ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

„აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღება იწყება – სახელმწიფო გრანტები მცირე ბიზნესისთვის

20.03.2022 • 4933
„აწარმოე საქართველოში“ განაცხადების მიღება იწყება – სახელმწიფო გრანტები მცირე ბიზნესისთვის

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანებით, პროგრამის ფარგლებში განაცხადების [ბიზნესიდეების] მიღება 2022 წლის 21 მარტიდან დაიწყება და ამავე წლის 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

„აწარმოე საქართველოში“ განცხადებით:

  • „სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული ბენეფიციარებისა და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა.
  • პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების ან ახალი ბიზნესპროექტის შემთხვევაშიც.
  • პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარი იქნება, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) არა უმეტეს 40 000 ლარისა.
  • პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის  არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი – არანაკლებ 25%.
  • პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს – კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები არაუმეტეს 10%.
  • პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.“

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2022 წლის რაუნდის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტივობები და განხორციელების ვადები / წყარო: „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანება / 16.03.2022

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამას ბოლო სამი წელია საზღვაო თევზჭერაც დაემატა. ამ პროგრამით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი დაინტერესებულ პირს გააჩნდეს შავ ზღვაზე თევზჭერის ლიცენზია.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

თევზჭერის ბიზნესს ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევენ, ისინი კი „ოცნებას“ სწირავენ ფულს

„ორგანიზაციაში – „აწარმოე საქართველოში“ არ არის დანერგილი კონტროლის სრულყოფილი მექანიზმები; არსებობს მაღალი რისკი, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლოს ბენეფიციარების მხრიდან ხელშეკრულებების პირობების დარღვევის აღმოჩენა და დარღვევაზე დროული რეაგირება. შედეგად, იზრდება პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხის არამიზნობრივად განკარგვის რისკი,“ – აღნიშნული იყო სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთ ბოლო დასკვნაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: