მთავარი,სიახლეები

გენერალი ჩაჩიბაია: რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ბომბავენ ბავშვებს – ბევრში ეს პროტესტს იწვევს

19.03.2022 • 3058
გენერალი ჩაჩიბაია: რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ბომბავენ ბავშვებს – ბევრში ეს პროტესტს იწვევს

როგორ მიმდინარეობს უკრაინაში ომი, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რა მიზნები და ამოცანები გააჩნია რუსეთს და რამდენად რეალისტურია მათი შესრულება, რა როლს შეასრულებს უკრაინისთვის გადაცემული ახალი შეიარაღება ან ომში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მებრძოლების მონაწილეობა. ამ და სხვა კითხვებით „ნეტგაზეთმა“ გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართა:

  • უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მაგალითად, ხარკოვის ფრონტზე ერთგვარი წინსვლა ჰქონდათ, ხოლო გარკვეულ მიმართულებებზე რუსები თავდაცვით პოზიციებში დგებიან, რა შესაძლებლობები აქვს უკრაინულ მხარეს კონტრშეტევაზე ბრძოლისთვის?

უკრაინაში ოპერატიული გარემო მუდმივად ცვალებადია. შეიძლება უყურებდე წარმატებას და პატარა ცვლილებამ ეს წარმატება შეგიტრიალოს.

რუსების შორსმიმავალი ამოცანა კიევის ალყაში მოქცევაა. ამას ისტორიული და სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან კიევს საკუთარ ქალაქად მიიჩნევენ და მდინარე დნეპრზე გასვლა უნდათ.

უახლოესი ამოცანაა დაკავებული ტერიტორიების გამაგრება. ვფიქრობ, რუსული ძალები იმდენად დასუსტდნენ ბოლო დღეებში, რომ ახლა ცდილობენ შეინარჩუნონ დაკავებული ტერიტორიები და შემდგომი შეტევებისთვის პირობები მოამზადონ. რუსეთს განსაკუთრებულად ძლიერი და კარგად აღჭურვილი ქვედანაყოფები ჰყავდა სამხრეთ და დასავლეთ სარდლობებში, თუმცა სწორედ ამ ორმა სარდლობამ განიცადა ძირითადი დანაკარგები, ახლა კი ბრძოლის ველზე მასიურად გადაჰყავს ნაკლებად ძლიერი ქვედანაყოფები აღმოსავლეთი და ცენტრალური სამხედრო სარდლობებიდან, ასევე, მიმდინარეობს მოხალისეების მობილიზებაც.

ისინი ცდილობენ კრიტიკული მასის მობილიზებას, მაგრამ არანაკლები პროცესები მიმდინარეობს უკრაინული მხარის მხრიდან. უკრაინელებიც იღებენ მოხალისეებს და მათაც ჰყავთ კრიტიკული მასა.

მოდი, ვიმსჯელოთ, სად არის მხარეების ძლიერი და სუსტი მხარეები. როდესაც კონტრშეტევაზე ვსაუბრობთ, უკრაინის მხარეს არის მორალი და ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის ნება. რუსეთის მხარეს ეს ასე არ არის, რადგან ყველა რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ისინი ნატოსა და ამერიკის ჯარებს კი არა, უკრაინელებს ებრძვიან, ბომბავენ ქალაქებს, ბავშვებს. ბევრში ეს პროტესტს იწვევს. მათ არ აქვთ ნება, რომ თავი შესწირონ ამ ამოცანებს. ამიტომაცაა, რომ ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახალწვეულებით არიან დაკომპლექტებულნი, ნაკლებად ბრძოლისუნარიანები არიან. ამიტომ ცდილობენ, რომ აქცენტები მოხალისეებზე გააკეთონ.

უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლის ალბათობა დიდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთსაც აქვს ამოცანები. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება დაბომბვები. ისინი შეეცდებიან შეძლებისდაგვარად სწრაფად პროგრესის მიღწევას, რადგან, თუ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიღება გააგრძელა, რუსები ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.

  • მოხალისეების საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი მინდა გკითხოთ ომის სამხრეთი ფრონტის შესახებ. რა სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მარიუპოლს, ასევე ოდესას, და რატომ ვერ შეძლო რუსეთმა შავი ზღვის სანაპიროს სრულიად დაკავება ამ დრომდე? 

მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და, შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.

მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს.

შესაბამისად, ამ ქალაქს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ოდესას, ჩემი ხედვით, ოდესაში რუსული ძალები ვერ შედიან, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აუღიათ მიკოლაევი. სანამ სამანევრო სივრცე არ შეიქმნება, სანამ რუსეთი არ იქნება დარწმუნებული, რომ ფლანგიდანაც აქვს შეტევის მიმართულებები (სანამ რუსული ქვედანაყოფები ოდესას არ მიუახლოვდებიან ხმელეთიდან), მანამდე საზღვაო-სადესანტო ოპერაციას ვერ დაიწყებს, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ სადესანტო ძალები ალყაში აღმოჩნდებიან. ოდესაში დესანტის გადასხმა მაშინაა ლოგიკური, თუ ის ხმელეთიდან მომავალ ძალებს შეუერთდება.

ინტერვიუ სრულად

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: