მთავარი,სიახლეები

რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სახლებიდან ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს

21.03.2022
რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სახლებიდან ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს

უკრაინელი ჟურნალისტების თანახმად, ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ოკუპანტებმა ჟურნალისტების გატაცება დაიწყეს. ამის შესახებ დღეს დილით დაწერა ერთ-ერთი ჟურნალისტის შვილმა, ტატიანა კუმოკმა. მშობლების გატაცების ცნობიდან რამდენიმე საათში თავად ტანიაც გაუჩინარდა.

„დღეს დილით ოკუპანტებმა მამა გაიტაცეს… მიხაილ კუმოკი. მიხაილ კუმოკი პენსიაზე გასვლამდე იყო ჰოლდინგის ხელმძღვანელი, რომელიც ფლობს გაზეთს, ვებგვერდს და რაც მთავარია – სტამბას.

შეიარაღებულმა პირებმა სახლებში მიაკითხეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ჟურნალისტები – იულია ოლხოვსკაია და ლიუბოვ ჩაიკა, გაზეთ „მელიტოპოლსკი ვედემოსტის“ გამომცემელი, მიხაილ კუმოკი და მთავარი რედაქტორი, ევგენი ბორიანი.

ალბათ, ოკუპანტები ცდილობენ [ისინი] დაითანხმონ თანამშრომლობაზე. ჯერჯერობით არც ერთი გატაცებული არ დაგვკავშირებია. ვერც დედას ვუკავშირდებით. მშობლების სახლთან დგას ოკუპანტების მანქანა.

მე უსაფრთხოდ ვარ“, – ეს უკრაინელმა ქალმა, ტატიანა კუმოკმა 5 საათის წინ დაწერა ფეისბუქში.

ერთი საათის წინ კი უკრაინელმა ჟურნალისტებმა თავად ტატიანას გაუჩინარებაზე დაიწყეს წერა. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ გაიტაცეს ტატიანაც, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ანტისაოკუპაციო აქციებში.

ჟურნალისტი წერს:

„ტანია კუმოკი ლამაზი და ჭკვიანი უკრაინელი ებრაელია. რუსეთის შემოსევის შემდეგ, რაც მისი მშობლიური ქალაქი, მელიტოპოლი, რუსულმა ჯარებმა და „კადიროველებმა“ დაიპყრეს, ის გმირი გახდა. ის გამოდის ქალაქის ქუჩებში, რათა საჯაროდ განაცხადოს – არა რუსულ ოკუპაციას.

მან მთელ მსოფლიოს უთხრა რა ხდება, როგორია ოკუპაციაში ცხოვრება. როდესაც ტანია პირველად გამოჩნდა ეთერში, ჩართვა ტელეფონით შევთავაზეთ, სახელისა და გვარის გარეშე, რადგან ეს საშიშია. მან დაჟინებით მოითხოვა: „სახეს არ დავმალავ“. კითხვაზე „რატომ?“ – მან თქვა:

„მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ებრაელი ვარ. ძალიან კარგად ვიცი ჩემი ხალხის ისტორია, ვიცი, როგორ დაიწყო ის, რაც, სამწუხაროდ, დასრულდა 6 მილიონი ებრაელის გაზის ღუმელში გაგუდვით. სამწუხაროდ, მე ახლაც ხალხის განადგურების დასაწყისს ვხედავ. ასე დაიწყო ჰოლოკოსტი, ზუსტად მსგავსი მოვლენებით, რაც, სამწუხაროდ, ახლა უკრაინაში, მელიტოპოლში ხდება.

15 წლის ვიყავი, როცა ექსკურსიაზე წავედი ოსვენციმში. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დღეს ისრაელელები სწავლობენ (მე ისრაელის მოქალაქე ვარ), ის არის, თუ როგორ დაუშვეს ებრაელებმა ჰოლოკოსტი? აი, ასე: ჩუმად იყვნენ და სიმართლის თქმის ეშინოდათ. ფიქრობდნენ, სიჩუმით „გამოძვრებოდნენ“, ფიქრობდნენ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდებოდა. იქამდე არ დაიცვეს თავი, როცა თავის დაცვა ძალიან გვიანი არ იყო. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ თუ რამე – არ გავჩუმდები“.

უკრაინის ქალაქი მელიტოპოლი ერთ-ერთია ოკუპირებულ ქალაქებს შორის, სადაც ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.

___

მთავარი ფოტო: მამა-შვილი მიხაილ და ტატიანა კუმოკები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: