მთავარი,სიახლეები

რა სურს ჩინეთს

22.03.2022 • 2264
რა სურს ჩინეთს

რა პოზიციას დაიჭერს ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომში, ამას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საინტერესოა იმის ცოდნა, რა სურს ჩინეთს თანამედროვე მსოფლიოში. „ბათუმელების“ კითხვებს „საერთაშორისო ურთიერთობათა პოლონური ინსტიტუტის“(PISM) აზია-წყნარი ოკეანის პროგრამის ანალიტიკოსი, მარჩინ პჩიხოდნიაკი პასუხობს.

  • ბატონო მარჩინ, რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით, თუ შეიძლება ზოგადი მონახაზი რომ გავაკეთოთ – როგორია ჩინეთის როლი მსოფლიოში, როგორ ხედავს მას თავად ჩინეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ის ქვეყნები, რომლებმაც გაეროს რეზოლუციას რუსეთის ქმედებების დასაგმობად მხარი არ დაუჭირეს.

ამ საკითხზე შეიძლება საათობით ვისაუბროთ, თუმცა მოკლე მონახაზი რომ გავაკეთოთ, ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკაზე, რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი მას პირველ ეკონომიკადაც მიიჩნევს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მოსალოდნელია გახდეს მსოფლიოს სუპერსახელმწიფო რამდენიმე წელში – თუ შევხედავთ ჩინეთის პოლიტიკას, რა პროცესებიც მიმდინარეობს ჩინეთში და მის საგარეო პოლიტიკაში, დავინახავთ, რომ ამის პერსპექტივა არსებობს.

თუ მეკითხებით, ჩინეთი როგორ მოიაზრებს საკუთარ თავს – ის თავს მსოფლიოს ცენტრად მოიაზრებს, მომავალ ზესახელმწიფოდ, რომელიც შეცვლის მსოფლიო წესრიგს თავისი ინტერესების შესაბამისად, მათ შორის, რუსეთთან ერთად.

რასაკვირველია, ცდილობს საკუთარი თავი გლობალურად წარმოაჩინოს სხვა ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ იცის მისი მისწრაფებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, არ არის მიღებული პოზიტიურად. ჩვენ ვხედავთ ამ დილემას და ორმაგ პოლიტიკას, რაც ხდება აშშ-სთან დაპირისპირებასა და რუსეთთან კოლაბორაციაში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღიქვამენ მას სხვები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისზე ვსაუბრობთ. არსებობს ეს დაყოფა დასავლეთსა და ე.წ. აღმოსავლეთს შორის. მათ შორის დასავლეთშიც არის განსხვავებები – საგარეო პოლიტიკის განსხვავებები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. თუმცა ისინი მაინც წარმოადგენენ ერთ ტრანსატლანტიკურ ბლოკს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასე გააერთიანა უკრაინაში ომმა, რაც ასევე დიდი სიურპრიზი უნდა იყოს ჩინეთისთვის.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ეს (დასავლეთის) ბლოკი, რომელიც შეიძლება არ იყოს ძალიან მყარი საგარეო პოლიტიკის კუთხით, თუმცა ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული  – ლიბერალური წესრიგის გამზიარებელი ერთობა (ძალიან ზოგადად რომ განვიხილოთ) ავტოკრატიებთან, მაგალითად, რუსეთთან შედარებით. გვაქვს ჩინეთი და მათ შორის მეტოქეობა.

მე არ წავიდოდი ძალიან შორს და არ დავუძახებდი ამას ერთგვარ „ცივ ომს“… რეალობა განსხვავებულია და ისტორია აუცილებლად 100%-ით არ იმეორებს თავის თავს – არსებობს განსხვავებები. ასეა თუ ისე, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთის პოლიტიკის საპასუხოდ თანამშრომლობა აშშ-სა და ევროკავშირს შორის იზრდება და ეს ზრდა დაჩქარებულია. დაჩქარება თავად ჩინურმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომელიც არა 10 წელზე მეტი, მაგრამ მაინც მრავალი წლის განმავლობაში ძალიან აგრესიულადაა მიმართული არა თანამშრომლობისკენ, არამედ დაპირისპირებისკენ.

  • დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთი დემოკრატიისთვის საფრთხე. ასევე, ჩვენ გვახსოვს, როგორ განაცხადა პეკინმა, რომ იგი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე აშშ და დასავლეთი. რომ მისი დემოკრატია უფრო „ნამდვილია“. თქვენ როგორ ხედავთ – არის ჩინეთი საფრთხე დემოკრატიისთვის?

ეს ძალიან ვრცელი საკითხია. თუ ვეცდებით ამის ძალიან ზოგადი მონახაზის გაკეთებას, საკითხი ასე დგას: ეს არის იდეოლოგიური მეტოქეობა. ჩემი რწმენით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის. მეტიც, გავრისკავ და ვიტყვი, რომ ეს (იდეოლოგიური მეტოქეობა) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკა. ევროკავშირი არის უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთისთვის და ასევე, არის აშშ, რომელიც სანქციებამდე იყო ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და ახლაც კი რჩება ტექნოლოგიურ პარტნიორად.

პრაგმატულად ჩინეთს არ აწყობს მათთან იდეოლოგიური დაპირისპირება, კონფლიქტში ან მეტოქეობაში ჩართვა, მაგრამ ის ამას მაინც აკეთებს. როცა ისმის კითხვა, მნიშვნელოვანია თუ არა იდეოლოგია, მე მჯერა – მნიშვნელოვანია.

სი ძინპინამდე, 1998-ის შემდეგ, როდესაც იყო დებატები ჩინეთსა და დასავლეთს შორის, ჩინეთი უმეტესად პასუხობდა, რომ დიახ, ვიცით, თქვენი გადაწყვეტილებები, თქვენი პოლიტიკური სისტემები, თქვენი კრიტიკა და თქვენი შეთავაზება… ჩვენ ვიცით, ეს შესაძლოა არის გზა, რაღაც როგორ უნდა კეთდებოდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს – ეკონომიკური პრობლემები, უნდა განვავითაროთ ის და შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, როგორიცაა პოლიტიკური ცვლილებები.

ეს იყო ძირითადი ნარატივი სი ძინპინამდე და მანამდეც, კრიტიკის ღიად უარყოფის ნაცვლად იმის თქმა, რომ ჩინეთს თავისი გზა აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი მრავალი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეა, რომელთა ნაწილი ეხება ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს… და ჩინეთმა გადაწყვიტა ხელმომწერი ყოფილიყო, მათი რატიფიცირება მოეხდინა. ეს აჩვენებს, რომ ცდილობდა აჰყოლოდა არსებულ საერთაშორისო წესრიგს, ყოფილიყო მისი ნაწილი. ახლა კი არ მგონია, ასე იყოს.

თანამედროვე ჩინეთს არ სურს იყოს არსებული საერთაშორისო წესრიგის ნაწილი, მას სურს შექმნას საკუთარი. გვაქვს დებატები არა იმაზე, ჩინელები როგორ შეცვლიან თავიანთ ე.წ. დემოკრატიას ინტერნაციონალურობისკენ, არამედ ისინი წარმოადგენენ თავიანთ პოლიტიკურ სისტემას, როგორც რაღაც უკეთესს, რასაც „სახალხო დემოკრატიას“ ეძახიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ჩინეთში არ არსებობს არანაირი დემოკრატია. ეს, უბრალოდ, პროპაგანდაა, ნარატივია. ამას ვერც შეადარებ დემოკრატიას მაშინაც კი, თუ გავითვალისწინებთ ფილოსოფიურ მსჯელობას დემოკრატიაზე და იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ის.

რასაკვირველია არსებობს განსხვავებული დემოკრატიები, მაგრამ მაინც შეუძლებელია ჩინეთს დემოკრატია ვუწოდოთ. თუმცა ვფიქრობ, ისინი (ჩინეთი) ამას სერიოზულად იღებენ, ძალიან დიდ ძალისხმევას დებენ იმაში, რომ მაქსიმალურად წარმოადგინონ, როგორაა მათი სისტემა უკეთესი, უფრო და უფრო მეტს საუბრობენ ამაზე. მათ სურთ არათუ შეცვალონ თავიანთი სისტემა, არამედ შემოგვთავაზონ უკეთესი ყველა მიმართულებით.

  • არსებობს დისკუსიები, რომ ჩინეთს უფრო ეკონომიკური ექსპანსია აინტერესებს, ვიდრე იდეოლოგიური…

ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. რა თქმა უნდა, მესმის ლოგიკა, რომ ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ჩინეთს არც ჰქონდეს პოლიტიკური ექსპანსიის პოტენციალი. რასაკვირველია, სამხედრო ექსპანსია შეიძლება, როგორც რუსეთი… მაგრამ ვერ ვრწმუნდები, რომ ეკონომიკური ინტერესია მთავარი, რადგან რასაც ვხედავთ – ჩინეთის პოლიტიკა ევროკავშირთან დაკავშირებით არ მიჰყვება ჩინეთის ეკონომიკურ ინტერესებს.

ჩვენ ვხედავთ ევროპის საკითხების ცოდნის ნაკლებობას, გვაქვს (ჩინეთის მიერ) იდეოლოგიურ ჭრილში დანახული ევროპა და საერთაშორისო სიტუაცია. ეს არ არის მხოლოდ ოფიციალური განცხადებები, არამედ მთელი დებატებია, რომელსაც ჩინეთი, ძირითადად,  აკონტროლებს: გვაქვს მთელი აკადემია დებატების ე.წ. Thinktank-ები, რომლებიც იყენებენ პროპაგანდისტულ, იდეოლოგიურ არგუმენტებს, როგორ იყო ფერადი რევოლუციები აშშ-ს მიერ ინსპირირებული… მაგალითად, უკრაინას თუ ავიღებთ, არგუმენტები, რომლებიც მათ არა მხოლოდ სჯერათ, არამედ იციან, რომ მართალია – არგუმენტები, პროპაგანდა, რომლებიც ევროპაში არც კი გვჭირდება ვიკვლიოთ და მეცნიერულად ვამტკიცოთ, რომ მცდარია: უბრალოდ, ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი, მაგალითად, 2014-ში უკრაინაში მომხდარი პროცესების დროს და ჯერ კიდევ მანამდე რევოლუციების დროს.

ძალიან მარტივია დავამტკიცოთ, რომ მცდარია, რასაც პროპაგანდა ამბობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გამოყენებულია დებატებში. ეს მაფიქრებინებს, რომ დებატების, ან მოლაპარაკებების, ან ნებისმიერ იდეათა გაცვლის შესაძლებლობა ძალიან ლიმიტირებულია ჩინელებთან.

  • როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ბევრი ექსპერტი ავლებდა პარალელს უკრაინასა და ტაივანს შორის. მსჯელობდნენ, რომ ტაივანი საკუთარ თავს ხედავს უკრაინის მდგომარეობაში. ამას აშშ-ში ჩინეთის ელჩმა ასე უპასუხა უცნაურია, როგორ შეუძლია ზოგს მხარს უჭერდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამავდროულად მხარს უჭერდეს ტაივანის დამოუკიდებლობას“. მან თითქოს პარალელები შემოატრიალა. როგორ ფიქრობთ, ჩინეთი აპირებს ამ კარტის გათამაშებას ტაივანთან მიმართებაში?

დიახ, მათ სურთ მსოფლიომ განსხვავებული რამ დაინახოს. რა თქმა უნდა, ისინი გამოიყენებენ ნარატივს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. ეს ახალი და განსაკუთრებული არაა ჩინელებისგან. თუმცა, რაც უკრაინაში მოხდა, ვფიქრობ, ამან შეცვალა ჩინეთის აღქმა ტაივანთან დაკავშირებით – ეს არავითარ შემთხვევაში არაა საერთო მიდგომის შეცვლა, მაგრამ ტაივანთან გაერთიანების საკითხი ომმა კიდევ უფრო მეტად შეცვალა. აჩვენა, რამდენად რთული იქნება ტაივანთან ნებისმიერი აგრესიული მიდგომა.

ერთი, რაც საკმაოდ ცალსახაა, უკრაინაში ომმა დაამტკიცა, რომ ქვეყანაში შეჭრა, დაპყრობა და მისი იძულება შეიცვალოს პოლიტიკური სტატუსი, არ არის მარტივი. ჩინური არმია წლებია გადის რეფორმებს, მაგრამ მისი პოტენციალი ჯერ კიდევ შორსაა იმ შესაძლებლობისგან, რომ წარმატებული ოპერაციის ორგანიზება შეძლოს – მაგალითად, ტაივანში შეჭრა, მათ შორის, არასრულმასშტაბიანიც.

გასათვალისწინებელია, რომ ტაივანთან დაკავშირებული პოლიტიკა იმ მცირე ჩამონათვალშია, რომლებიც სი ძინპინს არ შეუცვლია. მას არავითარი ახალი პოლიტიკა და განაცხადი არ შემოუტანია ტაივანზე – მიჰყვება თავის წინამორბედებს. თუმცა, რაც სხვა ექსპერტებისგან მესმის, არის ის, რომ შესაძლოა ჩვენ გავხდეთ ტაივანთან დაკავშირებული ახალი მიდგომების, ახალი იდეებისა და სლოგანების მოწმე ჩინეთის კომუნისტური პარტიის კომიტეტის მე-20 ყრილობაზე. ის ამ შემოდგომაზეა.

ეს იქნებოდა სი ძინპინის მესამე ვადის ერთგვარი გახსნა. ახალი პოლიტიკა ფოკუსირებული იქნება ტაივანელთა დარწმუნებაზე, რომ მიიღონ ჩინეთთან გაერთიანება ეკონომიკურად, პოლიტიკურად, მაგრამ არა იძულებით. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად გონივრული თუ რეალისტურია მსგავსი მიდგომა. მე ვიტყოდი რომ – არა. თუმცა ეს სხვა მსჯელობის ნაწილია და აქ კვლავ შემოდის ჩინეთის შესაძლებლობების საკითხი. ვფიქრობ, ჩინეთი იძულების ნაცვლად დარწმუნების პოლიტიკას აირჩევს.

____

ამავე თემაზე:

ჩინეთის დილემა – რა უფრო აწყობს უკრაინის ომში 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: