მთავარი,სიახლეები

უკრაინიდან ომს გამოქცეული რამდენიმე ოჯახი ბათუმში ღამეს მანქანებში ათევს

22.03.2022 • 40776
უკრაინიდან ომს გამოქცეული რამდენიმე ოჯახი ბათუმში ღამეს მანქანებში ათევს

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დევნილებს უკრაინიდან, რომლებმაც წუხელ ღამე ქუჩაში გაათიეს, არაერთმა ოჯახმა შესთავაზა საცხოვრებელი. მათი თქმით, ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზეს თბილისში, სადაც ისინი აპირებენ გამგზავრებას. 

ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოსთან, უკრაინიდან ჩამოსული სამი ავტომობილი დგას, ავტომობილში ღამეს ათევენ ომს გამოქცეული უკრაინის მოქალაქეები, ერთი დიდი ოჯახი, რომელიც 13 უფროსისგან და 9 ბავშვისგან შედგება.

ეს ოჯახები ბათუმში ოთხი დღის წინ ჩამოვიდნენ უკრაინიდან. სანამ ფული ეყოთ, სასტუმროში ცხოვრობდნენ. გუშინ კი ისინი სასტუმროდან გამოუშვეს, თავშესაფარი ბათუმში ვეღარსად იპოვეს, ამიტომ გუშინ პირველი ღამე გაათიეს ავტომანქანებში.

ჩვენ ამ ოჯახის ყველაზე უფროს წევრს ბათუმის უკრაინის დიასპორის ოფისში შევხვდით გუშინ, 21 მარტს. შუახნის ქალი დიასპორის ოფისში შემოვიდა, წყალი და თავშესაფარი ითხოვა. ოფისში წყალი არ იყო.

დიასპორის ხელმძღვანელის, ნატალია მიროშნიჩენკოს მრავალი მცდელობის მიუხედავად, ამ ადამიანებისთვის ღამის გასათევი წუხელ მაინც ვერ მოიძებნა ბათუმში.

„სანამ გვქონდა ფული, ვიხდიდით, სამ დღეში ამოგვეწურა ყველაფერი და გვეგონა ამასობაში სადმე გამოგვიყოფდნენ თავშესაფარს, როგორც ლტოლვილებს, მაგრამ ასე არ მოხდა. ვითხოვეთ დროებით სასტუმროს ჰოლში ყოფნის ნება მოეცათ, ვიყავით იქ ცოტა ხანს, მაგრამ ახლა ჰოლიდანაც გამოგვყარეს. ჩემი პატარა შვილიშვილები გაცივდნენ და საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. ყველგან ვრეკავთ, ვითხოვთ თავშესაფარს და ვერსად ვპოულობთ“, – მოუყვა გუშინ დილით ლტოლვილი ქალი დიასპორის ხელმძღვანელს.

ნატალია მიროშნიჩენკოს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უთხრეს, რომ საცხოვრებელს მხოლოდ იმ უკრაინელებს სთავაზობს დეპარტამენტი, ვინც ომამდე ჩამოვიდა საქართველოში ტურისტად და ომის გამო უკან ვეღარ დაბრუნდა.

დაურეკა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დირექტორსაც, რომელსაც სოფელში სახლი აქვს და ლტოლვილებს იფარებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასლან ჭანიძის სახლი უკვე დაკავებულია.

დარეკა ბათუმში უკრაინის საპატიო კონსულთანაც, რომელსაც ასევე აღარსად ეგულება თავისუფალი ადგილები უკრაინელი ლტოლვილებისთვის. აქამდე არსებული პრაქტიკით, ბათუმში უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს კერძო პირები იფარებენ საკუთარ სახლებში.

„უკრაინის ომიდან გამოქცეულ ლტოლვილებს საქართველოში სჭირდებათ თავშესაფრები, ღამის გასათევი, ეს დიდი პრობლემაა. გააკეთოს განცხადება საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე და ვებგვერდებზეც დაწერონ, ასევე ორგანიზაციებმა გაავრცელონ ინფორმაცია, რომ საქართველოში არ არის თავშესაფრები და საცხოვრებლები უკრაინელი ლტოლვილებისთვის. სად წავიყვანო ეს ხალხი? რა ვქნა? ყველაფერს, რასაც საქართველოში ვთავაზობთ უკრაინელ ლტოლვილებს, პირადი ინიციატივაა. სახელმწიფო დონეზე მათ არავინ ეხმარება“, – ამბობს ნატალია მიროშნიჩენკო.

უკრაინიდან ჩამოსულ მრავალსულიან ოჯახებს ღამის გათევა სავარაუდოდ ამ ღამითაც ავტომანქანებში მოუწევთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: