მთავარი,სიახლეები

ისევ ვაჭრობენ სტალინით თბილისის აეროპორტში – ვის ევალება რეაგირება ტირანის ბიუსტის გაყიდვაზე

20.03.2022
ისევ ვაჭრობენ სტალინით თბილისის აეროპორტში – ვის ევალება რეაგირება ტირანის ბიუსტის გაყიდვაზე

რა რეაგირება მოჰყვა საბჭოთა ტირანის ბიუსტების გაყიდვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში? – ინფორმაცია თბილისის აეროპორტში ვერ მოგვაწოდეს და ვერც სუს-ში, სადაც, წესით, უნდა ემსჯელათ არის თუ არა სტალინის ბიუსტი საბჭოთა ტოტალიტარიზმის სიმბოლო, რომლის გამოყენებაც კანონით აკრძალულია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჯიხური, სადაც სტალინის ბიუსტები იყიდება, იჯარით აქვთ გაცემული და ამ საკითხზე რეაგირება მათ კომპეტენციას სცდება.

თბილისის აეროპორტში სტალინის ბიუსტების გაყიდვის შესახებ ფოტო 16 მარტს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ გამოაქვეყნა და გვკითხა:

„საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სტალინის ამ ბიუსტებით გინდა? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი ახლა უკრაინაში აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია“, – დაწერა ევროპარლამენტარმა.

„სუს-ში უნდა არსებობდეს კომისია, რომელიც მსგავს საკითხებზე მსჯელობს, თუ იქნება კონკრეტული მითითება, მითითების შეუსრულებლობა არის უკვე  სამართალდარღვევა,“ – განმარტავს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი თქმით, საია-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ამ შემთხვევამდე არ მიაწოდეს ინფორმაცია: საერთოდ არსებობს თუ არა კომისია, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევებზე მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს.

2019 წელს, რამდენიმე დღის განმავლობაში, სუვენირებს სტალინის გამოსახულებით ყიდდნენ ბათუმის ბულვარშიც, თუმცა საზოგადოების რეაქციის და ბულვარის ადმინისტრაციის ჩარევის შედეგად, ამ ნივთებით ვაჭრობაზე უარი თავად ჯიხურების მესაკუთრეებმა თქვეს. 

„ცალსახა ჩანაწერი არ არის კანონში სტალინის ბიუსტი გაყიდვა არის თუ არა დასჯადი, ეს კანონის პრობლემაცაა.

კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს იმ პირთა რეესტრს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან ან რომელთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მონაცემები ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან მათ ფარულ კავშირზე მიუთითებს.

კომისია ასევე აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკის, აგრეთვე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაზე გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კანონში აქცენტი ძირითადად საჯარო სივრცეებზეა და შეფასების საგანი, კანონის ეს მოთხოვნები, უნდა შეეხოს თუ არა კერძო საკუთრებას, ბოლო შემთხვევაში სუვენირების მაღაზიას თბილისის აეროპორტში.

სუს-ის პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტალინის ბიუსტების გაყიდვას ეხება.
არსებობს თუ არა ეს  კომისია საერთოდ? რატომ არ განიხილეს სტალინის ბიუსტების გაყიდვა თბილისის აეროპორტში, ან როდის განიხილავენ და რა ფორმით? – სუს-ის პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ, თუმცა მოგვაწვდიან ინფორმაციას მოძიების შემთხვევაში.
რაც შეეხება თბილისის აეროპორტს, აქ განმარტეს, რომ მაღაზია, სადაც სტალინის ბიუსტები იყიდება, იჯარით გაცემული ფართობია და სხვის ნაცვლად ვერაფერს გადაწყვეტდნენ.
იყიდება თუ არა ისევ სტალინის ბიუსტები? – თბილისის აეროპორტის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას დღეს ვერ მოგვაწვდიან, რადგან არასამუშაო დღეა.
__

ამავე თემაზე: 

___
მთავარი ფოტო: რასა იუკნევიჩიენეი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: