მთავარი,სიახლეები

მიქაუტაძის საქმის პოლიციელები სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც სისტემაში რჩებიან

29.03.2022 • 1804
მიქაუტაძის საქმის პოლიციელები სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც სისტემაში რჩებიან

ილია სააკაშვილი ერთ-ერთი სამართალდამცველია „მამუკა მიქაუტაძის საქმიდან“, რომელიც ახლა უკვე შსს-ს მაღალჩინოსანია – ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსია.

ილია სააკაშვილი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო 2013 წელს, როცა თბილისში მცხოვრებმა მამუკა მიქაუტაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. წინა დღით მიქაუტაძემ ცოლს უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით გამოკითხვისას, პოლიციელებმა მეგობრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა აიძულეს. „მამუკა მიქაუტაძის საქმეზე“ ევროსასამართლომ 2022 წლის 20 იანვარს დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა.

მამუკა მიქაუტაძის მოწმის სახით გამოკითხვასა და შემდეგ ნარკოლოგიურში გადაყვანის პროცესში სულ 7 პოლიციელი მონაწილეობდა: ილია სააკაშვილი, გივი მარკოზიშვილი, გიორგი არწივიძე, არჩილ ნაცვლიშვილი, ზურაბ მეგრელიშვილი, გოჩა გოგოლიშვილი, გიორგი კიკაბიძე.

მამუკა მიქაუტაძე თბილისში, ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში მუშაობდა, როცა იქვე მისი მეგობარი მარიხუანას შენახვის გამო დააკავეს. მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს პოლიციელებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა მიაყენეს და საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს.

გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, თუმცა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო იგი 2016 წელს დაიხურა.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ პროკურატურის სახით არაფერი გაარკვია მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მისმა ცოლმა – ზიზი ეძგვერაძემ ევროსასამართლოს მიმართა.

  • რა დაინახა ევროსასამართლომ?

„…გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი კითხვები. კერძოდ, გამოკითხვის დროს მართლაც გაყვანილი იქნა თუ არა მიქაუტაძე სხვა ოთახში, და, თუ კი, რა მოხდა იქ.

ასევე, ყველაზე ნიშანდობლივი საგამოძიებო ხარვეზი სასამართლომ დაინახა ფაქტში, რომ გამოძიებამ არანაირი ჰიპოთეზა/განმარტება არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა პოლიციასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს, რომელსაც არანაირი სუიციდური განზრახვები, ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის პრობლემები არ ჰქონდა, ჩაედინა თვითმკვლელობა.

ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა გამოძიების ეფექტიანობას,“ – აღნიშნულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ „მამუკა მიქაუტაძის საქმის“ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლისს და დაიხურა 2016 წლის 26 მარტს, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.

„მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება ამგვარ საგამოძიებო უმოქმედობასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ საია-ში. ეს ორგანიზაცია იცავდა ზიზი ეძგვერაძის ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში.

საია-ს განმარტებით, ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხელახლა უნდა დაიწყოს გამოძიება „მამუკა მიქაუტაძის საქმეზე“, თუმცა ამ დრომდე საიასთვის არ უცნობებიათ გამოძიების ხელახლა დაწყების შესახებ.

საია დავობდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] პროცედურული ნაწილის დარღვევაზე. კერძოდ, საია მიიჩნევდა, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტიანი, მათ შორის, მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა გამოძიების, თუნდაც შეზღუდული ვადით, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ წარმოება, ვინაიდან ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობდა, რაც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა. შესაბამისად, შსს-ს მიერ გამოძიების წარმოება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას.

სად არიან ის პოლიციელები, რომლებმაც მამუკა მიქაუტაძე 2013 წელს გამოკითხეს და შემდეგ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს? – შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ საჯარო ინფორმაცია არ მოაწოდა. „ბათუმელებმა“ უწყებას 2022 წლის 21 იანვარს მიმართა. საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით განსაზღვრული ვადა კი 10 დღეა.

ვიდრე გამოძიება შეწყდებოდა, „მამუკა მიქაუტაძის საქმეზე“ გამოკითხეს ილია სააკაშვილი და სხვა პოლიციელებიც.

„ჩვენებებიდან დგინდება, რომ დაკავების დროს მათი მხრიდან მამუკა მიქაუტაძისა და გელა მანჯავიძის მიმართ, რაიმე უხეშ მოპყრობას, სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია არც შსს-ს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში, სადაც აწარმოებდნენ მამუკა მიქაუტაძის დაკითხვას. დაკითხვა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე,“ – ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს ჩანაწერია.

„დიახ, ილია სააკაშვილია უფროსი“, – დაგვიდასტურეს ქარელის რაიონული სამმართველოს ცხელ ხაზზე, სადაც დღეს, 29 მარტს, დავრეკეთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის კიდევ 6 თანამშრომელი, ვინც მონაწილეობდა მიქაუტაძის გამოკითხვაში, ასევე პოლიციაში მუშაობს.

ილია სააკაშვილი კი, 2021 წლის თებერვლიდან იკავებს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს.  ბოლო ქონებრივი დეკლარაცია ილია სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ – 24 მარტს ჩაუბარებია, რომლის მიხედვითაც მისი ჯამაგირი თვეში 3172 ლარია, მისი ცოლის, ანი გიორგაძის კი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ დისტანციური გაყიდვების მენეჯერად მუშაობს,  – 1584 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, ილია სააკაშვილს და მის მეუღლეს 2021 წელს ბაკურიანში ბინა შეუძენიათ 36 500 დოლარად. ოჯახს ორი ბინა აქვს თბილისში – ერთი 2019 წელს შეძენილი, მეორე – 2015 წელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: