მთავარი,სიახლეები

ენმ: ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში 1053-ით მეტი ახალი ამომრჩეველია

28.03.2022 • 1633
ენმ: ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში 1053-ით მეტი ახალი ამომრჩეველია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ამომრჩეველთა სია 1053 ახალი ამომრჩევლით არის გაზრდილი.

„საარჩევნო ყაჩაღობაზე გადავიდა პირდაპირ „ოცნება“, მოსყიდვა, დაშინება, ის, რომ მთელი საქართველოს უშიშროება აქ ჩამოიყვანეს – ყველა ძალოვანი და ყველას აშინებენ, ეს არ კმარა და წინა არჩევნებთან შედარებით 1053 ადამიანით მეტი აღმოჩნდა სიაში მეოთხე საარჩევნო ოლქში. მოვუწოდებთ ცესკოს, რომ დააბრუნოს 2 ოქტომბრის სია. ეს ხომ რიგგარეშე არჩევნებია იმის გამო, რომ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, სია მაინც დააბრუნონ.“

ენმ-ში აცხადებენ, რომ 1053 ახალი ამომრჩეველი #4 მაჟორიტარულ ოლქში 16 მარტს დარეგისტრირდა, მათ შორის, 400-ზე მეტი ამომრჩეველი „ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის 188-ში ჩაეწერა და ხმას 89-ე საარჩევნო უბანზე მისცემს.

გიორგი კირთაძის ინფორმაციით, ენმ-მ ცესკოდან გამოთხოვილი 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების სია შეადარა #4 მაჟორიტარული ოლქის ახალ სიას და აღმოაჩინა ამომრჩევლები, რომლებიც 2021 წლის არჩევნებზე ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურში, წალკაში იყვნენ რეგისტრირებულები, ახლა კი #4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ.

„ეს ადამიანები 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე სხვა ოლქის ამომრჩევლებად ფიქსირდებოდნენ. წინა არჩევნებზე ხმას აძლევდნენ ხულოში, ქედაში, შუახევში, ხელვაჩაურში, ლანჩხუთში, წალკაში. ახლა რატომღაც, 16 მარტს, ერთი კვირის წინ, აღმოჩნდნენ ბათუმის ამომრჩევლები. ნუგზარ ფუტკარაძემ ეს ოლქი მოიგო სამასამდე ხმით, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის გადაწერა გააკეთა „ოცნებამ“.

2 ოქტომბერს ამ ხალხმა ჯერ ხულოს მერი აირჩია, ხულოს საკრებულოს წევრები, ლანჩხუთის მერია, საკრებულოს წევრი და ახლა გადაწყვიტეს, რომ ბათუმის საკრებულოს წევრიც უნდა აირჩიონ.“

გიორგი კირთაძის შეფასებით, ეს გზა „ოცნებას“ იმის გამო დასჭირდა, რომ შუალედური არჩევნები ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება, რაც ე.წ. კარუსელის დატრიალების საშუალებას არ იძლევა.

ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, #4 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა 497 ამომრჩევლით გაიზარდა. 2021 წლის 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის #4 სამაჟორიტარო ოლქში 20 138 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ამ ოლქში 20 635 ამომრჩეველია.

„ამიტომაც ვამბობ, რომ 1053 ახალი ამომრჩეველია, მათ შორის 88-ს შეუსრულდა 18 წელი, მაგრამ ხომ გამოაკლდა გარდაცვლილები, ასევე, ზოგი გადავიდა სხვაგან, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა. მე ვამბობ, რომ სია გადავამოწმეთ და არის 1053 ახალი ამომრჩეველი“, – განმარტა გიორგი კირთაძემ.

2 აპრილს ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები იმართება ამ ოლქის მაჟორიტარის ასარჩევად ბათუმის საკრებულოში. ოლქის მაჟორიტარი ნუგზარ ფუტკარაძე  გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა.

ენმ-მ გასული წლის 24 ნოემბერს აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს სთხოვდნენ „ნეიტრალური“ ყოფილიყო. ენმ-ს თქმით, მას ამის სანაცვლოდ 100 ათასი დოლარს სთავაზობდნენ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე, ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატია #4 მაჟორიტარულ ოლქში თვითმმართველობის არჩევნებზე. სწორედ ამ ოლქს წარმოადგენდა ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის საკრებულოში, თუმცა მის გარდაცვალებამდე საკრებულო არ შეკრებილა.

მათე ფუტკარაძის კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძეა. მმართველი პარტიის კანდიდატი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სწორედ ის კურირებდა სიის დამუშავებას, რომელშიც შეჰყავთ ის ოჯახები, ვისაც „ოცნების ქალაქში“ ბინა შეხვდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: