მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება

28.02.2022 • 1099
ჯანმო: უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის მარაგი იწურება

უკრაინაში იწურება სამედიცინო ჟანგბადის მარაგი, რომელიც აუცილებელია მძიმე პაციენტებისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 27 თებერვალს, კვირას, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის ხელმისაწვდომობა ძალიან საშიშ წერტილს უახლოვდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქ კიევში, სატვირთო მანქანებს არ შეუძლიათ ჟანგბადის გადატანა ქარხნებიდან საავადმყოფოებში. საავადმყოფოების უმრავლესობაში ჟანგბადის მარაგები შესაძლოა 24 საათში ამოიწუროს. ზოგიერთ სტაციონარში ჟანგბადი უკვე ამოიწურა. ეს საფრთხეს უქმნის ათასობით ადამიანის სიცოცხლეს”  – იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ჯანმოს ცნობით, უკრაინაში სამედიცინო ჟანგბადის გენერატორების ზოგიერთ მწარმოებელს აქვს ქიმიური ნივთიერების ნაკლებობა, რაც საჭიროა უსაფრთხო სამედიცინო ჟანგბადისთვის, ამიტომ, აუცილებელია ამ ქიმიური ნივთიერების უსაფრთხო მიწოდება ქარხნებში უცხოეთიდან. 

პაციენტებისთვის რისკი იზრდება იმითაც, რომ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისების მიწოდებას აფერხებს ელექტროენერგიის გათიშვა და, ასევე, რისკი, რომ პაციენტების გადამყვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მოყვებიან ცეცხლქვეშ.

“უკრაინაში კრიზისის დროს ჯანდაცვის სისტემები და ჯანდაცვის დაწესებულებები უნდა იყოს დაცული, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, ხოლო ჯანდაცვის მუშაკები დაცული უნდა იყვნენ, რათა შეეძლოთ სიცოცხლის გადარჩენა.“ – წერს ჯანმო.

ჯანმო ეხმარება უკრაინის ჯანდაცვას ქვეყანაში ჟანგბადის მომარაგების მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის იდენტიფიცირებაში – ვარაუდობენ, რომ საჭირო იქნება 20- 25%-ით მეტი მოცულობის ჟანგბადი, ვიდრე ეს გასულ კვირას, კრიზისის ესკალაციამდე იყო საჭირო.

ჯანმომ განაცხადა, რომ შეეცდება მარაგების მოცულობის გაზრდას, რაც, დიდი ალბათობით, გულისხმობს რეგიონული ქსელის ქვეყნებიდან ჟანგბადის (თხევადი და ბალონის) იმპორტირებას. თუმცა ამ მარაგებს დასჭირდება უსაფრთხო ტრანზიტი.

უკრაინაში 600 სამედიცინო დაწესებულებაა. გავრცელებული ცნობებით უკრაინაში, საომარი მოქმედებების დროს, რუსეთის მიერ იბომბება კლინიკებიც.


ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Darek Delmanowicz

გადაბეჭდვის წესი


ასევე: