მთავარი,სიახლეები

ბათუმელი მოხალისე კიევიდან ბათუმს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს

19.03.2022
ბათუმელი მოხალისე კიევიდან ბათუმს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს

„უკვე პურის მიწოდებაც პრობლემაა, აფთიაქში ბამბას და სპირტს ვეღარ იყიდი, დაცარიელებულია ადამიანებისგან კიევი – ცარიელია ქუჩები, ძირითადად სარდაფებში არიან. კაცები მუდმივად ბლოკპოსტებზე ვართ, აქ ვინც დარჩა, ურჩევნია უკრაინის მიწაზე მოკვდეს,“ – გვიყვება კიევში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი მირო ვანაძე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძე, როგორც მოხალისე, პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე დღეა კი, იგი მებრძოლი გახდა და პერიოდულად ბლოკპოსტზე დგას.

„რაღაც პერიოდი ბლოკპოსტზე ვართ, შემდეგ, როცა კომენდანტის საათი იწყება, ქალაქში გამოვდივართ. ღამით თუ ვინმეა ქალაქში, ის დივერსანტია ან „მაროდიორი“… ძირითადად რუსები არიან, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან. როცა ასეთი შემთხვევა გვაქვს, პოლიციას ვუკავშირდებით.

სახლები სრულად დაცარიელებულია. მეც მხოლოდ მობილურის დასატენად თუ შევივლი ისაა. ასეთი ცარიელი კიევის ქუჩები ჯერ არ მახსოვს, ხუთი წელია აქ ვარ.

ვერ ვიძინებთ. ასე მგონია, უკვე აღარავის სძინავს ამ ქალაქში. ყველა დაძაბულია. შესაძლოა, ჩაგეძინოს დაღლილობისგან და აფეთქების ხმამ გამოგაღვიძოს… არ მახსოვს, ბოლოს როდის ჩამეძინა,“ – ამბობს მირო ვანაძე.

ქართველი მოხალისეს თხოვნა აქვს ბათუმელებთან, კონკრეტულად კი სააფთიაქო ქსელებთან:

„წითელი ჯვრის მანქანა უნდა წამოვიდეს ბათუმიდან. შეგიძლიათ მედიკამენტები გადასცეთ წითელ ჯვარს, აქ უკვე კატაბალახაც პრობლემაა, არადა, იმდენ ადამიანს სჭირდება. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ წითელ ჯვარს, ან მე მომწეროთ ფეისბუქში.

ადამიანებს სჭირდებათ საკვებიც, მნიშვნელობა არა აქვს, რა იქნება ეს: პური, ძეხვი, მენიუს არავინ ითხოვს და დესერტს.

ზოგიერთი მაღაზია ღიაა, მაგრამ გადაადგილება ძალიან საშიშია. ხომ ხედავთ, როგორ მოქმედებენ რუსები – პირველ რიგში იქ აგდებენ ბომბებს, სადაც ადამიანებს ხედავენ.

ახლა ძალიან ცუდი სიტუაციაა კიევში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა დაბომბვა, როგორც ახლა, არ ვიცი…“ – ხმა უწყდება მიროს, შემდეგ დასძენს, რომ ხშირად ინტერნეტი პრობლემაა.

მირო ვანაძის დაკვირვებით, ადამიანები, რომლებიც ახლა კიევში არიან, კიევის დატოვებას არ აპირებენ. არც მათი შემართება შეცვლილა:

„თუ ცუდად ხდება ვინმე, მას ლვოვში ვაგზავნით.

მე ვუყურებდი გუშინ, როგორ ხვდებოდნენ ადამიანები [ვიტალი] კლიჩკოს, კიეველებს როგორ უყვართ საკუთარი ხელისუფლება… ალბათ, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არ მიატოვა ისინი. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ“, – დაასრულა მირო ვანაძემ.

——————

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო

კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო

 

კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო

 

კიევი დღეს, 19 მარტს, მირო ვანაძის ფოტო

 

მირო ვანაძე კიევში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: