სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმები არ წყდება – უკრაინის თავდაცვა

რუსეთი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, და, ასევე, შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 19 აპრილს.

სამინისტრო დილის 6 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს:

„უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმები არ წყდება.

სლობოჟანსკოს და დონეცკის რეგიონებში აგრესორი ახორციელებს შეტევით მოქმედებებს ცალკეული მიმართულებით,“ – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთს ხარკოვის რეგიონში დამატებით საზენიტო-სარაკეტო დივიზიები გადაჰყავს, ხოლო ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის საზღვართან, განლაგდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები S-400 და C-300.

რუსი სამხედროები გააქტიურდნენ დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით… მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევაზე ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში, ასევე, ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე.

ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად ოკუპანტები ცდილობენ შეტევას ოლექსანდრივკას ტერიტორიაზე. მოწინააღმდეგე არ წყვეტს სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას ქალაქ მიკოლაევში.

სლობოჟანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძალების განსაზღვრული შემადგენლობა განაგრძობს ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას.

მატერიალურ-ტექნიკური უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ოკუპანტები ათავსებენ ლოჯისტიკურ ცენტრებს და ქმნიან საველე ბაზებს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისა და აღდგენისთვის,“ – წერს სამინისტრო.

სამინისტროსვე ცნობით, გასულ 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს, გაანადგურეს 10 ტანკი, 18 ერთეული ჯავშანტექნიკა და რვა ერთეული საავტომობილო ტექნიკა.

19 აპრილს, გამთენიისას, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში, დონბასის ოლქში, ომის ახალი ფაზა დაიწყო.

„ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთმა დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ახლა ამ ბრძოლაზეა მომართული“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

ამავე თემაზე: 

ომის მთავარი მოწმე – როგორ იბრძვის უკრაინის მედია რამდენიმე ფრონტზე

ახალი კვლევა ბათუმის რეპროარტში უნაყოფობის პრობლემის მქონე მამაკაცებისთვის

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტის ბათუმის ფილიალი მამაკაცის უნაყოფობის სადიაგნოსტიკოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვლევას, სპერმის დნმ ფრაგმენტაციას გთავაზობთ.

მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზებს შორის ერთ-ერთი შესაძლოა სპერმის დნმ ფრაგმენტაცია იყოს. სპერმისა და კვერცხუჯრედის დნმ-ები გენეტიკური ინფორმაციის მატარებლებია. ორივე მათგანს ემბრიონის შექმნაში, ფეხმძიმობის დადგომაში, ნაყოფის სწორ განვითარებასა და, საბოლოოდ, ჯანმრთელი ბავშვის დაბადებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის. მაღალი ფრაგმენტაციის დროს, სპერმის დნმ დაზიანებულია და აქვს ერთი ან ორმაგი ჯაჭვის წყვეტები, ფრაგმენტები კი – დაკარგული.

მამაკაცებს ვისაც უნაყოფობის პრობლემა აქვთ, სპერმის დნმ ფრაგმენტაციის კვლევის ჩატარება ამიერიდან ბათუმის რეპროარტში, ქალაქიდან გაუსვლელად შეუძლიათ.
კვლევა შემდეგი ჩვენებების დროს ტარდება:

• გაურკვეველი წარმომავლობის უნაყოფობა;
• წარსულში, ემბრიონის განვითარების შეჩერება;
• მრავალჯერადი წარუმატებელი ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა;
• პარტნიორთან მრავლობითი შეწყვეტილი ორსულობები;
• მამაკაცის ხანდაზმული ასაკი > 45 წელი;
• ვარიკოცელე;
• სპერმოგრამის დაბალი მაჩვენებლები.

თუ მამაკაცს სპერმის დნმ ფრაგმენტაციის დიაგნოზი აქვს, მისთვის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი არსებობს:

• ვარიკოცელეს შემთხვევაში, ოპერაცია;
• ინფექციების შემთხვევაში, ანტიბიოტიკებით მკურნალობა;
• სათესლე ჯირკვლიდან სპერმის ქირურგიული ასპირაცია და ამ გზით ნაკლებად ფრაგმენტული სპერმის მიღება.
• ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ემბრიონის ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით ICSI) შექმნა. ეს არის მეთოდი, როდესაც სპერმა ძალიან პატარა ზომის, ნატიფი დამუშავების მინის პიპეტით, მიკროსკოპის ქვეშ, პირდაპირ კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში თავსდება.

გახსოვდეთ, რომ სპერმის დნმ-ის მომატებული ფრაგმენტაციის პარალელურადაც კი, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწორი სტრატეგიის შერჩევის შემთხვევაში, შვილის ყოლა სრულიად შესაძლებელია.

მისამართი📍 ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ. N159

კვლევაზე ჩასაწერად დაგვირეკე ☎️+995 595 441 144 ან მიჰყევი ბმულს: https://reproart.ge/caewere-vizitze/

გამოვლინდა კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა – 19 აპრილი

Stopcov-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა 1 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 161 პაციენტი.

ამავე პერიოდში ჩატარდა 22 329 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 058, PCR ტესტით – 2 271

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,53%-ია.

ამ დროისთვის სულ აცრილია  2 873 980 ადამიანი. დღიურად აცრილია – 992.

სტაციონარში იმყოფება 336 პაციენტი.

სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – 19 აპრილის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 20 800 ადამიანი
  • ტანკი – 802 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 063 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 386 ერთეული
  • MLRS – 132 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული
  • თვითმფრინავი – 169 ერთეული
  • ვერტმფრენი – 150 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 495 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 158
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 19 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 139 თვითმფრინავი
  • 105 ვერტმფრენი
  • 483 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 337 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 250 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 254 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 009 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 196 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთმა დონბასის ოლქში ომის ახალი ფაზა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია 18 აპრილ,ს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაავრცელეს.

რუსეთი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, და, ასევე შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 19 აპრილს.

ამავე თემაზე:

ომის მთავარი მოწმე – როგორ იბრძვის უკრაინის მედია რამდენიმე ფრონტზე

 

მოესწრება პრომინადის აღდგენა სეზონამდე? – ფეხით, სქროლით, კვადროციკლით ველობილიკზე

ბათუმის ახალ ბულვარში ორ თვეზე მეტია ფეხით მოსიარულეების პრომინადი რამდენიმე ათეულ მეტრზე შტორმმა დაანგრია. მას შემდეგ დაზიანებული მონაკვეთები გადაკეტილია. განახევრებულ მონაკვეთში კი [უფრო ველობილიკზე] ერთდროულად მოძრაობენ ველოსიპედით, ფეხით, სქროლით თუ კვადროციკლით. ამ ვიწრო ზოლში უწევთ მშობლებს ბავშვების ეტლით გასეირნებაც.

შესაბამისად, ეს ერთგვარი სახიფათო მონაკვეთია ბათუმის ბულვარში.

უცნობია მოესწრება თუ არა სასეირნო ბილიკის აღდგენა მოახლოებული ზღვის სეზონის გახსნამდე.

ბულვარის სანაპირო 2022 წლის 5 თებერვალს შტორმმა დაანგრია.

შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“ ბულვარის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი სამმართველო მუშაობს.

„უკვე დაწყებულია ნაპირდაცვითი ღონისძიების პროექტირება. შესაბამისი ექსპერტების ჩართულობითა და რეკომენდაციებით განხორციელდება ნაპირის დაცვისა და კვების ღონისძიებები. აღნიშნულ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი სამმართველო ახორციელებს.

ბათუმის ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელება მოხდება საექსპერტო წრეების ჩართულობითა და შესაბამისი კვლევების საფუძველზე.

მიმდინარე წლის აპრილში, პროექტირების დასრულების შემდგომ, განხორციელდება ნაპირის კვების სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების დაწყება მაისშია დაგეგმილი“, – მოგვწერეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან.

პრომინადის გარეშე დარჩენილი ახალი ბულვარი:

ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)
ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)
ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)
ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)
ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)
სკულპტურა, LIBERTE  პრომინადიდან 2022 წლის 10 თებერვალს გაიტანეს. „გადავიტანეთ უსაფრთხო, ავტორთან შეთანხმებულ ადგილას“ – გვითხრეს მაშინ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში. სკულპტურა 2 თვეზე მეტია აქ, გამწვანებულ ზოლში დევს, რამდენიმე მეტრში თავდაპირველი ადგილიდან. / ახალი ბულვარი / 16 აპრილი 2022 (წ)

ამავე თემაზე:

შტორმმა პლაჟი მიიტაცა – როგორ გამოიყურება ბათუმის ახალი ბულვარი I ფოტო

„ჩვენ მზად ვართ“ – ვინ ელის ბათუმში რიგგარეშე არჩევნებს შემოდგომაზე

ბათუმის საკრებულო ისევ ვერ იკრიბება. მაისშიც თუ ვერ მოახერხებენ სხდომის ჩატარებას დეპუტატები, ივნისში ამ მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება და ოქტომბერში ბათუმში ისევ არჩევნები იქნება.

„ჩიხია, რომელსაც ყველა გონივრული პროგნოზით მივყავართ ახალ არჩევნებამდე,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ირაკლი კუპრაძე. არჩევნებს ელიან „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. გახარიას პოლიტიკურ გუნდში კი, საიდანაც ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ორი წევრია, მიიჩნევენ, რომ კრიზისს ხელოვნურად ქმნის „ქართული ოცნება“ და მმართველ პოლიტიკურ გუნდში თუ „გონს მოეგებიან“, არჩევნები საჭირო არ დარჩება. „ქართულ ოცნებაში“ ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ და არც ოპონენტებთან მოლაპარაკებისთვის იცლიან, რაც მორიგი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი შეიძლება გახდეს.

ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია და სხდომის გამართვისთვის საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ მინიმუმ 18 დეპუტატის ხმა. ოპოზიციას ამ დროისთვის ჯამში 17 ხმა აქვს და მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ვერც სხდომა გაიხსნება და ვერც რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, რომელმაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები მოიგო ბათუმში.

„ჩიხი უნდა ავირიდოთ თავიდან, რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდეს და იგივე შედეგი დაიდოს, მერე?“ – კითხულობს ირაკლი თავდგირიძე, რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია და ღიად უცხადებს მხარდაჭერას რამაზ ჯინჭარაძეს „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის პოზიციაზე.

ასეთია საკრებულოში ოპოზიციიდან შესული საკრებულოს წევრის პოზიცია იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში 19 მანდატი ჯამში ოპოზიციამ მოიპოვა, 16 – „ქართულმა ოცნებამ“, ანუ გამოჩნდა, რომ ბათუმში საზოგადოების განწყობა მეტწილად ოპოზიციურია.

თუმცა ირაკლი თავდგირიძე დამოუკიდებელი გახდა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს, ენმ-დან საკრებულოში შესული ნუგზარ ფუტკარაძე კი, 18 ნოემბერს გარდაიცვალა, 24 ნოემბერს ენმ-მ აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ნუგზარ ფუტკარაძეს „ნეიტრალობას“ აიძულებდნენ. ითქვა, რომ მას ამის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. თუკი ნუგზარ ფუტკარაძე ირაკლი თავდგირიძის მსგავსად „ნეიტრალობას“ არჩევდა, ოპოზიცია ბათუმის საკრებულოში ავტომატურად კარგავდა უმრავლესობას.

„ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ამ საქმის გამოძიება ახლა მთავარი საკითხია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ ის საკრებულოს სხდომა შედგეს.

„ადამიანი მოგვიკლეს და ახლა ოჯახს არც იმას ეუბნებიან, რა გამოიძიეს, რას იძიებენ საერთოდ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რამაზ ჯინჭარაძის სისხლიან მანდატს მხარი არ დავუჭიროთ,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. – „დაიწყოს ამ საქმის გამოძიება შსს-ს ნაცვლად პროკურატურამ და თანამდებობიდან გადადგეს ძიების დასრულებამდე დავით რიჟვაძე. ამის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ…“ – ამბობს რეზო ხარაზი.

ოპოზიციაში განმარტავენ, რომ განსაკუთრებით თორნიკე რიჟვაძის განაცხადის შემდეგ, როცა მან თქვა, რომ ოპოზიცია ბათუმის საკრებულოშიც „შეცუნცულდება“, აღარ აქვთ იმედი, რომ მოლაპარაკების მცდელობა ექნება ვინმეს მმართველი პოლიტიკური გუნდიდან.

„თორნიკე რიჟვაძეს ეუბნებიან, რომ მამაშენი მონაწილეობდა ამ საქმეში, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალებაო და იძახის შეცუნცულდებიანო. ახლა გასცეს პასუხი თავის პრემიერს, ვინ სად შეცუნცულდა, სანამ მამამისი არ გამოცუნცულდება, მანამდე არავინ არსად შემსვლელი არ არის… პირველ რიგში, ბათუმის საკრებულოში უნდა დაიჯერონ, რომ ეს არის თვითმმართველობა და არა რიჟვაძე-ჩიქოვანის გასართობი კლუბის დანამატი. საკრებულოს უფლებამოსილებმა პირებმა უნდა გადაწყვიტონ, დამოუკიდებელი არიან, თუ ჩიქოვანის და რიჟვაძის ჭკუით დადიან,“ – აღნიშნა რეზო ხარაზმა.

„კონსულტაციის ერთადერთი ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომელიც კომუნიკაციაზე საერთოდ არ გამოდის… მათი მხრიდან მხოლოდ ირონიულ-სარკასტულ ფრაზებს ვისმენთ, ამ ვითარებაში რთულია შეთანხმება შედგეს,“ – ამბობს ირაკლი კუპრაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“. მას უჭირს დაასახელოს კონკრეტული ფაქტორები, რაზეც შესაძლოა შეთანხმება შედგეს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

შესაძლოა თუ არა ამ ვითარებაში პირიქით ოპოზიციის მხარდაჭერის მაჩვენებელმა იკლოს, რადგან „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ სწორედ ოპოზიციის მიზეზით ვერ იკრიბება საკრებულო?

„ოპოზიციამ ორჯერ მოვიწვიეთ სხდომა და არავინ მოვიდა „ქართული ოცნებიდან“. არც დამოუკიდებელი ირაკლი თავდგირიძე მოვიდა და შესაბამისად კვორუმი არ შედგა,“ – წინა თვეებს იხსენებს ირაკლი კუპრაძე და ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ მოტივაციაზე – ვინ რის გამო არ მიდის საკრებულოში. ირაკლი კუპრაძეს აქვს განცდა, რომ ამის დანახვა ამომრჩეველს არ გაუჭირდება.

„როცა აქამდე „ქართული ოცნება“ სხდომებს არ ესწრებოდა, მოტივაცია იყო ის, რომ ოპოზიციას არ ჩასთვლოდა გამარჯვება, ხოლო დღეს ოპოზიციის მოტივაცია არის ის, რომ უსამართლოდ წართმეულ არჩევნებს ვაპროტესტებთ. ჩვენ მოვიპოვეთ თანაფარდობა 19 / 16-ზე და გვეუბნებიან, რომ 18 / 17-ზეა… ამისთვის დასჭირდათ რამდენიმე მილიონის დახარჯვა, ადამიანების მოსყიდვა, მუქარა, შანტაჟი. ჩვენი მოტივაცია ნათელია: წინააღმდეგობას ვუწევთ უსამართლობას და ისინი რას უწევდნენ წინააღმდეგობას? ისინი უწევდნენ წინააღმდეგობას ხალხის ნებას, რომელიც იყო გამოხატული 19 მანდატში, ანუ აშკარა უმრავლესობაში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ქმნიდნენ,“ – განმარტავს ირაკლი კუპრაძე.

„ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის, ერთ უბანში უფრო ადვილი იყო „ოცნებისთვის“ და ოქტომბერში სხვა მოცემულობა იქნება,“ – არჩევნებს დიდი ალბათობით უშვებს რეზო ხარაზიც, რომელიც ნაკლებად ელის კონსულტაციას და მით უფრო მოლაპარაკების შედეგით დასრულებას „ქართულ ოცნებასთან“.

რეზო ხარაზი „ოცნების ქალაქში“ გუშინ, 17 აპრილს, გამართულ აქციაზე მიუთითებს, სადაც 2 აპრილის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე 338-მდე პირი ჩაწერეს ერთ მისამართზე – ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ. 2 აპრილის არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ საია სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ უკანონობაზე საუბრობდა, ამ საქმეზე გამოძიებაც არ დაიწყო.

„უკვე გამოჩნდა, როგორ ასრულებენ დაპირებებს…“, – ამბობს რეზო ხარაზი და მერის კაბინეტთან პოლიციელების კორდონსაც ახსენებს.

„ჩვენ ვითხოვთ კითხვებზე პასუხს ქალაქისთვის და მერი გვახვედრებს პოლიციის კორდონს. ელემენტარულ საკითხებზე არ გვცემენ პასუხს…“ – დასძინა რეზო ხარაზმა.

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, ნუ შექმნიან კრიზისს ხელოვნურად“, – ამბობს აკაკი გვიანიძე. ის ბათუმის საკრებულოს წევრია გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“. ამ პოლიტიკურ გუნდში მიიჩნევენ, რომ ე.წ. „სენაკის სცენარით“ წასვლა კანონს არ არღვევს – სენაკში 23 თებერვალს ოპოზიციამ გახარიას პარტიიდან ირაკლი კაჭარავა აირჩია საკრებულოს თავმჯდომარედ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში გაასაჩივრა – მიიჩნია, რომ კვორუმი არ არსებობდა.

„რამაზ ჯინჭარაძეს შეუძლია მონაწილეობა ამ პროცესში და თუ 18 კაცი შეიკრიბება, ჩაატარონ სხდომა,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე. ის არ ეთანხმება, მაგალითად, საიას განმარტებას იმ ნაწილში, როცა თავად რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილების ცნობისთვის არის საჭირო საკრებულოს მინიმუმ 18 წევრის შეკრება.

„თუ მათ უნდათ, რომ ჩვენთან ერთად ჩაატარონ და ვესწრებოდეთ სხდომას, საჭიროა მინიმუმ იმ პოლიტიკური ტერორიზმის და ტერორისტული აქტების შეწყვეტა, ვგულისხმობ ადამიანების გადაბირებებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ვიცით ყველამ ხომ რაც მოხდა წალენჯიხაში გელა აბულაძის შემთხვევა, როცა ადამიანი მხოლოდ იმისთვის მისცეს პასუხისგებაში და დააკავეს, რომ ის ჩვენი პარტიის წევრია.

პოლიტიკური ტერორის შეწყვეტა იქნება ჩვენთვის იმის წინაპირობა, რომ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ იქ ყოფნას და მუშაობას აქვს აზრი. „ოცნება“ უნდა იყოს ღია კონსულტაციებისთვის და არ უნდა თვლიდეს, რომ ოპოზიცია როცა საუბრობს, ეს ძაღლის ყეფაა,“ – მიიჩნევს აკაკი გვიანიძე.

საკრებულოს წევრს ასევე ვკითხეთ, რამდენად რეალურია ამ კუთხით „ოცნებისგან“ პირობის მიღება: ხომ არ ნიშნავს „პოლიტიკური ტერორის შეწყვეტის დაპირება“ ერთგვარ აღიარებას – თუ პოლიტიკურ ტერორს ვწყვეტ, გამოდის, ტერორს ჩავდიოდი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.

„ეს პირველად არ გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“ და ამის კომპლექსი არ უნდა ჰქონდეს. „ოცნება“ ის პარტიაა, რომელმაც ნიკანორ მელია და რურუა გაათავისუფლა ციხიდან პოლიტიკური შეთანხმებით, აღიარა, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავდა, უგულავაც გამოუშვეს. არაერთ შემთხვევაში აღიარეს ეს ნაბიჯები და დამნაშავეებს პოლიტიკური იმუნიტეტი მისცეს მათი გაუთვლელი ნაბიჯებით. კარგად გვახსოვს ეს ისტორია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აკაკი გვიანიძემ.

აკაკი გვიანიძის დაკვირვებით, „ოცნებას“ სურს, რომ კიდევ უფრო გააღრმაოს პოლარიზება. ამავდროულად აჩვენოს ამომრჩეველს, რომ არავისთან არ სურს თანამშრომლობა და არის თითქოს აბსოლუტური ძალის მატარებელი… თუ „ოცნება“ მოვა გონს და პროცესებს წაიყვანს ჯანსაღი დემოკრატიის გზით, განსაკუთრებით ახლა, როცა ევროკავშირის კითხვარში თვითმმართველობას აქვს ცენტრალური ადგილი, სხვა შემთხვევაში „ოცნება“ თავად დაზარალდება“.

„ოპოზიცია დაზარალდება ამით, თუ საკრებულო არ შეიკრიბება,“ – ბათუმის საკრებულოს ამბავზე ასეთია ირაკლი თავდგირიძის პოზიცია, რომელიც დამოუკიდებელი წევრია და საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან გახდა. ირაკლი თავდგირიძე ადასტურებს, რომ 12 აპრილის სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატებთან აღარ გამოჩნდა, რადგან „კვორუმი მაინც არ იყო“.

„ქალაქი უნდა გამოვიდეს ამ ჩიხური სიტუაციიდან“ – ქალაქის ინტერესებს იშველიებს ირაკლი თავდგირიძე, თუმცა მას შევახსენეთ, რომ არ გამოცხადდა საკრებულოში იმ ორ შემთხვევაში, როცა სხდომა ოპოზიციამ მოიწვია და ცნობილია, რომ საკრებულოში უმრავლესობა სწორედ ოპოზიციამ მოიწვია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონდა კონსტრუქციული დიალოგის მცდელობა. ოფიციალურად გამოვიდნენ და „ოცნება“ მეძახეს, მერე იმათ სხდომაზე მივსულიყავი? … ეს ორი ძალა ერთმანეთის საპირწონეა და არ ვიცი, რატომ აქვთ წარმოდგენა, რომ მე ასე მივალ და მხარს დავუჭერ. რამაზ ჯინჭარაძეს მხარს დავუჭერ იმიტომ, რომ ვენდობი პიროვნულად მის მიერ გაკეთებული საქმეების გამო… შესაძლოა, სხვასაც დავუჭირო მხარი, ეს შეთანხმების საგანია. თავის დროზე ოპოზიცია ვერ შეთანხმდა თავმჯდომარის კანდიდატზე… ეს ქუჩის მანიფესტები უნდა დავასრულოთ, ამის მომხრე ვარ მე,“ – გვითხრა ირაკლი თავდგირიძემ.

12 აპრილს, როცა საკრებულოს სხდომა არ შედგა, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, თენგიზ აფხაზავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ იწყებს კონსულტაციებს. რატომ არ დაიწყო ამ დრომდე კონსულტაციები, ან რა რესურსი არსებობს შეთანხმებისთვის? – ვკითხეთ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, თუმცა საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ.

მთავარი ფოტო: ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა, 3 დეკემბერი.

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, 18 აპრილს ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია.

ჰაერში მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი წვეთების ჩათვლით, ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – PM10 და PM2.5.

ორივე ეს მაჩვენებელი დღეს, 18 აპრილს, ცუდია:

„ატმოსფერულ ჰაერში 18 აპრილიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს უმეტეს რაიონში. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს  პორტალზე.

ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის ხარისხი გაუარესებული იყო მარტის ბოლოსაც.

რა არის ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყარო და რა გავლენა აქვს მას ჯანმრთელობაზე, იხილეთ ამ ბმულზე: 

ჰაერში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი ბათუმში გაუარესდა

ომის მთავარი მოწმე – როგორ იბრძვის უკრაინის მედია რამდენიმე ფრონტზე

ავტორი: თამარ რუხაძე

____________________

უკვე მეორე თვეა, ჟურნალისტები საკუთარი სიცოცხლის ფასად მუშაობენ უკრაინაში. მათ ემუქრებიან, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ. ამ ომს აშუქებს მსოფლიოს ყველა მედია, თუმცა რუსული აგრესიის მთავარი მემატიანეები მაინც ადგილობრივი რეპორტიორები არიან.

ამ ბრძოლაში უკრაინის მედიას წარმოუდგენელ სირთულეებთან უწევს გამკლავება. უპრეცედენტო საინფორმაციო ომში ჩართულებმა უნდა იზრუნონ ფიზიკურ გადარჩენაზე, აღჭურვილობაზე, მუშაობისთვის საჭირო რესურსებზე, რაც ამ პირობებში ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ონლაინგამოცემა The Fix -მა შექმნა უკრაინული მედიის მხარდამჭერი კოალიცია და მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების დასახმარებლად თანხების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან დაიწყო. ამ საერთაშორისო მხარდაჭერის ნაწილია გამოცემების – „ბათუმელების & ნეტგაზეთის“ კამპანიაც – „ვეხმარებით უკრაინულ მედიას“.

როგორ შეიქმნა ეს კოალიცია, რა საჭიროებები აქვს უკრაინულ მედიას, რატომაა ასე მნიშვნელოვანი მისი გადარჩენა და როგორ გააერთიანა რუსეთის სამხედრო აგრესიამ საერთაშორისო მედიასაზოგადოება უკრაინელი ჟურნალისტების გარშემო – „ბათუმელები“ კამპანიის ერთ-ერთ ორგანიზატორსა და The Fix Media-ს თანადამფუძნებელს, ზახარ პროციუკს ესაუბრა.

  • ზახარ, დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის. დავიწყოთ იმით, როგორც სინამდვილეში დაიწყო ყველაფერი. როდის და რა მომენტში მიხვდით, რომ ასეთი კამპანია იყო საჭირო? The Fix ხომ თავადაც მედიაა, რომელსაც ომის ჟურნალისტიკასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია.

დიახ, The Fix არის გამოცემა მედიაინდუსტრიაზე. ჩვენ ვმუშაობთ ლონდონსა და კიევში, მთელ ევროპაში. ჩვენი ფოკუსია ინოვაციები და გამომცემლების მხარდაჭერა. ამავე დროს, გამოცემას ძალიან ღრმა ფესვები აქვს უკრაინაში. გუნდის ნაწილი უკრაინელია, მე და კიდევ ორი ჩვენი თანადამფუძნებელი, უკრაინელები ვართ. მათ შორისაა დარია შევჩენკო, რომელიც ერთ-ერთ უმსხვილეს ინგლისურენოვან მედიას, Kyev Independent-ს ხელმძღვანელობს და ამ ომს აშუქებს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ უკრაინას და ძლიერი ემოციური და პროფესიული კავშირი გვაქვს ქვეყანასთან.

როდესაც ომი დაიწყო… თუმცა აქ უნდა ვთქვა, როდესაც ომის მეორე ტალღა დაიწყო, რადგან პირველი ჯერ კიდევ 2014 ში იყო, ჩვენ უკვე, ფაქტობრივად მზად ვიყავით, ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, მზად ვიყავით, სწრაფად გვემოქმედა, რადგან წინასწარი დისკუსიაც გვქონდა ამაზე, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით ომის შემთხვევაში – როგორ უნდა მოგვეხერხებინა, რომ უკრაინაში მყოფი გუნდის წევრები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. ვმსჯელობდით იმაზე, როგორ შეგვეძლო ასეთ დროს იმ ჩვენი მეგობრებისა და კლიენტების დახმარება, რომლებიც ახლა უკრაინაში მუშაობენ.

ასე რომ, როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესია დაიწყო, ჩვენც დაუყოვნებლივ დავიწყეთ მუშაობა – მაშინვე გაკეთდა ქრაუდფანდინგის კამპანია GoFundMe-ზე. ეს არის ბრიტანული პლატფორმა და მედიის მხარდაჭერა დავიწყეთ.

  • უსაფრთხოება უპირველესია, თუმცა მედიას ასევე სჭირდება რესურსები იმისთვის, რომ იმუშაოს, ომი გააშუქოს, თუმცა არის უახლოესი მომავლის საჭიროებებიც. როგორ გადაანაწილეთ პრიორიტეტები?

ჩვენი მხარდაჭერა სამ ნაწილად, ეტაპად დავყავით: ერთი, ეს არის გადაუდებელი და სასწრაფო დახმარება, შემდეგ მოდის მოკლევადიანი და შემდეგ  – გრძელვადიანი. პირველი ეხება იმას, რაც ახლა, ამ წუთში ყველაზე დროულად სჭირდება მედიას – დავიწყეთ პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობის შეტანა უკრაინაში. ამის ნაკლებობა ყოველთვისაა, სრულიად მზად ასეთი რამისთვის ვერავინ იქნებოდა. ასევე, მიკროგრანტები, ადგილობრივი და ნაციონალური მედიებისთვის, 2-3 ათასიანი გრანტები ეგრევე დასახარჯად, რადგან სჭირდებათ საწვავი, საკვები… პირველი ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასეთი დახმარება სწრაფად და დროულად. ეს ნაწილობრივ ჩვენი რეზერვებიდანაც მოვახერხეთ და ნაწილი ქრაუდფანდინგით, ასევე, კრიტპო დონაციით. კრიპტო ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა, რომ სწრაფად მიგვეღო თანხები და დავხმარებოდით მედიას.

მნიშვნელოვანია დახმარება გადაადგილების საკითხშიც, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაში მათთვის, ვისაც საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.

  • ყველას ძალიან გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც უკრაინის მედია აღმოჩნდა, ბუნებრივია, ომის დასრულებისთანავე ვერ გაქრება. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი მედიის მომავალს საფრთხე არ შეექმნას?

