მთავარი,სიახლეები

წყლის რესურსები საქართველოშიც მცირდება – ინტერვიუ პროფესორთან

23.03.2022 • 2163
წყლის რესურსები საქართველოშიც მცირდება – ინტერვიუ პროფესორთან

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. თუ შეიძლება დღეს იმის თქმა, რომ საქართველო წყლის რესურსებით ისევ ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა? – დავით კერესელიძე, თსუ-ში ჰიდროლოგიის კათედრის გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ წყლის რესურსი საქართველოშიც მცირდება.

დავით კერესელიძე: საქართველო საკმაოდ მდიდარი იყო წყლის რესურსებით – წყლის რესურსების დიდი ნაწილი დასავლეთ საქართველოზე მოდის, შედარებით მცირე კი – აღმოსავლეთ საქართველოზე.

დღეს, როდესაც კლიმატის გლობალური ცვლილება ხდება და გლობალური დათბობისკენ მივდივართ, საკმაოდ შემცირებულია წყლის რესურსი საქართველოშიც. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ, მაგალითად, რიონში, მტკვარში და ა.შ.  წყლის ის რაოდენობა აღარ გვაქვს, როგორც ადრე.

სამწუხაროდ, [გასული საუკუნის] 90-იანი წლების შემდეგ, დაკვირვებები, წყლის დონეების მონიტორინგი არ ხდება. სულ რამდენიმე მდინარეზე ხორციელდება მონიტორინგი, ესეც აძნელებს საქართველოში წყლის რესურსების შესწავლას.

  • ძალიან ხშირად, ზოგ შემთხვევაში, შემაშფოთებელი ინფორმაციაც კი ვრცელდება, რომ დედამიწაზე წყლის რესურსები იკლებს. ეს რამდენად რეალურია და რა ხდება ამ თვალსაზრისით?

გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება ძალიან არასახარბიელო სიტუაციას იწვევს წყლის რესურსებთან დაკავშირებით. რა მოხდება მომავალში, ძალიან რთულია ამის პროგნოზი. მთავარია, რომ იმ სიტუაციას მოვერგოთ, რომელშიც დღეს ვართ და ისე ვიმოქმედოთ, რომ შემდეგში არ გვქონდეს წყლის დეფიციტი.

არ უნდა ხდებოდეს წყლის არარაციონალური დაღვრა. მაგალითად, შადრევანი თბილისშიცაა, ბათუმშიც – ყველგანაა. შადრევანში წყლის ტრიალი უნდა მოხდეს, უნდა იყოს გამწმენდი ნაგებობები, ისეთი, რომ გამოყენებული წყალი გაიწმინდოს და შემდეგ სუფთა სახით ჩაედინოს საწყის წყაროებში.

  • საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევა ჰესების მშენებლობა. მინიმუმ 10 ჰესის აშენების თანხმობაა უკვე გაცემული. თქვენი ცოდნით, აქამდე აშენებულმა ჰესებმა რა გავლენა მოახდინა საქართველოს წყლის რესურსებზე და თუ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება, რა გავლენას მოახდენს შემდეგში?

ჩვენ არ გვაქვს ნავთობის, ქვანახშირის, გაზის ის რაოდენობა, რომ ვაწარმოოთ ელექტროენერგია ამ საშუალებებით. ერთადერთი საშუალება გვაქვს, წყლის რესურსით  ვაწარმოოთ ელექტროენერგია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ წყლის რესურსები ენერგიის მისაღებად.

დიდი კაშხლების მშენებლობისას, პირველ რიგში, მისი გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა გავაკეთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, ავაშენოთ მაღალი, საშუალო კაშხალი თუ  მცირე ჰესი.

ეკოლოგიურად 1 დიდი კაშხლის აშენება აჯობებს, თუ, დავუშვათ, 100 პატარა ჰესის, მეცნიერებმა უნდა გადაწყვიტონ და დაასაბუთონ – სად ვაშენებთ ამ ჰესებს, როგორი რელიეფი და გეოლოგიური პირობებია.

ჩვენს ქვეყანაში არასწორადაა მიმართული ჰესების მშენებლობის პროცედურა. როდესაც ჰიდროელექტროსადგურის პროექტი კეთდება, პარალელურად უნდა კეთდებოდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროექტი და არა ისე, რომ ჯერ ჰესის პროექტი გაკეთდეს და შემდეგ მოხდეს გარემოს შეფასება.

ეს უნდა მოხდეს ერთმანეთის პარალელურად, როგორც ცივილიზებულ, დასავლეთის ქვეყნებშია.

გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში უნდა გავითვალისწინოთ გეოლოგიური პირობა, მნიშვნელოვანია გაკეთდეს საინჟინრო გეოლოგიური, ჰიდროლოგიური დასკვნები – გვაქვს კი წყლის ის რაოდენობა, რომ, დავუშვათ, ეს კაშხალი ან ჰიდროელექტროსადგური იფუნქციონირებს? არ უნდა დაგვემართოს ისე, რომ აშენდეს სადგური და წყალი აღარ იყოს, ან მეწყერმა დაანგრიოს და კატასტროფა გამოიწვიოს.

  • საქართველოში ძალიან ბევრი მტკნარი წყალი გამოუყენებელია და ზღვაში ჩაედინება. როგორ შეიძლება წყლის რესურსების ათვისება ისე, რომ სარგებელიც მიიღოს ქვეყანამ და არც გარემო დაზიანდეს?

მდინარეებს ვერ აუკრძალავ ზღვაში ჩადინებას და მტკნარი წყლის ჩატანას. ეს ბუნებრივი პროცესია და ხელს ვერ შეუშლი, მაგრამ როდესაც წყალმომარაგებაზე გვაქვს საუბარი,  ვხმარობთ მტკნარ წყალს – მოგვარებული უნდა იყოს ონკანების საკითხი, რომ ტყუილად არ დაიღვაროს.

მე მინახავს უამრავი სოფელი, სადაც მტკნარი წყალი მოდის და იკარგება, ხომ შეიძლება მისი დაგროვება და მერე გამოყენება.

  • საქართველო ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა მინერალური წყლებით. საყოველთაოდ ცნობილი „ბორჯომი“ რუსი ოლიგარქის საკუთრებაშია და წარმატებული ბიზნესია. რამდენად სწორად იყენებს ქვეყანა სხვა მინერალურ წყლებს?

ერთი-ორი დღის წინ გავიგე, რომ რუსების მფლობელობაშია „ბორჯომი“, რატომ არის ასე? გაკვირვებული ვარ.

საქართველოში მართლაც ბევრი მინერალური წყალია, რაც კარგია. უნდა გამოიყენონ მათ შიდა ბაზარი, საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს, მსოფლიო ბაზარზეც უნდა გაიტანონ და ყველა ეს მინერალური წყალი, ლიკანი იქნება, ბორჯომი, ნაბეღლავი თუ სხვა, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მფლობელობაში. რატომ? ჩვენი ქვეყნის სახელით უნდა გავიტანოთ ეს წყლები საერთაშორისო ბაზარზე.

დავით კერესელიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: