ექსპორტის განვითარების ასოციაცია თიბისი ბიზნესთან ერთად ფორუმს მართავს

რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ექსპორტის განვითარების ასოციაცია, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აგრძელებს კერძო სექტორის ხელშეწყობას ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით. ექსპორტის განვითარების ასოციაცია და თიბისი ბიზნესი ერთობლივ ფორუმს მართავენ, სადაც ექსპორტთან დაკავშირებულ ამჟამინდელ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

ფორუმს კვების მრეწველობის სექტორიდან 50-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმი ორ დღიანია, დახურული შეხვედრაზე ექსპორტთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს და მათ გადაჭრის გზებს განიხილავენ. ექსპორტიორი კომპანიებისგან მოისმენენ კონკრეტული პრობლემებს, გეგმებს და მოსაზრებებს შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ფორუმის მიზანია, კერძო სექტორს, სახელმწიფოს და საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზოს კრიზისის შემსუბუქების გზები.

შეხვედრა 29 მარტს, 12 საათზე, თიბისი ბიზნესის ტრენინგ ცენტრში ჩატარდა.

წელს „თბილისი ოფენ ეარზე“ alt-J-ი, Okean Elzy-ი და Cigarettes After Sex-ი დაუკრავენ

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air-ი ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ფესტივალი 24-26 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ფესტივალის ფეისბუქგვერდზე დღეს, 30 მარტს, გამოქვეყნდა.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი შემსრულებლები არიან alt-J-ი, უკრაინული ჯგუფი Okean Elzy-ი, Cigarettes After Sex-ი, Konoba, Molchat Doma და სხვები.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი უკრაინული როკ-ჯგუფი Okean Elzy უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაბომბილ ქალაქებში ჩადის და მოსახლეობისთვის, მათ შორის, თავშესაფრებში, უკრავს.

ფესტივალის სრული აფიშა
_________________
ფოტოზე: Tbilisi Open Air 2018/facebook

„ალტ-ინფოს“ პარტიის ქობულეთის ოფისთან 3 კაცს სცემეს – პროკურატურა 5 პირის დაკავებაზე

ჯგუფურად ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ 5 პირი დააკავა. მათ გამოძიება ქობულეთში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან, 22 მარტის აქციაზე ძალადობის ჩადენას ედავება.

22 მარტს ქობულეთში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ, საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ოფისის დახურვა მოითხოვეს. აქციაზე რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამჯერად კი, 5 პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოკვეთა პროკურატურამ.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 პირს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 29 მარტს  დააკავეს… პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ელით დაჯარიმება ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვადით 190-დან 240 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე.

„დაკავებული იყო 12 პირი ადმინისტრაციული წესით და დააჯარიმეს 2-2 ათასი ლარით. აქციის მონაწილე არ ყოფილა ვინმე დაკავებული,“ – გვითხრა ლაშა კომახიძემ, რომელიც ქობულეთის საკრებულოს წევრია ენმ-დან.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულ პირებს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. 2021 წლის 5 ივლისის აქციის შემდეგ, ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით 27 პირი დააკავეს. სახალხო დამცველის და უფლებადამცველების შეფასებით, იკვეთებიან ძალადობის ორგანიზებაში ჩართული პირებიც, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც პროკურატურას არ დაუსვამს.

———–

ტელევიზია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა 2021 წლის ნოემბერში დააფუძნეს პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

„კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას“ საოფისე ფართობი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

ქობულეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისში, „ალტ-ინფოს“ ინფორმაციით, მუშაობას განაგრძობენ და მალე ახალ ოფისებსაც გახსნიან.

4 მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია ამომრჩეველს მოუწოდებს „ჩიქოვანის კლანი“ არ აირჩიონ

გონიოს პოლიგონის პრობლემა, კანალიზაციის სისტემისთვის გამოყოფილი თანხის კოვიდბიუჯეტში გადარიცხვა, ნაგავსაყრელი და ჭოროხის გზა, რომელიც არ გაკეთდა – ეს 4 პრობლემა ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქიდან 30 მარტს შემაჯამებელ ბრიფინგზე დაასახელა ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ. 2 აპრილს ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნებია. ეს არჩევნები გადაწყვეტს, ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა.

„არ აირჩიოთ ჩიქოვანის კლანი საკრებულოში,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან რეზო ხარაზი. ის ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნებით მოვიდა, რომლის მიხედვითაც, არსებობს კითხვები ბათუმის ბიუჯეტის მიზნობრივად ხარჯვაზე.

„გონიოს პოლიგონი დარჩა პოლიგონად, მიმდებარე ტერიტორია ვერ განვითარდა, ჩიქოვანი-რიჟვაძის გადაწყვეტილებით, ადლიის მცხოვრებლებს, შემოერთებულ ტერიტორიებს, ჯიბიდან ამოაცალეს 60 მილიონი და გადარიცხეს კორუფციულ კოვიდფონდში [იგულისხმება KFW-ის მიერ 2019 წელს ბათუმის კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად გამოყოფილი 60 მილიონი ევრო], ამავე ოლქში უმძიმეს პრობლემად რჩება ნაგავსაყრელი, სადაც 5 მილიონი მოიპარეს, 2016 წელს დაწყებული ჭოროხის გზის მშენებლობა არ დასრულდა…

ამ ყველაფრის შემოქმედი ადამიანი გვერდით კაბინეტში ზის, ეს მავნებლობა უნდა დასრულდეს,“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.

მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს არჩევნებია, ერთსა და იმავე მისამართზე მინიმუმ 338 ახალი ამომრჩეველია. საია მიიჩნევს, რომ კანონი ირღვევა, თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა, რომელმაც, წესით, უნდა გაარკვიოს, გვაქვს თუ არა საქმე ამომრჩევლის მოსყიდვასთან ან იძულებასთან.

იძულებაში იგულისხმება მოცემულობა, როცა „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსები შენდება. ადამიანებმა კი, რომლებიც აქ წლებია ცხოვრობენ, არ იციან, ბინა მოუწევთ თუ არა. ეს ადამიანები ამ მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლები გახდნენ საგანგებოდ 2 აპრილის არჩევნების წინ და მათ „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერას პირდაპირ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე სთხოვს, ვისაც მარტივად შეუძლია გადაწყვიტოს – ვის ერგება ბინის გასაღები.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსაც, სადაც საარჩევნო ფორმატში განიხილავენ ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევას. აქ ოპოზიცია ითხოვს „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს კანდიდატის რეგისტრაცია გაუუქმდეს.

ენმ-ს ინფორმაციით, სასამართლო სხდომა ხვალ, 31 მარტს, ჩაინიშნა და საქმეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს.

————-

ბათუმის საკრებულოს წევრს შუალედურ არჩევნებზე, 2 აპრილს, მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რაც, პარტიის მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. თანხმობის შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკრებულოში დაკარგავდა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ამ დრომდე ბათუმში საკრებულო არ მუშაობს – საკრებულო ვერ ირჩევს თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს. საკრებულოში ძალთა ბალანსი ახლა ასეა: 17 – 17 და ასეა მას შემდეგ, როცა გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულმა წევრმა ირაკლი თავდგირიძემ კი თქვა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებზე ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე. მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძეა.

 

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 17 300 ადამიანი
  • ტანკი – 605 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 723 ერთეული
  • საარტილერიო სისტემa – 305 ერთეული
  • MLRS – 96 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემa – 54 ერთეული
  • თვითმფრინავი – 131 ერთეული
  • ვერტმფრენი – 131 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 184 ერთეული
  • გემი / ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 75 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 81
  • სპეციალური აღჭურვილობა – 21
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 მარტამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 124 თვითმფრინავი
  • 77 შვეულმფრენი
  • 321 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 1752 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 184 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 734 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

აშშ-ის განცხადებით, მიუხედავად „მცირერიცხოვანი“ ძალების კიევიდან გამოყვანისა, რუსეთს კვლავ შეუძლია მასიური შეტევა მიიტანოს უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზეც:

[yellow_box]პენტაგონი: რუსული ჯარების კიევიდან გამოსვლის მიზეზი გადაჯგუფებაა და არა უკან დახევა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

მარიუპოლში სკვერები მიცვალებულებითაა სავსე – ქართველი ბერი უკრაინაში

სირიელ მებრძოლებს რუსეთი თვეში 5000 ფუნტს სთავაზობს უკრაინასთან ომში | BBC

სირიელ მებრძოლებს სთავაზობენ თვეში 5000 ფუნტს [6400-ზე მეტი დოლარი], რუსეთის ფრონტზე უკრაინის წინააღმდეგ ომში – წერს BBC-ი.

„ბიბისის“ ცნობით, ერთმა სირიელმა მებრძოლმა თქვა, რომ ის მოხალისედ წავიდა შეთავაზებული თანხის გამო, მის ოჯახს არ სურდა მისი წასვლა, მაგრამ მას უთხრეს, რომ ოჯახს 37 000 ფუნტს გადაუხდიან, თუ ამ ომში ის დაიღუპება.

ჯარისკაცი ამბობს, რომ იცნობს სულ მცირე 200-მდე ადამიანს სირიიდან, რომლებიც მოხალისეები არიან და რუსეთის მხარეს იბრძვიან ამ ომში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 მარტს განაცხადა, რომ მხარს უჭერს თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ინიციატივას, რომ უკრაინაში ბრძოლებში ჩაერთონ უცხოელი მებრძოლები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთიდან.

_____________

ფოტოზე: ომი უკრაინაში, დაბომბილი ხერსონი.

ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში, დაიღუპა 1 ადამიანი

დღეს, 30 მარტს, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანის შემდეგ დაიღუპა.

 

 

„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან

რა სჯობს, მშვიდობა თუ თავისუფლება, – „უკრაინელებმა დღეს დაამტკიცეს, რომ არც ილია, არც ვაჟა და არც ჰომეროსი ტყუილ-უბრალოდ არ დაწერილა და ჩვენ ისევ ვსვამთ კითხვას, ვინ არის მტერი?“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფო გოგოხია, „ბათუმელებთან“ ეროვნული ცნობიერების მნიშვნელობასა და თავისუფლებაზე საუბრობს.

  • ქალბატონო სოფო, დღეს, ისევე როგორც ალბათ წინა წლებში, აქტუალური გახდა მტრის ცნება. ბოლო დღეებშიც გაისმა კითხვა – ვინ არის მტერი?“, რუსია მტერი, თუ რუსეთი? რას გვასწავლის ამის შესახებ ლიტერატურა, როგორ უნდა ამოვიცნოთ მტერი?

მტერი ვინ არის და რა არის, ეს იმდენად კარგად არის ჩამოყალიბებული ქართულ ლიტერატურაში, რომ წესით, არც უნდა გვქონდეს ამის გაგების პრობლემა.

საკმარისია თუნდაც „ჯაყოს ხიზნები“ ამის გასაგებად, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ვხედავთ, რომ მტერს ყოველთვის ვერ ვარქმევთ თავის სახელს. არადა, გარკვევით გვეუბნება ბარათაშვილი, რომ თავისუფლება არ უნდა განისყიდო და ვინც ამას გეჩიჩინება, ცდება. არ შეიძლება ასეთ დიდ ღირებულებაზე, როგორიც თავისუფლებაა, უარის თქმა.

„ბედი ქართლისა“, რომელსაც სკოლაში უკვე მეცხრე კლასში ვსწავლობთ, ვიზეპირებთ ციტატებს, ვწერთ დავალებებს, მაგრამ მაინც ვერასდროს ვერ წავიკითხეთ ბოლომდე და ვერ გავაცნობიერეთ. ვერ დავინახეთ, რისი თქმა უნდა ავტორს. ის, რომ შეცდომა იყო თავისუფლების გაჩუქება და თავისუფლება არის ის, რაც ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვა.

რაც უკრაინაში ომი დაიწყო, სულ ვფიქრობ ამაზე. სხვას რას გვეუბნება „ავთანდილის ანდერძი“, „ვეფხისტყაოსანი“ თუ არა იმას, რომ ნაძრახ სიცოცხლეს ნამდვილად სჯობს ღირსეული ცხოვრება. ეს „ნაძრახი სიცოცხლე“ არის ზუსტად ის, რაზეც უარი თქვეს დღეს უკრაინელებმა.

მთელი თვეა ვფიქრობ, რომ უკრაინელები სწავლობდნენ მგონი ამ ყველაფერს, იმათთვის დაწერილა ეს ყველაფერი, რადგან ყველაფერი აახდინეს, რაც ჩვენს ლიტერატურასა და ხელოვნებაში ასე მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ხშირად ციტატების უმიზნო და უანგარიშო გაზეპირებამდე დავდივართ და ვფიქრობ, სად მიდის ეს ყველაფერი. წარმოუდგენლად დიდი პრობლემაა ეს.

„ბედი ქართლისა“ შემთხვევით არ მიხსენებია, ზუსტად იმ ტრაგიკულ და ყველაზე მძიმე პერიოდზეა, როცა გადაწყდა რუსეთთან დაკავშირება, პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და რა სამწუხაროა, რომ ამდენი წლის შემდეგ, იმავე პრობლემების ირგვლივ ვტრიალებთ და ვერაფერი გავიაზრეთ.

  • რადგან გეორგიევსკის ხელშეკრულებით დაიწყო ეს ყველაფერი, გკითხავთ. იქ ხომ ნათლად წერია, რომ ეს შეთანხმება სამხედრო სფეროში თანამშრომლობას გულისხმობდა რუსეთ-საქართველოს შორის და არა სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას საქართველოს მხრიდან? ეს საკითხი გასაგებად არ ისწავლება სკოლაში? რადგან პრორუსულად განწყობილი ადამიანები ხშირად მანიპულირებენ ამ თემით.

ტრაქტატი, მანიფესტი, ტექსტიც მოცემულია სახელმძღვანელოში და სავალდებულო მასალაა, რომ ბავშვები გაეცნონ და გაიაზრონ. პრობლემაა, როგორი ინტერპრეტაციით აწვდის მასწავლებელი ამ ყველაფერს, რას ეუბნება. ხშირად არის, რომ მასწავლებელი ამბობს: „თქვენ ბავშვები ხართ და არ გესმით“ და მის საუბარს ახლავს საბჭოთა ნოსტალგიის ნარატივი. თუ ის ამბობს, რომ „სხვა გზა არ იყო“, „ერეკლეზე ჭკვიანები ხომ არ ვიქნებით“ და ასე შემდეგ, ამას აქვს მნიშვნელობა.

ჩვენ ჯერ კიდევ არც მწვადი დაიწვას და არც შამფურის პოლიტიკას ვატარებთ და არ ვამბობთ ღიად და მკაფიოდ, რომ თავისუფლებაა მთავარი ღირებულება, რომელიც ძვირი ღირს, რა თქმა უნდა, და თვეზე მეტია უკვე ვხედავთ ამას, თუ რამდენად ძვირია თავისუფლება და როგორი თავგანწირვა უნდა. მე სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ ღმერთმა ნუ ქნას, ცუდად დამთავრდეს უკრაინაში ომი, რადგან ეს თითქმის უკანასკნელი შანსია ჩვენთვისაც და მთელი სამყაროსთვისაც, რომ ამ ყველაფრისგან თავი დაიხსნას. თუმცა დღეს უკრაინის მაგალითზე მთელმა სამყარომ ნახა, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა და როგორ გაცოცხლდა ყველაფერი ჩვენ თვალწინ.

ვაჟა, რუსთაველი, ჰომეროსით დაწყებული, რამე თუ არსებობს ლიტერატურაში და ხელოვნებაში, გააცოცხლეს უკრაინელებმა და დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი ტყუილ-უბრალოდ კი არ დაწერილა, რომ რაღაც პათოსი და გამოგონილი კი არ არის, არამედ მართალია და რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა.

ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ ტყავში გავძვრეთ და მხარი დავუჭიროთ, რადგან ჩვენ საქმესაც აკეთებენ ისინი, აქ, ზურგში კითხვებს ვსვამთ, ვინ არის მტერი და რუსეთი არის თუ არა მტერი. ეს ჩვენი ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს ყველაფერი მართლა სწორად იქნება გააზრებული და რასაც ვსწავლობთ, იმას გავაკეთებთ რეალურად.

  • როცა უკრაინაში ომი დაიწყო, რატომღაც რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოს მოაწყდა და მაშინ გაჩნდა დისკუსია, როგორ უნდა მიგვეღო ისინი – დავხვედროდით როგორც მტერს, თუ „დღეს სტუმარია ის ჩვენი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. რადგან ვაჟას ამ ცნობილი ფრაზით ხშირად მანიპულირებენ, მინდა გკითხოთ, რამდენად სწორად გვესმის ვაჟას „სტუმარმასპინძლობის“ ეს თეორია?

ვფიქრობ, მარტო რიგითი მოქალაქეების გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი არ არის ეს პრობლემა. ვინ შემოდის, რატომ, რისთვის, ეს ცოტა ზემოდან უნდა გააკონტროლონ. მაგრამ როცა „ეხო მასკვის“ ჟურნალისტს არ შემოუშვებ და მერე უშვებ ღმერთმა იცის, ვის? აქ გასაგებია ხომ, როგორია სამთავრობო პოლიტიკა.

თუ ზემოდან არ მოევლება ამ საკითხს და ვერ ვარკვევთ, სამტროდ მოდიან, თუ თავის გადასარჩენად რუსები, მაშინ მოქალაქეები საკუთარ თავის იმედზე ვართ დარჩენილები .

ის, რომ ქუჩაში გამოვეკიდოთ ვიღაცას და მუშტები ვუქნიოთ, ნებისმიერ ჩამოსულს, ვინც შეიძლება მართლა გამოექცა რეჟიმს ან ცუდ პირობებს, ეს მიუღებელია. უბრალოდ, ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ მათ გავაგებინოთ და ავუხსნათ, სად მოდიან, რომ ეს არ არის რუსული იმპერიის ნაწილი, სადაც დასასვენებლად მოდიან და ყველაფერი შეუძლიათ. ავუხსნათ, რომ ეს არის სუვერენული სახელმწიფო, ყველგან იყოს გაკრული წარწერები, გამოიფინოს დროშები, რაღაცნაირად თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა და აღიარონ. ასევე უნდა გაკონტროლდეს ქონების შესყიდვების საკითხიც.

ჩვენი მოვალეობაა თითოეულ შემოსულ რუსს ავუხსნათ, რადგან მათ ასე ხელაღებით ვერ გავაგდებთ და წიხლს ვერ ვკრავთ. მაღაზიაში ან კაფეში რომ ოჯახი შემოდის ბავშვებთან ერთად, იქ „არ ჭამო“, „არ დალიო“, „არ შემოხვიდე“, ვერ ეტყვი. უბრალოდ, უნდა ავუხსნათ, რომ თქვან სად მოდიან, რისთვის და რატომ.

ნუ იტყვიან, რომ არაფერი იციან ოკუპაციის შესახებ და რომ არაფერი სმენიათ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს შესახებ. ეს ყველაფერი მოვთხოვოთ ჰუმანურად და ძალადობის გარეშე.

  • როგორ ფიქრობთ, ჯოყოლას რომ სცოდნოდა, ვინ იყო ზვიადაური, შედგებოდა მათი სტუმარმასპინძლობა?

ალბათ არ შედგებოდა მათი მეგობრობა. თუმცა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ როგორც „ალუდამ“ და „მუცალმა“ – მოსისხლე მტრებმა, შეძლეს ერთმანეთში კარგი ადამიანის დანახვა, შეძლეს და დადგნენ თავიანთ დამღუპველ ადათ-წესებზე მაღლა, იგივე შეუძლიათ აქ შემოსულ რუსებსაც. ჩვენც იმავეს ვითხოვთ, რომ უარი თქვან თავიანთ იმპერიალისტურ ზრახვებზე და ამის ზემოდან დაიწყონ აზროვნება. დაინახონ ჩვენი მასპინძლობა, ჩვენი ადამიანური პრობლემები, შეხედონ სწორად ისტორიას და არა ერთი კუთხით, ნუ სჯიან იმით, რაც მათი ისტორიის წიგნებში წერია.

„სტუმარ-მასპინძელში“ ორი ღირსეული ადამიანი დადგა ყველაფერზე მაღლა და ვითხოვთ, რომ ჩვენც დავდგეთ რაღაც-რაღაცებზე მაღლა, ბიზნესებზე, საკუთარ საჭიროებებზე მაღლა, ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა დავაყენოთ და თვითონაც (რუსებმა) ადამიანური და ჰუმანური ინტერესები დააყენონ ყველაზე მაღლა. მაშინ ექნება სტუმარმასპინძლობას აზრი.

ლიტერატურის პირდაპირი მნიშვნელობით გადმობულბულება და სად, როგორც გვინდა იმ კონტექსტში ციტირებასაც ბოლოს და ბოლოს თავი უნდა დავანებოთ. სხვას რა ვუთხრათ, როცა ჩვენ ვერ გაგვირკვევია, ვინ რა დაგვიწერა, რა გვითხრა და რა გვასწავლა. ღირსების დანახვა არის აქ მთავარი და მნიშვნელოვანი, რადგან მხოლოდ ღირსეულ ადამიანს შეუძლია რაღაცის შემჩნევა და რუსებმაც შეამჩნიონ და ჩვენც შევამჩნიოთ რა უღირსად ვიქცევით ხოლმე გარკვეულ ვითარებაში.

თუ უბრალოდ გავუღებთ კარს და შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი დავპატიჟებთ ხაჭაპურზე, ამით გავაგრძელებთ იმას, რასაც ბოლო 200 წელია ვაგრძელებთ.

მით უმეტეს, ამ ბოლო დღეებში და მით უმეტეს, ჩვენგან ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების მორალური მხარდაჭერა. ჩვენ კი რაზე გვიწევს ისევ ლაპარაკი, როცა ჩვენი სკოლიდან 100 მეტრში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისია.

სულ ვწუხვართ ხოლმე ამაზე და გადავწყვიტეთ მე და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა, რომ დაველაპარაკოთ მათ, ვინც ამ ყველაფრის საპირისპიროდ ლაპარაკობენ.

  • როგორ აპირებთ ელაპარაკოთ ადამიანებს, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ რუსის ჯარი უნდა იდგეს საქართველოში?

მესმის, რომ მათთან ცივილიზებული საუბარი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდით და ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ.

ადრე სულ ვფრთხილობდი ამაზე საუბარს, მაგრამ ვფიქრობ, ახლა არც სიფრთხილის დროა და არც მორიდების. სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ მას, ვისაც დღეს რუსეთისკენ მიუწევს გული, ან ვერაფერი უსწავლია, გაუგია და გაუაზრებია ჩვენი მწერლობიდან და ისტორიიდან, ან მოსყიდულია. სხვა ახსნა არ არსებობს.

  • საქართველოს მთავრობა ღიად არ უჭერს მხარს ომში მყოფ უკრაინას და როცა საზოგადოებამ მოითხოვა ღია მხარდაჭერა, გვიპასუხა – „ომი გინდათ?“. უგუნურები არიან, თუ მოსყიდულები – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ?

„ომი გინდათ?“ – ეს კითხვა საერთოდ ამ ფორმით ამ სიტუაციაში პირდაპირ მხარდაჭერაა და გაგრძელებაა იმ ხაზის, რა ხაზითაც მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში. მაშინ ბევრ რამეს ამოეფარნენ, მაგრამ დღეს უკვე ყველამ დაინახა სინამდვილეში რა იყო მათი მოსვლის ნამდვილი მიზეზი.

„აჰა, თქვენ ჩვენი თავისუფლება“, ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა. მართლა მერამდენედ ვკლავთ ბარათაშვილს ან სხვა კლასიკოსებს, ყველას, ვინც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. სამშობლოს გაყიდვის გამოცხადებული ქრონიკაა ეს ყველაფერი, წარმოუდგენელია და დაუჯერებელია, რადგან მსგავსი რამ არ ვიცი, არ მახსენდება ისტორიის რომელიმე მონაკვეთში ასე ხმამაღლად და საამაყოდ რომ თქმულა სამშობლოს გაყიდვა. ამას არაერთი ინსტიტუცია ჩაგვჩიჩინებს უკვე, მათ შორის კლერიკალური წრეებიდან მოდის ეს მავნე იდეოლოგია, რომლებიც დასავლეთის გარყვნილებასა და რუსეთზე გვიჩიჩინებენ სულ.

  • რას უპასუხებდა ილია, დღეს რომ მოესმინა – „ომი გინდათ?“

„რას ვაქნევთ ცარიელ მშვიდობას, ცარიელ სტომაქით“. ილიაზე უკეთესი ვინ უნდა მოვიშველიოთ, არ ვიცი, ამას შეეწირა კიდეც. მშვიდობა გვინდა უღირსებო მონობაში? ნიკო ლორთქიფანიძეს აქვს არაჩვეულებრივი ნოველა „მონა“, სადაც წერია, რომ მართლა მონა ხარ, თუ თავისუფლებაზე არ ფიქრობ, თუ უკეთესზე არ ფიქრობ და თუ გათავისუფლებისთვის არ იბრძვი. თუ ეს გვინდა, მონობა და უღირსებო ყოფა და პატივაყრილად ყოფნა, მაშინ არ ვიცი. არჩევანი ასეთია – ან ბრძოლა თავისუფლებისთვის და ღირსეულად ყოფნა, ან უღირსად და მონურად ყოფნა. რა გვასწავლა მაშინ ლიტერატურამ და რა არის ღირებულება, ფასეულობა და ახლა, როცა ასეთ თავგანწირულ ბრძოლას ვუყურებთ უკრაინაში, ახლა მაინც რა უდგას წინ იმას, რომ მივხვდეთ სინამდვილეში, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე.

მართლაც და რას ვაქნევთ ცარიელ მშვიდობას და სხვა რა დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ თავისუფლება არ უნდა განვისყიდოთ და ამისთვის ყველაფერი უნდა გაიღოს ადამიანმა.

  • ცნობილი ფრაზაა – „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. ჩვენ როგორ უნდა ვემზადოთ „ომისთვის“?

ჩვენი მთავარი ომი ახლა საინფორმაციო და იდეოლოგიური ომია და აქ გვიჭირს ყველაზე მეტად. ყველაზე დიდი ბრძოლა აქ უნდა გადავიხადოთ. სწორმა იდეოლოგიამ უნდა გაიმარჯვოს და ამის მერე კარგად იქნება ყველაფერი, თუ ჩვენ დავარქმევთ სახელს და გავიაზრებთ, ვინ იყო ბოლო 250 წლის განმავლობაში ომში და სინამდვილეში ვის უნდა მშვიდობა და რომელია ისტორიის სწორი მხარე.

ჩვენ გვიყვარს გურამ დოჩანაშვილი ხომ, მისი „სამოსელი პირველი“, იქაც ვხედავთ, როგორ იბრძვიან ადამიანები მათი ქალაქის – კანუდოსისთვის. ის, ვინც ერთხელ იგემებს თავისუფლებას, შემდეგ ნებისმიერ ფასად დაიცავს მას. მეც მგონია, რომ დოჩანაშვილის ერი ვართ და „ბაბაიას“ პოლიტიკისგან, რომელსაც ამ დრომდე ვეწევით, ვერაფერი ხეირი ამისგან არ დაგვადგა. ბოლოს და ბოლოს ისტორიაში მაინც ხომ უნდა ჩავეწეროთ ღირსეულად. ამ ყველაფერს კი მსხვერპლი სჭირდება და ეს დღეს უკრაინელმა ერმა გვაჩვენა.

  • ბოლოს გკითხავთ ამ ყბადაღებულ „ერთმორწმუნეობაზე“, რადგან ჩვენი კულტურა გაჯერებულია ზოგადად ქრისტიანული მრწამსით და ამ თემით მანიპულირებაც ხშირია. მაშინ, როცა უკრაინელებიც ერთმორწმუნეები არიან, რატომ კაენი და არა აბელი?

ქრისტიანობა ზუსტადაც რომ არის ბრძოლა უსამართლობასთან და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის დამორჩილება. ქრისტიანობა ზუსტადაც არის ღირებულებებისთვის ბრძოლა და ეს ღირებულებები სწორად არის აღქმული ქრისტიანობაში.

თავი დავუქნიოთ და ვთქვათ, რომ „ნაკურთხი ბომბებია“, ამას არ ასწავლის ნამდვილი ქრისტიანობა. თუ ამ მიმართულებით ვინმემ წაიყვანა სწავლება, ეს ისევ და ისევ რუსეთის სინოდალური კანტორის წყალობითაა, რომელსაც საქართველო 1811 წლიდან შეუერთდა და დღემდე ვერ მოიშორა ეს იდეოლოგია, გააფუჭა და წაბილწა ყველაფერი.

ეს რუსების ნარატივია და ჩვენ ბოლოს და ბოლოს ის მაინც ვიცით, რომ 365 წმინდა გიორგი ტყუილად კი არ იყო საქართველოში, წმინდა გიორგი მებრძოლია, ამიტომ უყვარდათ ქართველებს და იმისკენ გვიბიძგებს, რომ უსამართლობას ყოველთვის უნდა ებრძოლო. დღეს ეს უსამართლობა კარგად ინიღბება ამ „ერთმორწმუნეობით“, კარგად ეხვევა მგელი ცხვრის ტყავში და უსამართლობაა ის, რომ ქრისტიანობა გამოიყენო მონური და უპირობო მორჩილების საქადაგებლად. ბოლოს ისევ ვაჟას მივუბრუნდები: „მტერს მტრულად უნდა მოექცე, თვითონ უფალმა ბრძანაო“.

ჩვენ, პირველ რიგში, იდეოლოგიური ომი უნდა მოვიგოთ. დანარჩენ ომს რაც შეეხება, არც რუსეთი ყოფილა ისეთი უძლეველი და დაუმარცხებელი, როგორც ამას გვეუბნებოდნენ. მთავარია, ეროვნული ცნობიერება და გული. ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინაში.

ბათუმში თბილი, უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 მარტის 21 საათიდან 31 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-ელ-2 აპრილს, აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აპრილის პირველ დღეებში ჰაერის ტემპერატურა ბათუმში +25, +26 გრადუსს მიაღწევს.

__________

ფოტო: „ბათუმელები“

კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 30 მარტი

30 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარებულია 24 461 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 232, PCR ტესტით – 2 229. 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 555 ადამიანი. 

მერი კარგად გველაპარაკა, მის წარმომადგენელს უნდა შეგვაშინოს – ავარიულ სახლებში მცხოვრებლები

იქნება თუ არა ბათუმის მერიის მიდგომა ერთიანი ავარიულ სახლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში? – ეს არის მთავარი საკითხი, რაც ახლა ავარიულ სახლებში მცხოვრებლებს აწუხებთ.

მოქალაქე, რომელიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდა, ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში ავარიულ სახლებში მცხოვრებთათვის მერიას კონკრეტული შეთავაზება აქვს, გარეუბნებში კი წინადადების დაზუსტებისგან თავს იკავებს.

„ჩვენთან მოვიდა მერიის წარმომადგენელი და გვითხრა, ხელი მოაწერეთ თანხმობას, ან პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებთო. ძალიან უხეშად გველაპარაკა, თითქოს ჩვენი უფროსი იყოს. მერს რომ შევხვდით, კარგად დაგველაპარაკა, დაგვაიმედა, მაგრამ უბნის წარმომადგენელი ცდილობს შეგვაშინოს. იმ წერილის მიხედვით, რაც მერიამ გამოგვიგზავნა, ვერ გავიგეთ რას გვთავაზობენ.

ჩემი ახლობელიც ავარიულ სახლში ცხოვრობს, წავედი და მათი წერილიც ვნახე. მერია მათ იმავე ადგილზე ახალი სახლის მშენებლობას ან სხვა ბინაში გადაყვანას სთავაზობს, ჩვენს წერილში ეს არ წერია, ამიტომ ვერ მივხვდით, რას გვთავაზობენ, ვერც ამხანაგობის თავმჯდომარემ გაგვარკვია“, – გვიყვება მოქალაქე, რომელსაც სახელისა და გვარის დასახელება არ სურს.

„არ მინდა კიდევ პრობლემები, ჯერ დაველოდები“, – გვითხრა მან.

მსგავსი შინაარსის წერილი, რომელზეც მოქალაქე გვიყვება, ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებლებმა არაერთ მისამართზე მიიღეს. შეთავაზება მერიისგან იდენტურია, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში გაურკვევლობა მართლაც არის. არადა, ექსპერტიზის დასკვნები [რომელთა შესწავლა ჩვენ შევძელით] თითქმის იდენტურია და ყველა მათგანი ვიზუალურ დათვალიერებას ეყრდნობა.

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ – 9 მარტის ქუჩაზე, #3-ში ოფიციალური წერილი ბათუმის მერიისგან 2021 წლის 14 თებერვალს მიიღეს. ამ წერილით მერია მოსახლეობას ატყობინებს, რომ მათი საცხოვრებელი ავარიულია და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ამავე წერილში მერია მოქალაქეებს განუმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილია დემონტაჟი თანხმობის გარეშეც დაიწყოს, თუმცა კანონი ასევე ავალდებულებს, რომ მესაკუთრეს ტოლფასი ქონება ან სამართლიანი კომპენსაცია შესთავაზოს. ასევე, თუ იმავე ადგილას, იმავე ფუნქციის ახალი შენობა აშენდება, ამ შენობაში გადასცეს სულ მცირე იმ ზომის ფართობი, რომელიც მის საკუთრებაში იყო ძველ შენობაში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მერია 9 მარტის ქუჩაზე, #3-ში მდებარე სახლის მესაკუთრეებს სწერს:

„ბათუმის მუნიციპალიტეტი თქვენი თანხმობის შემთხვევაში მზად არის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თქვენს საკუთრებაში რეგისტრირებული ავარიული საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ საკუთრებაში გადმოგცეთ იგივე ოდენობის გარემონტებული საცხოვრებელი ბინა ქალაქის ფარგლებში სხვა ტერიტორიაზე. ასვე, მუნიციპალიტეტის მერია თქვენი თანხმობის შემთხვევაში მზად არის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განახორციელოს თქვენს საკუთრებაში არსებული შენობის დემონტაჟი, სანაცვლოდ არსებულ ადგილზე კანონმდებლობით განსაზღვრული იგივე ფუნქციის შენობის მშენებლობა და აღნიშნულ ახალ შენობაში, იგივე ოდენობის გარემონტებული საცხოვრებელი ბინის გადმოცემა.“

წერილის მიხედვით, ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ყველა წევრის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლს ავარიული სახლის პროგრამაში ვერ ჩართავენ. ამხანაგობების თავმჯდომარეები კი ამბობენ, რომ ეს რთული მისაღწევია.

აქ მცხოვრებლებს შეთავაზება მოსწონთ.

„მისასალმებელია, რომ ეს პროგრამა გაკეთდა, ბოლოს და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი შეიძლება დაიღუპოს აქ. ჩვენ გვინდა, რომ სახლი აქ აშენდეს. აქ ვცხოვრობ და  არ წავალ, სადღაც შორს თუ მომცემ, შეიძლება ვიღაც წავიდეს. აქ ინვესტორიც არის მოსული. მერიამ გვითხრა, თქვენ ეს პროგრამა ხელს არ შეგიშლითო. საქმე იმაშია, რომ აქ ინვესტორი ათსართულიანის მშენებლობის პირობას არ თანხმდება, რადგან ამ სახლს 35 მესაკუთრე ჰყავს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს, ამიტომ 12-სართულიანი მაინც უნდა ააშენოს“,- გვიყვება ამხანაგობის თავმჯდომარე თინათინ გიორგაძე.

 

ავარიული სახლი 9 მარტის ქუჩაზე
ავარიული სახლის ერთი ნაწილი გარემონტებული და გამაგრებულია, მეორე ნაწილიდან კი მერიას ოჯახები ქირით ჰყავს გაყვანილი

ასევე ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ბარათაშვილის 49-შიც, ანალოგიური წერილი მიიღეს.

თუმცა მერიისგან აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის წერილი მიიღეს ავარიული სახლის მცხოვრებლებმა ქალაქის ცენტრიდან შედარებით მოშორებით, გიორგი ბრწყინვალის #48-ში:

ამ შემთხვევაში წერილს ხელს აწერს არა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, არამედ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელი აკაკი ბერიძე.

„გვითხრეს, ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ გვაქვს, როგორც კი პასუხს მივიღებთ, შემდეგ გადაწყდებაო“, – გვიყვება ამხანაგობის თავმჯდომარე მერაბ ყადიძე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიორგი ბრწყინვალის #48-ში მდებარე სახლის ექსპერტიზის დასკვნა მერიის არქივში ინახება. ამ და კიდევ 34 სახლის ექსპერტის დასკვნის მოსამზადებლად მერიამ ბიუჯეტიდან თანხა 2019 წელს დახარჯა და შესაბამისი ინფორმაცია ბათუმის საკრებულოშიც ჰქონდა წარდგენილი.

დოკუმენტებში, რომლებიც მერიამ ბათუმის საკრებულოს 2019 წელს გადაუგზავნა, ვკითხულობთ:

გ. ბრწყინვალის ქ. #48 – საცხოვრებელი სახლი ავარიულია და საფრთხისშემცველია. დაზიანებათა დიდი მოცულობიდან და შენობის კონსტრუქციული სქემიდან გამომდინარე, შენობის აღდგენა არარენტაბელურობის გამო არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. ოჯახების რაოდენობა – 25.

გიორგი ბრწყინვალის #48

მერიისგან წერილი მიიღეს ქალაქსშემოერთებულ ტერიტორიაზე ავარიულ სახლში მცხოვრებლებმაც, სადაც მერია წერს, რომ სახლი ავარიულია და  თანხმობის შემთხვევაში „შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებენ“. თუმცა ეს შესაბამისი ღონისძიებები წერილში დაკონკრეტებული არ არის. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებულია სახლის მზიდი კედლები. გარდა ამისა, გასულია სახლის ექსპლუატაციის ვადა და მისი საცხოვრებლად გამოყენება სახიფათოა.

 

9 მარტის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის სადარბაზო

„კანონს არღვევენ“ – საია საარჩევნოდ 338 ადამიანის ბათუმში, ერთ მისამართზე ჩაწერაზე

„მისამართი უნდა იყო დაზუსტებული. კანონი ავალდებულებს რეესტრს ზუსტი მისამართის დადგენას. დამისამართების პრობლემა ბევრგან არსებობს და ეს გამოიყენა მმართველმა გუნდმა თავის სასარგებლოდ… ამ შემთხვევაში რეესტრი კანონს არღვევს,“ – გვიპასუხა პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ წინასაარჩევნოდ ასობით ადამიანის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ბათუმში გადმოწერაზე, კონკრეტულად კი, „ფრიდონ ხალვაშის გამზირი 188-ის მიმდებარედ“.

ამ მისამართზე „ოცნების ქალაქია“ – ადგილი, სადაც ასეულობით ოჯახი წლებია საცხოვრებელს ითხოვს, ბოლო გადაწყვეტილებით კი, იქ მთავრობა მათთვის კორპუსებს აშენებს. თუმცა ბარაკებში მცხოვრებმა ადამიანებმა არ იციან ზუსტად, ვის მოუწევს ბინა. რამდენიმე დღის წინ აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატთან – რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად თორნიკე რიჟვაძეც გამოჩნდა და ადამიანებს ბინების გადაცემას დაჰპირდა.

„მიმდებარედ“ – ასე გაურკვევლად უწერია მისამართი დაახლოებით 338 ამომრჩეველს, რომლებმაც წინა არჩევნებზე ხულოში, შუახევში, ქობულეთში თუ წალკაში უკვე გააკეთა არჩევანი. მათ ახლა, 2 აპრილსაც მოუწევთ „გადამწყვეტ“ არჩევნებზე წასვლა. გადამწყვეტზე იმიტომ, რომ ეს არჩევნები გადაწყვეტს: ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება თუ არა.

დღეს, 29 მარტს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და „ქართული ოცნების“ კანდიდატის – რამაზ ჯინჭარაძისთვის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. სასამართლოს სარჩელის განსახილველად 48 საათი აქვს. ოპოზიციის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს სქემა გამოიყენა ამომრჩევლის მოსასყიდად.

„აქამდეც ოცნების ქალაქში ვცხოვრობდით, რეგისტრაცია არ გვქონდა უბრალოდ,“ – ეს რამდენიმე ადამიანმა გვითხრა, რომლებიც ბათუმის მე-4 მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლები 2 აპრილის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდნენ. მათ ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტეს ბათუმში საცხოვრებელი რეგისტრაციის გავლა ახლა, არჩევნების წინ, როცა წლების განმავლობაში ეს სურვილი არ გასჩენიათ.

„მე, პირადად, ოპერაციის გაკეთება მჭირდება და ამიტომ გავაკეთე ეს რეგისტრაცია. მითხრეს, რომ ბათუმის მცხოვრები თუ ვიქნებოდი, მივიღებდი დაფინანსებას ბათუმის ბიუჯეტიდან… დაახლოებით 20 დღის წინ გავიარე რეგისტრაცია ბათუმში. ისე, 10 წელია უკვე „ოცნების ქალაქში“ ვცხოვრობ,“ – გვითხრა რევაზ შაინიძემ, რომელიც მანამდე ქობულეთის სოფელ ოჩხამურში იყო რეგისტრირებული.

ადამიანები, რომლებმაც წინასაარჩევნოდ გადაწყვიტეს ბათუმში რეგისტრაცია, ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არჩევნებს საერთოდ არ უკავშირდება და არც „ქართული ოცნების კანდიდატს რამაზ ჯინჭარაძეს, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის სტატუსით ყველაზე აქტიურად იყო დაკავშირებული ხელისუფლებიდან „ოცნების ქალაქთან“.

„სოციალურში გავიგე შემთხვევით და განცხადება დავწერე,“ – ამბობს როზეტა მაისურაძე. ისიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. მისი თქმით, მას წლების განმავლობაში არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეეძლო საცხოვრებელი რეგისტრაციის გავლა იმის მიუხედავად, რომ ქონების მესაკუთრე არ იყო.

„ჩაწერის თაობაზე თავად გავიგე, ეგეც დამალული ინფორმაციაა და თუ არ იცი უფლებები, ვერც ვხვდებით გლეხები, კარგი იქნება, საჯარო რომ იყოს მსგავსი ინფორმაცია და უფლებები… „ოცნებიდან“ არავის არაფერი არ უთქვამს. მე, უბრალოდ, საბუთებისთვის გავაკეთე მისამართი, ზუსტი რომ მქონოდა ამჟამინდელი, სადაც ვარ,“ – გვითხრა როზეტა მაისურაძემ.

„წინა არჩევნებმაც აჩვენა, რომ ზოგჯერ ერთი და ორი ხმაც გადამწყვეტია. როცა ასეულობით ადამიანს ასე არეგისტრირებენ, ეს აჩენს ეჭვს ამომრჩევლის მოსყიდვასა და იძულებაზე,“ – ამბობს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე და ყურადღებას ამახვილებს „ოცნების ქალაქში“ თორნიკე რიჟვაძის სტუმრობაზე, რომელიც ბინების გადაცემას დაჰპირდა ადამიანებს.

მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები ტარდება, სულ 20 635 ამომრჩეველია.

საია-ში მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაწყებულიყო გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის და იძულების მუხლით და სამართალდამცველებს მოეკვლიათ ინფორმაცია. იურისტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულთანაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება.

კიდევ ერთი დეტალი – იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ამომრჩეველმა, საჭიროა საცხოვრებლის რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის არაა საჭირო რომელიმე უძრავი ქონების მესაკუთრე იყო, მაგრამ ამ პროცედურის გასავლელად თქვენ დაგჭირდებათ მესაკუთრის თანხმობა, ან ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ თქვენ ამ უძრავ ქონებას იკავებთ. საცხოვრებელი რეგისტრაციის გავლა არ ნიშნავს იმას, რომ მესაკუთრე ხდებით, თუმცა, მაგალითად, შეგიძლიათ იმ უბანზე ხმა მისცეთ.

თითოეულ ამომრჩეველს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი მისამართი.

ამ შემთხვევაში „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები მესაკუთრეები არ არიან. ისინი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას იკავებენ.

რატომ დათანხმდა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ასეულობით ადამიანისთვის საცხოვრებელი რეგისტრაციის გავლას? – ეს კითხვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში დავსვით, სადაც გვითხრეს, რომ მათ თანხმობა არ გაუციათ და არ აქვთ ინფორმაცია, როგორ გაიარეს ადამიანებმა რეგისტრაცია აჭარის ქონებაზე.

„ოცნების ქალაქში“ კი გვითხრეს, რომ „მესაკუთრის თანხმობა არ დასჭირდათ“ და იუსტიციის სახლში, როცა განაცხადი დაწერეს, მათთან ერთად სხვა არავინ იყო.

„გვითხრეს, რომ არ იყო ეს საჭირო. განცხადება დაიტოვეს და სულ ეს იყო,“ – გვითხრა რევაზ შაინიძემ „ოცნების ქალაქიდან“.

___

ამავე თემაზე:

ენმ: ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში 1053-ით მეტი ახალი ამომრჩეველია

„დახურეთ ცა უკრაინის თავზე“ – დღეს ბათუმში მორიგი აქცია გაიმართა

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ბათუმში მყოფი უკრაინელების მორიგი აქცია გაიმართა.

აქციაზე მოეწყო პერფორმანსი. აქციის ყველა მონაწილეს ცისკენ მიმართული პლაკატები ეჭირა, ისინი უკრაინის ცის დაკეტვას ითხოვდნენ.

აქცია ევროპის მოედანზე

„გადავწყვიტეთ, ჩვენი ხმაც შევუერთოთ უკრაინის ცის დახურვის მოთხოვნას.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის ცის დაკეტვაა. იმ ბავშვების უსაფრთხოება, რომლებიც უკრაინაში ყოველდღე იბომბებიან, უნდა იყოს გარანტირებული.

ჩვენ ვიკრიბებით ყოველდღე, რათა უკრაინელ მეგობრებს ვუთხრათ, რომ მათ გვერდით ვდგავართ და გამარჯვებამდე ვიქნებით“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნიკა ქაშიბაძემ.

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია ბათუმში თითქმის ყოველდღე იმართება.

აქცია ევროპის მოედანზე
აქცია ევროპის მოედანზე
აქცია ევროპის მოედანზე

3 საათამდე ქართულის სწავლა, ცოტა ძილი და შრომა ღამით – რაჰიბის ინტეგრაციის გზა

19 წლის რაჰიბ სეიდლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალიდანაა. აზერბაიჯანულენოვანი სკოლა დაამთავრა და ახლა 1+4 პროგრამით სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადის. როგორც რაჰიბი გვიყვება, ქართულს ის სკოლაში პირველი კლასიდანვე სწავლობდა, თუმცა არასათანადოდ.

„მე-11, მე-12 კლასში სულაც აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელი გვასწავლიდა ქართულს, არ იცოდა კარგად ენა და შეუძლებელი იყო სრულფასოვნად ენის შესწავლა. იყვნენ ჩვენს სკოლაში პროგრამით ჩამოსული ქართულის მასწავლებლებიც, მაგრამ ეს რესურსი არ იყო საკმარისი“ – გვიყვება რაჰიბ სეიდლი.

1+4 პროგრამის პირველი წლის, ანუ ქართული ენის ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ რაჰიბმა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე უნდა გააგრძელოს სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ენაზე. სახელმწიფო ენის ერთწლიანი, ინტენსიური, მოსამზადებელი კურსი რომ გაიაროს, რაჰიბს 2225 ლარის გადახდა უწევს.

ქართული ენის უფასოდ შესწავლა 1+4 პროგრამით წელს 185 აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტს შეუძლია, რაჰიბი მათ შორის ვერ მოხვდა, ამიტომ სახელმწიფო ენის საფასურს რაჰიბს ერთ-ერთი აზერბაიჯანული კომპანია უხდის.

„გამიმართლა, რომ ეს კომპანია მიხდის ქართული ენის კურსისთვის ფულს. ჩემით ვერ გადავიხდიდი. ვმუშაობ „სპარში“ და ჩემი ხელფასი 500 ლარიც კი არ არის. მშობლებიც მეხმარებიან. მხოლოდ ბინაში 700 ლარის გადახდა მიწევს. მართალია, მეგობრებთან ერთად ვცხოვრობ და ქირის ფულსაც ვინაწილებთ, მაგრამ მაინც ბევრი რამაა საჭირო“ – ამბობს რაჰიბი.

რაჰიბს გაუმართლა, რომ სახელმწიფო ენის კურსის გადასახადს აზერბაიჯანული კომპანია უხდის. თუმცა არ გაუმართლა მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელსაც რაჰიბის მონათხრობის თანახმად, უწევს ონლაინკაზინოში იმუშაოს საღამოობით, სახელმწიფო ენის კურსის გადასახადი რომ შეაგროვოს.

როგორც რაჰიბი გვეუბნება, მის მეგობარს ამ თემაზე საუბარი ხმამაღლა არ სურს, თუმცა, გვიყვება, რომ მისი მეგობარი დღის 3 საათამდე ქართული ენის ლექციებს ისმენს, მერე კი მცირე ხნით ძილი და საღამოს ონლაინკაზინოში მუშაობა უწევს.

„ასე იმიტომ ხდება, რომ ეთნიკური უმცირესობებიდან ყველას არ უფინანსდება სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსი. კომპანია კი, რომელიც მე მიხდის ფულს აწესებს ბარიერს: თუ 60 ქულა და მეტი არ გაქვს, დაფინანსებას ვერ მიიღებ, ასეთი კი ბევრი სტუდენტია“ – ამბობს რაჰიბი.

თავადაც 3 -4 საათამდე აქვს ქართულის ლექციები რაჰიბს, მერე ცოტა ხნით იძინებს და საღამოს ცხრა საათიდან დილის ცხრამდე მუშაობს, ხანდახან დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე. ამბობს, რომ თუ დროს გამონახავს, სამსახურშიც მეცადინეობს.

რაჰიბი ამბობს, რომ სამსახურში ის ენას პრაქტიკულად სწავლობს და მხოლოდ ენის კურსი ვერ დაეხმარებოდა სწრაფად აეთვისებინა სასაუბრო ენა.

„რომ არ ვმუშაობდე და ხალხთან კომუნიკაცია არ მქონდეს, ვერ ვისწავლიდი ენას კარგად. ახლა ვგრძნობ, რომ კარგი შედეგი მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ: საკმარისი იქნება ერთ წელიწადში ნასწავლი ქართული იმისთვის, რომ მომავალი წლიდან ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სპეციალური ლიტერატურა ქართულად წავიკითხო, გავიგო და ვისწავლო?“ – ამბობს რაჰიბი.

გვიყვება, რა რთული იყო მისთვის უცნობ გარემოში ადაპტაცია. ქალაქის დიდ მასშტაბებთან შეგუება, ახალი მეგობრების პოვნა, სამსახურის ძებნა, ბინის დაქირავება და ქართულად ალაპარაკება:

„სკოლაში სულ მეუბნებოდნენ მასწავლებლები კაბანში, რაჰიბ, ძალიან გაგიჭირდება თბილისში ცხოვრება, არ იქნება მარტივიო. მართლაც, რომ ჩამოვედი, ყველაფერი ძალიან რთული იყო, არ ვიცოდი რისთვის როგორ მიმეგნო, მიჭირდა საუბარი, არავის ვიცნობდი. მაგრამ ყველაფერს შევეჩვიე ნელ-ნელა. ის მეგობრები დამეხმარნენ, ვინც უკვე პირველ კურსზე დამხვდა უნივერსიტეტში, მაპოვნინეს სამსახური, მასწავლეს გზები“ – განაგრძობს რაჰიბი.

სოფელ კაბალის აზერბაიჯანულენოვან სკოლაში, რაჰიბის კლასში, 29 მოსწავლე იყო. როგორც ის გვეუბნება მათგან 13-მა მოსწავლემ სხვადასხვა ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა.

#ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ – ამ ორი ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, წერენ ბოლო დღეებია. ამ ჰეშთეგით საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ.

ამავე თემაზე:

„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა

 

კომპანია Johnson & Johnson-ი რუსეთში ჰიგიენური საშუალებების ექსპორტს აჩერებს

ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ი აჩერებს რუსულ ბაზარზე ჰიგიენური საშუალებების ექსპორტს. ამ ხაზში შედის შამპუნები, საპნები, თმისა და კანის მოვლის საშუალებები და ა.შ.

განცხადება კომპანიამ დღეს, 29 მარტს, გამოაქვეყნა.

ამავდროულად, კომპანია აცხადებს, რომ უკრაინაში დაზარალებულთა ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაიღებს 10 მილიონ დოლარს.

Johnson & Johnson-მა მარტის დასაწყისში შეაჩერა რუსეთში ინვესტიციები და სარეკლამო აქტივობა, ექსპორტზე უარი კი კომპანიამ დღეს განაცხადა. ამავე დროს, ეს არ შეეხება კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტებისა და სამედიცინო ნივთების ექსპორტს რუსეთში.

24 თებერვლის, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ასობით კომპანიამ დატოვა რუსეთის ბაზარი პროტესტის ნიშნად.

ვინ და როგორ ისარგებლებს უშვილობის მკურნალობის პროგრამით აჭარაში – ინტერვიუ

აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება. პროგრამა წელს ივლისის თვიდან პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.

უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალო საბაზრო ფასი დღეს დაახლოებით 10 000 ლარია. ამ სერვისს საქართველოში არც ერთი სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს.

როგორ იმუშავებს ახალი პროგრამა? – ამის შესახებ „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს ესაუბრა. 

  • ქალბატონო ნინო, რამდენად მაღალია აჭარაში ამ სერვისის დაფინანსებაზე მოთხოვნა? 

მომართვიანობის ზუსტი რიცხვების თქმა გამიჭირდება, რადგან მოსახლეობამ იცოდა, რომ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ იფარებოდა, ამიტომ ძირითადად მოდიოდა მოთხოვნა მატერიალურ დახმარებაზე, იმისთვის, რომ ჩაეტარებინათ ხელოვნური განაყოფიერება ან სხვადასხვა ნოზოლოგიის დაფინანსებაზე (რისი დაფინანსებაც იყო შესაძლებელი), რაც იწვევდა უშვილობას და რეალურად, რისთვის მოგვმართავდა პაციენტი, ნაკლებად ჩანდა.

თუმცა რეალური სურათი პაციენტებთან ურთიერთობის დროს, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებული ინფორმაციით, იყო საკმაოდ სერიოზული და საყურადღებო.

  • როდიდან ამუშავდება ეს პროგრამა?

ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობდით დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ვადარებდით მონაცემებს და ძირითადად გვიწევდა თანხების თხოვნა მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის ან სხვადასხვა მატერიალური დახმარების გაწევა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რათა მინიმალური სახსრები მოეპოვებინათ ამ პრობლემასთან დაკავშირებული კვლევებისა და მკურნალობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც დიდი იყო აქტიურობა.

პროგრამა პილოტურად ამოქმედდება მიმდინარე წელს, კერძოდ, ივნისის თვიდან, ბიუჯეტის ცვლილება როგორც კი განხორციელდება, ოფიციალურად დამტკიცდება ახალი პროგრამა და სავარაუდოდ ივლისის თვიდან უკვე დაიწყება სერვისის დაფინანსება.

  • რამდენით დაფინანსდება თითოეული პროცედურა, საბაზრო ფასი დადგენილია ამ პროცედურების? 

იცით, რომ ღირებულებები და ფასები, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, იცვლება. გვქონდა სერვისის მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაცია, რომ ისინი წამოსულიყვნენ ჩვენთან ურთიერთობაზე და ჩვენთვის მისაღებ ფასად შემოეთავაზებინათ ეს სერვისები. თანხების დასახელებისგან ვიკავებთ თავს, რადგან ბიუჯეტის დამტკიცებამდე დაფინანსება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს დაახლოებით ათასი ლარით. წინ არის თვე-ნახევარი. დაახლოებით ნახევარი მილიონი გვაქვს გათვლილი წელს, ნახევარ წელზე.

  • ითქვა, რომ დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები, მაგრამ პრიორიტეტული რა იქნება – ასაკი, სოციალური სტატუსი?

დაფინანსების მოდელი ამ პროგრამაში იქნება ვაუჩერიზაციის პრინციპით, მაგრამ დაფინანსების მოცულობა იქნება სხვადასხვა.

პროგრამა გაითვალისწინებს ყველა ბენეფიციარის დაფინანსებას, რომელიც ჩვენი რეგიონის რეგისტრაციის მქონე პირი იქნება, მაგრამ პრიორიტეტულობა დაფინანსების პროცენტულ წილთან მიმართებაში მიენიჭება სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და შშმ სტატუსის პირებს.

მაგალითად, 200 000-მდე ქულის მქონე პირისთვის და ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისთვის ეს სერვისი იქნება 100%-ით, ანუ სრულად დაფარული. მაგრამ სხვა ჯგუფებისთვის, ვისაც ქულა აქვს მაღალი და არ აქვს სტატუსი, ეს იქნება 70%-იანი თანაგადახდით [30% მოქალაქის მხრიდან]. გარდა ამისა, ჩვეულებრივად, რეგულარულად დასაქმებული პირებისთვის, თანაგადახდა იქნება უფრო მაღალი – 50%.

უშვილობის დიაგნოზი ასაკთან მიმართებაში არის სხვადასხვა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ექსპერტების დასკვნას დავეყრდნობით და მათი დიაგნოზით მოხდება ამის განსაზღვრა.

  • სერვისის დაფინანსება განიხილება ყველა მსურველისთვის, თუ მხოლოდ წყვილებისთვის?

რახან ჩვენ დავიწყეთ პილოტურად ეს პროგრამა, შუა წელია და ნახევარი წელი უნდა ავიღოთ განსახორციელებლად, ამ ეტაპზე ეს იქნება უშვილო წყვილებისთვის. მიმდინარე წელს საუბარია წყვილზე, თუმცა თუ გამოიკვეთება სხვა საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობის საკეთილდღეოდ შეიძლება იქნას გაწეული, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ წყვილებზე ვსაუბრობთ.

  • როგორ შეირჩევა სამედიცინო დაწესებულებები?

ვაუჩერიზაციის პრინციპი ნიშნავს, რომ მოქალაქე ირჩევს იმ რეპროდუქციულ ცენტრს, კლინიკას, სადაც სურს პროცედურის/პროცედურების ჩატარება, მაგრამ ვიდრე ჩვენ კლინიკასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი გარკვეული მოცემულობა. 

სამინისტრო ხარისხზე იქნება ორიენტირებული, ის მინიმალური ინდიკატორები, რის მიხედვითაც შევარჩევთ კლინიკებს, იქნება ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერების რაოდენობა, მათი შედეგები, პაციენტების კმაყოფილების დონე უკვე გაწეულ სერვისებთან მიმართებებში, გართულებების მაჩვენებელი და ა.შ. ჩვენ ახლა ამ ინდიკატორების დახვეწაზე ვმუშაობთ, რეკომენდაციებს გავდივართ მეანგინეკოლოგთა ასოციაციასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან.

  • ბევრი წყვილი უცხოეთში, კერძოდ თურქეთში მიდის სამკურნალოდ, ამ შემთხვევაში რა ხდება?

ჩვენ ამ სერვისებს დავაფინანსებთ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში. უცხოეთი უკვე ნიშნავს საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მოპოვებას, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან არის დაკავშირებული და გარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური პათოლოგიებისა, ჩვენ ამას დამოუკიდებლად არ ვაფინანსებთ უცხოეთში.

  • თითო წყვილი ერთჯერადად დაფინანსდება, თუ გამეორებით ცდაზეც ეძლევათ შანსი? 

ილუზია არ გვაქვს და ვიცით, რომ 100%-იან შედეგს ყოველთვის პირველივე მცდელობაზე ვერ მივაღწევთ, მსოფლიოში არ ხდება ასე, ამიტომ ეს გავითვალისწინეთ და განმეორებითი მცდელობის დაფინანსების შესაძლებლობა შევქმენით შეზღუდულ დროებში, კერძოდ, 4 თვის შიგნით, როგორც ეს ჩვეულებრივ, ექსპერტულადაა მოწოდებული. აქ იქნება განსაზღვრული ლიმიტირებული დაფინანსება.

მარიუპოლში სკვერები მიცვალებულებითაა სავსე – ქართველი ბერი უკრაინაში

„მარიუპოლში ვერ ხერხდება დაღუპული ადამიანების დასაფლავება. იმდენად წარმოუდგენელი მდგომარეობაა, რომ ზოგს აივანზე ჰყავს თავისი მიცვალებული გამოყვანილი, რომ არ გაფუჭდეს ცხედარი და ან ცხოველებმა არ შეჭამოს.

ყველა სკვერი მიცვალებულებით არის გადავსებული. ახლა იმაზეც დარდობენ, როცა დათბება, შესაძლოა ქალაქში ეპიდემიამაც იფეთქოს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში უკრაინაში მცხოვრები ბერი, ნექტარიოს მჭედლიძე. იგი ამჟამად უკრაინის ქალაქ რივნეში იმყოფება.

  • მამა ნექტარიოს, რა ინფორმაცია გაქვთ მარიუპოლზე?

მარიუპოლში მდგომარეობა ისევ ისეთი მძიმეა. დღეს ჰუმანიტარული დერეფანი უნდა შექმნილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, რუსებმა ისევ ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას. ცოტა ხნის წინ, უკრაინული ტელევიზიით გავრცელდა კადრები, სადაც დედა ამბობდა, როგორ წაართვეს მის 4 წლის ბავშვს რუსმა ჯარისკაცებმა ორცხობილა, რომლითაც საზრდოობდა ბავშვი, რომ რამდენიმე კილომეტრი გამოევლო, სანამ სამშვიდობოს გამოვიდოდა.

ძალიან არაადამიანურად იქცევიან რუსები. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვია, მოხუცი თუ ქალი, ისინი სადისტებივით ექცევიან მშვიდობიან მოსახლეობას. მათთან არც სიყვარულია და არც ღმერთი. მათი რელიგია დამყარებულია ძალაუფლებაზე. მათი გზები ძალაუფლებასთან მიდის არა ღმერთთან. ღმერთს კავშირი მაგ ქვეყანასთან არა მგონია, რომ ჰქონდეს.

  • მარიუპოლიდან გამოსული ერთი ადამიანი ამბობდა, რომ ცხოველების საკვების ჭამა უწევთ. საყვედურები ისმის „წითელი ჯვრის“ და გაეროს მისამართით, რომ ისინი ვერ მოქმედებენ სათანადოდ ბავშვების გამოსაყვანად. უკრაინელები რაში ხედავენ გამოსავალს?

სასულიერო პირები აქტიურად არიან ჩართული, დღე და ღამეს ასწორებენ, რომ რაღაც გზებით შევიდნენ მარიუპოლში და საკვები შეუტანონ ადამიანებს ან ბავშვები გამოიყვანონ.

ევროპის ერთობლივ ქმედებაზეა დამოკიდებული, რომ დერეფანი გაიხსნას და შევიდეს ჰუმანიტარული ტვირთი. თუმცა ხანდახან მგონია, რომ მიტოვებულია უკრაინა და ყველას რაღაც შიშები აქვს. ამ დროს კი ძალიან ბევრი ადამიანი კვდება. უნდა გამოფხიზლდეს ევროპაც, თორემ ეს ბოროტება მათაც მიადგება კარებზე.

აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ცა. მგონია, რომ რუსული პროპაგანდაა ისიც, რომ თითქოს მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება ეს.

რუსებს უკრაინის არმიასთან ომი არ შეუძლიათ. ისინი უბრალოდ მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ.

  • რას ჰყვებიან ის სასულიერო პირები, ვინც გამოდიან მარიუპოლიდან?

ითქვა, რომ 5 ათასი ადამიანია დაღუპული, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი იქნება. ვერ ხერხდება ადამიანების დასაფლავება. იმდენად წარმოუდგენელია მდგომარეობა, რომ ზოგს აივანზე ჰყავს თავისი მიცვალებული გამოყვანილი, რომ არ გაფუჭდეს ან ცხოველებმა არ შეჭამონ.

ყველა სკვერი მიცვალებულებით არის გადავსებული. ახლა იმაზეც დარდობენ, როცა დათბება, შესაძლოა ქალაქში ეპიდემიამაც იფეთქოს. ომის 34-ე დღეა უკვე და მიცვალებულების დამარხვა ისევ ვერ ხერხდება.

ქალაქში დარჩენილ ადამიანებს არ აქვთ ელექტროენერგია, წყალი, გათბობა. ყველაფერი დაზიანებულია. ჯოჯოხეთური მდგომარეობაა მარიუპოლში. რასაც ჰყვებიან სასულიერო პირები, წარმოუდგენელი სისასტიკე ხდება და ვერც გამოსვლას ვერ ახერხებს მოსახლეობა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც არ უშინდებიან და არ ტოვებენ მარიუპოლს და რჩებიან ჯოჯოხეთში.

მარიუპოლში აღარც ეკლესია-მონასტრები არსებობს, მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, სადაც სადაც ადამიანებმა თავი შეაფარეს.

ახლა დაიწყო ხვნა-თესვა უკრაინაში, მაგრამ გუშინ სარაკეტო იერიში მიიტანეს ჩემს ქალაქზე და ნავთობის აუზები გაანადგურეს, რომ მოსახლეობამ ვერ დათესოს მიწები.

  • ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ეს სათესი მინდვრებიც დაბომბონ რუსებმა?

თუ საწვავი არ იქნება, ვერც სასოფლო ტექნიკა იმუშავებს. სოფლებში ახლა ძირითადად ცხენებით მიმდინარეობს მიწების დამუშავება, არ ჩერდებიან, ძალიან შეუპოვარი ხალხია და არ ეგუებიან ამ სირთულეებს.

ცდილობენ, რომ არ დარჩეს მშიერი უკრაინა. მთელი მოსახლეობა ჩართულია სოფლებში, ერთმანეთს ეხმარებიან და ასე მიდის მიწების დამუშავება.

თუმცა იმ მასშტაბს ცხენებით ვერ დაამუშავებენ, რაც ტექნიკით არის შესაძლებელი. აქ საუბარი მიდის იმაზე, რომ შიმშილი არ დადგეს ქვეყანაში.

  • თურქეთი დაჰპირდა ზელენსკის, რომ საწვავს მიაწვდიან მიწების დასამუშავებლად.

დიახ, იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა ცდილობენ, რომ საწვავის საცავებზე მიიტანონ იერიშები.

  • როგორც ვიცით, უკრაინას მინერალური სასუქების დიდი მარაგები აქვს. რამდენად არის დაცული ეს საცავები, რომ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეები არ გაჩნდეს?

ცდილობენ ქიმიური საცავების დაბომბვასაც. გუშინ ორჯერ მიიტანეს ჩვენს ქალაქში იერიში ქიმიური მინერალების საცავებზე, თუმცა მოიგერიეს უკრაინელებმა. მაგრამ ეს მარტო ქალაქ რივნეს არ შეუქმნიდა პრობლემას, ბელარუსსაც შეუქმნის საფრთხეს, თუკი აფეთქდება. გუშინ რივნეს მერმაც გაავრცელა ინფორმაცია, ჰაერში არ აღმოჩნდა საშიში კონცენტრაცია და არ იყო პანიკის საფუძველი.

  • სხვა ქალაქებში როგორი ვითარებაა?

ხარკოვსა და სხვა ქალაქებში შედარებით უკეთესია მდგომარეობა. გუშინ მთელი დღე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენები იყო ჩართული და მაშინ მიიტანეს დარტყმები რივნეს ნავთობსაცავზე, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

  • ადრე როცა გესაუბრეთ, მაშინ თქვით, რომ 10-მდე რუსი სასულიერო პირი იყო დაკავებული ჯაშუშობისთვის, იმის მერე რა სურათია?

რუსი ეპისკოპოსები, ვინც არიან უკრაინაში, ცუდ განცხადებებს აკეთებენ. ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი დღეს ქადაგებდა, რომ უკრაინა ღირსია ამ ყველაფრის და ეს განსაცდელი ხალხის ბრალიაო. სამწუხაროდ, ამ ქადაგებას ბევრი პრორუსი სასულიერო პირი აზიარებს საქართველოში.

როგორ შეიძლება ბავშვების ხოცვა-ჟლეტა და ის სისასტიკე რაც მარიუპოლში ხდება, ბავშვების ბრალი იყოს? ან ღირსი იყოს რომელიმე ბავშვი. ისინი უბრალოდ ემსახურებიან ეშმაკს, რადგან არ შეიძლება ქრისტიანი ვუწოდოთ ამ ეპისკოპოსებს.

ომი როგორც დასრულდება, აუცილებლად მიიღებენ კანონს და აღარ მოუწევთ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული განცხადებების კეთება.

რუსი სასულიერო პირები არც წესს უგებენ უკრაინელ გარდაცვლილ სამხედროებს და არც ეხმარებიან. რუსულ ეკლესიას მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებს. არავის ეგონოს, რომ მათ ღმერთი სწამთ. ორმილიონიან იახტაზე საცვლის ამარა დატანტალებს რუსების პატრიარქი, მაშინ როდესაც ამდენი მშიერი ადამიანი ჰყავთ რუსებს.

მაგრამ მათ არ აინტერესებთ ხალხი, მათთვის მთავარია პოლიტიკურად შეუნარჩუნონ ძალაუფლება რუსეთს და თვითონაც კარგად იმხიარულონ.

უკრაინის ეკლესიის მღვდლები კი დღეს ჩვეულებრივი ჯარისკაცები არიან. ყველა ხერხით ცდილობენ საკვების შეტანას და ბავშვების გამოყვანას მარიუპოლიდან ან სხვა ქალაქებიდან.

  • მარიუპოლზე მინდა გკითხოთ ისევ. სამხედრო ექსპერტების თქმით, ეს ქალაქი სტრატეგიულია რუსებისთვის. არსებობს რამე ოპტიმიზმი მის გასათავისუფლებლად?

დღეს მთელი უკრაინა ელოდება თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს. მარიუპოლი სამი მხრიდანაა ალყაში და ძნელია მოქმედებები სანამ 100 ათასზე მეტი ადამიანი არ გამოვა იქიდან. თუ მოხერხდა მოსახლეობის გამოყვანა, რუსები ვერ შეეწინააღმდეგებიან უკრაინის არმიას. მარიუპოლი არის და მუდამ იქნება უკრაინის ტერიტორია, უკრაინელები ამ ტერიტორიას არ დათმობენ. თუ რუსეთი დარჩება მარიუპოლში, შემდეგი იქნება მოლდოვა, საქართველო და ბალტიისპირეთი.

რუსები არავის და არაფერს დაინდობენ. საკუთარი მოქალაქეებიც კი არ ეცოდებათ და საზარბაზნე ხორცად აგზავნიან ბავშვებს [ახალგაზრდა ჯარისკაცებს] იმდენად შეპყრობილი არიან იმპერიის იდეით. მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში ახალ თაობას საერთოდ არ აინტერესებთ მათი იმპერია, ყველას თავისუფალი ცხოვრება უნდა. იმ რუსებსაც, რომლებიც ტყვედ ბარდებიან უკრაინელებს.

  • ლტოლვილებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, უკრაინაში რჩებიან თუ ყველა გადის მეზობელ ქვეყნებში?

დიდი ნაწილი რჩება ლვოვში, ნაწილი ევროპისკენ მიდის. დარწმუნებული ვარ, ყველა დაბრუნდება ომის შემდეგ. ეკლესია-მონასტრები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული და როგორც ლტოლვილებს, ასევე ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებს.

მიქაუტაძის საქმის პოლიციელები სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც სისტემაში რჩებიან

ილია სააკაშვილი ერთ-ერთი სამართალდამცველია „მამუკა მიქაუტაძის საქმიდან“, რომელიც ახლა უკვე შსს-ს მაღალჩინოსანია – ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსია.

ილია სააკაშვილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო 2013 წელს, როცა თბილისში მცხოვრებმა მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წინა დღით მიქაუტაძემ ცოლს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოკითხვისას, პოლიციელებმა მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს. „მამუკა მიქაუტაძის საქმეზე“ ევროსასამართლომ 2022 წლის 20 იანვარს დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა.

მამუკა მიქაუტაძის მოწმის სახით გამოკითხვასა და შემდეგ ნარკოლოგიურში გადაყვანის პროცესში სულ 7 პოლიციელი მონაწილეობდა: ილია სააკაშვილი, გივი მარკოზიშვილი, გიორგი არწივიძე, არჩილ ნაცვლიშვილი, ზურაბ მეგრელიშვილი, გოჩა გოგოლიშვილი, გიორგი კიკაბიძე.

მამუკა მიქაუტაძე თბილისში, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში მუშაობდა, როცა იქვე მისი მეგობარი მარიხუანას შენახვის გამო დააკავეს. მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს პოლიციელებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა მიაყენეს და საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს.

გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო იგი 2016 წელს დაიხურა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ პროკურატურის სახით არაფერი გაარკვია მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მისმა ცოლმა – ზიზი ეძგვერაძემ ევროსასამართლოს მიმართა.

  • რა დაინახა ევროსასამართლომ?

„…გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი კითხვები. კერძოდ, გამოკითხვის დროს მართლაც გაყვანილი იქნა თუ არა მიქაუტაძე სხვა ოთახში, და, თუ კი, რა მოხდა იქ.

ასევე, ყველაზე ნიშანდობლივი საგამოძიებო ხარვეზი სასამართლომ დაინახა ფაქტში, რომ გამოძიებამ არანაირი ჰიპოთეზა/განმარტება არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა პოლიციასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს, რომელსაც არანაირი სუიციდური განზრახვები, ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის პრობლემები არ ჰქონდა, ჩაედინა თვითმკვლელობა.

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა გამოძიების ეფექტიანობას,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ „მამუკა მიქაუტაძის საქმის“ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 26 მარტს, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.

„მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება ამგვარ საგამოძიებო უმოქმედობასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ საია-ში. ეს ორგანიზაცია იცავდა ზიზი ეძგვერაძის ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

საია-ს განმარტებით, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხელახლა უნდა დაიწყოს გამოძიება „მამუკა მიქაუტაძის საქმეზე“, თუმცა ამ დრომდე საიასთვის არ უცნობებიათ გამოძიების ხელახლა დაწყების შესახებ.

საია დავობდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] პროცედურული ნაწილის დარღვევაზე. კერძოდ, საია მიიჩნევდა, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტიანი, მათ შორის, მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა გამოძიების, თუნდაც შეზღუდული ვადით, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ წარმოება, ვინაიდან ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობდა, რაც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა. შესაბამისად, შსს-ს მიერ გამოძიების წარმოება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას.

სად არიან ის პოლიციელები, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძე 2013 წელს გამოკითხეს და შემდეგ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს? – შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია არ მოაწოდა. „ბათუმელებმა“ უწყებას 2022 წლის 21 იანვარს მიმართა. საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით განსაზღვრული ვადა კი 10 დღეა.

ვიდრე გამოძიება შეწყდებოდა, „მამუკა მიქაუტაძის საქმეზე“ გამოკითხეს ილია სააკაშვილი და სხვა პოლიციელებიც.

„ჩვენებებიდან დგინდება, რომ დაკავების დროს მათი მხრიდან მამუკა მიქაუტაძისა და გელა მანჯავიძის მიმართ, რაიმე უხეშ მოპყრობას, სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია არც შსს-ს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში, სადაც აწარმოებდნენ მამუკა მიქაუტაძის დაკითხვას. დაკითხვა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე,“ – ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს ჩანაწერია.

„დიახ, ილია სააკაშვილია უფროსი“, – დაგვიდასტურეს ქარელის რაიონული სამმართველოს ცხელ ხაზზე, სადაც დღეს, 29 მარტს, დავრეკეთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის კიდევ 6 თანამშრომელი, ვინც მონაწილეობდა მიქაუტაძის გამოკითხვაში, ასევე პოლიციაში მუშაობს.

ილია სააკაშვილი კი, 2021 წლის თებერვლიდან იკავებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს.  ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ილია სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ – 24 მარტს ჩაუბარებია, რომლის მიხედვითაც მისი ჯამაგირი თვეში 3172 ლარია, მისი ცოლის, ანი გიორგაძის კი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ დისტანციური გაყიდვების მენეჯერად მუშაობს,  – 1584 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, ილია სააკაშვილს და მის მეუღლეს 2021 წელს ბაკურიანში ბინა შეუძენიათ 36 500 დოლარად. ოჯახს ორი ბინა აქვს თბილისში – ერთი 2019 წელს შეძენილი, მეორე – 2015 წელს.

შანხაიში 20 ათასზე მეტი ბანკირი ლოკდაუნის დასრულებამდე ოფისში იცხოვრებს

შანხაიში 20 ათასზე მეტი ბანკირი, აქციებით მოვაჭრე და სააქციო ბირჟაზე დასაქმებული სხვა თანამშრომელი, ლოკდაუნის დასრულებამდე ოფისებში იცხოვრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩინეთის ვოლსტრიტი,“ – ასე მოიხსენიებენ  შანხაიში მდებარე ფინანსური კომპანიების ცენტრს, „პუდონგის ლუჯიაძუის ფინანსურ ქალაქს“ (Pudong’s Lujiazui Financial City). აქ მდებარე თაუერებში განთავსებულია საბროკერო, აქტივების მენეჯმენტისა და სხვა ფინანსური 285 ოფისი. როგორც „როიტერსი“ იტყობინება, ლიჯიაძუის კომპანიებმა სასწრაფოდ გამოიძახეს პერსონალი სამსახურში და ოფისებში მოუმარაგეს საკვები, საძილე ტომრები და საჭირო ინვენტარი, რათა ორშაბათს, 28 მარტს, ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ, ოფისებს შეუფერხებლად გაეგრძელებინათ მუშაობა.

შანხაიში, სადაც 26 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ორშაბათს დაიწყო ლოკდაუნი. ლოკდაუნი ორ ნაწილად გამოცხადდა – 28 მარტიდან ქალაქის ერთი ნაწილი დაიკეტა, კვირის ბოლოდან კი – მეორე. ლოკდაუნის მიზანი მოსახლეობის კოვიდზე სრული დატესტვაა, რათა შეაჩერონ ეპიდაფეთქება.

შანხაიში განთავსებულია ჩინეთის უდიდესი ბაზრები აქციების, ობლიგაციების, სავალუტო და წარმოებული ვაჭრობისთვის.

 

„დაგვყარეს აქ და გვითხრეს დაიხოცეთო“ – ჯარისკაცები დონეცკიდან და ლუგანსკიდან I ვიდეო

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ომში ჩართული ჯარისკაცების ვიდეომიმართვას ავრცელებენ და ითხოვენ, რომ ისინი უკან დააბრუნონ. ახალგაზრდები სამხედრო ფორმაში საუბრობენ, რომ ისინი მოტყუებით აღმოჩნდნენ სუმში, სადაც აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. ვიდეო ტელეგრამარხზე 28 მარტს გავრცელდა.

„ჩვენ ჩვეულებრივი სამხედროები ვართ დონბასიდან, ჩვეულებრივი მშრომელები. ქარხნის მუშები. აღმოვჩნდით რუსეთის ტერიტორიაზე იარაღით, 18 წლის ასაკის ბავშვები. რას ვაკეთებთ აქ? ბევრი დაიღუპა. არის იუთუბიზე ვიდეო, სადაც ჩვენი მეგობრები აიყვანეს ტყვედ. ჩვენგან დაიღუპა ძალიან ბევრი“, – ისმის ვიდეოში.

სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები აცხადებენ, რომ ისინი სასიკვდილოდ არიან განწირულები, რადგან მოწინააღმდეგესთან შედარებით სათანადო შეიარაღებაც კი არ აქვთ და დახმარებას ითხოვენ:

„ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, უნდა იცოდეთ სიმართლე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში წარმოდგენა არ აქვთ, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ…

ჩვენ უკანალში გადაგვისროლეს, აქ უკანონოდ, იარაღით, უსაბუთოდ. დაგვაბრუნეთ უკან, დონბასში. ჩვენ საზარბაზნე ხორცი ვართ. ჩვენ ავტომატებით დაგვაყენეს ზარბაზნების, გრადებისა და ნაღმტყორცნების წინააღმდეგ. გთხოვთ გაავრცელოთ… ჩვეულებრივი სტუდენტები არიან. ყველა დაგვყარეს იქ და გვითხრეს დაიხოცეთო“.

ვიდეოს დასასრულს ჯარისკაცები ასახელებენ იმ სამხედრო შენაერთს, რომელსაც  მიეკუთვნებიან: „119-ე დივიზია, მე-4 ბატალიონი, პირველი და მეორე დანაყოფი“.

რუსეთმა 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო უკრაინაში. მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქალაქ მარიუპოლში.

___

ომის პირობებში შეუძლებელია გადამოწმება, რამდენად ზუსტია გავრცელებული ინფორმაცია.
___
ამავე თემაზე:

___

ომის გამო ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

ნაღმების საფრთხე – თურქეთი აცხადებს, რომ შავ ზღვას აკვირდებიან

დღეს, 29 მარტს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შავი ზღვის თურქეთის ტერიტორიულ წყლებს ყურადღებით აკვირდებიან ნაღმების აღმოსაჩენად და მზადყოფნაშია ნაღმსატყორცნები და საზღვაო საპატრულო თვითმფრინავები.

მისი თქმით, ნაღმების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღება შესაბამისი ზომები მათ გასანეიტრალებლად. ინფორმაციას თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთმა უკვე გაავრცელა შეტყობინება გემების კაპიტნების გასაფრთხილებლად მოსალოდნელი ნაღმების შესახებ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მონაცემები საზღვაო ნაღმების რაოდენობის შესახებ განსხვავებულია.

„თურქეთმა უსაფრთხოების ზომები მიიღო. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, არის თუ არა ეს ის ნაღმები, რომლებიც უკრაინის სანაპიროებთან მოხვდა ზღვაში, თუ ეს სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებია. გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ თურქეთი არ განიხილავს რუსეთთან ან უკრაინასთან თურქეთის ტერიტორიულ წყლებში ნაღმების აღმოჩენის საკითხს.

„ჩვენ დავამყარეთ მჭიდრო კავშირი მეზობელ რუმინეთთან და ბულგარეთთან. რუსეთთან თანამშრომლობა განსხვავებული საკითხია და შავ ზღვაში სავაჭრო გადაზიდვების კოორდინაციას ეხება“, – განაცხადა მან.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, შავ ზღვაში, ნაღმის აღმოჩენის შესახებ შაბათს, 26 მარტს, განაცხადა. იმავე დღეს თურქეთმა შავ ზღვაში თევზაობა შეაჩერა უსაფრთხოების მიზნით. მეორე დღეს შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წლებში, ბულგარეთთან ახლოს, კიდევ ერთი ნაღმი აღმოაჩინეს.

მედიის ცნობით, რუსეთმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე ნაღმი დინებამ წაიღო უკრაინის პორტებიდან და შესაძლოა, ეს სწორედ ის ნაღმები იყოს. თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აღმოჩენილი ნაღმები „ძველი სტილისაა“.

ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში გაუარესდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, 29 მარტს ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია. ეს მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი და ცუდი ბოლოს 28 თებერვალს და 7-8 მარტს იყო.

ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5.

PM10  ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 35-მდე არის ძალიან კარგი და კარგი; 29 მარტის დღის ორი საათისთვის კი, ეს მონაცემი ბათუმში იყო 58 ანუ ცუდი.

PM2.5 ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 20-მდე არის კარგი, 20-ზე მეტი კი – საშუალო და ცუდი. დღეს, 29 მარტს კი, ბათუმში 32,5 ანუ ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ჰაერის ხარისხი ბათუმში / 2022 წლის 29 მარტი / წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:

თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა განთავსებული.

სტუდენტები სტარტაპებისთვის – თიბისის და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი

თიბისის პროგრამა სტარტაპერი ახალ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი იდეები და გამოცდილება მიიღონ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ეუფლებიან თავიანთ პროფესიას და რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა სურთ.

სწორედ ამ მიზნით, სტარტაპების მხარდასაჭერად და ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული მაგალითისა თუ ცოდნის მისაცემად, სტარტაპერი თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტს განახორციელებს.

სტარტაპები მათ წინაშე არსებულ მარკეტინგულ გამოწვევებზე მიიღებენ პოტენციურ გადაწყვეტებს სტუდენტებისგან, რომლებიც ამ დავალებას ლექტორებთან კონსულტაციით შეასრულებენ.

პირველ ეტაპზე, სტარტაპებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მათ წინაშე არსებული მარკეტინგული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაზეც სტუდენტები იმუშავებენ. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები რეალურ ამოცანებს სასწავლო პროგრამის ფარგლებში ლექტორებთან ერთად დაამუშავებენ და შესრულებული სამუშაოს მიხედვით შეფასებებს მიიღებენ.

სტარტაპებისგან განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი დაამუშავებს მიღებულ დავალებებს და გადარჩევის შედეგად მხოლოდ 3 სტარტაპი შეძლებს სტუდენტებისგან გამოწვევებზე ახალი იდეების მიღებას.

თიბისის პროგრამა სტარტაპერი პროექტის ბოლოს გამოავლენს საუკეთესო გუნდს და გადასცემს საპრიზო თანხას – 6000 ლარს.

ვარშავაში რუსეთის საელჩოს წითელი საღებავი შეასხეს პროტესტის ნიშნად | ფოტო

პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, რუსეთის საელჩოს შენობას აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს უკრაინაში რუსეთის სისხლიანი აგრესიის პროტესტის ნიშნად.

აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან მიიტანეს წითელი საღებავით გაჟღენთილი რუსეთის დროშა, უკრაინაში ომის ამსახველი ფოტოები და ბანერი წარწერით – „ძირს ფაშიზმი“.

აქცია 28 მარტს გაიმართა. პოლონური გამოცემა Gazeta Wyborcza-ს ცნობით, პოლიციამ ადგილზე ორი პირი დააკავა.

ფოტო: tvnwarszawa.pl
ფოტო: tvnwarszawa.pl

ენმ სასამართლოში ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს – „ამომრჩევლის მოსყიდვა დადასტურდა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს. რამაზ ჯინჭარაძე „ქართული ოცნების“ კანდიდატია ბათუმის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართება.

„ამომრჩევლის მოსყიდვა დასტურდება, ჩვენ სასამართლოში დავუდასტურებთ, რომ ადამიანების მასობრივი გადმოწერა ამ ოლქში უკავშირდება მოსყიდვას, ეს გამოჩნდა „ტვ პირველის“ მასალითაც, როცა ადამიანები ჰყვებიან, რომ ბინის მიღების სანაცვლოდ გააკეთეს ჩაწერა ბათუმში,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.

გუშინ, 28 მარტს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ 1053 ახალი ამომრჩეველი #4 მაჟორიტარულ ოლქში 16 მარტს დარეგისტრირდა, მათ შორის, 400-ზე მეტი ამომრჩეველი „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის 188-ში ჩაეწერა და ხმას 89-ე საარჩევნო უბანზე მისცემს.

მირდატ ქამადაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოს ამ შემთხვევაში შეუძლია 48 საათის განმავლობაში მოახდინოს რეაგირება და რამაზ ჯინჭარაძეს კანდიდატის რეგისტრაცია გაუუქმდეს.

გარდა ამისა, მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულია, რაზეც გამოძიება უნდა დაიწყოს.

„მოსყიდვა დასტურდება იმ ვიდეოთიც, რომელიც თავად რამაზ ჯინჭარაძემ გაავრცელა, როცა „ოცნების ქალაქში“ მივიდა თორნიკე რიჟვაძესთან ერთად და უთხრა ადამიანებს, ამ ბინებს რამაზ ჯინჭარაძე გადმოგცემთ თქვენო… ეს ფაქტები ნათლად აჩვენებს ამომრჩევლის მოსყიდვას. სასამართლოს მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს ავხსნათ,“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ.

სარჩელით ენმ ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს, 29 მარტს, მიმართავს.

——————-

ბათუმის საკრებულოს წევრს შუალედურ არჩევნებზე, 2 აპრილს, მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რაც, პარტიის მტკიცებით, ადასტურებს იმას, რომ ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას ცდილობდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. თანხმობის შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკრებულოში დაკარგავდა.

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ამ დრომდე ბათუმში საკრებულო არ მუშაობს – საკრებულო ვერ ირჩევს თავმჯდომარეს და სხვა თანამდებობის პირებს. საკრებულოში ძალთა ბალანსი ახლა ასეა: 17 – 17 და ასეა მას შემდეგ, როცა გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულმა წევრმა ირაკლი თავდგირიძემ კი თქვა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ დაუჭერს და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებზე ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე. მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძეა.

მთავარი ფოტო: რამაზ ჯინჭარაძე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად „ოცნების ქალაქში“. სქრინი რამაზ ჯინჭარაძის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოდან

გერმანიაში Z-ით რუსეთის აგრესიის მხარდაჭერისთვის პირი შესაძლოა დააპატიმრონ – DW

გერმანიაში შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს, რომლებიც გამოსახავენ ასო Z-ს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის სიმბოლოდ.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 28 მარტს განაცხადა, რომ „ასო Z,  ცხადია, არ იკრძალება, მაგრამ მისი გამოყენება ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს რუსეთის ომის მოწონება“.

გერმანიაში, საქსონიისა და ბავარიის ფედერალურ მიწებზე, უკვე დაწესდა სანქციები საზოგადოებრივ ადგილებში Z ნიშნის გამოყენებისთვის.

„ყველა, ვინც საჯაროდ გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მხარდაჭერას Z-ის საშუალებით, უნდა ელოდეს სისხლის სამართლებრივ დევნას ქვემო საქსონიაში“, – განაცხადა ქვემო საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა 25 მარტს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გერმანიის მთავრობამ დადებითად შეაფასა გერმანიის ფედერალური მიწების მთავრობების განზრახვა.

გერმანიაში აკრძალულია არაერთი ნაცისტური ჟესტისა და სიმბოლოს ჩვენება და გამოსახვა. ქვეყანაში ყველაზე ცნობილი აკრძალული სიმბოლო სვასტიკაა.

Z არ არის აკრძალულ ნიშანთა შორის, მაგრამ, როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარეკ ვედემ განმარტა, 28 მარტს, „ზოგიერთ შემთხვევაში, მისი გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს რუსული აგრესიის მოწონებას და, შესაბამისად, დაექვემდებაროს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს“.

ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

მარეკ ვედემ განმარტა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის დანაშაული. ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც საჯაროდ აქებს ან ამართლებს მსგავს ქმედებებს, შეიძლება სასამართლოში აღმოჩნდეს.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

 

ვინც რუსული იცის, ყველა ვაღიაროთ თანამემამულედ – ახალი კანონპროექტი რუსეთში 

რუსეთის დუმაში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთს შეუძლია თანამემამულედ აღიაროს ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

დუმის დსთ-ს [დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის] საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა (ფრაქცია „ედინაია რასია“) პალატას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამემამულეებად აღიარონ ყველა, ვინც რუსულად საუბრობს. დოკუმენტი დუმას ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ორშაბათს განთავსდა.

როგორც განმარტებით დოკუმენტებშია აღნიშნული, „კანონპროექტი აღმოფხვრის ძირითადი ცნების/კონცეფციის – „თანამემამულეს“ არაგონივრულად ფართო ინტერპრეტაციის ნაკლოვანებებს.

კერძოდ, დუმისთვის შეთავაზებულია თანამემამულეებად აღიარონ ის პირები, რომლებიც „ფლობენ რუსულ ენას <…> და განეკუთვნებიან იმ ხალხებს, რომლებიც ისტორიულად ცხოვრობდნენ რუსეთის ტერიტორიაზე“, ასევე ის პირები, „რომელთა პირდაპირი წინაპრები დაიბადნენ ან ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.

„ეს ითვალისწინებს იმას, რომ სსრკ-ს დაშლიდან გასული 30 წლის განმავლობაში გაიზარდა თანამემამულეების ახალი თაობა, რომლებსაც არ აქვთ სსრკ მოქალაქეობა. აქ ცნება – „თანამემამულეს“ განმარტებიდან გამორიცხულია სსრკ-ს მოქალაქეობასთან კავშირი“, – ნათქვამია თანდართულ მასალებში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს რუსეთის ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები ხალხების სიის დაზუსტებას. „კერძოდ, ამ სიაში შეყვანილია ბელორუსი და უკრაინელი ხალხების წარმომადგენლები, ასევე, მცირერიცხოვანი ძირძველი ხალხების წარმომადგენლები”, – წერს TASS-ი.

აჭარაში უშვილობის დიაგნოსტიკას და  მკურნალობას დავაფინანსებთ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 29 მარტს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამუშავდება,  რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება.

რიჟვაძის თქმით, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ ამ მიმართულებისთვის დაახლოებით მილიონი ლარი გამოიყოფა.

„ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას გვაქვს ახალი ინიციატივები, რომლებიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს.

არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და  მკურნალობა.

ამ მიმართულებითაც უკვე ბიუჯეტის შემდეგი კორექტირების დროს გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონზე მეტი ლარი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს.

მომართვიანობის მიხედვით, მომავალ წლებში გავზრდით დაფინანსებას,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც შვილის ყოლის მიზნით ესაჭიროებათ რეპროდუქციული სამედიცინო დახმარების გაწევა. დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები.

იაპონია რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტს კრძალავს – ახალი სანქციები

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ ეკონომიკურ სანქციებს აწესებს.

5 აპრილიდან რუსეთში იაპონური ძვირადღირებული მანქანების, მოტოციკლების და ალკოჰოლის ექსპორტი იკრძალება.

იაპონური მედიის ცნობით, მანქანები იაპონიიდან რუსეთში მიმავალი ტვირთის დიდ ნაწილს შეადგენს. 2020 წელს იაპონიიდან რუსეთში 5 მილიარდი დოლარის ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა.

გარდა ამისა, იაპონიიდან რუსეთში აღარ მოხდება იაპონური ხელოვნების ნიმუშების, ბეწვის, სამკაულების, თამბაქოს და კოსმეტიკური საშუალებების ექსპორტი.

ამ სანქციებამდე დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს იაპონია უკვე შეუერთდა.

ტოკიოს ამ პოზიციის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აჩერებდა მოლაპარაკებებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე და გააუქმა კურილის კუნძულებზე იაპონიის ვიზიტების უვიზო რეჟიმი.

_____________

ფოტოზე: Lexus LC500. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/RINGO CHIU

25 დღეში რუსეთის 35 000 მოქალაქე შემოვიდა საქართველოში – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით საქართველოში რუსეთის 35 028 მოქალაქე შემოვიდა.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკა „ბათუმელებმა“ შსს-დან 7 მარტს წერილობით გამოითხოვა. პასუხი კი დღეს, 29 მარტს, მივიღეთ.

სამინისტროდან ასევე ვითხოვდით, რომ ვიზიტორთა მიერ საზღვრის კვეთის მონაცემები მოეწოდებინათ დღეების მიხედვით – „კონკრეტულად რომელ დღეს რუსეთის ფედერაციის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; ამასთან, რა გზით [სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო]“, – თუმცა, ეს ინფორმაცია სამინისტრომ არ მოგვაწოდა.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა (შემოსვლა) / წყარო: შსს

„გაცნობებთ, რომ სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ყოველი საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის (შემოსვლა) შესახებ ინფორმაციის დამუშავება განხორციელდა ერთჯერადად.

შენიშვნა: საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/- 2,4%.“ – აღნიშნულია სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.

საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში 17 მარტს ისაუბრა. მაშინ მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 30 439 მოქალაქე, ხოლო გავიდა – 17 801. ანუ რუსეთის 12 638 მოქალაქე საქართველოში დარჩა:

 


რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასობით რუსეთის მოქალაქემ საქართველოს საჯარო რეესტრსაც მიმართა. ისინი საქართველოში ახალ შპს-ებს არეგისტრირებენ, ან რეგისტრირდებიან როგორც ინდმეწარმეები.

„ბათუმელებმა“, ასევე, 7  მარტს, შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალურად გამოითხოვა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან შემდგომ პერიოდში რამდენი კომპანია დაარეგისტრირეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ამ თემაზე:

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

 

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, უკვე დაიწყო. დელეგაციის წევრებს მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ თაიფ ერდოღანმა.

„ომის გაგრძელება არავის მოუტანს სარგებელს,“ – ერდოღანის ეს ციტატა დაწერა ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. – „თქვენ, როგორც დელეგაციებს, გაკისრიათ ისტორიული პასუხისმგებლობა დღეს მიღებულ გადაწყვეტილებებზე“.

ერდოღანმა თავის მიმართვაში ასევე თქვა: „მოლაპარაკებებმა მთელ მსოფლიოს გაუჩინა იმედი. კონფლიქტის გაგრძელება არავისთვის არ არის სასარგებლო. ომს არ ჰყავს გამარჯვებულები. დადგა დრო, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს. თურქეთს ეს გულწრფელად სურს და მზად ვართ, დაგეხმაროთ“.

Financial Times-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის „დენაციფიკაციას“ და განიარაღებას, რაც ომის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ორი განცხადებული მიზანი იყო.

გამოცემა 4 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსი და უკრაინელი მომლაპარაკებლები განიხილავენ პოტენციურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტს – ნატო-ში გაწევრიანების ან უცხოური ბაზების მასპინძლობის აკრძალვას, მაგრამ საშუალებას აძლევს უკრაინას, მოიძიოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და გაწევრიანდეს ევროკავშირში.

უკრაინული მხარის მომლაპარაკებელმა დავით არახამიამ Financial Times-ს განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება გულისხმობდეს ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა, მაგალითად, შეერთებული შტატები, დაეხმარონ უკრაინას თავდასხმის შემთხვევაში. კოლექტიური თავდაცვის ასეთი წესი მან ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლს შეადარა.

თურქეთში დოლმაბაჰჩეს სასახლიდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ აქ იმყოფება რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი. ის მოლაპარაკების დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა.

უკრაინაში ომის პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა ბელარუსში, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება ონლაინდისკუსიები.

უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კი ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთში, თუმცა სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 29 მარტი

29 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 22 903, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 175, PCR ტესტით – 2 728. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 592 ადამიანი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 102, ქვემო ქართლში – 39, შიდა ქართლში – 50, გურიაში – 54სამეგრელო – ზემო სვანეთში – 63, კახეთში – 54მცხეთა-მთიანეთში -19, სამცხე-ჯავახეთში -12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 32.

 

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 მარტამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 17 200 ადამიანი
  • ტანკი – 597 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1710 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 303 ერთეული
  • MLRS – 96 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 54 ერთეული
  • თვითმფრინავი – 127 ერთეული
  • ვერტმფრენი – 129 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1178 ერთეული
  • გემი / ნავი – 7 ერთეული
  • საწვავის ავზი – 73
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 71
  • სპეციალური აღჭურვილობა – 21
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 29 მარტამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 123 თვითმფრინავი
  • 74 შვეულმფრენი
  • 309 უპილოტო საფრენი აპარატი,
  • 1721 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 172 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა
  • 721 საველე არტილერია და ნაღმტყორცნები
  • 1568 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი რომან აბრამოვიჩისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ უკრაინული მხარის წარმომადგენლების შესაძლო მოწამვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს:

[yellow_box]“მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს” – პოდოლიაკი შესაძლო მოწამვლაზე[/yellow_box]

ამავე თემაზე:

მარიუპოლში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვი – მარიუპოლის მერი

 

„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა

#ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ – ამ ორი ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, წერენ ბოლო რამდენიმე საათია. ჰეშთეგით საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ.

ფეისბუქკამპანია სახელმწიფო ენის უფასოდ სწავლის შესაძლებლობის მოთხოვნით პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქამრან მამადლიმ წამოიწყო.

„ქართულ ენაში მოსამზადებელი კურსისთვის რატომ ვიხდით 2250 ლარს? რას ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია სახელმწიფო ენაში ფულის გადახდა?“ – წერს ქამრან მამადლი სოციალურ ქსელში.

პროგრამა 1+4 2010 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საშუალება, უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით.

პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები გადიან   მომზადების 1 წლიან კურსს ქართულ ენაში და 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა 1+4 პროგრამით გათვალისწინებული ქართული ენის ერთწლიანი კურსი გაიაროს უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ. უფასოდ მხოლოდ ის სწავლობს, ვინც ბარიერს გადალახავს. სხვებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი ეს კურსი ფასიანია და ღირს 2250 ლარი.

უფასო ადგილების კვოტა ეთნიკური უმცირესობებისთვის ყოველწლიურად იცვლება. ბოლო, 2021 სასწავლო წელს, მაგალითად, ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამა უფასოდ შეეძლო გაევლო 185 აზერბაიჯანულენოვან და ამდენივე სომხურენოვან აბიტურიენტს.

ამავე წელს ქართული ენის კურსი უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ შეეძლო გაევლო 37 აფხაზ და 37 ოს აბიტურიენტს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც ითხოვენ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო უნდა იყოს სახელმწიფო ენის შესწავლა, დასძენენ, რომ ყოველწლიურად იზრდება 1+4 პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუმცა მხოლოდ მათ ერთ ნაწილს ეძლევა შესაძლებლობა, ენა უფასოდ ისწავლოს.

პროგრამის მონაწილეთა რაოდენობის მზარდ დინამიკას წლების მიხედვით ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც 2010 წლიდან 2018 წლამდე:

პლატფორმა „სალამის“ დამფუძნებელი ქამრან მამადლი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არასწორი დამოკიდებულებაა სახელმწიფოსგან, როცა მის მოქალაქეებს სახელმწიფო ენის სწავლაში ფულის გადახდა უწევთ.

„მართალია, არის უფასო კვოტა ეთნიკური უმცირესობებისთვის, მაგრამ ძალიან ბევრს აქვს ქართული ენის სწავლის სურვილი და ბევრს არ ეძლევა ამის შესაძლებლობა. თუ ამ ქვეყნის მოქალაქე საკუთარი სახელმწიფო ენის სწავლის სურვილს გამოხატავს, მისთვის ეს ფასიანი არ უნდა იყოს.

მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად,  სახელმწიფო სკოლამდელ და სასკოლო საფეხურზე ვერ ახერხებს ქართული ენა სრულყოფილად ასწავლონ ეთნიკურ უმცირესობებს. ეს კრიტიკა თანაბრად ეხება ახლანდელ და წინა ხელისუფლებას. ყველა სკოლაში არც არიან ქართული ენის მასწავლებლები, ან სადაც არიან, ყველგან არ არის საკმარისი მასწავლებლების რაოდენობა.

არამხოლოდ ქართული ენის სწავლებაზე, არამედ ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არის 25.5%, როცა მთელ საქართველოში იგივე მაჩვენებელი 70%-ია.

ამ ყველაფერს დავუმატოთ ინფრასტრუქტურული პრობლემები: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უამრავი სკოლაა, სადაც მოსწავლეების გამოწვევაა ცოცხლები და უვნებლები გამოვიდნენ გაკვეთილების დასასრულს შენობიდან.

ამ რეალობაში 1+4 პროგრამა ნამდვილად არის გამოსავალი, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა შეძლონ ქართულ განათლების სისტემაში ჩართვა, მაგრამ სამწუხაროდ ყველა მსურველს ქართული ენის შესწავლის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს“, – ამბობს ქამრან მამადლი.

ზიადინ ჰოსეინოვი, ილიას უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობს. ფასიან სექტორზე მოხვდა და იხდიდა ფულს ქართული ენის შესასწავლად ერთი წელია.

„2250 ლარი გადავიხადე, ქართული ენის კურსი რომ გამევლო, სანამ ბაკალავრიატში სწავლას შევუდგებოდი. არ მგონია ეს სამართლიანი დამოკიდებულება იყოს ჩვენ მიმართ. უამრავი ძალისხმევა დამჭირდა, საკუთარი სახელმწიფო ენის შესასწავლად ფული რომ შემეგროვებინა, მაგრამ როგორღაც ეს მოვახერხე.

სადაც ვსწავლობდი სკოლაში ორი ქართულის მასწავლებელი იყო, ზოგ სკოლაში არც იყო ჩემ დროს ქართულის მასწავლებელი. ბევრგან არიან სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ქართულის მასწავლებლები, რომლებიც თავადაც არ ფლობენ კარგად სახელმწიფო ენას და, შესაბამისად, ვერც სხვებს ასწავლიან სათანადო დონეზე“, – ამბობს ზიადინ ჰოსეინოვი.

რას უპასუხებდა განათლების სამინისტრო და კერძოდ, პროგრამა 1+4-ის ხელმძღვანელი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოთხოვნას და რამდენად რეალურია სამომავლოდ, რომ მათი სურვილი დაკმაყოფილდეს? ამ კითხვებზე დღეს განათლების სამინისტრომ ვერ გვიპასუხა. პასუხს „ბათუმელები“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

როცა ყველაფერი „ნაციონალების“ ბრალია

დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასების გამო  პროტესტის ნიშნად ქუჩაში გასული მოქალაქეების ორგანიზებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. საზოგადოების ნაწილი ღარიბაშვილის განცხადებას იუმორით გამოეხმაურა.

„არც დღეს წვიმს უმიზეზოდ“, „რა გგონიათ, მარტში ორი კვირა რომ თოვდა, ეს თავისით მოხდა? ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა იდგა!“, „ხალხს უხარია საწვავის ფასების ზრდა, მიშა და მისი „კამანდა“ აპროტესტებს“, „აშკარად შეყვარებულია ნაცებზე, ყველგან და ყველაფერში მათ ხედავს“…

რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება, როცა ყველასთვის ცნობილ პრობლემასაც კი „ნაციონალებს“ უკავშირებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პუბლიცისტს ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ზაალ, თითქმის 10 წელია „ქართული ოცნება“ ყველა პრობლემას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო პოლიტიკაში, „ნაციონალებს“ უკავშირებს. როგორ ფიქრობთ, ისევ მუშაობს ეს სატყუარა?

ეს სრულიად ინფანტილური პოზიციაა, რომლითაც „ოცნება“ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. საქართველოს მთავრობამ კი, ფაქტობრივად, ყველა სფერო ამ ქვეყანაში სრული კრახის პირამდე მიიყვანა.

დაწყებული საგარეო პოლიტიკიდან და დამთავრებული კულტურიდან, სადაც ეს „იუბკიანი ბერია“ (თეა წულუკიანი) დაერია და ანგრევს ქართულ კულტურულ ინსტიტუტებს, ყველა სფერო არის გაპარტახებული. აი, ამ სრული კრახის და წარუმატებლობის გადაბრალება სჭირდება ამ მთავრობას, რადგან მას არ აქვს პასუხისმგებლობა თქვას, რომ „რაღაც ვერ შევძელით“.

ეს არ არის ხალხის ხელისუფლება, ეს არ არის ანგარიშვალდებული ხელისუფლება, ეს არის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ემსახურება ერთი კონკრეტული ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის კერძო ბიზნესინტერესებს, რომელიც, თავის მხრივ, თავისი ფულით და ამ ფულის წარმომავლობით პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან და არ არის დაინტერესებული მასთან ურთიერთობების გაფუჭებით.

აი, ამ მღვრიე წყალში ცურავს მთავრობა. ბუნებრივია, მას ჰყავს „საფრთხობელა“, რომელიც მან თავიდანვე შექმნა და აქტიურად იყენებს.

  • გასაგებია, რომ პირველი ოთხი წელი, შესაძლოა, ეს „საფრთხობელა“ აკეთებდა თავის საქმეს, მაგრამ დღეს ვის სჯერა ამ „საფრთხობელის“?

წინა არჩევნებზეც გაჭრა ხომ, ასე თუ ისე. მართალია გაყალბებით, ადმინისტრაციული რესურსის დამატებით და პლუს ამ „საფრთხობელას“ გამო ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობდა, რომ „ოღონდ ნაციონალები არა“ და ვისაც უნდა იმას მისცემდა ხმას.

ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანები თავადვე არ გაწყვეტენ ამ ჯაჭვს, რომელიც მათ გონებაში ჩადო პროპაგანდისტულმა მედიამ: „იმედმა“, „პოსტ-ტივიმ“, „ალტ-ინფოებმა“, „უცნობმა“ და ასე შემდეგ.

დღეს, მაგალითად, საქართველოს მთავრობის გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, სადაც წერია: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან“. დააკვირდით სიტყვების წყობას – რუსეთი კი არ ეომება უკრაინას, არამდე, „მიმდინარეობს ომი რუსეთთან“. რუსული ტელევიზიაც კი მგონი უფრო ადეკვატურად გადმოსცემს ომის ამბებს. ამის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩვენი მიზანია ეკონომიკის ზრდა.

არანაირი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, არც ის, რომ ჩვენ ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ, არც ის, რომ ჩვენ ამდენი წელია ვართ მსხვერპლი რუსეთის პოლიტიკის. ფაქტობრივად, ღიად მიდის საქართველოს შეთრევა აი ამ „რუსკი მირში“. თვალები უნდა ჰქონდეს ადამიანს დახუჭული და ყურები დაცული, რომ ეს ვერ გაიგო და დაინახო.

  • სალომე ზურაბიშვილიც ხომ „ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტი იყო, მაგრამ რაღაც მომენტში, ზურაბიშვილი „ოცნების“ პოლიტიკურ კურსს თითქოს გაემიჯნა კიდეც. ვხედავთ, რომ უკრაინის მიმართ მას განსხვავებული პოზიცია აქვს. როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ იმ ამომრჩეველთანაც მუშაობს ენმ-ს მტრის ხატი, რომლებსაც არ სურთ „რუსკი მირში“ ცხოვრება?

მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილი მკაფიოდ არის გამიჯნული იმ პარტიისგან, რომლის წყალობითაც გახდა პრეზიდენტი, რადგან მას შეუძლია ბევრად უფრო მკვეთრი განცხადებების გაკეთებაც. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან და ქვეყნის კურსთან დაკავშირებით ნამდვილად სწორ განცხადებებს აკეთებს. ასევე, უკრაინის ავტოკეფალიასთან და საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.

ის, რამაც შესაძლოა „ოცნების“ ამომრჩეველი „ოცნებისგან“ გამიჯნოს, შესაძლოა იყოს ის ფაქტორი, თუ მთავრობა ღიად იტყვის, რომ ცვლის ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, უარს ამბობს ჩვენს ევროპულ ან ევროატლანტიკურ არჩევანზე, აღიარებს აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება.

მანამდე კი, სამწუხაროდ, ისევ იქნებიან ადამიანები, ვისაც გაცვეთილი, ჩამომხმარი და გაძვალტყავებული სატყუარასი სჯერა.

დღეს „ოცნების“ მიზანია, როგორმე გამოძვრეს ამ სიტუაციიდან და არ დადგეს ღია არჩევანის წინაშე. თუ ისე მოხდა, რომ ამ ღია არჩევანის წინაშე დააყენა რუსეთმა ან ევროპამ, მაშინ მართლაც შესაძლებელია, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც მოხდა 2014 წელს უკრაინაში და გააძევონ მთავრობა, ისევე როგორც უკრაინელებმა გააძევეს იანუკოვიჩი რუსეთში.

  • თქვენ წერდით, რომ „ოცნება“ საკუთარი შურიანი ინტერესების გამო მზად არის ქვეყანა გაწიროსო“. „ოცნებას“ ენმ-სგან შექმნილი მტრის ხატი სჭირდება საკუთარი რეალური სახის გადასაფარად, თუ მას შური აქვს ამ პარტიის მიმართ?

„ქართულ ოცნებას“ კი არ შურს „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მას აქვს სრულიად მერკანტილური ინტერესები, რადგან მათი მთავრობაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისა და მასზე მიბმული ყოველი მათგანის გამდიდრებას. ეს არის ხალხი, რომელსაც არ აინტერესებს ამ ქვეყანაზე, დედამიწაზე არაფერი, გარდა ფულისა, რომლის გარანტიც არის ხელისუფლებაში ყოფნა.

ეს არის ხალხი, რომლებიც, ფაქტობრივად, ხრავენ საქართველოს ბიუჯეტს და აძლევენ თავიანთ ნათესავებსაც საშუალებას, რომ გამდიდრდნენ.

  • ეს ხომ რუსული მოდელია, იქაც ხომ იგივე ხდება?

რა თქმა უნდა, რუსული მოდელია. საქართველო თუნდაც ამ მოდელის გამო არის „რუსკი მირის“ ნაწილი.

„რუსკი მირის“ ნაწილია თუნდაც იმ სახელმწიფოებრივი მოდელის გამო, რა მოდელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. იმ ფასეულობების გამო, რომელსაც ეს მთავრობა ტირაჟირებს, იმ პუტინისტური, ფაშისტოიდური პარტიების მხარდაჭერის გამო, როგორიცაა „კონსერვატიული მოძრაობა“ და მისი მსგავსნი.

„ქართულ ოცნებას“ ყველაფერი და იმაზე უარესიც კი, რის გამოც თავის დროზე ამომრჩეველმა გადაირჩია „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე გაკეთებული აქვს.

მინდა გამოიღვიძონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა და გადააგდონ ეს „საფრთხობელა“ ერთხელ და სამუდამოდ, რადგან ამ „საფრთხობელამ“ შესაძლოა უფრო დიდი და რეალური საფრთხე დაგვანახოს. ამ საფრთხის წინაშე ჩვენ დღეს ნამდვილად ვდგავართ.

ვხედავთ ყველანი რა ხდება უკრაინაში, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ იგივე არ განმეორდება საქართველოში. ვხედავთ, რომ დღეს რუსეთს არ აქვს არანაირი მუხრუჭი, გარდა სამხედრო ძალისა, ჩვენი მთავრობა კი რუსეთის მიმართულებით მიგვაქანებს.

უნდა გამოვფხიზლდეთ და დავივიწყოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, რადგან ის მარტო მაინც ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ჩვენ დღეს იმ მდგომარეობაში ვართ, როცა გვჭირდება კოალიციური მთავრობა, რომელსაც მისაღები ექნება სრულიად რევოლუციური ცვლილებები.

ფაქტობრივად, ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ქვეყანა თავიდან და ამას ვერც ერთი მოძრაობა და ვერც ერთი რომელიმე პარტია ვერ გააკეთებს. ამას უნდა მიხვდეს ქართველი ამომრჩეველი, რადგან ეს მის ინტერესებშია და მისი გასაკეთებელია.

მარიუპოლში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 210 ბავშვი – მარიუპოლის მერი

უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ 27 დღის განმავლობაში ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 5 ათასი ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მერის განცხადებით, ქალაქში ახლა დაახლოებით 170 ათასი ადამიანი რჩება, 140 ათასმა მოახერხა ქალაქის დატოვება ალყის დაწყებამდე, ხოლო 150 ათასმა – ევაკუაცია ბლოკადის დაწყების შემდეგ.

სხვადასხვა ცნობებით, მარიუპოლში შენობების 90% დაზიანებულია.

მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.

ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გათბობა და წყალი.

მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში.

მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.

ქალაქი მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა.

ომის პირობებში, შეუძლებელია გადამოწმება, რამდენად ზუსტია მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

_______________

ფოტოზე: მასობრივი სასაფლაო მარიუპოლში, „ასოშიეიტედ პრესი“.  AP Photo/Mstyslav Chernov

Exit mobile version