მთავარი,სიახლეები

რა პრობლემებზე საუბრობენ დედები ხულოდან, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ

23.03.2022 • 1176
რა პრობლემებზე საუბრობენ დედები ხულოდან, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ

რა პრობლემებზე საუბრობენ ხულოში მცხოვრები ის დედები, რომლებიც შშმ შვილებზე ზრუნავენ?

  • თეონა, 1o წლის თიკას დედა 

32 წლის თეონა საგინაძე ხულოში, სოფელ ღურტაში ცხოვრობს. თეონას შვილი, თიკა, 10 წლისაა. თიკა 9 თვის იყო, როცა ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.

თიკა ახლა უკვე მეოთხე კლასშია, თუმცა სკოლაში ვერ დადის, რადგან გადაადგილება უჭირს, ამიტომაც მასწავლებელი მასთან მიდის და გაკვეთილებს სახლში უტარებს.

„თიკა ახლა 11 წლის ხდება, ვერ დადის, ყველაფერი უჭირს. სკოლაში ვერ დამყავს და მასწავლებელი სახლში ასწავლის პირველი კლასიდან, უკვე მეოთხე კლასშია. ცოტა წერა უჭირს, რადგან მარჯვენა ხელზეც აქვს პრობლემა, კითხვით კარგად კითხულობს და მეტყველებაც კარგი აქვს“, – ამბობს თეონა.

თეონა საგინაძე

თიკას ოჯახის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის ხულოში არ არსებობის გამო იძულებულნი არიან თიკასთვის საჭირო სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ბათუმში ჩავიდნენ.

ოჯახს ბათუმში დასარჩენი არ აქვს და ყოველ მეორე თვეს, 10 დღით, ბათუმში ახლობელთან რჩებიან – ამ პერიოდულობით სჭირდება თიკას სარეაბილიტაციო კურსის გავლა. თეონა ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, წლების განმავლობაში თიკას არც ერთი სარეაბილიტაციო კურსი არ გაუცდენია.

„ხულოში რომ იყოს სარეაბილიტაციო ცენტრი, მოხარული ვიქნები. როცა ბათუმში ჩავდივარ, ბავშვი ფსიქოლოგთანაც დამყავს, ლოგოპედთანაც.

წინსვლა გვაქვს, ოპერაცია სჭირდება ჩემს შვილს. ექიმს ველოდებით, თბილისში ჩამოდის თურქეთიდან და  გვინდა, რომ თიკას ოპერაცია მან  ჩაუტაროს. ოჯახი ხარჯს ვერ გავწვდებით, დაფინანსების იმედი გვაქვს:

აქამდეც მიგვიმართავს ხულოს მერიისთვის დახმარების სათხოვნელად და დავუკმაყოფილებივართ, მაგალითად, ეტლი გვინდოდა, მივმართეთ განცხადებით და ავიღეთ. ამ დრომდე ერთი ოპერაცია ჩაუტარდა ბავშვს და მაშინაც დაგვეხმარნენ“.

თეონა ამბობს, რომ ბათუმში გადასვლაზეც უფიქრიათ, რათა თიკამ რეაბილიტაციის კურსის გავლა უფრო მარტივად შეძლოს, მაგრამ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

იგი გვიყვება, რომ ცდილობს თიკას სოციალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეს, ამიტომ მეზობლებთანაც დაჰყავს და ახლო სოფლებშიც – შეძლებისდაგვარად. თიკას ახალი ეტლი სჭირდება, რადგან ძველი უკვე დაზიანდა. თეონა ამბობს, რომ აპირებს მუნიციპალიტეტს ისევ მიმართოს ეტლისთვის.

  • ლია, 19 წლის ლიზას დედა

ლია შავაძე 19 წლის ლიზა ბოლქვაძის დედაა. ლიზა 4 წლის იყო, როცა მას ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაუსვეს.

ლია და ლიზაც ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობენ.

ლია ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან ერთად სოფელში ცხოვრება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ძვირია წამლებიც.

„ლიზას დაბადებიდან ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

მე მასწავლებელი ვარ, ჩემი ქმარი ბაღში მუშაობს და ასე თუ ისე ვახერხებთ, რომ ლიზას საჭიროებები დავაკმაყოფილოთ და სათანადო ყურადღება დავუთმოთ, მაგრამ არიან ოჯახები, რომელთაც ჩვენთან შედარებით უჭირთ და ვერ ახერხებენ იზრუნონ ბავშვზე. წასვლაა, მოსვლაა, ბევრი რამეა… ახალგაზრდები არიან, ყველაფერი აინტერესებთ.

ლია და ლიზა

ხულოს მუნიციპალიტეტში არ არის სივრცე  შშმ ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სადაც თავშეყრას, ერთმანეთის გაცნობას და  ინტერესების გაცვლას შეძლებდნენ.  მუნიციპალიტეტში უნდა იყოს ერთი ოთახი მაინც გამოყოფილი მათთვის, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ინტერესები გაუზიარონ და ა.შ.

რამდენიმე შშმ ბავშვის მშობლებთან ვმეგობრობ, დაახლოვდნენ ჩვენი შვილებიც და ინტერნეტით უკავშირდებიან ერთმანეთს. ინტერნეტიც საკმაოდ პრობლემაა ჩვენთან და თან ძვირიც გვიჯდება“, – ამბობს ლია.

ლიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მშობლების მომზადება, რომლებსაც სპეციალური საჭიროებების მქონე შვილები ჰყავთ, რათა უნებლიე შეცდომები არ დაუშვან ბავშვებთან ურთიერთობისას.

ოჯახს ექიმმა ურჩია, რომ ლიზა ტალახის აბაზანებზე წაეყვანათ, თუმცა ამას ხშირად ვერ ახერხებენ. ლიას თქმით, ოჯახს ბევრი პრობლემა აქვს და ამასთან, ლია სამსახურსაც ვერ ტოვებს დიდი ხნით.

ლიაც, სხვა მშობლების მსგავსად, ხულოში რეაბილიტაციის ცენტრის საჭიროებაზე საუბრობს:

„ლიზა ბათუმის რეაბილიტაციის  ცენტრში დამყავდა. ახლაც საჭიროა, რომ წავიყვანო, მაგრამ ზამთარია და ვერც სამსახურს ვერ ვტოვებ.

ლიზას შეუძლია სიარული, მაგრამ დახმარება სჭირდება. ეტლით მოსარგებლეებისთვის  გაცილებით რთულია გადაადგილება. ხულოში და ხულოსგან მოშორებით მდებარე  სოფლებში მცხოვრები ამ ადამიანებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი ტრანსპორტი, რომ შეძლონ გადაადგილება“, – ამბობს ლია.

იგი წუხს, რომ ხულოში არ არის ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირების საჭიროებაზე იზრუნებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: