მთავარი,სიახლეები

როცა ყველაფერი „ნაციონალების“ ბრალია

28.03.2022 • 2255
როცა ყველაფერი „ნაციონალების“ ბრალია

დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასების გამო  პროტესტის ნიშნად ქუჩაში გასული მოქალაქეების ორგანიზებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. საზოგადოების ნაწილი ღარიბაშვილის განცხადებას იუმორით გამოეხმაურა.

„არც დღეს წვიმს უმიზეზოდ“, „რა გგონიათ, მარტში ორი კვირა რომ თოვდა, ეს თავისით მოხდა? ამის უკან „ნაციონალური მოძრაობა იდგა!“, „ხალხს უხარია საწვავის ფასების ზრდა, მიშა და მისი „კამანდა“ აპროტესტებს“, „აშკარად შეყვარებულია ნაცებზე, ყველგან და ყველაფერში მათ ხედავს“…

რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება, როცა ყველასთვის ცნობილ პრობლემასაც კი „ნაციონალებს“ უკავშირებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პუბლიცისტს ზაალ ანდრონიკაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ზაალ, თითქმის 10 წელია „ქართული ოცნება“ ყველა პრობლემას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო პოლიტიკაში, „ნაციონალებს“ უკავშირებს. როგორ ფიქრობთ, ისევ მუშაობს ეს სატყუარა?

ეს სრულიად ინფანტილური პოზიციაა, რომლითაც „ოცნება“ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. საქართველოს მთავრობამ კი, ფაქტობრივად, ყველა სფერო ამ ქვეყანაში სრული კრახის პირამდე მიიყვანა.

დაწყებული საგარეო პოლიტიკიდან და დამთავრებული კულტურიდან, სადაც ეს „იუბკიანი ბერია“ (თეა წულუკიანი) დაერია და ანგრევს ქართულ კულტურულ ინსტიტუტებს, ყველა სფერო არის გაპარტახებული. აი, ამ სრული კრახის და წარუმატებლობის გადაბრალება სჭირდება ამ მთავრობას, რადგან მას არ აქვს პასუხისმგებლობა თქვას, რომ „რაღაც ვერ შევძელით“.

ეს არ არის ხალხის ხელისუფლება, ეს არ არის ანგარიშვალდებული ხელისუფლება, ეს არის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ემსახურება ერთი კონკრეტული ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის კერძო ბიზნესინტერესებს, რომელიც, თავის მხრივ, თავისი ფულით და ამ ფულის წარმომავლობით პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან და არ არის დაინტერესებული მასთან ურთიერთობების გაფუჭებით.

აი, ამ მღვრიე წყალში ცურავს მთავრობა. ბუნებრივია, მას ჰყავს „საფრთხობელა“, რომელიც მან თავიდანვე შექმნა და აქტიურად იყენებს.

  • გასაგებია, რომ პირველი ოთხი წელი, შესაძლოა, ეს „საფრთხობელა“ აკეთებდა თავის საქმეს, მაგრამ დღეს ვის სჯერა ამ „საფრთხობელის“?

წინა არჩევნებზეც გაჭრა ხომ, ასე თუ ისე. მართალია გაყალბებით, ადმინისტრაციული რესურსის დამატებით და პლუს ამ „საფრთხობელას“ გამო ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობდა, რომ „ოღონდ ნაციონალები არა“ და ვისაც უნდა იმას მისცემდა ხმას.

ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანები თავადვე არ გაწყვეტენ ამ ჯაჭვს, რომელიც მათ გონებაში ჩადო პროპაგანდისტულმა მედიამ: „იმედმა“, „პოსტ-ტივიმ“, „ალტ-ინფოებმა“, „უცნობმა“ და ასე შემდეგ.

დღეს, მაგალითად, საქართველოს მთავრობის გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, სადაც წერია: „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან“. დააკვირდით სიტყვების წყობას – რუსეთი კი არ ეომება უკრაინას, არამდე, „მიმდინარეობს ომი რუსეთთან“. რუსული ტელევიზიაც კი მგონი უფრო ადეკვატურად გადმოსცემს ომის ამბებს. ამის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩვენი მიზანია ეკონომიკის ზრდა.

არანაირი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, არც ის, რომ ჩვენ ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ, არც ის, რომ ჩვენ ამდენი წელია ვართ მსხვერპლი რუსეთის პოლიტიკის. ფაქტობრივად, ღიად მიდის საქართველოს შეთრევა აი ამ „რუსკი მირში“. თვალები უნდა ჰქონდეს ადამიანს დახუჭული და ყურები დაცული, რომ ეს ვერ გაიგო და დაინახო.

  • სალომე ზურაბიშვილიც ხომ „ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტი იყო, მაგრამ რაღაც მომენტში, ზურაბიშვილი „ოცნების“ პოლიტიკურ კურსს თითქოს გაემიჯნა კიდეც. ვხედავთ, რომ უკრაინის მიმართ მას განსხვავებული პოზიცია აქვს. როგორ ფიქრობთ, „ოცნების“ იმ ამომრჩეველთანაც მუშაობს ენმ-ს მტრის ხატი, რომლებსაც არ სურთ „რუსკი მირში“ ცხოვრება?

მე არ მგონია, რომ ზურაბიშვილი მკაფიოდ არის გამიჯნული იმ პარტიისგან, რომლის წყალობითაც გახდა პრეზიდენტი, რადგან მას შეუძლია ბევრად უფრო მკვეთრი განცხადებების გაკეთებაც. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან და ქვეყნის კურსთან დაკავშირებით ნამდვილად სწორ განცხადებებს აკეთებს. ასევე, უკრაინის ავტოკეფალიასთან და საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.

ის, რამაც შესაძლოა „ოცნების“ ამომრჩეველი „ოცნებისგან“ გამიჯნოს, შესაძლოა იყოს ის ფაქტორი, თუ მთავრობა ღიად იტყვის, რომ ცვლის ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, უარს ამბობს ჩვენს ევროპულ ან ევროატლანტიკურ არჩევანზე, აღიარებს აფხაზეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება.

მანამდე კი, სამწუხაროდ, ისევ იქნებიან ადამიანები, ვისაც გაცვეთილი, ჩამომხმარი და გაძვალტყავებული სატყუარასი სჯერა.

დღეს „ოცნების“ მიზანია, როგორმე გამოძვრეს ამ სიტუაციიდან და არ დადგეს ღია არჩევანის წინაშე. თუ ისე მოხდა, რომ ამ ღია არჩევანის წინაშე დააყენა რუსეთმა ან ევროპამ, მაშინ მართლაც შესაძლებელია, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც მოხდა 2014 წელს უკრაინაში და გააძევონ მთავრობა, ისევე როგორც უკრაინელებმა გააძევეს იანუკოვიჩი რუსეთში.

  • თქვენ წერდით, რომ „ოცნება“ საკუთარი შურიანი ინტერესების გამო მზად არის ქვეყანა გაწიროსო“. „ოცნებას“ ენმ-სგან შექმნილი მტრის ხატი სჭირდება საკუთარი რეალური სახის გადასაფარად, თუ მას შური აქვს ამ პარტიის მიმართ?

„ქართულ ოცნებას“ კი არ შურს „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მას აქვს სრულიად მერკანტილური ინტერესები, რადგან მათი მთავრობაში ყოფნა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილისა და მასზე მიბმული ყოველი მათგანის გამდიდრებას. ეს არის ხალხი, რომელსაც არ აინტერესებს ამ ქვეყანაზე, დედამიწაზე არაფერი, გარდა ფულისა, რომლის გარანტიც არის ხელისუფლებაში ყოფნა.

ეს არის ხალხი, რომლებიც, ფაქტობრივად, ხრავენ საქართველოს ბიუჯეტს და აძლევენ თავიანთ ნათესავებსაც საშუალებას, რომ გამდიდრდნენ.

  • ეს ხომ რუსული მოდელია, იქაც ხომ იგივე ხდება?

რა თქმა უნდა, რუსული მოდელია. საქართველო თუნდაც ამ მოდელის გამო არის „რუსკი მირის“ ნაწილი.

„რუსკი მირის“ ნაწილია თუნდაც იმ სახელმწიფოებრივი მოდელის გამო, რა მოდელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. იმ ფასეულობების გამო, რომელსაც ეს მთავრობა ტირაჟირებს, იმ პუტინისტური, ფაშისტოიდური პარტიების მხარდაჭერის გამო, როგორიცაა „კონსერვატიული მოძრაობა“ და მისი მსგავსნი.

„ქართულ ოცნებას“ ყველაფერი და იმაზე უარესიც კი, რის გამოც თავის დროზე ამომრჩეველმა გადაირჩია „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე გაკეთებული აქვს.

მინდა გამოიღვიძონ ჩვენმა თანამოქალაქეებმა და გადააგდონ ეს „საფრთხობელა“ ერთხელ და სამუდამოდ, რადგან ამ „საფრთხობელამ“ შესაძლოა უფრო დიდი და რეალური საფრთხე დაგვანახოს. ამ საფრთხის წინაშე ჩვენ დღეს ნამდვილად ვდგავართ.

ვხედავთ ყველანი რა ხდება უკრაინაში, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ იგივე არ განმეორდება საქართველოში. ვხედავთ, რომ დღეს რუსეთს არ აქვს არანაირი მუხრუჭი, გარდა სამხედრო ძალისა, ჩვენი მთავრობა კი რუსეთის მიმართულებით მიგვაქანებს.

უნდა გამოვფხიზლდეთ და დავივიწყოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, რადგან ის მარტო მაინც ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ჩვენ დღეს იმ მდგომარეობაში ვართ, როცა გვჭირდება კოალიციური მთავრობა, რომელსაც მისაღები ექნება სრულიად რევოლუციური ცვლილებები.

ფაქტობრივად, ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ქვეყანა თავიდან და ამას ვერც ერთი მოძრაობა და ვერც ერთი რომელიმე პარტია ვერ გააკეთებს. ამას უნდა მიხვდეს ქართველი ამომრჩეველი, რადგან ეს მის ინტერესებშია და მისი გასაკეთებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: