განათლება,მთავარი,სიახლეები

„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან

30.03.2022 • 10571
„თავისუფლება ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა“ – ინტერვიუ პედაგოგთან

რა სჯობს, მშვიდობა თუ თავისუფლება, – „უკრაინელებმა დღეს დაამტკიცეს, რომ არც ილია, არც ვაჟა და არც ჰომეროსი ტყუილ-უბრალოდ არ დაწერილა და ჩვენ ისევ ვსვამთ კითხვას, ვინ არის მტერი?“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფო გოგოხია, „ბათუმელებთან“ ეროვნული ცნობიერების მნიშვნელობასა და თავისუფლებაზე საუბრობს.

  • ქალბატონო სოფო, დღეს, ისევე როგორც ალბათ წინა წლებში, აქტუალური გახდა მტრის ცნება. ბოლო დღეებშიც გაისმა კითხვა – ვინ არის მტერი?“, რუსია მტერი, თუ რუსეთი? რას გვასწავლის ამის შესახებ ლიტერატურა, როგორ უნდა ამოვიცნოთ მტერი?

მტერი ვინ არის და რა არის, ეს იმდენად კარგად არის ჩამოყალიბებული ქართულ ლიტერატურაში, რომ წესით, არც უნდა გვქონდეს ამის გაგების პრობლემა.

საკმარისია თუნდაც „ჯაყოს ხიზნები“ ამის გასაგებად, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ვხედავთ, რომ მტერს ყოველთვის ვერ ვარქმევთ თავის სახელს. არადა, გარკვევით გვეუბნება ბარათაშვილი, რომ თავისუფლება არ უნდა განისყიდო და ვინც ამას გეჩიჩინება, ცდება. არ შეიძლება ასეთ დიდ ღირებულებაზე, როგორიც თავისუფლებაა, უარის თქმა.

„ბედი ქართლისა“, რომელსაც სკოლაში უკვე მეცხრე კლასში ვსწავლობთ, ვიზეპირებთ ციტატებს, ვწერთ დავალებებს, მაგრამ მაინც ვერასდროს ვერ წავიკითხეთ ბოლომდე და ვერ გავაცნობიერეთ. ვერ დავინახეთ, რისი თქმა უნდა ავტორს. ის, რომ შეცდომა იყო თავისუფლების გაჩუქება და თავისუფლება არის ის, რაც ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვა.

რაც უკრაინაში ომი დაიწყო, სულ ვფიქრობ ამაზე. სხვას რას გვეუბნება „ავთანდილის ანდერძი“, „ვეფხისტყაოსანი“ თუ არა იმას, რომ ნაძრახ სიცოცხლეს ნამდვილად სჯობს ღირსეული ცხოვრება. ეს „ნაძრახი სიცოცხლე“ არის ზუსტად ის, რაზეც უარი თქვეს დღეს უკრაინელებმა.

მთელი თვეა ვფიქრობ, რომ უკრაინელები სწავლობდნენ მგონი ამ ყველაფერს, იმათთვის დაწერილა ეს ყველაფერი, რადგან ყველაფერი აახდინეს, რაც ჩვენს ლიტერატურასა და ხელოვნებაში ასე მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ხშირად ციტატების უმიზნო და უანგარიშო გაზეპირებამდე დავდივართ და ვფიქრობ, სად მიდის ეს ყველაფერი. წარმოუდგენლად დიდი პრობლემაა ეს.

„ბედი ქართლისა“ შემთხვევით არ მიხსენებია, ზუსტად იმ ტრაგიკულ და ყველაზე მძიმე პერიოდზეა, როცა გადაწყდა რუსეთთან დაკავშირება, პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და რა სამწუხაროა, რომ ამდენი წლის შემდეგ, იმავე პრობლემების ირგვლივ ვტრიალებთ და ვერაფერი გავიაზრეთ.

  • რადგან გეორგიევსკის ხელშეკრულებით დაიწყო ეს ყველაფერი, გკითხავთ. იქ ხომ ნათლად წერია, რომ ეს შეთანხმება სამხედრო სფეროში თანამშრომლობას გულისხმობდა რუსეთ-საქართველოს შორის და არა სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას საქართველოს მხრიდან? ეს საკითხი გასაგებად არ ისწავლება სკოლაში? რადგან პრორუსულად განწყობილი ადამიანები ხშირად მანიპულირებენ ამ თემით.

ტრაქტატი, მანიფესტი, ტექსტიც მოცემულია სახელმძღვანელოში და სავალდებულო მასალაა, რომ ბავშვები გაეცნონ და გაიაზრონ. პრობლემაა, როგორი ინტერპრეტაციით აწვდის მასწავლებელი ამ ყველაფერს, რას ეუბნება. ხშირად არის, რომ მასწავლებელი ამბობს: „თქვენ ბავშვები ხართ და არ გესმით“ და მის საუბარს ახლავს საბჭოთა ნოსტალგიის ნარატივი. თუ ის ამბობს, რომ „სხვა გზა არ იყო“, „ერეკლეზე ჭკვიანები ხომ არ ვიქნებით“ და ასე შემდეგ, ამას აქვს მნიშვნელობა.

ჩვენ ჯერ კიდევ არც მწვადი დაიწვას და არც შამფურის პოლიტიკას ვატარებთ და არ ვამბობთ ღიად და მკაფიოდ, რომ თავისუფლებაა მთავარი ღირებულება, რომელიც ძვირი ღირს, რა თქმა უნდა, და თვეზე მეტია უკვე ვხედავთ ამას, თუ რამდენად ძვირია თავისუფლება და როგორი თავგანწირვა უნდა. მე სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ ღმერთმა ნუ ქნას, ცუდად დამთავრდეს უკრაინაში ომი, რადგან ეს თითქმის უკანასკნელი შანსია ჩვენთვისაც და მთელი სამყაროსთვისაც, რომ ამ ყველაფრისგან თავი დაიხსნას. თუმცა დღეს უკრაინის მაგალითზე მთელმა სამყარომ ნახა, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა და როგორ გაცოცხლდა ყველაფერი ჩვენ თვალწინ.

ვაჟა, რუსთაველი, ჰომეროსით დაწყებული, რამე თუ არსებობს ლიტერატურაში და ხელოვნებაში, გააცოცხლეს უკრაინელებმა და დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი ტყუილ-უბრალოდ კი არ დაწერილა, რომ რაღაც პათოსი და გამოგონილი კი არ არის, არამედ მართალია და რომ თავისუფლებისთვის ღირს ბრძოლა.

ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ ტყავში გავძვრეთ და მხარი დავუჭიროთ, რადგან ჩვენ საქმესაც აკეთებენ ისინი, აქ, ზურგში კითხვებს ვსვამთ, ვინ არის მტერი და რუსეთი არის თუ არა მტერი. ეს ჩვენი ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე ეს ყველაფერი მართლა სწორად იქნება გააზრებული და რასაც ვსწავლობთ, იმას გავაკეთებთ რეალურად.

  • როცა უკრაინაში ომი დაიწყო, რატომღაც რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოს მოაწყდა და მაშინ გაჩნდა დისკუსია, როგორ უნდა მიგვეღო ისინი – დავხვედროდით როგორც მტერს, თუ „დღეს სტუმარია ის ჩვენი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. რადგან ვაჟას ამ ცნობილი ფრაზით ხშირად მანიპულირებენ, მინდა გკითხოთ, რამდენად სწორად გვესმის ვაჟას „სტუმარმასპინძლობის“ ეს თეორია?

ვფიქრობ, მარტო რიგითი მოქალაქეების გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი არ არის ეს პრობლემა. ვინ შემოდის, რატომ, რისთვის, ეს ცოტა ზემოდან უნდა გააკონტროლონ. მაგრამ როცა „ეხო მასკვის“ ჟურნალისტს არ შემოუშვებ და მერე უშვებ ღმერთმა იცის, ვის? აქ გასაგებია ხომ, როგორია სამთავრობო პოლიტიკა.

თუ ზემოდან არ მოევლება ამ საკითხს და ვერ ვარკვევთ, სამტროდ მოდიან, თუ თავის გადასარჩენად რუსები, მაშინ მოქალაქეები საკუთარ თავის იმედზე ვართ დარჩენილები .

ის, რომ ქუჩაში გამოვეკიდოთ ვიღაცას და მუშტები ვუქნიოთ, ნებისმიერ ჩამოსულს, ვინც შეიძლება მართლა გამოექცა რეჟიმს ან ცუდ პირობებს, ეს მიუღებელია. უბრალოდ, ყველა უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ მათ გავაგებინოთ და ავუხსნათ, სად მოდიან, რომ ეს არ არის რუსული იმპერიის ნაწილი, სადაც დასასვენებლად მოდიან და ყველაფერი შეუძლიათ. ავუხსნათ, რომ ეს არის სუვერენული სახელმწიფო, ყველგან იყოს გაკრული წარწერები, გამოიფინოს დროშები, რაღაცნაირად თვითონაც მიიღონ ამაში მონაწილეობა და აღიარონ. ასევე უნდა გაკონტროლდეს ქონების შესყიდვების საკითხიც.

ჩვენი მოვალეობაა თითოეულ შემოსულ რუსს ავუხსნათ, რადგან მათ ასე ხელაღებით ვერ გავაგდებთ და წიხლს ვერ ვკრავთ. მაღაზიაში ან კაფეში რომ ოჯახი შემოდის ბავშვებთან ერთად, იქ „არ ჭამო“, „არ დალიო“, „არ შემოხვიდე“, ვერ ეტყვი. უბრალოდ, უნდა ავუხსნათ, რომ თქვან სად მოდიან, რისთვის და რატომ.

ნუ იტყვიან, რომ არაფერი იციან ოკუპაციის შესახებ და რომ არაფერი სმენიათ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს შესახებ. ეს ყველაფერი მოვთხოვოთ ჰუმანურად და ძალადობის გარეშე.

  • როგორ ფიქრობთ, ჯოყოლას რომ სცოდნოდა, ვინ იყო ზვიადაური, შედგებოდა მათი სტუმარმასპინძლობა?

ალბათ არ შედგებოდა მათი მეგობრობა. თუმცა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ როგორც „ალუდამ“ და „მუცალმა“ – მოსისხლე მტრებმა, შეძლეს ერთმანეთში კარგი ადამიანის დანახვა, შეძლეს და დადგნენ თავიანთ დამღუპველ ადათ-წესებზე მაღლა, იგივე შეუძლიათ აქ შემოსულ რუსებსაც. ჩვენც იმავეს ვითხოვთ, რომ უარი თქვან თავიანთ იმპერიალისტურ ზრახვებზე და ამის ზემოდან დაიწყონ აზროვნება. დაინახონ ჩვენი მასპინძლობა, ჩვენი ადამიანური პრობლემები, შეხედონ სწორად ისტორიას და არა ერთი კუთხით, ნუ სჯიან იმით, რაც მათი ისტორიის წიგნებში წერია.

„სტუმარ-მასპინძელში“ ორი ღირსეული ადამიანი დადგა ყველაფერზე მაღლა და ვითხოვთ, რომ ჩვენც დავდგეთ რაღაც-რაღაცებზე მაღლა, ბიზნესებზე, საკუთარ საჭიროებებზე მაღლა, ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა დავაყენოთ და თვითონაც (რუსებმა) ადამიანური და ჰუმანური ინტერესები დააყენონ ყველაზე მაღლა. მაშინ ექნება სტუმარმასპინძლობას აზრი.

ლიტერატურის პირდაპირი მნიშვნელობით გადმობულბულება და სად, როგორც გვინდა იმ კონტექსტში ციტირებასაც ბოლოს და ბოლოს თავი უნდა დავანებოთ. სხვას რა ვუთხრათ, როცა ჩვენ ვერ გაგვირკვევია, ვინ რა დაგვიწერა, რა გვითხრა და რა გვასწავლა. ღირსების დანახვა არის აქ მთავარი და მნიშვნელოვანი, რადგან მხოლოდ ღირსეულ ადამიანს შეუძლია რაღაცის შემჩნევა და რუსებმაც შეამჩნიონ და ჩვენც შევამჩნიოთ რა უღირსად ვიქცევით ხოლმე გარკვეულ ვითარებაში.

თუ უბრალოდ გავუღებთ კარს და შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი დავპატიჟებთ ხაჭაპურზე, ამით გავაგრძელებთ იმას, რასაც ბოლო 200 წელია ვაგრძელებთ.

მით უმეტეს, ამ ბოლო დღეებში და მით უმეტეს, ჩვენგან ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელების მორალური მხარდაჭერა. ჩვენ კი რაზე გვიწევს ისევ ლაპარაკი, როცა ჩვენი სკოლიდან 100 მეტრში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისია.

სულ ვწუხვართ ხოლმე ამაზე და გადავწყვიტეთ მე და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა, რომ დაველაპარაკოთ მათ, ვინც ამ ყველაფრის საპირისპიროდ ლაპარაკობენ.

  • როგორ აპირებთ ელაპარაკოთ ადამიანებს, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ რუსის ჯარი უნდა იდგეს საქართველოში?

მესმის, რომ მათთან ცივილიზებული საუბარი რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდით და ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ.

ადრე სულ ვფრთხილობდი ამაზე საუბარს, მაგრამ ვფიქრობ, ახლა არც სიფრთხილის დროა და არც მორიდების. სულ ვეუბნები ბავშვებს, რომ მას, ვისაც დღეს რუსეთისკენ მიუწევს გული, ან ვერაფერი უსწავლია, გაუგია და გაუაზრებია ჩვენი მწერლობიდან და ისტორიიდან, ან მოსყიდულია. სხვა ახსნა არ არსებობს.

  • საქართველოს მთავრობა ღიად არ უჭერს მხარს ომში მყოფ უკრაინას და როცა საზოგადოებამ მოითხოვა ღია მხარდაჭერა, გვიპასუხა – „ომი გინდათ?“. უგუნურები არიან, თუ მოსყიდულები – რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ?

„ომი გინდათ?“ – ეს კითხვა საერთოდ ამ ფორმით ამ სიტუაციაში პირდაპირ მხარდაჭერაა და გაგრძელებაა იმ ხაზის, რა ხაზითაც მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში. მაშინ ბევრ რამეს ამოეფარნენ, მაგრამ დღეს უკვე ყველამ დაინახა სინამდვილეში რა იყო მათი მოსვლის ნამდვილი მიზეზი.

„აჰა, თქვენ ჩვენი თავისუფლება“, ვითომ მშვიდობის სანაცვლოდ, ასე არ გამოვა. მართლა მერამდენედ ვკლავთ ბარათაშვილს ან სხვა კლასიკოსებს, ყველას, ვინც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. სამშობლოს გაყიდვის გამოცხადებული ქრონიკაა ეს ყველაფერი, წარმოუდგენელია და დაუჯერებელია, რადგან მსგავსი რამ არ ვიცი, არ მახსენდება ისტორიის რომელიმე მონაკვეთში ასე ხმამაღლად და საამაყოდ რომ თქმულა სამშობლოს გაყიდვა. ამას არაერთი ინსტიტუცია ჩაგვჩიჩინებს უკვე, მათ შორის კლერიკალური წრეებიდან მოდის ეს მავნე იდეოლოგია, რომლებიც დასავლეთის გარყვნილებასა და რუსეთზე გვიჩიჩინებენ სულ.

  • რას უპასუხებდა ილია, დღეს რომ მოესმინა – „ომი გინდათ?“

„რას ვაქნევთ ცარიელ მშვიდობას, ცარიელ სტომაქით“. ილიაზე უკეთესი ვინ უნდა მოვიშველიოთ, არ ვიცი, ამას შეეწირა კიდეც. მშვიდობა გვინდა უღირსებო მონობაში? ნიკო ლორთქიფანიძეს აქვს არაჩვეულებრივი ნოველა „მონა“, სადაც წერია, რომ მართლა მონა ხარ, თუ თავისუფლებაზე არ ფიქრობ, თუ უკეთესზე არ ფიქრობ და თუ გათავისუფლებისთვის არ იბრძვი. თუ ეს გვინდა, მონობა და უღირსებო ყოფა და პატივაყრილად ყოფნა, მაშინ არ ვიცი. არჩევანი ასეთია – ან ბრძოლა თავისუფლებისთვის და ღირსეულად ყოფნა, ან უღირსად და მონურად ყოფნა. რა გვასწავლა მაშინ ლიტერატურამ და რა არის ღირებულება, ფასეულობა და ახლა, როცა ასეთ თავგანწირულ ბრძოლას ვუყურებთ უკრაინაში, ახლა მაინც რა უდგას წინ იმას, რომ მივხვდეთ სინამდვილეში, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე.

მართლაც და რას ვაქნევთ ცარიელ მშვიდობას და სხვა რა დაგვრჩენია, თუ არა ის, რომ თავისუფლება არ უნდა განვისყიდოთ და ამისთვის ყველაფერი უნდა გაიღოს ადამიანმა.

  • ცნობილი ფრაზაა – „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. ჩვენ როგორ უნდა ვემზადოთ „ომისთვის“?

ჩვენი მთავარი ომი ახლა საინფორმაციო და იდეოლოგიური ომია და აქ გვიჭირს ყველაზე მეტად. ყველაზე დიდი ბრძოლა აქ უნდა გადავიხადოთ. სწორმა იდეოლოგიამ უნდა გაიმარჯვოს და ამის მერე კარგად იქნება ყველაფერი, თუ ჩვენ დავარქმევთ სახელს და გავიაზრებთ, ვინ იყო ბოლო 250 წლის განმავლობაში ომში და სინამდვილეში ვის უნდა მშვიდობა და რომელია ისტორიის სწორი მხარე.

ჩვენ გვიყვარს გურამ დოჩანაშვილი ხომ, მისი „სამოსელი პირველი“, იქაც ვხედავთ, როგორ იბრძვიან ადამიანები მათი ქალაქის – კანუდოსისთვის. ის, ვინც ერთხელ იგემებს თავისუფლებას, შემდეგ ნებისმიერ ფასად დაიცავს მას. მეც მგონია, რომ დოჩანაშვილის ერი ვართ და „ბაბაიას“ პოლიტიკისგან, რომელსაც ამ დრომდე ვეწევით, ვერაფერი ხეირი ამისგან არ დაგვადგა. ბოლოს და ბოლოს ისტორიაში მაინც ხომ უნდა ჩავეწეროთ ღირსეულად. ამ ყველაფერს კი მსხვერპლი სჭირდება და ეს დღეს უკრაინელმა ერმა გვაჩვენა.

  • ბოლოს გკითხავთ ამ ყბადაღებულ „ერთმორწმუნეობაზე“, რადგან ჩვენი კულტურა გაჯერებულია ზოგადად ქრისტიანული მრწამსით და ამ თემით მანიპულირებაც ხშირია. მაშინ, როცა უკრაინელებიც ერთმორწმუნეები არიან, რატომ კაენი და არა აბელი?

ქრისტიანობა ზუსტადაც რომ არის ბრძოლა უსამართლობასთან და არავითარ შემთხვევაში ეს არ არის დამორჩილება. ქრისტიანობა ზუსტადაც არის ღირებულებებისთვის ბრძოლა და ეს ღირებულებები სწორად არის აღქმული ქრისტიანობაში.

თავი დავუქნიოთ და ვთქვათ, რომ „ნაკურთხი ბომბებია“, ამას არ ასწავლის ნამდვილი ქრისტიანობა. თუ ამ მიმართულებით ვინმემ წაიყვანა სწავლება, ეს ისევ და ისევ რუსეთის სინოდალური კანტორის წყალობითაა, რომელსაც საქართველო 1811 წლიდან შეუერთდა და დღემდე ვერ მოიშორა ეს იდეოლოგია, გააფუჭა და წაბილწა ყველაფერი.

ეს რუსების ნარატივია და ჩვენ ბოლოს და ბოლოს ის მაინც ვიცით, რომ 365 წმინდა გიორგი ტყუილად კი არ იყო საქართველოში, წმინდა გიორგი მებრძოლია, ამიტომ უყვარდათ ქართველებს და იმისკენ გვიბიძგებს, რომ უსამართლობას ყოველთვის უნდა ებრძოლო. დღეს ეს უსამართლობა კარგად ინიღბება ამ „ერთმორწმუნეობით“, კარგად ეხვევა მგელი ცხვრის ტყავში და უსამართლობაა ის, რომ ქრისტიანობა გამოიყენო მონური და უპირობო მორჩილების საქადაგებლად. ბოლოს ისევ ვაჟას მივუბრუნდები: „მტერს მტრულად უნდა მოექცე, თვითონ უფალმა ბრძანაო“.

ჩვენ, პირველ რიგში, იდეოლოგიური ომი უნდა მოვიგოთ. დანარჩენ ომს რაც შეეხება, არც რუსეთი ყოფილა ისეთი უძლეველი და დაუმარცხებელი, როგორც ამას გვეუბნებოდნენ. მთავარია, ეროვნული ცნობიერება და გული. ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უკრაინაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: