მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„კოლუმბია შიფმენეჯმენტი“ თავის ხომალდებზე მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს

22.03.2022 • 1736
„კოლუმბია შიფმენეჯმენტი“ თავის ხომალდებზე მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ს დირექტორატთან, გემთმფლობელ კომპანიასთან მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების მიმართულებით თანამშრომლობის გაღმავებასა და ქართველი მეზღვაურების ქვოტის გაზრდაზე შეთანხმდენენ. სწორედ, აღნიშნულ მიზანს მოემსახურება მემორანდუმი, რომელსაც მხარეებმა მოეწერეს ხელი.

– „დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა „კოლუმბია შიპმენეჯმენტის“ დირექტორატთან, რომლებთან ერთადაც გადავწყვიტეთ, რომ ისინი 10%-ით გაზრდიან თავიანთ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებლს.

აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს გერმანულ-კვიპროსულ კომპანიას და გამოირჩევა ძალიან მაღალი სოციალური პირობებით, და შესაბამისად, ღირსეულად ასაქმებენ ჩვენს მეზღვაურებს“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

დღეის მონაცემებით 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁-ი 1000-ზე მეტ ქართველ მეზღვაურს ასაქმებს. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტის განცხადებით, ამ რიცხვის მინიმუმ 10%-ით ზრდას გეგმავენ. აღსანიშნია, კომპანიის გააქტიურება საკრუინგო ბიზნესში ქართველების დასაქმების მიმართულებითაც.

თამარ იოსელიანის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და გემთმფლობელს შორისაც, რაც პირველ რიგში, კადეტების საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზე აისახება. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ აკადემიის რექტორს, მურთაზ დევაძეს და სტუდენტებსაც გაესაუბრნენ.

– „დღესვე მიიღო დავალება საზღვაო აკადემიამ, რათა გააღრმავოს თანამშრომლობა „კოლუმბია შიპმენეჯმენტთან“, ხოლო კომპანიისგან მივიღეთ დაპირება და უკვე შეირჩა 40 სტუდენტი იმისათვის, რომ გაიარონ წვრთნები საერთაშორისო ნაოსნობაში. ეს არის ის მინიმალური ციფრი, რომელიც ყოველწლიურად გაიზრდება“, – აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეს ჰაჯიპეტროვი და საოპერაციო ჯგუფის ხელმძღვანელი და საზღვაო დირექტორი, კაპიტანი ლეონიდ ზალენსკი ქართველ მეზღვაურებს შეხვდნენ და კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნეს კომპანიის მფლობელობასა და მართვაში არსებულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების ზრდასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე.

გემთმფლობელი კომპანიის ხელმძღვანელი პირების განცხადებით, საქართველო იყო და რჩება სანდო და პროფესიონალი კადრების მიწოდების მნიშვნელოვან წყაროდ.

„კოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც დღეის მდგომარეობით მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს, ახორციელებს 380-მდე გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა და დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი. 𝗖𝗼𝗹𝘂𝗺𝗯𝗶𝗮 𝗦𝗵𝗶𝗽𝗺𝗮𝗻𝗮𝗴𝗲𝗺𝗲𝗻𝘁 1999 წლიდან დღემდე ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია.

გადაბეჭდვის წესი