ სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, ვილების მშენებლობას გეგმავს. შესაბამისი განაშენიანების რეგულირების კონცეფცია კომპანიას ბათუმის საკრებულომ დაუმტკიცა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა, სასტუმრო ტიპის ვილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა გონიოს სანაპიროზე 20 485 კვ.მეტრ ტერიტორიას დაიკავებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტი 6832 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის, ხოლო 3000 კვ.მეტრზე 80 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობასაც ითვალისწინებს. მერიისთვის წარდგენილ განაშენიანების კონცეფციაში არსებული რენდერების მიხედვით კი, კომპანია ოცდაათამდე ვილის აშენებას გეგმავს.

 

საპროექტო ტერიტორია

შპს „გონიო 2020“ 2019 წელს დაუფუძნებიათ. კომპანიის 100 პროცენტს თემურ ბიწაძე ფლობს. თემურ ბიწაძე „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის შვილია. გია ბიწაძე და მისი პარტნიორები „ოცნების“ შემწირველები არიან.

25-სართულიან სასტუმროს აშენებს გონიოს სანაპიროს პირველ ზოლში შპს „ნექსთ გონიო“. კომპანია ზღვის პირველ ზოლში 4176 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ეს ნაკვეთი სახელმწიფოსგან „გონიო 2020“-მა გასულ წლებში შეისყიდა, შემდეგ კი „ნექსთ გონიოს“ მიჰყიდა.  კომპანიის 100 პროცენტს კახა დევაძე ფლობს.

პროექტის რენდერი

აპარტამენტებს უკვე ყიდიან კვარიათში, პირდაპირ სანაპიროზე მდებარე სასტუმრო „პანორამა კვარიათში“. გასულ წელს აქ აპარტამენტი [82.99 კვ.მ] საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძესაც შეუძენია.

შპს „ტმის“ 12-სართულიანი შენობა, აპარტოტელი „პანორამა კვარიათი“, ფაქტობრივად, პლაჟზე დგას. იქვე, პლაჟის მხრიდან, აქვს შენობას მცირე ზომის, დაახლოებით 10 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილი.

ფოტო იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ახლოსაა შენობა ზღვასთან. ფაქტობრივად, პლაჟია შენობის ეზო და პარკინგის ადგილიც.

სს „ტმის“ 75 პროცენტს საფრანგეთში დაფუძნებული სააქციო საზოგადოება „სორეპრიმი“ ფლობს, ხოლო კომპანიის 25 პროცენტს  საფრანგეთის მოქალაქე – რობერტ ჭანტურია.

ბათუმის მერიამ აქვე კიდევ ერთ კომპანიას – შპს „კვარიათი რეზიდენსს“ მისცა ასევე შედარებით მცირე მასშტაბის შენობის მშენებლობის ნებართვა. პარკინგის და ეზოს პრობლემა ამ შენობასაც ექნება, თუმცა ნებართვის გამცემს – მერიას არც ამ შემთხვევაში გაუთვალისწინებია ბათუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი. 

შპს „კვარიათი რეზიდენსს“ მიხეილ ხატიაშვილი [10%], კახაბერ ქებურია [15%], გიორგი ვაშაგაშვილი [20%], ილია მჟავანაძე [33%], გიორგი გიგინეიშვილი[ 22%] ფლობენ.

კვარიათის ზღვის სანაპიროზე ახალ კომპლექსს აშენებს, ასევე, კომპანია „გუმბათი ჯგუფი“.

 

კომპანიები, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ აშენებენ, პლაჟებს ძირითადად გრძელვადიანი იჯარის წესით ითხოვენ. პლაჟზე სეზონურად მომუშავე მოიჯარეები კი ხშირად მანამდე იკავებენ ტერიტორიებს, ვიდრე მერია აუქციონს გამოაცხადებს. საკურორტო სეზონის გასვლის შემდეგ კი, ამ კონსტრუქციებს პლაჟზე ტოვებენ და არც ტერიტორიის გასუფთავებით იწუხებენ თავს – გონიოს სანაპიროზე კუსტარულად მოჭედილ ხის საპირფარეშოებსაც კი ნახავთ.

 

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

 

დადასტურდა კოვიდის 368 ახალი შემთხვევა | 21 მარტის მონაცემები

21 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 5 885 ტესტი კორონავირუსზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდის დიაგნოზით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია  6,25 პროცენტი.

დღეის მონაცემებით, 813 ადამიანი კორონავირუსზე კლინიკებში მკურნალობს.

ჩინეთის დილემა – რა უფრო აწყობს უკრაინის ომში 

უკვე ოთხი კვირაა გრძელდება რუსეთის ომი უკრაინაში. ქვეყნებმა, რომლებიც ომის წინა და პირველ დღეებში, არა თუ ეხმარებოდნენ უკრაინას, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინის მიმართულებით გაგზავნილ სამხედრო დახმარებას, პოზიციები შეიცვალეს. დასავლეთი და რამდენიმე აზიური ქვეყანა გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციები და ზომებია მიღებული. ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენაა – რამდენად შორს წავა ჩინეთისა და რუსეთის „ქვასავით მყარი“ პარტნიორობა.

გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს ჩინეთის როლსა და ინტერესების შესახებ, რუსეთ-უკრაინის ომში. „ბათუმელების“ კითხვებს  „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი პასუხობს.

„ჩინური პერსპექტივისთვის, უკრაინაში ომის განვითარების თითქმის ყველა სცენარი დადებითადაა დანახული, გარდა ორისა,“  – ამბობს ანალიტიკოსი, რომელიც 2012-2016 წლებში ჩინეთში პოლონეთის საელჩოს პოლიტიკურ განყოფილებაში დიპლომატის პოზიციას იკავებდა.

  • თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის „ულიმიტო“ პარტნიორობის დეკლარირება მოახდინეს. არსებობს დისკუსია იმაზეც, იცოდა თუ არა პეკინმა პუტინის გეგმების შესახებ მაშინ. თქვენი აზრით, რატომ მიიღო სი ძინპინმა ეს გადაწყვეტილება?

გვაქვს ფაქტები – სი ძინპინი და პუტინი შეხვდნენ 4 თებერვალს, ისაუბრეს, შემდეგ განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს უნდა დავინახოთ, როგორც პროცესის ნაწილი – რუსეთთან მრვალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის გონივრული ფინალი.

მიუხედავად მრავალწლიანი თანამშრომლობისა, ჩინეთს, ევროპაში რუსეთის მისწრაფებებისა და ამბიციებისთვის ასე ღიად მხარი არასდროს დაუჭერია.

ჩინეთი საკუთარ თავს მსოფლიოს ცენტრად განიხილავს. მას აქვს ამბიცია იქცეს ზესახელმწიფოდ და არა თუ მოერგოს არსებულ საერთაშორისო წესრიგს, არამედ შექმნას ახალი. ამ გზაზე, მას აქვს ძალიან მკვეთრად ჩამოყალიბებული ორი მიზანი – დასავლეთთან და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეტოქეობა და თავისი ინტერესების გატარება წყნარ ოკეანეში. ჩინეთის მთავარი მოკავშირე რუსეთია.

ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაზე მსჯელობისას სი ძინპინის (ისევე როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერების) გონებაში ორი ძირითადი მოტივი იყო დანახული:

პირველი – ეს იყო ჩინეთის აშშ-სა და დასავლეთთან მეტოქეობის პროცესის ნაწილი. კიდევ ერთი სვლა დასავლეთის და განსაკუთრებით, აშშ-ს გამოსაწვევად.

მეორე – დასავლეთის ერთიანობისა და რეაგირების ხარისხის დატესტვა. როდესაც საქმე ეხება წყნარ ოკეანეში ჩინეთის ინტერესებს – ტაივანთან დაკავშირებულ გეგმებს, ჩინეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დასავლეთისა და აშშ-ს შესაძლო ჩართულობას. მაგალითად, თუ ჩინეთი გადაწყვეტს ძალისმიერ მიდგომას, რამდენად ჩაერთვება ამაში დასავლეთი, აშშ. შესაბამისად, ამის დატესტვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო ჩინეთისთვის. რუსეთი კი ამის შესაძლებლობას იძლეოდა.

რაც შეეხება, იმას თუ რამდენად კარგად იცოდა პეკინმა მოსკოვის გეგმების შესახებ, ვფიქრობ არსებობდა გარკვეული ურთიერთგაგება.

მჯერა (და მხოლოდ შემიძლია ვთქვა „მჯერა“ და „ვვარაუდობ“), რომ სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისას, ისინი არ წასულან სიღრმისეულ დეტალებში.

ჩინეთი აშშ-ის მიერ იყო ინფორმირებული რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა მან უგულებელყო და დაიწყო რუსეთთან დისკუსია. ჩემი ვარაუდით, ორივეს (პუტინსა და სის) ჰქონდა ურთიერთგაგება და ამაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება. თუმცა, ვფიქრობ მცდარ ანალიზს დაეყრდნენ: პუტინი შეცდა თავის გეგმებში, ხოლო ჩინეთს მოვლენათა განვითარების სხვა მოლოდინი ჰქონდა.

სი ძინპინი ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ ომი სამი კვირა გაგრძელდებოდა. ალბათ, ჩინელები თვლიდნენ: ეს იქნება სწრაფი ომი რუსეთის გამარჯვებითა და კიევში პრორუსული მთავრობის დასმით. სავარაუდოდ, ასევე მოელოდნენ, რომ დასავლეთი კიდევ უფრო დაიყოფოდა და დაუპირისპირდებოდა ერთმანეთს. რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე რეაგირების საკითხზე ვერ შეთანხმდებოდა აშშ და ევროკავშირი, ისევე როგორც გაიყოფოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აზრი.

  • რამდენიმე დღის წინ, ჩინეთმა განაცხადა, რომ პარტნიორობა რუსეთთან, „ქვასავით მყარია“. რა ტიპის პარტნიორობა აკავშირებთ ამ ქვეყნებს და რამდენად მყარია ეს ქვა, თუ არსებობს რაღაც, რასაც მისი „გატეხა“ შეუძლია?

რუსეთი ჩინეთისთვის ერთადერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა მთავარ პოლიტიკურ მიზნებში. შესაბამისად, მოკლე პასუხი იქნება, რომ ნამდვილად ასეა – ეს პარტნიორობა „ქვასავით მყარია“. განსაკუთრებით 2012 წლიდან, როდესაც რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობამ მოიცვა ყველა სექტორი – პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური.

ჩინეთი რუსეთისგან ყიდულობს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას. რუსეთი კი სარგებლობს ჩინეთის პოლიტიკური მხარდაჭერით გაეროში. ამის კარგი მაგალითია 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებული საკითხი (რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია – ავტ.). თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა ჩინეთის რეაქცია ბევრად განსხვავდება მაშინდელისგან.

4 თებერვლის განცხადება შეგვიძლია მივიღოთ დე ფაქტო ალიანსის გამოცხადებად. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არ შექმნილა ალიანსი, ეს („ულიმიტო“ პარტნიორობა) ერგება ალიანსის კატეგორიას – გრძელვადიანი პარტნიორობა და მხარდაჭერა.

ჩინელები ხშირად იყენებენ ასეთ შედარებას: ორი მოკრივე, რომელიც რინგზე სხვადასხვა მიმართულებით იბრძვის, მაგრამ ერთმანეთის ზურგს იცავს. ეს აჯამებს ყველაფერს.

რაც შეეხება ლიმიტებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთს არ აქვს ყველაფერი, რაც, მისი აზრით, აშშ-სთან მეტოქეობაში სჭირდება – სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებით. შესაბამისად, ჩინეთს ჯერ კიდევ სჭირდება აშშ-სთან, დასავლეთთან თანამშრომლობა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. აშშ კი, სანქციების შემდეგაც, მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პარტნიორად რჩება.

აქედან იკვეთება ორი ძირითადი ლიმიტი რუსეთთან ურთიერთობაში: სამხედრო და ეკონომიკური.

პირველი გულისხმობს, რომ ჩინეთს არ სჭირდება მესამე მსოფლიო ომი და სამხედრო დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის. ეს, სხვათა შორის, ნელ-ნელა შესაძლებელი დაშვება ხდება.

რაც შეეხება მეორეს, ცხადია, ჩინეთი ფრთხილად უნდა იყოს სანქციებისა და დასავლური ბაზრის დაკარგვასთან დაკავშირებით. მას ჯერ კიდევ სჭირდება ტექნოლოგიები ამერიკისგან და ევროკავშირის ბაზარი. ეს ალბათ იქონიებს გარკვეულ გავლენას რუსეთთან ურთიერთობაზე.

  • რას ფიქრობთ ინფორმაციაზე, რომ რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა ჩინეთს?

ვფიქრობ, ეს არის აშშ-ს მიერ ჩინეთზე წნეხის გაძლიერების სტრატეგიის ნაწილი. აშშ ცდილობს ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების, განსაკუთრებით კი სამხედრო დახმარების პრევენციას.

მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთ-რუსეთის სამხედრო თანამშრომლობას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ვფიქრობ, არსებობს ხელშეკრულებები და ვალდებულებები, რომლებიც შესაძლოა ომამდე დიდი ხნით ადრე იყო შედგენილი. შესაბამისად, შესაძლოა სწორედ ამის მოწმენი ვართ – ჩინეთი ასრულებს კონტრაქტებს, რომლებიც ადრეა დადებული რუსეთთან და ამ ომთან პირდაპირი კავშირი არ აქვს.

  • ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ჩინეთისა და აშშ-ს მაღალი რანგის ოფიციალურ პირები შეხვდნენ. ასევე ბაიდენსა და სის შორის არის შეხვედრა დაგეგმილი. როგორია ამ შეხვედრების, შედეგებისა და მოლოდინების თქვენეული ანალიზი?

ჩანს, რომ ეს შეხვედრა რომში, ჯეკ სალივანსა და იან ჯიეჩს შორის არ იყო მარტივი. ჩინეთი ეცადა ეს წარმოეჩინა, როგორც ჩვეულებრივი, ყოველდღიური კომუნიკაცია ჩინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის. ამერიკელები კი ეცადნენ წარმოედგინათ, როგორც მიმდინარე კომუნიკაციის ნაწილი, თუმცა ძალიან ფოკუსირებული უკრაინის ომზე. ეს არის მთავარი განსხვავება.

როგორც ჩანს, ეს შეხვედრა ნამდვილად არ წავიდა კარგად. ვერ მივიდა რაიმე შედეგამდე, რასაც შეეძლო დავეახლოებინეთ, უკრაინაში მიმდინარე ომზე პოზიციის ნაწილში, გარკვეულ გადაწყვეტასთან. სინამდვილეში არც არავინ მოელოდა ამას. საბოლოოდ, მრავალსაათიანი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა გაიმეორეს ზუსტად იგივე ნარატივი, რა განცხადებებიც შეხვედრის წინ გააკეთეს.

მარჩინ პჩიხოდნიაკი

ჩემი აზრით, იგივე გამეორდება ბაიდენსა და სი ძინპინის შეხვედრაზე. არავითარი მნიშვნელოვანი განცხადების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ორივე მხარე ცდილობს შეინარჩუნოს კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე. მაგრამ არ მოველი, რომ ჩინელები შეიცვლიან პოზიციას – როცა საქმე ეხება სი ძინპინს, ეს ასე არ ხდება.

არ მგონია, რომ ჩინეთს შეუძლია თავისი პოლიტიკის დრამატულად შეცვლა. ყოველ შემთხვევაში არა ამ პოლიტიკურ გარემოში და პარტიის კონგრესის ყრილობის წინ. ეს არაა გარემო, რომელიც საშუალებას გაძლევს რევოლუციურად შეცვალო საგარეო პოლიტიკა. მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის: ჩინეთი გარკვეული გაგებით მხარს დაუჭერს რუსეთს, მაგრამ მეორე მხრივ ეცდება უფრო დაბალანსებული იყოს.

  • უკრაინელი მაღალჩინოსანმა, არესტოვიჩმა თქვა, რომ „ჩინეთი არ აირჩევს წაგებულ მხარეს. ის კი ხედავს რომ რუსეთი აგებს, ამიტომ არ დაეხმარება რუსეთს“. არესტოვიჩის თქმით, ჩინეთის მიერ მხარის შეცვლის მანიშნებელია ისიც, რომ „ჩინური მედია დაინტერესდა უკრაინელი ოფიციალური პირების ჩაწერით“. ჩინურმა CGTN-მა გაუშვა სიუჟეტი პურის რიგში მოკლული სამოქალაქო პირების შესახებ. თქვენი აზრით, ეს არესტოვიჩის ოპტიმისტური ხედვაა, თუ რეალისტური ანალიზია?    

ეს, ცოტათი, უფრო სურვილია. ვფიქრობ, ჩინეთს ნეიტრალურსაც ვერ ვუწოდებთ. მან უკვე აირჩია რუსეთის მხარე. რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხარის შეცვლა, მაგრამ ჯერ ამის ნიშნები არ ჩანს. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. რუსეთს არ მიუღწევია იმ სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის, რასაც მოელოდა ომის დაწყებამდე. მაგრამ შემდეგში რა მოხდება და არ ვიცით. არსებობს მოვლენათა შესაძლო განვითარების ბევრი სცენარი. ყოველ შემთხვევაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთი გარკვეულ ბენეფიტებს მოითხოვს, რამაც პუტინს შესაძლებლობა უნდა მისცეს წარმოადგინოს ეს (სამხედრო მოქმედებები) წარმატებულად.

რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ რაღაც გაგებით ჩინეთს არ უნდა დამარცხებულთან ყოფნა. თუმცა, ძალიან რთულია ახლა იმის თქმა, ვინ წააგო და ვინ მოიგო. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის თქმის შესაძლებლობა გვექნება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი. ომის შემდეგ მდგომარეობა არ იქნება იგივე, მაგრამ დასავლეთსა და რუსეთს, დასავლეთსა და ჩინეთს შორის მეტოქეობისა და დაპირისპირების თვალსაზრისით იგივე დარჩება.

რაც შეეხება ჩინურ მედიას, არამარტო CGTN, რომელიც ინგლისურენოვანი ჩინური მედიაა, არამედ ჩინურენოვანი მედიაც (ჩინეთში) უფრო მეტ ფოკუსს აკეთებს სამოქალაქო პირების მსხვერპლსა და ჰუმანიტარულ კრიზისზე. თუმცა ამავდროულად, რჩება რუსული ინტერესების ნარატივიც. მედიაგაშუქება ჩინეთში ოდნავ შეიცვალა იმისგან, რაც დასაწყისში იყო – როდესაც მსგავსი კუთხე საერთოდ არ იყო ნაჩვენები. ვფიქრობ, ეს არის სიგნალი დასავლეთისა და აშშ-სთვის, რომ ჩინეთი არ დგას რუსეთის მხარეს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობას და სხვა ქვეყნების საქმეში ჩაურევლობის პოლიტიკას. ესეც წარმოადგენს პოლიტიკურ ნარატივს. ამ სიუჟეტში მათ ცალსახად არც კი უთქვამთ, ვინ მოკლა ეს სამოქალაქო პირები, უბრალოდ გააშუქეს, თქვეს, რომ „იყო ადამიანური დანაკარგები კრიზის დროს“.

შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო ხშირად დავინახოთ ჰუმანიტარული კრიზისის გაშუქება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე უსვამს ხაზს ჩინური რესტორნების მიერ უკრაინელი მიგრანტებისთვის პოლონეთში გაგზავნილ დახმარებას. მაშინაც კი, როცა ეს რაოდენობრივად საკმაოდ ლიმიტირებული დახმარებაა. თუმცა შეიძლება, კიდევ უფრო დიდი ჰუმანიტარული ტვირთი და დახმარება გაუწიოს ჩინეთმა უკრაინას.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ სი ძინპინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის მოწმენი გავხდეთ. თუმცა ეს იქნებოდა მხოლოდ ჩინეთის გლობალური იმიჯის გაძლიერების მცდელობა. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში ჩინეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა. ჩინურ სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მათი მძიმე მდგომარეობის, დაუდასტურებელი გარდაცვალებისა თუ დაჭრის შესახებ. ჩინეთის ლიდერებმა უნდა აჩვენონ, რომ ზრუნავენ უკრაინაში დარჩენილ თავიანთ მოქალაქეებზე. ბოლო წლებში, პარტია ძალიან არის ფოკუსირებული იმაზე, თუ როგორ შეუძლია საზღვარგარეთ მყოფი ჩინელების დაცვა. ახლა კი, უკრაინაში არსებული მდგომარეობა ნამდვილად არ ჯდება ამ პროპაგანდაში. ეს არ არის კარგი პარტიის იმიჯისთვის.

  • ასევე არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩინეთი დახმარების ნაცვლად, ჩუმად ხელს უშლის რუსეთს. ამის მაგალითად მოჰყავთ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ რუსეთსა და ბელარუსში პროექტების შეჩერება, რუსეთისთვის თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე უარის თქმა და სხვა. თქვენ რას ფიქრობთ?

თქვენ ახსენეთ AIIB, რომელშიც მართალია ჩინეთი ლიდერობს, თუმცა მაინც საერთაშორისო ბანკია, სადაც არის სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ევროპულიც.

ასევე აქ გვაქვს წმინდა ეკონომიკური საკითხები. ვგულისხმობ, რუსეთს არ აქვს ვალუტა ჩინური პროდუქტისთვის გადასახდელად. რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის უდიდესი ნაწილი მიმდინარეობდა ევროში ან დოლარში და არა რუბლში. განსაკუთრებით ახლა, არავის და მათ შორის არც ჩინეთს არ სურს რუბლი. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გამოიყენონ იუანი. მაშინ, რუსებს მოუწევთ ჩინელებისგან რუბლით იყიდონ იუანი. ეს არ იქნება კარგი ბიზნესი ჩინელებისთვის.

ამის საპირისპიროდ, გვაქვს ჩინური სატრანსპორტო კომპანია DiDi-ს მაგალითი. მან გამოაცხადა რუსული ბაზრიდან გამოსვლა, მოგვიანებით კი იძულებული გახდა დარჩენილიყო რუსეთში.

ვფიქრობ, ჩინეთი ელოდება დაინახოს რა რეაქციები იქნება. რამდენად შორს შეუძლია დასავლეთს წავიდეს ამ სანქციებით, რამდენად შეეხება ისინი ჩინეთს.

იგივე კითხვასთან მოვდივართ: რომელია უფრო მნიშვნელოვანი პრაგმატული ეკონომიკა თუ იდეოლოგია? – ვფიქრობ, ეს არის იდეოლოგიით მართული პრაგმატული ეკონომიკა. ეს არის რაღაც, რასაც პარტია და სი ძალიან მნიშვნელოვნად თვლიან. რა თქმა უნდა, ჩინეთის შიდა პოლიტიკური მდგომარეობა – კოვიდის აფეთქება, ეკონომიკური პრობლემები, პარტიის მე-20 კონგრესი, სადაც სი ძინპინს სურს მესამე ვადით იქნას არჩეული, – ართულებს საერთო სურათს. ამიტომ ჩინეთი, ალბათ, არ იქნება რუსეთის ღია მხარდამჭერი ყველა ფრონტზე.

  • რომ შევაჯამოთ, ამბობენ რომ ჩინეთი ყველა შემთხვევაში მოგებული დარჩება. ამ ომში რუსეთის გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაში, რას იგებს და აგებს ჩინეთი?

ჩინური პერსპექტივისთვის, უკრაინაში ომის განვითარების თითქმის ყველა სცენარი დადებითადაა დანახული, გარდა ორისა. ერთზე უკვე ვისაუბრეთ – ჩინეთს არ სურს მესამე მსოფლიო ომი. მეორე, რაც კიდევ უფრო ნაკლებად აწყობს, არის პუტინის ახალი, დასავლეთისადმი უფრო დადებითად განწყობილი ლიდერით ჩანაცვლება. ჩინური პერსპექტივიდან ეს იქნებოდა დამარცხება და პოლიტიკური კატასტროფა. ამ შემთხვევაში, ჩინეთი, ავტოკრატია სრულიად მარტო დარჩება დასავლეთის პირისპირ, რომელსაც უკვე რუსეთის მხარდაჭერაც ექნება.

სწორედ ამაში მდგომარეობს ჩინეთის უმთავრესი ინტერესი მხარი დაუჭიროს რუსეთს – მას სურს პუტინს ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს. ამ მიმართულებით, ჩინელები განიხილავენ რუსული ინტერესებისა და კომპანიების გამოსყიდვასაც. ესეც სანქციების, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის კალკულაციის პროცესის ნაწილია.

თუ პუტინი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, (რუსეთმა რომც წააგოს) ჩვენ მივიღებთ დასუსტებულ, ჩინურ ორბიტაზე კიდევ უფრო მეტად გადახრილ რუსეთს. დასავლეთი კი, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულია, კვლავაც ფოკუსირებული იქნება რუსეთზე. რა თქმა უნდა, გააჩნია რა გარემოებებით დასრულდება ომი, თუმცა ყოველ შემთხვევაში დასავლეთი ფოკუსირდება რუსეთზე, რომ მსგავსი რამ რაც ახლა ხდება, აღარ განმეორდეს. ამ მიმართულებითაც მოგებული დარჩება ჩინეთი. თუმცა იმდენად ბევრი შესაძლო ფაქტორია, რთულია რამის პროგნოზი.

ჩინეთმა ცალსახადა გამოცადა დასავლეთის შესაძლებლობები – ის, თუ სადამდეა წამსვლელი. შესაბამისად, მას მოუწევს გარკვეული ცვლილებები თავის საგარეო პოლიტიკაში. ასევე, ვფიქრობ და ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ჩინეთი ამის შემდეგ განსაკუთრებით, უარს იტყვის იმოქმედოს ტაივანზე ძალისმიერად. ახლა მათ იციან, რომ ეს არ არის მარტივი. ისიც იციან, რომ მათი არმია, მიუხედავად მიმდინარე მოდერნიზაციისა, არ ფლობს თუნდაც არასრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ორგანიზების პოტენციალს. ახლა ჩინეთი ალბათ უფრო ეცდება მშვიდობიანი გზებით დაარწმუნოს ტაივანელები ჩინეთთან ეკონომიკურად და პოლიტიკურად  გაერთიანებაში. ეს რამდენად შესაძლებელი ცალკე მსჯელობის საკითხია. თუმცა ცხადია, ჩინეთს მოუწევს გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკას და შეცვალოს გარკვეული საკითხები მსოფლიოს მისეულ აღქმაში. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთება შეუძლია.

ისევ ვაჭრობენ სტალინით თბილისის აეროპორტში – ვის ევალება რეაგირება ტირანის ბიუსტის გაყიდვაზე

რა რეაგირება მოჰყვა საბჭოთა ტირანის ბიუსტების გაყიდვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? – ინფორმაცია თბილისის აეროპორტში ვერ მოგვაწოდეს და ვერც სუს-ში, სადაც, წესით, უნდა ემსჯელათ არის თუ არა სტალინის ბიუსტი საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიმბოლო, რომლის გამოყენებაც კანონით აკრძალულია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯიხური, სადაც სტალინის ბიუსტები იყიდება, იჯარით აქვთ გაცემული და ამ საკითხზე რეაგირება მათ კომპეტენციას სცდება.

თბილისის აეროპორტში სტალინის ბიუსტების გაყიდვის შესახებ ფოტო 16 მარტს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ გამოაქვეყნა და გვკითხა:

„საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ამ ბიუსტებით გინდა? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია“, – დაწერა ევროპარლამენტარმა.

„სუს-ში უნდა არსებობდეს კომისია, რომელიც მსგავს საკითხებზე მსჯელობს, თუ იქნება კონკრეტული მითითება, მითითების შეუსრულებლობა არის უკვე  სამართალდარღვევა,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საია-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ამ შემთხვევამდე არ მიაწოდეს ინფორმაცია: საერთოდ არსებობს თუ არა კომისია, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევებზე მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს.

2019 წელს, რამდენიმე დღის განმავლობაში, სუვენირებს სტალინის გამოსახულებით ყიდდნენ ბათუმის ბულვარშიც, თუმცა საზოგადოების რეაქციის და ბულვარის ადმინისტრაციის ჩარევის შედეგად, ამ ნივთებით ვაჭრობაზე უარი თავად ჯიხურების მესაკუთრეებმა თქვეს. 

„ცალსახა ჩანაწერი არ არის კანონში სტალინის ბიუსტი გაყიდვა არის თუ არა დასჯადი, ეს კანონის პრობლემაცაა.

კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს.

კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კანონში აქცენტი ძირითადად საჯარო სივრცეებზეა და შეფასების საგანი, კანონის ეს მოთხოვნები, უნდა შეეხოს თუ არა კერძო საკუთრებას, ბოლო შემთხვევაში სუვენირების მაღაზიას თბილისის აეროპორტში.

სუს-ის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტალინის ბიუსტების გაყიდვას ეხება.
არსებობს თუ არა ეს  კომისია საერთოდ? რატომ არ განიხილეს სტალინის ბიუსტების გაყიდვა თბილისის აეროპორტში, ან როდის განიხილავენ და რა ფორმით? – სუს-ის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, თუმცა მოგვაწვდიან ინფორმაციას მოძიების შემთხვევაში.
რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, აქ განმარტეს, რომ მაღაზია, სადაც სტალინის ბიუსტები იყიდება, იჯარით გაცემული ფართობია და სხვის ნაცვლად ვერაფერს გადაწყვეტდნენ.
იყიდება თუ არა ისევ სტალინის ბიუსტები? – თბილისის აეროპორტის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას დღეს ვერ მოგვაწვდიან, რადგან არასამუშაო დღეა.
__

ამავე თემაზე: 

___
მთავარი ფოტო: რასა იუკნევიჩიენეი

„ალტ-ინფოები“ თუ დუგინის ძმაკაცი ვასაძეები ალაგდება, თუ ამოვკვეთთ თავად სიმსივნეს – ინტერვიუ

„ეს ბოლო შანსია,“ – ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა პუბლიცისტმა ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელსაც სტალინის ბიუსტებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვაჭრობაზე ვკითხეთ, ამბავზე, რომლის შესახებაც ევროპარლამენტარმა რამდენიმე დღის წინ იკითხა: „საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ბიუსტებით გინდა?“

პუბლიცისტი მიიჩნევს, რომ რეალურად სტალინის ბიუსტები მხოლოდ „აისბერგის“ წვერია, ხოლო ქვეყანა, როგორც გემი, შესაძლოა, ამ აისბერგს ეჯახება.

ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, ახლა გადამწყვეტ ეტაპზე ვართ: სტალინიზმს დემონტაჟს ჩავუტარებთ, ან სტალინიზმის რენესანსის ეტაპზე გადავალთ.

  • ბატონო ზაალ, რას აჩვენებს ეს ამბავი, როცა სტალინის ბიუსტებს თბილისის აეროპორტში ჰყიდიან და ევროპარლამენტარი გვეკითხება: ნამდვილად გსურთ ევროკავშირში წევრობა? 

შესაძლოა, დავრჩენილიყავით ამ ზედაპირზე, სტალინის ეს ბიუსტები რომ არ გვიჩვენებდეს მთელ ქართულ რეალობას – პოლიტიკის, კულტურის სიღრმისეულ პრობლემას. სტალინის ბიუსტები, თუ ძეგლების დადგმა, სტალინიზმის რენესანსი არის არა ზედაპირული პრობლემა, არამედ ზედაპირზე ამოსული სიღრმისეული პრობლემა. ეს აჩვენებს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ, ისე, როგორც პოსტსაბჭოთა საზოგადოების დიდმა ნაწილმა, არ ჩაატარა დესტალინიზაცია.

ფაქტობრივად, ჩვენ ვცხოვრობთ ისევ სტალინის მემკვიდრეობაში. 1989 წელს, 1991 წელს, შემდეგ უკვე „ვარდების რევოლუციის“ დროს, ჩვენ ვერ შევძელით ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლება. წინა ხელისუფლებას ჰქონდა ამ მემკვიდრეობასთან ასევე ზედაპირული ბრძოლის მეთოდი. ეს იყო, მაგალითად, სტალინის ძეგლების დემონტაჟი, თუმცა დავინახეთ, რომ ამ მიდგომამ არ გაამართლა – გორიდან სტალინის ძეგლის მოშორების მაგივრად, ამოიზარდა 10 პატარა სტალინის ძეგლი სხვადასხვა რეგიონში.

  • რა არის ეს „სტალინური მემკვიდრეობა“ და რატომ ვერ ვახერხებთ მისგან გათავისუფლებას? 

პირველ რიგში, ეს მდგომარეობს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივ სისტემაში. ეს ორი ნაწილია ერთმანეთზე ძალიან მყარად გადაჯაჭვული. პოლიტიკური სტალინიზმი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიდევ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში ვცხოვრობთ, რაც დატოვა სტალინმა. ეს არის რეპრესიულ მანქანაზე, სპეცსამსახურებსა და პოლიციის მანქანაზე დამყარებული სახელმწიფოს სისტემა, რომელსაც გარედან ფასადად წარმოადგენს პოლიტიკური აპარატი. ის, რომ ჩვენ ვირჩევთ, ან ვერ ვირჩევთ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ეს უკვე მეორეხარისხოვანია, რადგან სიღრმისეული სტრუქტურით, ეს არის პოლიციური სახელმწიფო. ეს პოლიციური სისტემა მეტად გამოაჩენს თავის კბილებს, თუ ნაკლებად, ესეც შედარებით მეორეხარისხოვანია. მაგალითად, რუსეთში ვხედავთ ამის ზღვარგადასულ ვარიანტს.

სიღრმისეულად თუ შევხედავთ, საქართველოში მოქმედებს ზუსტად ისეთივე სახელმწიფო სისტემა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, პარადოქსული, როგორიც მოქმედებს რუსეთში. ეს არის ქვეყანა, რომელიც ეყრდნობა პოლიციის და სპეცსამსახურების ძალას, ეს ძალა უპყრია ხელში ხელისუფლებას, რომელიც განუყოფელია აღმასრულებელ, საკანონმდებლო თუ სასამართლო ხელისუფლებასთან. განსხვავება ისა, რომ როდესაც ეს სახელმწიფო გრძნობს მეტ საფრთხეს, ის ხდება მეტად რეპრესიული და შეიძლება კვერცხის სროლისთვისაც დააკავონ აქტივისტი, თვალიც ამოთხარონ ვინმეს. როცა ნაკლებ საფრთხეს გრძნობს სისტემა, უბრალოდ არჩევნებზე მოუჭერს თავის ხრახნებს ხოლმე და მიიღებს სასურველ შედეგს, რაც სჭირდება.

საქართველოში კომუნიზმის დამთავრების შემდეგაც ამ სისტემის დემონტაჟი არ მომხდარა. ჩვენ ვცხოვრობთ პოსტტოტალიტარულ, პოსტსტალინურ სახელმწიფოში, რომელშიც სტალინიზმი ყოველთვის განაგრძობს არსებობას, ვიდრე ამ სისტემის დემონტაჟი არ მოხდება და არ ჩანაცვლდება ის დემოკრატიული, ახალ პოლიტიკურ საფუძველზე მდგარი პოლიტიკური სისტემით.

საზოგადოებრივი მანქანაც სტალინისტურია, რადგან ის, რომ, მაგალითად, ვიღაცას აქვს მოთხოვნილება ძლიერ ხელზე, ეფექტურ მენეჯერებზე და ასე შემდეგ, ის, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ძლიერი, ძალაუფლება უნდა იყოს ძლიერი, ესეც არის ამ სტალინური მმართველობის ნოსტალგია. პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტრუქტურა ვერ შეიცვლება, თუ არ შეიცვალა პოლიტიკური სისტემა, თუ არ მოხდა აბსოლუტურად გამიზნული დემონტაჟი იმ ფასეულობების, რომელზეც დგას სტალინიზმი.

  • საიდან უნდა დაიწყოს დემონტაჟი? მაგალითად, თბილისის აეროპორტში სტალინის ბიუსტების გაყიდვაზე რა შეიძლება იყოს სწორი მოთხოვნა? 

სტალინის ბიუსტებს გაყიდვა მხოლოდ ზედაპირია, ზედაპირის მოსუფთავებით კი, ვერასდროს მივაღწევთ მიზანს. ჩვენ უნდა ვცადოთ პრობლემების სიღრმისეული გადაწყვეტა. ეს სიმპტომებია საქართველოს პოლიტიკურ სხეულზე, ბიუსტები იქნება ეს, ძეგლები, ალტ-ინფოები, თუ ვასაძეები, ყველაფერი ალაგდება თავისი, თუ ამოვკვეთთ თავად სიმსივნეს, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია ჭამს საქართველოს.

საქართველოში რამდენჯერმე იყო შესაძლებელი სტალინიზმის დემონტაჟი, მაგრამ ყველა მთავრობას აწყობდა ის სტრუქტურა, რომელიც მას უადვილებს ხელისუფლებაში დარჩენას. ახლაც მისულები ვართ ისევ იქამდე, რომ ჩვენ გვჭირდება რევოლუცია. ნუ შეგვაშინებს ეს სიტყვა „რევოლუცია“, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სადღაც უნდა გავიქცეთ და „ზამთრის სასახლე“ ავიღოთ, შტურმებზე არაა ლაპარაკი, რევოლუცია ნიშნავს სახელმწიფო სტრუქტურის მთლიანად შეცვლას. ეს შესაძლოა მოხდეს მშვიდობიანად, კონსენსუსის გზით, რომ ჩვენ დავაფუძნოთ პრაქტიკულად ახალი სახელმწიფო და ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად. მარტო ამას პოლიტიკური კლასი ვერ და არც გააკეთებს…

ის, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ 30 წლის წინ, ის, რაც ვერ გავაკეთეთ 2003 წელს, უნდა გავაკეთოთ ახლა. ან შევძლებთ ამას, ან განვაგრძობთ შემსუბუქებულ სტალინურ სახელმწიფოში ცხოვრებას.

  • საით მივდივართ ახლა, თქვენი დაკვირვებით? 

ახლა შესაძლოა დამოუკიდებელი ცხოვრება აღარ გავაგრძელოთ. ეს არის ის გზა, რომელსაც პირდაპირ მივყავართ პუტინისტური, ნეოსტალინისტური რუსეთისკენ. ეს უნდა გაიაზროს თითოეულმა ქართველმა. არანაირი სხვა ვარიანტი ჩვენ არ გვაქვს. ერთი გზაა, რომ ვაფუძნებთ ახალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს და ამ გზას დღეს გადის უკრაინა სამწუხაროდ ომის გზით. ჩვენ კი, შეგვიძლია ეს გზა გავიაროთ მშვიდობიანად, გვაქვს ჯერ კიდევ ამის შანსი. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. სხვა გზა არის ამა თუ იმ ფორმით დაღუპვის გზა.

სტალინის ეს ბიუსტი, ან სტალინის ეტიკეტიანი ღვინო, რომელიც აეროპორტში იყიდება, ჰგავს აისბერგის წვერს, რომლის ქვემოთ კლდეს არ ვხედავთ, ჩვენი სახელმწიფო გემი ამ აისბერგს ეტაკება და შეიძლება ჩაიძიროს. ეს საფრთხე ახლა ძალიან რეალურია და ვინც ჩემს ნათქვამს კითხულობს, მინდა, რომ სერიოზულად დაფიქრდეს ამაზე.

  • რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ სტალინი ტირანია, მაგრამ მას მსოფლიო იცნობს და მხოლოდ მარკეტინგული მიზანია, მაგალითად, სტალინის სუვენირის, თუ ბიუსტის დამზადება, გაყიდვა? 

ვინმეს თუ უნდა, რომ ასოცირებული იყოს მილიონობით ადამიანის მკვლელთან, გასაგებია, სადაც არის მისი ფასეულობების სისტემა. ეს ნარატივიც, რომ სტალინი არის დიდი ფიგურა, მსოფლიოში კარგად იცნობენ და ასე შემდეგ, არის დაუშვებელი, რადგან სტალინი არის მასობრივი მკვლელი და ეს უნდა გაიაზროს ყველამ. სტალინთან ასოცირება არის არამხოლოდ სირცხვილი, არამედ სრული ამორალურობა. ეს არის ადამიანების სიკვდილით ვაჭრობა, გულაგებში დახოცილი ხალხით, იმ ადამიანებით, რომლებიც ახლა იღუპებიან უკრაინაში, ან დაიღუპნენ საქართველოში…

  • რა მუშაობს ყველაზე მეტად, მაგალითად, დრო იქნებ არაა საკმარისი გასული… 

დრო არათუ საკმარისი გავიდა, არამედ დრო აღარ გვაქვს ჩვენ. 30 წელი გავფლანგეთ. ახლა ბოლო შანსია, ბოლო ზარმა ჩამოკრა და თუ ამჯერადაც არ გავიღვიძეთ, საკითხავი იქნება, გავიღვიძებთ თუ არა საერთოდ. თუ საზოგადოება დადგა „რუსკი მირთან“, პუტინის ისტორიულ-რელიგიურ სამმართველოსთან, ეს არის რეალურად ნაციონალიზმის და ფაშიზმის გაერთიანება, მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმის რენესანსი. ამ მხარეს დადგომა უკვე ცალსახად ნიშნავს, რომ აღარ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და გულით, გონებით ვართ მათი ნაწილი.

მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ქართველების უმეტესობას ეს არ უნდა. ამიტომაც, ეს ზარი, რომელიც ახლა რეკავს, როგორც სვანები მღერიან სამგლოვიარო სიმღერას, თუ ვერ გამოვიღვიძეთ, ჩავთვალოთ უნდა, რომ ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობა, ან როცა ვამაყობთ ფარნავაზით, თუ ვახტანგ გორგასლით, დავით აღმაშენებლით, თამარით, ილია ჭავჭავაძით, გამოვა, რომ ამ ხალხს სულ ტყუილად უცხოვრია… ეს „ალტ ინფოები“, დუგინის ძმაკაცი ვასაძეები, ქართველი ფაშისტები არიან, ქართველი პუტინისტები, რომლებიც პირდაპირ აკეთებენ რუსულ საქმეს.

ამათ ხელს აფარებს საქართველოს მთავრობა, გნებავთ ხელის დაფარებით, გნებავთ იმით, რომ მხარს არ უჭერს უკრაინას. სტალინიზმის რენესანსის ეტაპზე ვართ ახლა.

  • ეს რენესანსი რა სახის განახლებაა სტალინიზმის, როცა არც მოგვიხდენია დემონტაჟი, როგორც თქვენ ამბობთ? 

დღევანდელი რუსეთი ხომ განსხვავდება 20 წლის წინანდლისგან? მართალია, სტალინიზმი იყო ადრეც, მაგრამ ეს უკვე არის სტრუქტურა ჩამოყალიბებული იდეოლოგიით და მკაფიო სახით, რომელიც უბრუნდება თავის კლასიკურ ფორმას. ეს არის რეალური პოლიციური მანქანა, რომელიც თავისი იდეოლოგიით უხშობს გზას თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის, ეროვნულ თავისუფლებას. დღეს შესაძლოა ეს იყოს ოპოზიციის დევნა და მისი დემონიზება და დაასრულონ ხვალ იმით, რომ ქართულად მოლაპარაკეც კი არავინ დარჩეს.

საქართველოში შესაძლოა ამას იგივე ფორმა არ აქვს, როგორც რუსეთში, მაგრამ სტრუქტურულად ერთი და იგივეა. საქართველოს დღეს აქვს სტრუქტურულად პუტინის რუსეთის ფორმა, რაც უნდა დავძლიოთ. ეს რეფორმებით არ გამოვა, რის შანსიც გვქონდა, თუმცა ჩვენ გვაქვს ძირეული ცვლილებების, რევოლუციის შანსი. სხვანაირად, შეიძლება მოგვიწიოს იგივე გზით სიარული, როგორც უკრაინას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რასაც ამბობს საქართველოს მთავრობა, არ მაქვს იმედი, რომ ის საქართველოს ინტერესებს დაიცავს.

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

უკრაინის მხარდასაჭერად ბათუმში ისევ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. სოლიდარობის აქციას, რომლის ორგანიზატორები სამოქალაქო ჯგუფები არიან, ესწრებიან ბათუმში მცხოვრები უცხოელებიც.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ქაშიბაძის თქმით, აქციის მონაწილეები მოსახლეობას მატერიალური დახმარებისკენაც მოუწოდებენ.

სოლიდარობის აქციაზე ბათუმის ევროპის მოედანზე სამუშაო დღეებში საღამოს 6 საათზე იკრიბებიან, დასვენების დღეებში – 4 საათზე.

უკრაინის სოლიდარობის აქცია ბათუმში, 20 მარტი

————–

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

გაეროს თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილი.

ამ თემაზე:

ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 20 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 20 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 14 700 ადამიანი,
  • ტანკები – 476 ერთეული,
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 487 ერთეული,
  • საარტილერიო სისტემები – 230 ერთეული,
  • MLRS – 74 ერთეული,
  • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44 ერთეული,
  • თვითმფრინავი – 96 ერთეული,
  • ვერტმფრენები – 118 ერთეული,
  • სატრანსპორტო საშუალებები – 947 ერთეული,
  • გემები / ნავები  – 3 ერთეული,
  • საწვავის ავზები – 60,
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21,
  • სპეციალური აღჭურვილობა – 12.

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდში, მთლიანობაში, განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების:

  • 207 უპილოტო საფრენი აპარატი,
  • 1 467 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა,
  • 148 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა,
  • 573 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები,
  • 1 262 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

„სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) მიერ ჩატარებული დისკუსიის ფარგლებში, ნატოს ძალების ევროპული სარდლობის ოთხმა ყოფილმა მეთაურმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, პუტინის მიზნებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა:

„პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება“ – ნატოს ყოფილი მეთაურების ანალიზი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 11 პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის რუსეთთან თანამშრომლობაში ბრალდებულ პარტიებს, საქმიანობა შეუჩერდებათ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დღემდე იბომბება უკრაინის ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 847 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათ შორის 64 ბავშვია. ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი(OHCHR ) ავრცელებს.

ამ თემაზე:

გენერალი ჩაჩიბაია: რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ბომბავენ ბავშვებს – ბევრში ეს პროტესტს იწვევს

 

 

ბათუმში შედარებით გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 მარტის 21 საათიდან 21 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან ნალექი, მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, ღამით დროგამოშვებით ნალექი, დღისით უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა ღამით 4-10 კმ, დღისით კარგი; ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნოორდღეს,22და23მარტსაჭარისსანაპიროზოლშიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია – სად არის საქართველო ბედნიერი ქვეყნების სიაში

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია, მეორე ადგილზე დანიაა, ხოლო მესამეზე – ისლანდია – ასეთია ბედნიერი ქვეყნების პირველი სამეული უახლესი კვლევის თანახმად.

მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში იყენებს გლობალური გამოკითხვის მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.

საქართველო ბედნიერი ქვეყნების სიაში 105 ადგილზეა 4.973 მაჩვენებლით.

დაახლოებით ასეთივე მაჩვენებლები აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ერაყი (4.941), ვენესუელა (4.925), გვინეა (4.891), ირანი (4.888), განა (4,872), თურქეთი (4,744), ბურკინა-ფასო (4,670).

სამხრეთ კავკასიას რაც შეეხება, კვლევის თანახმად, რეგიონის ყველაზე ბედნიერი ქვეყანა სომხეთია – 5.399, შემდეგ აზერბაიჯანი – 5.173, შემდეგ კი საქართველო 4.973.

მსოფლიო ბედნიერების უახლეს ანგარიშში წერია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, ეროვნული ცხოვრების შეფასებების გლობალური საშუალო მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია. ამასთანავე, როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ამავე პერიოდში, ცხოვრების დადებითად შეფასებები გაიზარდა ერთი ან მეტი ქულით ზოგიერთ ქვეყანაში (ბალკანეთის სამი ქვეყნის, რუმინეთის, ბულგარეთისა და სერბეთის ხელმძღვანელობით) და ამდენადვე დაიკლო იმ სხვა ქვეყნებში, რომლებიც ღრმა კრიზისში არიან – ბედნიერების მაჩვენებელი ყველაზე მეტად იკლებს ვენესუელაში, ავღანეთსა და ლიბანში.

უმეტეს ქვეყანაში შეინიშნება სტრესის, შფოთვისა და მწუხარების გრძელვადიანი ზომიერი აღმავალი ტენდენცია და ცხოვრებით სიამოვნების უმნიშვნელო გრძელვადიანი კლება – ვკითხულობთ ანგარიშში.

მიმდინარე პანდემიამ, სავარაუდოდ, ძლიერი გავლენა მოახდინა დამოკიდებულებებზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი ცხოვრებისთვის და იმაზე, თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას ხელი შეუწყოს კეთილდღეობის კოლექტიური გაუმჯობესებას.

პანდემიამ მოიტანა არა მხოლოდ ტკივილი და ტანჯვა, არამედ სოციალური მხარდაჭერისა და სიკეთის/ზრუნვის ზრდა – ეს 2022 წლის მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის მთავარი მიგნებაა. 

შენიშვნა: ქვეყნებს, რომლებიც მონიშნულია “*” – ნიშნით, არ აქვთ 2020 ან 2021 წლების მონაცემები. მათი საშუალო მაჩვენებლები ეფუძნება 2019 წლის კვლევას.

„აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღება იწყება – სახელმწიფო გრანტები მცირე ბიზნესისთვის

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების [ბიზნესიდეების] მიღება 2022 წლის 21 მარტიდან დაიწყება და ამავე წლის 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

„აწარმოე საქართველოში“ განცხადებით:

  • „სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარებისა და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა.
  • პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნესპროექტის შემთხვევაშიც.
  • პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.
  • პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის  არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – არანაკლებ 25%.
  • პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს – კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები არაუმეტეს 10%.
  • პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.“
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები / წყარო: „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება / 16.03.2022

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამას ბოლო სამი წელია საზღვაო თევზჭერაც დაემატა. ამ პროგრამით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი დაინტერესებულ პირს გააჩნდეს შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზია.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ზღვის სარგებელი ეკონომიკაში

„ორგანიზაციაში – „აწარმოე საქართველოში“ არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები; არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – აღნიშნული იყო სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთ ბოლო დასკვნაში.

გასულ დღე-ღამეში დადასტურდა კოვიდის 475 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

20 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 475 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 60, ქვემო ქართლი – 18, შიდა ქართლი – 14, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 22, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 20 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 641 874 , ბოლო 24 საათში – 475
    მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 598 286 , ბოლო 24 საათში – 1 507
    მათ შორის გარდაცვლილი – 16 663 , ბოლო 24 საათში – 20
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 8 311, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 203, PCR ტესტით – 2 108
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,72%, ბოლო 14 დღის – 8,47%, ბოლო 7 დღის – 5,54%
  • სულ აცრილია – 2 842 355, დღიურად აცრილია – 656
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 801

ამავე თემაზე:

რა საფრთხეს ქმნის კოვიდის უფასო PCR ტესტირების გაუქმება? – „გვეყოლება მეტი ინფიცირებული“

გენერალი ჩაჩიბაია: რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ბომბავენ ბავშვებს – ბევრში ეს პროტესტს იწვევს

როგორ მიმდინარეობს უკრაინაში ომი, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რა მიზნები და ამოცანები გააჩნია რუსეთს და რამდენად რეალისტურია მათი შესრულება, რა როლს შეასრულებს უკრაინისთვის გადაცემული ახალი შეიარაღება ან ომში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მებრძოლების მონაწილეობა. ამ და სხვა კითხვებით „ნეტგაზეთმა“ გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართა:

  • უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მაგალითად, ხარკოვის ფრონტზე ერთგვარი წინსვლა ჰქონდათ, ხოლო გარკვეულ მიმართულებებზე რუსები თავდაცვით პოზიციებში დგებიან, რა შესაძლებლობები აქვს უკრაინულ მხარეს კონტრშეტევაზე ბრძოლისთვის?

უკრაინაში ოპერატიული გარემო მუდმივად ცვალებადია. შეიძლება უყურებდე წარმატებას და პატარა ცვლილებამ ეს წარმატება შეგიტრიალოს.

რუსების შორსმიმავალი ამოცანა კიევის ალყაში მოქცევაა. ამას ისტორიული და სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან კიევს საკუთარ ქალაქად მიიჩნევენ და მდინარე დნეპრზე გასვლა უნდათ.

უახლოესი ამოცანაა დაკავებული ტერიტორიების გამაგრება. ვფიქრობ, რუსული ძალები იმდენად დასუსტდნენ ბოლო დღეებში, რომ ახლა ცდილობენ შეინარჩუნონ დაკავებული ტერიტორიები და შემდგომი შეტევებისთვის პირობები მოამზადონ. რუსეთს განსაკუთრებულად ძლიერი და კარგად აღჭურვილი ქვედანაყოფები ჰყავდა სამხრეთ და დასავლეთ სარდლობებში, თუმცა სწორედ ამ ორმა სარდლობამ განიცადა ძირითადი დანაკარგები, ახლა კი ბრძოლის ველზე მასიურად გადაჰყავს ნაკლებად ძლიერი ქვედანაყოფები აღმოსავლეთი და ცენტრალური სამხედრო სარდლობებიდან, ასევე, მიმდინარეობს მოხალისეების მობილიზებაც.

ისინი ცდილობენ კრიტიკული მასის მობილიზებას, მაგრამ არანაკლები პროცესები მიმდინარეობს უკრაინული მხარის მხრიდან. უკრაინელებიც იღებენ მოხალისეებს და მათაც ჰყავთ კრიტიკული მასა.

მოდი, ვიმსჯელოთ, სად არის მხარეების ძლიერი და სუსტი მხარეები. როდესაც კონტრშეტევაზე ვსაუბრობთ, უკრაინის მხარეს არის მორალი და ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის ნება. რუსეთის მხარეს ეს ასე არ არის, რადგან ყველა რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ისინი ნატოსა და ამერიკის ჯარებს კი არა, უკრაინელებს ებრძვიან, ბომბავენ ქალაქებს, ბავშვებს. ბევრში ეს პროტესტს იწვევს. მათ არ აქვთ ნება, რომ თავი შესწირონ ამ ამოცანებს. ამიტომაცაა, რომ ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახალწვეულებით არიან დაკომპლექტებულნი, ნაკლებად ბრძოლისუნარიანები არიან. ამიტომ ცდილობენ, რომ აქცენტები მოხალისეებზე გააკეთონ.

უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლის ალბათობა დიდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთსაც აქვს ამოცანები. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება დაბომბვები. ისინი შეეცდებიან შეძლებისდაგვარად სწრაფად პროგრესის მიღწევას, რადგან, თუ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიღება გააგრძელა, რუსები ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.

  • მოხალისეების საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი მინდა გკითხოთ ომის სამხრეთი ფრონტის შესახებ. რა სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მარიუპოლს, ასევე ოდესას, და რატომ ვერ შეძლო რუსეთმა შავი ზღვის სანაპიროს სრულიად დაკავება ამ დრომდე? 

მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და, შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.

მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს.

შესაბამისად, ამ ქალაქს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ოდესას, ჩემი ხედვით, ოდესაში რუსული ძალები ვერ შედიან, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აუღიათ მიკოლაევი. სანამ სამანევრო სივრცე არ შეიქმნება, სანამ რუსეთი არ იქნება დარწმუნებული, რომ ფლანგიდანაც აქვს შეტევის მიმართულებები (სანამ რუსული ქვედანაყოფები ოდესას არ მიუახლოვდებიან ხმელეთიდან), მანამდე საზღვაო-სადესანტო ოპერაციას ვერ დაიწყებს, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ სადესანტო ძალები ალყაში აღმოჩნდებიან. ოდესაში დესანტის გადასხმა მაშინაა ლოგიკური, თუ ის ხმელეთიდან მომავალ ძალებს შეუერთდება.

ინტერვიუ სრულად

 

ბათუმელი მოხალისე კიევიდან ბათუმს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს

„უკვე პურის მიწოდებაც პრობლემაა, აფთიაქში ბამბას და სპირტს ვეღარ იყიდი, დაცარიელებულია ადამიანებისგან კიევი – ცარიელია ქუჩები, ძირითადად სარდაფებში არიან. კაცები მუდმივად ბლოკპოსტებზე ვართ, აქ ვინც დარჩა, ურჩევნია უკრაინის მიწაზე მოკვდეს,“ – გვიყვება კიევში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი მირო ვანაძე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძე, როგორც მოხალისე, პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე დღეა კი, იგი მებრძოლი გახდა და პერიოდულად ბლოკპოსტზე დგას.

„რაღაც პერიოდი ბლოკპოსტზე ვართ, შემდეგ, როცა კომენდანტის საათი იწყება, ქალაქში გამოვდივართ. ღამით თუ ვინმეა ქალაქში, ის დივერსანტია ან „მაროდიორი“… ძირითადად რუსები არიან, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. როცა ასეთი შემთხვევა გვაქვს, პოლიციას ვუკავშირდებით.

სახლები სრულად დაცარიელებულია. მეც მხოლოდ მობილურის დასატენად თუ შევივლი ისაა. ასეთი ცარიელი კიევის ქუჩები ჯერ არ მახსოვს, ხუთი წელია აქ ვარ.

ვერ ვიძინებთ. ასე მგონია, უკვე აღარავის სძინავს ამ ქალაქში. ყველა დაძაბულია. შესაძლოა, ჩაგეძინოს დაღლილობისგან და აფეთქების ხმამ გამოგაღვიძოს… არ მახსოვს, ბოლოს როდის ჩამეძინა,“ – ამბობს მირო ვანაძე.

ქართველი მოხალისეს თხოვნა აქვს ბათუმელებთან, კონკრეტულად კი სააფთიაქო ქსელებთან:

„წითელი ჯვრის მანქანა უნდა წამოვიდეს ბათუმიდან. შეგიძლიათ მედიკამენტები გადასცეთ წითელ ჯვარს, აქ უკვე კატაბალახაც პრობლემაა, არადა, იმდენ ადამიანს სჭირდება. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ წითელ ჯვარს, ან მე მომწეროთ ფეისბუქში.

ადამიანებს სჭირდებათ საკვებიც, მნიშვნელობა არა აქვს, რა იქნება ეს: პური, ძეხვი, მენიუს არავინ ითხოვს და დესერტს.

ზოგიერთი მაღაზია ღიაა, მაგრამ გადაადგილება ძალიან საშიშია. ხომ ხედავთ, როგორ მოქმედებენ რუსები – პირველ რიგში იქ აგდებენ ბომბებს, სადაც ადამიანებს ხედავენ.

ახლა ძალიან ცუდი სიტუაციაა კიევში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა დაბომბვა, როგორც ახლა, არ ვიცი…“ – ხმა უწყდება მიროს, შემდეგ დასძენს, რომ ხშირად ინტერნეტი პრობლემაა.

მირო ვანაძის დაკვირვებით, ადამიანები, რომლებიც ახლა კიევში არიან, კიევის დატოვებას არ აპირებენ. არც მათი შემართება შეცვლილა:

„თუ ცუდად ხდება ვინმე, მას ლვოვში ვაგზავნით.

მე ვუყურებდი გუშინ, როგორ ხვდებოდნენ ადამიანები [ვიტალი] კლიჩკოს, კიეველებს როგორ უყვართ საკუთარი ხელისუფლება… ალბათ, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ მიატოვა ისინი. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ“, – დაასრულა მირო ვანაძემ.

——————

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო
კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო

 

კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო

 

კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო

 

მირო ვანაძე კიევში

8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ორ პირს 20-20 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ორი პირი, ბ.გ. და ზ.გ. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე.

„2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს, ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ“ – წერს პროკურატურა.

სასამართლომ ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (ორი ეპიზოდი) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლოს მიერ ზ.გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან) და 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

52 წლის ქალს ბათუმში ტყუპი შეეძინა

52 და 65 წლის ცოლ-ქმარს ბათუმში ტყუპი გოგო-ბიჭი შეეძინა. კლინიკა „მედინას“ ინფორმაციით, სადაც ტყუპები დაიბადნენ, დავითის წონა დაბადების დროს 2.34 კგ იყო, ხოლო მარიამის – 2.44.

ტყუპები სიმაღლეში ერთი ზომა აქვთ – 45 სმ. არიან.

ახალშობილები საკეისრო ოპერაციის გზით გაჩნდნენ. ქირურგიული ოპერაცია მეან-გინეკოლოგებმა, ჯუმბერ უნგიაძემ და ირინა ნიკურაძემ ჩაატარეს.

დავით და მარიამ გოგოლიშვილები

მთავარი ფოტო: ნარი ფაღავა ახალშობილ ტყუპებთან ერთად. ფოტო „მედინას“ ფეისბუქგვერდიდან

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას ბათუმსა და სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს

დღეს, 19 მარტს, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას.

შეკრებები “დროას” ორგანიზებით თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში დაიგეგმა.

ბათუმი / 19.03.2022 / ფოტო: „დროა“

დედაქალაქში მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვიც იმყოფებოდა. მან დაღუპულთა სურათებთან გვირგვინი მიიტანა:

თბილისი / 19.03.2022 / ფოტო: „დროა“

ქართველი მებრძოლები 17 მარტს, უკრაინაში, ქალაქ ირპენთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპნენ.

„რუსები ცდილობენ დაბლა იფრინონ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოქმედებები უკრაინაში საქართველოზე რუსეთის მიერ 2008 წლის თავდასხმას შეადარა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით 4-მა მილიონმა ადამიანმა დატოვოს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებას ახმიანებს და დასძენს, რომ ეს მოსკოვისთვის “ერთადერთი შანსია”, “შეამციროს თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი”.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მისი ქმედებების გამო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.

„რუსული გემების კაპიტნები აწი ვარსკვლავებს უნდა დააკვირდნენ“ – კაპიტანი

„ეს ნიშნავს იმას, რომ მოუწევთ ასტრონავიგაციის გამოყენება, ანუ აწი უნდა დააკვირდნენ მთვარეს, ვარსკვლავებს, რომ უსაფრთხოდ მივიდნენ ნაპირამდე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ამირან წერეთელი. ის შორეული ნაოსნობის კაპიტანია და ვთხოვეთ შეეფასებინა „Lloyd`s Register Voyage“ სისტემიდან რუსული გემების ჩახსნა.

Charter97.org -ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით რუსული გემები ვეღარ ისარგებლებენ ელექტრონულ სანავიგაციო სქემებს.

კომპანია „Lloyd`s Register“ არის საერთაშორისო სერვისების მიმწოდებელი საზღვაო ინდუსტრიაში. ის ემსახურება 182 ქვეყანას. უკრაინაში ომის გამო კი, კომპანია რუსულ გემებს აღარ მოემსახურება.

როგორ გადაადგილდებიან რუსული გემები ელექტრონული სანავიგაციო სქემების გარეშე? – ვკითხეთ კაპიტანს, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ასწავლის.

„ეს ელექტრონული სისტემები არის იმისთვის, რომ უსაფრთხოდ გადაადგილება მოახერხოს გემმა. ბუნებრივია, შესაძლებელია, ისარგებლოს კაპიტანმა ქაღალდზე დატანილი რუკით, ასევე რადიომიმღებით, მაგრამ ამ ინფორმაციას მუდმივად სჭირდება განახლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა გემი უახლოვდება ნაპირს, ან სრუტის გავლა უწევს. ქაღალდის რუკებით გახსოვთ ალბათ როდის დადიოდნენ…

ელექტრონული სქემები კი არის GPRS სისტემა, რომლის გარეშეც რთულია დაადგინო, მაგალითად, სადაა ჩაძირული გემი, სად არის მეჩხერი წყალი. ეს გამოიწვევს შეფერხებას განსაკუთრებით ტვირთის გადაზიდვებზე“, – მიიჩნევს ამირან წერეთელი.

შორეული ნაოსნობის კაპიტანი ამბობს, რომ არსებობს სხვა ვარიანტიც, მაგალითად, ფრანგულ მოდელზე გადასვლა, თუმცა კაპიტანს ეჭვი აქვს, რომ რუსეთს დიდი ალბათობით ფრანგული კომპანიაც უარს ეტყვის ელექტრონული სქემებით სარგებლობაზე.

„გარდა ამისა, ამას სჭირდება დრო. უცებ, ორ და სამ დღეში ვერ გადავა. ამ სისტემებით სარგებლობისთვის საჭიროა სპეციალური რეგისტრაციის გავლა, რაც ახლდება 4 წელიწადში ერთხელ,“ – ამბობს კაპიტანი.

რა ელის იმ გემებს, რომლებიც ოკეანეში, ან ღია ზღვაშია ახლა?

ამირან წერეთელი

„ფაქტია, რომ ხელი შეეშლება ადგილმდებარეობის დაფიქსირებაში, მაგრამ გაჩერებით ალბათ არ გაჩერდება, სხვა, მოძველებულ სისტემას გამოიყენებს, რაც სანდო არაა. იგივე ვარსკვლავებზე დაკვირვება და ასტროფიზიკა ამართლებს კარგ ამინდში და ეს ახლაც აქტიურად გამოიყენება, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება თანამედროვე ელექტრონულ სისტემასთან. ამ შემთხვევაში პირდაპირ განახლებულ რუკებს იღებს კაპიტანი ყოველდღიურ რეჟიმში,“ – აღნიშნა ამირან წერეთელმა.

კაპიტანი მიიჩნევს, რომ სანქციების დაწესება, მათ შორის, რუსული გემებისთვის, კარგი ნაბიჯია.

„მე ოდესაში მაქვს დამთავრებული საზღვაო ფლოტის ინსტიტუტი, ინჟინერ-გემთწამყვანი ვარ. არ ვიტყვი, რომ ვტირი, მაგრამ მართლა ძალიან ცუდად ვარ, როცა ომის კადრებს ვუყურებ… ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის შეჩერება შევძლოთ,“ – გვითხრა კაპიტანმა ამირან წერეთელმა.

შეძლებენ თუ არა ბათუმის პორტში ისევ შემოსვლას რუსული გემები? – კითხვა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დავსვით, თუმცა აქ გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

საზღვაო სასწავლებლის „ანრის“ დირექტორმა, ანზორ დიასამიძემ კი გვითხრა, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში საქართველოს უმაღლეს საზღვაო სასწავლებლებსაც შეექმნება, რადგან მათ რუსული რეგისტრაციის სერტიფიკატები აქვთ.

„ეს აისახება რუსულ რეგისტრზეც. ჩვენ, საზღვაო სასწავლებლებს, რუსული რეგისტრაციის სერტიფიკატი გვაქვს, რადგან მათი წარმომადგენლობა იყო საქართველოში და აღარ მოგვიძებნია სერტიფიკატი გერმანიაში, ან ბრიტანეთში. ეს რუსული რეგისტრის სერტიფიკატი იყო საერთაშორისო დონეზე აღიარებული. ახლა ეს სერტიფიკატი კარგავს ძალას,“ – აღნიშნა ანზორ დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

„დეშეკა არ შემხვდა“ – დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაშია

„დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ ))) ძაან მაგარი ამბავია რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ,“ – წერს ფეისბუქში ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც საბრძოლველად უკრაინაში წავიდა.
დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე საბრძოლო დავალებას ელოდება. ის ფეისბუქგვერდზე ფოტოსაც აქვეყნებს.
„ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა, ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელები ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით,“ – წერს ალეკო ელისაშვილი.
——————-
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 19 მარტის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 19 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

  • პერსონალი – დაახლოებით 14 400 ადამიანი,
  • ტანკები – 466 ერთეული,
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 470 ერთეული,
  • საარტილერიო სისტემები – 213 ერთეული,
  • MLRS – 72 ერთეული,
  • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 44 ერთეული,
  • თვითმფრინავი – 95 ერთეული,
  • ვერტმფრენები – 115 ერთეული,
  • სატრანსპორტო საშუალებები – 914 ერთეული,
  • გემები / ნავები  – 3 ერთეული,
  • საწვავის ავზები – 60,
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 17,
  • სპეციალური აღჭურვილობა – 11.

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

ინფორმაციას უკრაინის მხარის დანაკარგებზე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, 19 მარტის ღამეს უკრაინაში 69 სამხედრო ობიექტს დაარტყეს: „გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო თავდაცვამ ჰაერში ჩამოაგდო 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 მარტამდე პერიოდში, საერთო ჯამში განადგურებულია:

  • 196 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი,
  • 1 438 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა,
  • 145 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური,
  • 556 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები,
  • 1 237 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.

რუსეთის მხარემ გუშინ, 18 მარტს, ასევე განაცხადა, რომ მათ მიერ განადგურებულია უკრაინის 182 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის მოქმედებები უკრაინაში საქართველოზე რუსეთის მიერ 2008 წლის თავდასხმას შეადარა.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინიდან უკვე 3 მილიონამდე ლტოლვილი და 2 მილიონამდე დევნილია. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო შიშობს, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში კიდევ მილიონობით ადამიანს მოუწევს იძულებით გადაადგილდება. სააგენტოს გათვლით, უკრაინა, შესაძლოა, დაახლოებით 4-მა მილიონმა ადამიანმა დატოვოს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებას ახმიანებს და დასძენს, რომ ეს მოსკოვისთვის “ერთადერთი შანსია”, “შეამციროს თავისივე შეცდომებით გამოწვეული ზიანი”.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მისი ქმედებების გამო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.

ამავე თემაზე:

კაცებს აშიშვლებენ და ამოწმებენ იარაღს ხომ არ მალავენ – რას ყვება კაცი ოკუპირებულ ხერსონიდან 

Exit mobile version