მთავარი,სიახლეები

„ალტ-ინფოს წარმომადგენლები მემუქრებოდნენ“ – მოქალაქე პოლიციამ გამოკითხა

23.03.2022
„ალტ-ინფოს წარმომადგენლები მემუქრებოდნენ“ – მოქალაქე პოლიციამ გამოკითხა

მოქალაქე ნიკა რომანაძე ამბობს, რომ მას „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ემუქრებიან.

„მითვლიდნენ მუქარებს, შეურაცხმყოფელ ტექსტებს მიწერდნენ და მაგინებდნენ ფეისბუქის პირად გვერდზე,“ – გვიყვება ნიკა რომანაძე. ის გუშინ, 22 მარტს, ქობულეთში, „ალტ-ინფოსთან“ გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

22 მარტს „ალტ-ინფოს“ წარმადგენლებმა ქობულეთში, აქციაზე მისულ მოქალაქეებს სცემეს. დაკავებულია ათამდე პირი. ნიკა რომანაძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის აქციის მონაწილეც იყო: „შეეშალათ და აქციის მონაწილეც დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.“

ნიკა რომანაძის თქმით, მოქალაქეებს არ სურთ ქობულეთში რუსეთის მომხრე ორგანიზაციის ოფისი გაიხსნას: „ამიტომაც ჩვენ ვცადეთ მოლაპარაკება ჯერ ფართობის მეპატრონესთან, შემდეგ მათ წარმომადგენელთან.“

ნიკა რომანაძის ინფორმაციით, აქცია უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი:

„აქციაში მონაწილეობდნენ ქალები, ბავშვები, იყვნენ დროშებით და ბუშტებით.  ამ აქციის მთავარი გზავნილი იყო – არა რუსეთს და არა ოკუპაციას. გავაჟღერეთ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის ჰიმნი. ორმოცდაათამდე ადამიანი ჰყავდათ ჩამოყვანილი, კუნთმაგარი ბიჭები სხვადასხვა რეგიონიდან და ზურგიდან დაგვარტყეს, ბავშვებს ჯოხები გადაამტვრიეს და ეს კადრებშიც ჩანს“.

ნიკა რომანაძე ამბობს, რომ მის დაშინებას მუქარითა და მუქარის შემცველი კომენტარებით ცდილობდნენ, ამიტომაც პოლიციას მიმართა. გუშინ, 22 მარტს, საღამოს იგი გამოკითხეს და ნიკა ელოდება, რომ ისევ დაუკავშირდებიან პოლიციიდან.

_______________

ტელევიზია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა 2021 წლის ნოემბერში დააფუძნეს პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

„კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას“ საოფისე ფართობი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

„ალტ-ინფოს“ ორგანიზებით ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: