მთავარი,სიახლეები

ვითხოვთ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ოჯახის წევრი დაზარალებულად ცნონ – ენმ

22.03.2022 • 1041
ვითხოვთ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ოჯახის წევრი დაზარალებულად ცნონ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე მისი ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს, 22 მარტს, საკრებულოს წინა მოწვევის წევრმა, იურისტმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა.

გარდა ამისა, ენმ ითხოვს დაჩქარდეს გამოძიება – ამ ორი მოთხოვნით პარტიამ დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართა.

„ვითხოვთ დაჩქარდეს გამოძიება, რომელიც არ მიმდინარეობს და ამასთანავე მათე ფუტკარაძე [შვილი] ცნონ უფლებამონაცვლედ. შეიძლება ჩვენს პოზიციას არ იზიარებს პროკურატურა, ხელისუფლება და ასე შემდეგ, მაგრამ, ის, რომ მათ დაიწყეს გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით – ამ მუხლით ხომ თვითონ დაიწყეს გამოძიება… თუ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ჰქონდა ადგილი, დაზარალებულად ხომ უნდა ცნო ადამიანი, მაგას ვითხოვთ ჩვენ.“

დაზარალებულად ცნობა ერთგვარი საშუალებაა, რომ ოჯახის წევრს, დაინტერესებულ პირს, ჰქონდეს წვდომა გამოძიების მასალებთან.

ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 ნოემბერს აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატია #4 მაჟორიტარულ ოლქში თვითმმართველობის არჩევნებზე. სწორედ ამ ოლქს წარმოადგენდა ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში, თუმცა მის გარდაცვალებამდე საკრებულო არ შეკრებილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: