ნეტგაზეთი • RU

საქართველოში წელს რუსეთიდან 181 მილიონის საქონელი შემოვიდა, გავიდა – 92 მილიონის

2022 წლის ორი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან გატანილია ჩინეთში, შემდეგ კი – რუსეთსა და აზერბაიჯანში. რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ამავე პერიოდში ყველაზე მეტი პროდუქცია შემოტანილია თურქეთიდან, შემდეგ მოდის რუსეთი და მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი.

2022 წლის ორ თვეში საქართველოდან რუსეთში გატანილია ჯამში 92,8 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო ამავე პერიოდში რუსეთიდან შემოტანილია 181,7 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი გაზრდილია 49,9 მილიონი დოლარით, ხოლო რუსეთში ექსპორტი გაზრდილია 30,3 მილიონი დოლარით.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტ-ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებთანაც.

2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ევროკავშირში გატანილია 159 მილიონი დოლარის პროდუქცია, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანილია ჯამში 378 მილიონი დოლარის პროდუქცია.

რაც შეეხება იმპორტს ევროკავშირის ქვეყნებიდან – საქართველოში 2022 წლის იანვარ-თებერვალში შემოტანილია 378 მილიონი დოლარის პროდუქცია [წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ევროკავშირიდან საქართველოში შემოტანილია 259,7 მილიონი დოლარის პროდუქცია].

ექსპორტ-იმპორტი 2021 და 2022 წლის იანვარ-თებერვალში

ექსპორტი საქართველოდან/ წყარო საქსტატი

იმპორტი საქართველოში / წყარო საქსტატი

ქვეყნების მიხედვით პირველი სამეული, 

სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა 2022 წლის იანვარ-თებერვალში:

  • ჩინეთი – 95,4 მილიონი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 92,8 მილიონი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 92,3 აშშ დოლარი

საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოვიდა 2022 წლის იანვარ-თებერვალში:

  • თურქეთი – 294,4 მილიონი აშშ დოლარი
  • რუსეთი – 181,7 მილიონი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი – 156,7 მილიონი აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტ-ექსპორტს უკრაინასთან: 2022 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინიდან საქართველოში შემოტანილია 68 873 800 აშშ დოლარის პროდუქცია, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოდან უკრაინაში გატანილია 47 581 700 დოლარის პროდუქცია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ [არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე] მთლიანობაში 760.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ამავე თემაზე:

საქართველოდან რუსეთში გატანილია 42 მლნ-ის, ხოლო შემოტანილია 85 მლნ-ის პროდუქცია 

ასევე შეგიძლიათ ნახოთ:

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com