მთავარი,სიახლეები

„ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას“ – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ მოხალისეებზე

21.03.2022 • 2645
„ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას“ – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ მოხალისეებზე

დღეს, 21 მარტს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არ გამოუცხადა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მოხალისეების ოჯახებს სამძიმარი და აპირებს თუ არა მთავრობა მათ გმირის წოდება მიანიჭოს.

„მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. სამი ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ზოგიერთი მათგანი, ჩემი ინფორმაციით, იბრძოდა ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, აგვსიტოს ომში… სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადმოსვენება საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს“, – განცხადა  ღარიბაშვილმა და დაგვიანებულ სამძიმარზე შემდეგი განმარტა: „დღეს გამოვჩნდი საზოგადოებასთან და როცა მომეცა საშუალება, მაშინ გამოვხატე ჩემი პოზიცია…“

რაც შეეხება დაღუპულებისთვის გმირის წოდების მინიჭებას, ღარიბაშვილმა განაცხადა: „ასეთ საკითხებს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ. თუმცა მინდა მოგიწოდოთ ყველას თხოვნით, რომ ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით ნუ გააგრძელებთ სპეკულირებას. ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, ეს იწვევს შუღლს, საზოგადოების დაბნევას, მოსახლეობის დაძაბვას. არ არის საჭირო ამ გარდაცვლილი ბიჭების სიკვდილით მანიპულირება საზოგადოების გრძნობებზე და ემოციებზე“.

რაც შეეხება სამძიმარს, ღარიბაშვილის თქმით, „როგორც საჭიროა ისე უნდა დავაფასოთ თითოეული გარდაცვლილი, ასე უნდა მოვიქცეთ, ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ჩვენ ყველანი“.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისეების – გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისში მოქალაქეებმა, სადაც უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვიც იმყოფებოდა. მან დაღუპულთა სურათებთან გვირგვინი მიიტანა.

___

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/397953/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: