„მარიუპოლში ვერ ხერხდება დაღუპული ადამიანების დასაფლავება. იმდენად წარმოუდგენელი მდგომარეობაა, რომ ზოგს აივანზე ჰყავს თავისი მიცვალებული გამოყვანილი, რომ არ გაფუჭდეს ცხედარი და ან ცხოველებმა არ შეჭამოს.
ყველა სკვერი მიცვალებულებით არის გადავსებული. ახლა იმაზეც დარდობენ, როცა დათბება, შესაძლოა ქალაქში ეპიდემიამაც იფეთქოს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში უკრაინაში მცხოვრები ბერი, ნექტარიოს მჭედლიძე. იგი ამჟამად უკრაინის ქალაქ რივნეში იმყოფება.
- მამა ნექტარიოს, რა ინფორმაცია გაქვთ მარიუპოლზე?
მარიუპოლში მდგომარეობა ისევ ისეთი მძიმეა. დღეს ჰუმანიტარული დერეფანი უნდა შექმნილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, რუსებმა ისევ ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას. ცოტა ხნის წინ, უკრაინული ტელევიზიით გავრცელდა კადრები, სადაც დედა ამბობდა, როგორ წაართვეს მის 4 წლის ბავშვს რუსმა ჯარისკაცებმა ორცხობილა, რომლითაც საზრდოობდა ბავშვი, რომ რამდენიმე კილომეტრი გამოევლო, სანამ სამშვიდობოს გამოვიდოდა.
ძალიან არაადამიანურად იქცევიან რუსები. არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვია, მოხუცი თუ ქალი, ისინი სადისტებივით ექცევიან მშვიდობიან მოსახლეობას. მათთან არც სიყვარულია და არც ღმერთი. მათი რელიგია დამყარებულია ძალაუფლებაზე. მათი გზები ძალაუფლებასთან მიდის არა ღმერთთან. ღმერთს კავშირი მაგ ქვეყანასთან არა მგონია, რომ ჰქონდეს.
- მარიუპოლიდან გამოსული ერთი ადამიანი ამბობდა, რომ ცხოველების საკვების ჭამა უწევთ. საყვედურები ისმის „წითელი ჯვრის“ და გაეროს მისამართით, რომ ისინი ვერ მოქმედებენ სათანადოდ ბავშვების გამოსაყვანად. უკრაინელები რაში ხედავენ გამოსავალს?
სასულიერო პირები აქტიურად არიან ჩართული, დღე და ღამეს ასწორებენ, რომ რაღაც გზებით შევიდნენ მარიუპოლში და საკვები შეუტანონ ადამიანებს ან ბავშვები გამოიყვანონ.
ევროპის ერთობლივ ქმედებაზეა დამოკიდებული, რომ დერეფანი გაიხსნას და შევიდეს ჰუმანიტარული ტვირთი. თუმცა ხანდახან მგონია, რომ მიტოვებულია უკრაინა და ყველას რაღაც შიშები აქვს. ამ დროს კი ძალიან ბევრი ადამიანი კვდება. უნდა გამოფხიზლდეს ევროპაც, თორემ ეს ბოროტება მათაც მიადგება კარებზე.
აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ცა. მგონია, რომ რუსული პროპაგანდაა ისიც, რომ თითქოს მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება ეს.
რუსებს უკრაინის არმიასთან ომი არ შეუძლიათ. ისინი უბრალოდ მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ.
- რას ჰყვებიან ის სასულიერო პირები, ვინც გამოდიან მარიუპოლიდან?
ითქვა, რომ 5 ათასი ადამიანია დაღუპული, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი იქნება. ვერ ხერხდება ადამიანების დასაფლავება. იმდენად წარმოუდგენელია მდგომარეობა, რომ ზოგს აივანზე ჰყავს თავისი მიცვალებული გამოყვანილი, რომ არ გაფუჭდეს ან ცხოველებმა არ შეჭამონ.
ყველა სკვერი მიცვალებულებით არის გადავსებული. ახლა იმაზეც დარდობენ, როცა დათბება, შესაძლოა ქალაქში ეპიდემიამაც იფეთქოს. ომის 34-ე დღეა უკვე და მიცვალებულების დამარხვა ისევ ვერ ხერხდება.
ქალაქში დარჩენილ ადამიანებს არ აქვთ ელექტროენერგია, წყალი, გათბობა. ყველაფერი დაზიანებულია. ჯოჯოხეთური მდგომარეობაა მარიუპოლში. რასაც ჰყვებიან სასულიერო პირები, წარმოუდგენელი სისასტიკე ხდება და ვერც გამოსვლას ვერ ახერხებს მოსახლეობა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც არ უშინდებიან და არ ტოვებენ მარიუპოლს და რჩებიან ჯოჯოხეთში.
მარიუპოლში აღარც ეკლესია-მონასტრები არსებობს, მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, სადაც სადაც ადამიანებმა თავი შეაფარეს.
ახლა დაიწყო ხვნა-თესვა უკრაინაში, მაგრამ გუშინ სარაკეტო იერიში მიიტანეს ჩემს ქალაქზე და ნავთობის აუზები გაანადგურეს, რომ მოსახლეობამ ვერ დათესოს მიწები.
- ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ეს სათესი მინდვრებიც დაბომბონ რუსებმა?
თუ საწვავი არ იქნება, ვერც სასოფლო ტექნიკა იმუშავებს. სოფლებში ახლა ძირითადად ცხენებით მიმდინარეობს მიწების დამუშავება, არ ჩერდებიან, ძალიან შეუპოვარი ხალხია და არ ეგუებიან ამ სირთულეებს.
ცდილობენ, რომ არ დარჩეს მშიერი უკრაინა. მთელი მოსახლეობა ჩართულია სოფლებში, ერთმანეთს ეხმარებიან და ასე მიდის მიწების დამუშავება.
თუმცა იმ მასშტაბს ცხენებით ვერ დაამუშავებენ, რაც ტექნიკით არის შესაძლებელი. აქ საუბარი მიდის იმაზე, რომ შიმშილი არ დადგეს ქვეყანაში.
- თურქეთი დაჰპირდა ზელენსკის, რომ საწვავს მიაწვდიან მიწების დასამუშავებლად.
დიახ, იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა ცდილობენ, რომ საწვავის საცავებზე მიიტანონ იერიშები.
- როგორც ვიცით, უკრაინას მინერალური სასუქების დიდი მარაგები აქვს. რამდენად არის დაცული ეს საცავები, რომ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეები არ გაჩნდეს?
ცდილობენ ქიმიური საცავების დაბომბვასაც. გუშინ ორჯერ მიიტანეს ჩვენს ქალაქში იერიში ქიმიური მინერალების საცავებზე, თუმცა მოიგერიეს უკრაინელებმა. მაგრამ ეს მარტო ქალაქ რივნეს არ შეუქმნიდა პრობლემას, ბელარუსსაც შეუქმნის საფრთხეს, თუკი აფეთქდება. გუშინ რივნეს მერმაც გაავრცელა ინფორმაცია, ჰაერში არ აღმოჩნდა საშიში კონცენტრაცია და არ იყო პანიკის საფუძველი.
- სხვა ქალაქებში როგორი ვითარებაა?
ხარკოვსა და სხვა ქალაქებში შედარებით უკეთესია მდგომარეობა. გუშინ მთელი დღე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენები იყო ჩართული და მაშინ მიიტანეს დარტყმები რივნეს ნავთობსაცავზე, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
- ადრე როცა გესაუბრეთ, მაშინ თქვით, რომ 10-მდე რუსი სასულიერო პირი იყო დაკავებული ჯაშუშობისთვის, იმის მერე რა სურათია?
რუსი ეპისკოპოსები, ვინც არიან უკრაინაში, ცუდ განცხადებებს აკეთებენ. ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი დღეს ქადაგებდა, რომ უკრაინა ღირსია ამ ყველაფრის და ეს განსაცდელი ხალხის ბრალიაო. სამწუხაროდ, ამ ქადაგებას ბევრი პრორუსი სასულიერო პირი აზიარებს საქართველოში.
როგორ შეიძლება ბავშვების ხოცვა-ჟლეტა და ის სისასტიკე რაც მარიუპოლში ხდება, ბავშვების ბრალი იყოს? ან ღირსი იყოს რომელიმე ბავშვი. ისინი უბრალოდ ემსახურებიან ეშმაკს, რადგან არ შეიძლება ქრისტიანი ვუწოდოთ ამ ეპისკოპოსებს.
ომი როგორც დასრულდება, აუცილებლად მიიღებენ კანონს და აღარ მოუწევთ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული განცხადებების კეთება.
რუსი სასულიერო პირები არც წესს უგებენ უკრაინელ გარდაცვლილ სამხედროებს და არც ეხმარებიან. რუსულ ეკლესიას მხოლოდ ფული და ძალაუფლება აინტერესებს. არავის ეგონოს, რომ მათ ღმერთი სწამთ. ორმილიონიან იახტაზე საცვლის ამარა დატანტალებს რუსების პატრიარქი, მაშინ როდესაც ამდენი მშიერი ადამიანი ჰყავთ რუსებს.
მაგრამ მათ არ აინტერესებთ ხალხი, მათთვის მთავარია პოლიტიკურად შეუნარჩუნონ ძალაუფლება რუსეთს და თვითონაც კარგად იმხიარულონ.
უკრაინის ეკლესიის მღვდლები კი დღეს ჩვეულებრივი ჯარისკაცები არიან. ყველა ხერხით ცდილობენ საკვების შეტანას და ბავშვების გამოყვანას მარიუპოლიდან ან სხვა ქალაქებიდან.
- მარიუპოლზე მინდა გკითხოთ ისევ. სამხედრო ექსპერტების თქმით, ეს ქალაქი სტრატეგიულია რუსებისთვის. არსებობს რამე ოპტიმიზმი მის გასათავისუფლებლად?
დღეს მთელი უკრაინა ელოდება თურქეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს. მარიუპოლი სამი მხრიდანაა ალყაში და ძნელია მოქმედებები სანამ 100 ათასზე მეტი ადამიანი არ გამოვა იქიდან. თუ მოხერხდა მოსახლეობის გამოყვანა, რუსები ვერ შეეწინააღმდეგებიან უკრაინის არმიას. მარიუპოლი არის და მუდამ იქნება უკრაინის ტერიტორია, უკრაინელები ამ ტერიტორიას არ დათმობენ. თუ რუსეთი დარჩება მარიუპოლში, შემდეგი იქნება მოლდოვა, საქართველო და ბალტიისპირეთი.
რუსები არავის და არაფერს დაინდობენ. საკუთარი მოქალაქეებიც კი არ ეცოდებათ და საზარბაზნე ხორცად აგზავნიან ბავშვებს [ახალგაზრდა ჯარისკაცებს] იმდენად შეპყრობილი არიან იმპერიის იდეით. მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში ახალ თაობას საერთოდ არ აინტერესებთ მათი იმპერია, ყველას თავისუფალი ცხოვრება უნდა. იმ რუსებსაც, რომლებიც ტყვედ ბარდებიან უკრაინელებს.
- ლტოლვილებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ, უკრაინაში რჩებიან თუ ყველა გადის მეზობელ ქვეყნებში?
დიდი ნაწილი რჩება ლვოვში, ნაწილი ევროპისკენ მიდის. დარწმუნებული ვარ, ყველა დაბრუნდება ომის შემდეგ. ეკლესია-მონასტრები 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასული და როგორც ლტოლვილებს, ასევე ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებს.