მთავარი,სიახლეები

„აწარმოე საქართველოში“ თანხების მიზნობრიობის კონტროლი სრულყოფილად ვერ ხორციელდება – აუდიტი

23.09.2019 • 1677
„აწარმოე საქართველოში“ თანხების მიზნობრიობის კონტროლი სრულყოფილად ვერ ხორციელდება – აუდიტი

„ორგანიზაციაში – „აწარმოე საქართველოში“ არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები; არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – აცხადებს აუდიტი. ამასთან, 2014-2018 წლებში ორგანიზაციას ქირის სახით გადახდილი აქვს 1 442 259 ლარი, აუდიტი კი აღნიშნავს, რომ ვერ მიიღეს რწმუნება, რამდენად ეკონომიურად და ეფექტიანად დაიხარჯა ეს თანხა.

აუდიტის სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში სხვადასხვა ორგანიზაციას მოიცავს, მათ შორისაა სსიპ „აწარმოე საქართველოში“.

ანგარიშის მიხედვით, „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 4 კომპანიასთან: შპს „თბილისის ბიზნესტრენინგის ცენტრი“, ა(ა)იპ – რეგიონული განვითარების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – „საქართველოს სკაუტები“ და შპს „ჯი ემ სი ჯი“.

ეს კონტრაქტორები უშუალოდ ახორციელებენ პროგრამის იმპლემენტაციას, გასცემენ რეკომენდაციებს ორგანიზაციის მიერ პროგრამის ბენეფიციარ(ებ)ის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით და ახდენენ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს. ანგარიშში აღნიშნულია, ასევე, რომ კონტრაქტორი სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში“ აწვდის ინფორმაციას შერჩეული კანდიდატების შესახებ, რის შემდეგაც სსიპ იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. დაფინანსების შემთხვევაში ორგანიზაციასა და ბენეფიციარს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია უფლებამოსილია უკან მოითხოვოს ბენეფიციარის მიერ არამიზნობრივად დახარჯული თანხა.

„მთავრობის დადგენილებით და კონტრაქტორ კომპანიებსა და „აწარმოე საქართველოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, კონტრაქტორი ვალდებულია, „აწარმოე საქართველოს“ წარმოუდგინოს ბენეფიციარების მონიტორინგის პერიოდული და საბოლოო ანგარიშები. აღნიშნული ანგარიშები არ შეიცავს საკმარისად დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ, არ არის იდენტიფიცირებული უმოქმედო საწარმოები. „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების მიერ კონტრაქტის პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციას იღებს მხოლოდ კონტრაქტორებისგან და პროგრამის კონტროლისათვის იყენებს თავისივე შექმნილ ვებგვერდს. აღნიშნულ ვებგვერდზე კონტრაქტორები ტვირთავენ ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, საბოლოო მონიტორინგის აქტებს, რომლითაც ფასდება ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობა“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, კონტრაქტორების მიერ სისტემაში არ არის ატვირთული ზემოხსენებული აქტები. შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ ვერ ფლობს სრულ ინფორმაციას ბენეფიციარების შესახებ, რაც კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს. გარდა ამისა, კონტრაქტორების მიერ წარმოდგენილ საბოლოო მონიტორინგის აქტებში ასახული ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბენეფიციარების გამოკითხვას, რაც არ შეიძლება იყოს მიჩნეული საკმარის და სარწმუნო წყაროდ. ამასთანავე, ორგანიზაციაში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფდა კონტრაქტორების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმებას,“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის დასკვნით, „ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ სსიპ – „აწარმოე საქართველოში“ ვერ უზრუნველყოფს სათანადო კონტროლის გარემოს შექმნას. შესაბამისად, შესაძლოა ვერ განხორციელდეს გაცემული თანხების მიზნობრიობის სრულყოფილი კონტროლი, ნაკლოვანებებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და მათზე დროული და სათანადო რეაგირება“.

აუდიტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ვებგვერდი, რომელზეც ატვირთულია მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდასაჭერად გაცემული სუბსიდიების შესახებ სრული ინფორმაცია, არ არის დაცული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები: „შესაბამისად, მაღალი რისკის ქვეშ დგას როგორც ორგანიზაციის იმ საოპერაციო საქმიანობის ნაწილი, რაც დამოკიდებულია ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებაზე, ასევე აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია“.

აუდიტის მიხედვით ანალოგიური ვითარებაა კრედიტის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამაშიც. „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას, არაუმეტეს 10%-ისა.

„აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სსიპ-ის − „აწარმოე საქართველოში“ მხრიდან ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგი არ განხორციელებულა. ორგანიზაციის განმარტებით, კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს სესხის გამცემი საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბენეფიციარების მიმართ გატარებული მონიტორინგის ღონისძიებები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში“ არ მონაწილეობს აღნიშნულ მონიტორინგში. ასევე, 2018 წლის ბოლოს ორგანიზაციის დაკვეთით შპს „ბიდიომ“ ჩაატარა პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების კვლევა. თუმცა აღნიშნული კვლევა არ მოიცავს ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის ელემენტებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციაში არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები. აქედან გამომდინარე, არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხების არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – ასკვნის აუდიტი.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 30 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით „აწარმოე საქართველოს“ სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატისაგან“ იჯარით აღებული აქვს არასაცხოვრებელი შენობა, რომელიც მდებარეობს  თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე. ხელშეკრულების მიხედვით, საიჯარო ფართობი განისაზღვრა 198 კვ.მ-ით, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა − 3 564 აშშ დოლარის ოდენობით.

„აღნიშნულ ხელშეკრულებაში პერიოდულად შედიოდა ცვლილებები, რაც ითვალისწინებდა საიჯარო ფართობის ან/და იჯარის ყოველთვიური ქირის ზრდას. 2017 წლის 7 სექტემბრიდან საიჯარო ფართობი შეადგენდა 921.59 კვ.მ-ს ხოლო საიჯარო ქირა – 16 378 აშშ დოლარს. 2014-2018 წლებში სსიპ-მა − „აწარმოე საქართველოში“ ქირის სახით გადაიხადა 1 442 259 ლარი, მათ შორის, 2018 წლის საიჯარო ქირამ 495 376 ლარი შეადგინა. ორგანიზაციის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯეფექტიანობის ანალიზი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ალტერნატივის დანახარჯისა და სარგებლის შედარება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღეთ რწმუნება, რამდენად ეკონომიურად და ეფექტიანად იხარჯება ზემოაღნიშნული თანხები,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: