განათლება,მთავარი,სიახლეები

პედაგოგები ტრენინგებზე უფრო ავლენენ ლიდერულ თვისებებს, ვიდრე სკოლაში – ინტერვიუ

23.03.2022 • 3001
პედაგოგები ტრენინგებზე უფრო ავლენენ ლიდერულ თვისებებს, ვიდრე სკოლაში – ინტერვიუ

რა შედეგი აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას სკოლაში და რატომ ვერ ავლენენ ლიდერობას სკოლებში ის პედაგოგები, რომლებიც კარგად მუშაობენ ტრენინგების დროს და სიახლეებს ადვილად იღებენ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეულ ლექტორს, ეკატერინე სლოვინსკის ესაუბრა, რომელმაც ორი წელი იმუშავა სკოლის პედაგოგების გადამზადებაზე, მიმდინარე წელს კი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

  • ქალბატონო ეკატერინე, როდის ჩატარდა კვლევა და როგორია საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების შედეგები?

ჩვენი კვლევის ფოკუსი იყო კვლევასა და კონტექსტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში. კვლევა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კვლევის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლების გადამზადება. პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკული სამუშაოები ილიაუნის კვლევების ცენტრში (SALiS) ჩაეტარებინათ და პრაქტიკულად ემუშავათ ლაბორატორიებში.

2013 წელს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 20 მასწავლებელი გადავამზადეთ, 2014 წელს – კიდევ 20 მასწავლებელი. ამ პედაგოგებს 2020 წელს ისევ შევხდი და მათთან ინტერვიუები ჩავწერე. მაინტერესებდა, რა შედეგი გამოიღო ჩვენმა სწავლებამ და როგორ აისახა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაზე ჩვენს ლაბორატორიებში მიღებული გამოცდილება.

  • შეგიძლიათ მოგვიყვეთ როგორი იყო მუშაობის პროცესი?

მასწავლებლები ერთის წლის განმავლობაში გადიოდნენ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მოდულს. პედაგოგები მოდიოდნენ salis-ს ლაბორატორიაში და იქ მიმდინარეობდა რეალური სასწავლო პროცესების მოდელირება.

ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის პედაგოგები თავად ატარებდნენ ექსპერიმენტებს, შემდეგ აკორექტირებდნენ მასალებს, რაც სკოლაში უნდა შეეტანათ, ჰქონდათ უკუკავშირი – როგორც ტრენერებთან, ასევე, თავიანთ კოლეგებთან ცვლიდნენ იდეებს.

ზოგიერთმა მასწავლებელმა თვითონ შექმნა სასწავლო ერთეულები მოსწავლეებისთვის და დანერგა თავის კლასებში.

ტრენინგის დასაწყისში გამოვიკვლიეთ მასწავლებლების დამოკიდებულება კონკრეტული სიახლის მიმართ, ერთი წლის შემდეგ კი გავზომეთ რა შეიცვალა მასწავლებლების დამოკიდებულებაში.

გადამზადებიდან ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა პოზიტიური ძვრები. გარდა იმისა, რომ მასწავლებლებმა მიიღეს ახალი ცოდნა, აღიარეს, რომ შემცირდა ღელვა პრაქტიკული მუშაობის დროს და გაიზარდა კოლეგებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაც.

  • მოსწავლის მოტივაციაზე ან აკადემიურ მოსწრებაზე აისახა  თუ არა პედაგოგების გადამზადება?

ჩვენ მოსწავლეებს არ ვიკვლევდით. ამ შემთხვევაში მასწავლებლების დამოკიდებულების ცვლილება იყო მნიშვნელოვანი. თუმცა მოსწავლეების მოტივაციას იკვლევენ PISA და TIMSS-ი, მათ ბოლო კვლევებში იყო ნაჩვენები მოსწავლეების მოტივაციის ზრდაც. მოტივაციის ზრდა კი, წესით, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზეც უნდა აისახოს.

სახელმწიფო მასწავლებლების გადამზადებაზე წლებია მუშაობს და საკმაოდ დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული, თუმცა შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ტრენინგების დროს მასწავლებლებს ნაკლებად ჰქონდათ პრაქტიკულ სამუშაოებთან შეხება. არ იყო ტრენინგები დამყარებული უკუკავშირზე, ნაკლებად ხდებოდა აზრის გაზიარება კოლეგებს შორის და ინოვაციების მიმართ დამოკიდებულებაც არ იცვლებოდა.

ჩვენი ტრენინგების დროს კი ყველაფერი პრაქტიკულ სამუშაოებზე იყო დაფუძნებული და მაღალი იყო უკუკავშირიც. მასწავლებლებმა ამ ტრენინგების დროს, ფაქტობრივად, დაძლიეს შიში სიახლეების მიმართ. ეს, ბუნებრივია, აისახა საკლასო გარემოზე და მოსწავლეებსაც მოეწონათ თანამშრომლობის მოდელი სწავლების პროცესში. აზრის გაზიარება, ჯგუფური მუშაობა, ექსპერიმენტზე დამყარებული სწავლება და ასე შემდეგ.

თუმცა იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ამდენი ძალისხმევის მიუხედავად, მხოლოდ ეს კომპონენტი შეიცვალა, უკეთესი შედეგების მისაღებად კი ბევრი სხვა ცვლილებაა საჭირო.

  • მაგალითად, რა?

აქ გამოიკვეთა, მაგალითად, სასკოლო კულტურის მოდელის ცვლილების საჭიროება. რადგან, მაგალითად, ის პედაგოგები, რომლებიც ჩვენთან ლიდერულ თვისებებს ავლენდნენ პროფესიულ ჯგუფებში და უფრო მონდომებულნი იყვნენ, სასკოლო გარემოში ამ თვისებებს ვერ ავლენდნენ.

მასწავლებლები ამბობენ, რომ მხარდაჭერა სჭირდებათ. ისინი ძალიან დამოკიდებული არიან სკოლის ადმინისტრაციაზე და ეს იერარქიული მოდელი ხელშემშლელია მათთვის.  ერთ-ერთმა მასწავლებელმა ინტერვიუს დროს მითხრა, ახალი დირექტორი გვყავს და კი, გვეხმარება, უფრო სწორად, ხელს არ გვიშლისო.

თავისთავად, იმის დაშვება, რომ ადმინისტრაცია შეიძლება ხელშემშლელი იყოს სიახლეების დამკვიდრებაში, უკვე პრობლემაა, რადგან პედაგოგები ინიციატივებს სკოლის დირექტორისგან ელოდებიან, ასეთი მოდელი კი ხელს უშლის სკოლის განვითარებას.

სკოლამ და კათედრებმა ერთად უნდა იმუშაონ, ინიციატივები მასწავლებლებისგან უნდა წამოვიდეს და თანამშრომლობის მოდელიც მათ უნდა განავითარონ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბუნებისმეტყველო საგნების კათედრები ერთად მუშაობდნენ, რადგან მათ აქვთ გამაერთიანებელი კომპონენტი და ამ საგნის მასწავლებლების იდეები უნდა გაზიარდეს ერთმანეთთან. მოსწავლის წარმოდგენაშიც ეს მეცნიერებები, როგორც მთლიანობა, ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

ჩვენთან ტრენინგების დროს სწორედ ასე მუშაობდნენ პედაგოგები და ეს სკოლაში უნდა გაგრძელდეს.

  • მოდით, დავუბრუნდეთ სწავლების მეთოდებს. თქვენ ამბობთ, რომ ამ ტრენინგების შემდეგ შეიცვალა მოსწავლეების მოტივაცია …

„პიზას“ და „თიმსის“ კვლევებში, სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო ხაზგასმული, რამაც ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ იმ მასწავლებლების მოსწავლეებმა, რომლებიც კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას იყენებენ, უფრო ცუდი შედეგები აჩვენეს.

შეიძლება მასწავლებელმა მიიჩნია, რომ თუ ბავშვს კლასში რაღაც ექსპერიმენტი აჩვენა, ეს არის კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, მაგრამ ეს ასე არ არის.

  • იქნებ კიდევ განმარტოთ, რას გულისხმობს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება? 

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს იმას, რომ მოსწავლეებმა უნდა დასვან კითხვები, შემდეგ კი ამ კითხვებზე პასუხი თავად მოიძიონ. ჩაატარონ ექსპერიმენტები, გააკეთონ ამ მონაცემების ანალიზი და დასკვნები გამოიტანონ. შემდეგ, ამ დასკვნების საფუძველზე, კიდევ ახალი, მათთვის საინტერესო კითხვები უნდა დასვან. არ არის აუცილებელი ეს კითხვები მასწავლებელმა შესთავაზოთ.

ასევე, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებაში ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული ტიპის ანალიზის გაკეთება და იმაზე ფიქრი, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი გადაწყვეტილება ან ქცევა გარკვეული ტიპის დილემური საკითხების განხილვისას, რომელიც საბუნებისმეტყველო ცოდნას მოითხოვს.

ეს არის ერთობლივი მიდგომა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ეს ფიქრის და აზროვნების მოდელია. როგორც ჩანს, „პიზას“ კვლევის დროს ზოგიერთმა პედაგოგმა სოციალურად სასურველი პასუხები გასცა, ამიტომ დადგა ეს შედეგი.

  • „თიმსის“ კვლევაში ეს შედეგი მხოლოდ საქართველოს კომპონენტში აღმოჩნდა, თუ სხვა ქვეყნებშიც იგივე შედეგი იყო?

საქართველოს კომპონენტში აჩვენა, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლების შედეგები იყო დაბალი. ვფიქრობ, რომ არასწორად იყო გაგებული კითხვა ან უბრალოდ კითხვაზე – „იყენებთ თუ არა კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას?“ შემოხაზული იყო პასუხი „დიახ“.

ზოგადად, რაც დრო გადის, ბევრად მნიშვნელოვანი ხდება ღირებულებათა საკითხების წამოწევა მეცნიერებაშიც. კრიტიკული მიდგომები უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. იგივე კორონავირუსის პანდემიის დროს, ყველა მივუბრუნდით საბუნებისმეტყველო საკითხების ეთიკურ განხილვას.

თუნდაც ახლა, უკრაინის ომის პირობებშიც, დაიწყო ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი და ამ პრობლემამ აჩვენა ამ სფეროში როგორც გაუნათლებლობის, ასევე ეთიკური დილემების პრობლემა. როცა ადამიანები ატომურ სადგურებს ბომბავენ, ეს ეთიკურ დილემებს აჩვენებს, ხომ?! სხვანაირად შეუძლებელია, რომ ეს გააკეთო.

რა არის პრიორიტეტი, რატომ არ უნდა დააზიანო ადამიანის საარსებო გარემო – ეს საკითხები უნდა წამოიწიოს წინ მეცნიერებაშიც. ჩერნობილია ამის მაგალითი. ამდენი წელი გავიდა, დროთა განმავლობაში რაღაც ცოცხალი არსებებისთვის შესაძლოა ეს გარემო აღარ იყოს დამღუპველი, მაგრამ ადამიანი იქ ვერ იცხოვრებს. ჩვენ მეცნიერება გვჭირდება იმისთვის, რომ არ მოვსპოთ ადამიანის საარსებო გარემო.

  • ამ პედაგოგებმა, ვისზეც კვლევაში საუბრობთ, ცოდნა აიმაღლეს საუნივერსიტეტო გარემოში, იმუშავეს ილიაუნის კარგად აღჭურვილ ლაბორატორიებში. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის კურსდამთავრებულები, რომლებიც სკოლებში შედიან, მაინც არ არიან სათანადო უნარებით აღჭურვილნი, რატომ?

როგორც ვიცი, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან შესაბამის მომზადებას. აქ კარგი შესაძლებლობა გვაქვს იმუშაონ ლაბორატორიებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტუდენტებმა. როგორც ვიცი, ტარდება ექსპერიმენტები და პრაქტიკული მოდულები შეტანილია მასწავლებლის მომზადების პროგრამებშიც.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სკოლის კომპონენტიც, რომ სასკოლო გარემოშიც ფუნქციები დელეგირებული იყოს, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაჯანსაღებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: