ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი 20 ბავშვია მხოლოდ ამ ეტაპზე სკოლებში ჩარიცხული. აქედან ორი ბავშვი საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, 18 კი – კერძო სკოლაში.
ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, სკოლებს ამ დრომდე 30-ზე მეტმა უკრაინიდან ლტოლვილმა მშობელმა მიმართა.
„უკრაინელი ბავშვები ჩაირიცხნენ კერძო სკოლაში – „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, რადგან ამ სკოლას აქვს რუსული სექტორი. საჯაროში კი, ჯერჯერობით მხოლოდ ორი ბავშვის ჩარიცხვა მოხერხდა,“ – გვითხრა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ.
მისი თქმით, ზოგიერთ ლტოლვილ ბავშვს კერძო სკოლა უფასოდ ასწავლის, ზოგიერთს კი სწავლის საფასურის გადახდა მოუწევს.
„კერძო სკოლა ფასიანია, რა თქმა უნდა, და ჩვენ ამ ნაწილში ვერ ჩავერევით, მაგრამ სკოლას ვთხოვეთ, რომ მაქსიმალურად გაეწია ბავშვებისთვის შეღავათი. როგორც ვიცით, ბავშვების ნაწილი გადახდისუნარიანია და იხდის სწავლის საფასურს, ნაწილს შეღავათს გაუწევენ და უფასოდ ისწავლიან,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.
„ბათუმელები“ „გიმნაზია 21-ე საუკუნეს“ დირექტორსაც ესაუბრა. სკოლის დირექტორის, ირინა ქიქავას თქმით, სკოლაში სწავლის წლიური გადასახადი დაახლოებით 4 ათასი ლარია, თუმცა უკრაინელ ბავშვებს სწავლის საფასური გაუნახევრდათ.
„თუ ოჯახიდან სამი ბავშვი შემოდის, ორს გაუნახევრდება საფასური, ერთი კი უფასოდ ისწავლის. დღეს მოვიყვანეთ უკრაინული ენის მასწავლებელიც, რომ პატარა ასაკის ბავშვებს ჰქონდეთ მშობლიური ენის უკეთ დაუფლების შესაძლებლობა.
დღეს 18-ზე მეტი განცხადება შემოვიდა სკოლაში, თუმცა ავტორიზაციით ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ბავშვების რაოდენობა და ძალიან ბევრს ვერ მივიღებთ. სამომავლოდ ვნახოთ რა იქნება,“ – გვითხრა ირინა ქიქავამ.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ლტოლვილი ბავშვების ოჯახები ვეღარ შეძლებენ კერძო სკოლის სწავლის საფასურის დაფარვას? – გოჩა დავითაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო მათ ყურადღების გარეშე არ დატოვებს.
„ვიცით, რომ სახელმწიფომ გაამარტივა უკრაინელი ბავშვების სკოლებში ჩარიცხვის წესი და ეს კარგია. ჩვენ ახლა ველოდებით ზუსტ მონაცემებს, თუ რა ასაკის ბავშვები მოგვმართავენ და ამის მიხედვით შეიქმნება ჯგუფები.
ბათუმში სწავლების მხოლოდ ორი სექტორი გვაქვს – ქართული და რუსული, სამწუხაროდ სხვა სექტორებს ვერ შევთავაზებთ უკრაინელ ბავშვებს. ამიტომ, ბათუმის №3 და №7 საჯარო სკოლებში გაიხსნება დამატებით რუსულენოვანი კლასები, მასწავლებლებიც მიიღებენ დამატებით ანაზღაურებას და არც ერთი ბავშვი არ დარჩება სკოლის გარეთ,“ – ამბობს გოჩა დავითაძე.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, გოჩა დავითაძის თქმით, სახელმძღვანელოების გარკვეული ნაწილი სკოლის ბიბლიოთეკებში გამოიძებნება. „თუ პრობლემა შეიქმნება, ბოლოსდაბოლოს, დავაქსეროქსებთ“ – ამბობს ის.
უკრაინელ ბავშვებს და მათ ოჯახებს სახელმწიფო უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებასაც სთავაზობს. „სკოლებში გვყავს მანდატურები და მათ შეუძლიათ შესთავაზონ დევნილ ბავშვებს და მათ ოჯახებს ფსიქოლოგის მომსახურება და სურვილის შემთხვევაში გადაამისამართონ ისინი ცენტრში,“- ამბობს გოჩა დავითაძე.
ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ამ დროისთვის ათ მისამართზეა გახსნილი საქართველოში (თბილისი – 2; თელავი; რუსთავი; გორი; ქუთაისი; ბათუმი; ახალციხე; ფოთი; ზუგდიდი). სურვილის შემთხვევაში ბავშვებმა შესაძლოა გაიარონ როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური კონსულტაცია. ფსიქოლოგის მომსახურების ცხელი ხაზია: 08 00 00 00 88.
საქართველოს განათლების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 19 მარტის მდგომარეობით თბილისსა და სხვა რეგიონებში სკოლებში ბავშვის ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა. სამინისტროს განცხადებით, მათგან საქართველოს სკოლებში უკვე ჩარიცხულია 38 უკრაინელი მოსწავლე.
სამინისტროს განცხადებით, „უკრაინელ ბავშვებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ“. თუმცა ბათუმის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, ეს ასე არ არის, ბათუმში სახელმწიფო მხოლოდ ქართულ და რუსულ ენებზე სთავაზობს მათ განათლებას.