სწორედ ამისთვისაა კამპანიის მესამე ნაწილი, რომელიც გრძელვადიან მხარდაჭერას გულისხმობს. ვცდილობთ, ამ კამპანიაში მონაწილე 12 ნაციონალურ მედიასაშუალებას დავეხმაროთ, რომ თუნდაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეძლონ მუშაობის გაგრძელება, შევავსოთ მათი ბიუჯეტის დეფიციტი და დავრწმუნდეთ, რომ ეს გამოცემები ბაზარზე დარჩებიან.

ერთ-ერთი საკითხია გრანტების, პროექტების მიღება და მართვა. ამის გამოცდილება აქ ყველას არ ჰქონდა, როგორ დაწერონ პროექტები, ვის ელაპარაკონ, როგორ შეიტანონ და ა.შ. ამაშიც ვეხმარებით, ვისაც სჭირდება.

უნდა ითქვას, რომ უკრაინაში მედია ძირითადად კომერციულ სარეკლამო შემოსავლებზე დგას, ამაზე იყვნენ ორიენტირებულები და ამით ძლიერდებოდნენ. და როდესაც რაღაც ისეთი ხდება, როგორიც ომია, რეკლამა ეგრევე ქრება. მთელი სარეკლამო ბაზარი ჩამოინგრა და მედიის ნაწილმა, საკუთარი შემოსავლების თითქმის 99 პროცენტი დაკარგა.

  • 2014 წელი ახსენეთ და ისიც, რომ მზად ვერავინ იქნებოდა ასეთი ხანგრძლივი და სასტიკი ომისთვის. და მაინც, რომ შეაფასოთ, ფინანსური მდგრადობის, კიბერუსაფრთხოების, თავდაცვითი აღჭურვილობის მიხედვით, რამდენად მომზადებული აღმოჩნდა უკრაინული მედია?

კარგი კითხვაა, რა თქმა უნდა. 100 პროცენტით მზად ვერასდროს იქნები. ვერც უკრაინის მედიაზე ვიტყვით ამას, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად ომი რაღაც ახალი არ ყოფილა ჩვენთვის, ამიტომ ბევრი მედიასაშუალება, ასე თუ ისე მომზადებული შეხვდა ამ ვითარებას. ზოგს აღჭურვილობაც ჰქონდა, ჟურნალისტების ნაწილს კი ჰქონდა ფრონტის წინა ხაზზე მუშაობის გამოცდილება. თუმცა ამ მასშტაბის სამხედრო აგრესიას არავინ ელოდება. კი, ზოგიერთი ფიქრობდა და შიშობდა, მეც, მათ შორის, მაგრამ ხომ იცით, ერთია რაღაც დაუშვა გონებაში და მეორეა, გააკეთო ყველაფერი, რომ ამ სავარაუდო სცენარისთვის მზად იყო.

მთავარი, რისთვისაც უმრავლესობა მზად ვერ იქნებოდა, ეს ფინანსური საკითხია – არც ისე იოლია, იყო მდგრადი მედია უკრაინაში მშვიდობის დროსაც კი და ასჯერ უფრო რთულია ეს ომის დროს. ბევრი მედიასაშუალება, ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ იქნებოდა მომზადებული ამისთვის, ვერ ექნებოდათ იმდენი ფული გადადებული რეზერვში. ზოგს გაუთვალისწინებელ ვითარებაში წასასვლელი ადგილიც კი არ ჰქონდა. ვიტყოდი, რომ უფრო მომზადებულები იყვნენ, ვიდრე მოქალაქე იქნებოდა, მაგრამ ბევრისთვის მაინც უდიდესი შოკი იყო.

  • ძალიან შთამბეჭდავია კამპანიის მიღწევები – 2.7 მილიონი ევრო ჯამში, უკვე დაეხმარეთ 75 მედიასაშუალებას ქვეყნის მასშტაბით, 480 ათას ევროზე მეტის აღჭურვილობა შეიძინეთ. მოგვიყევით დონორებზეც. ვინ არიან ისინი, მსხვილი კომპანიები თუ მოქალაქეები, უკრაინიდან თუ მთელი მსოფლიოდან?

იმით დავიწყებდი, რომ ძალიან გაოცებულები ვართ მხარდაჭერის იმ მასშტაბით, რასაც უკრაინის მედია მთელი მსოფლიოდან იღებს. როდესაც კამპანია დავიწყეთ, თანხების ნაწილი მივიღეთ სხვადასხვა ჯგუფისგან და კომპანიისგან, თუმცა GoFundMe-ზე ძირითადად ჩვეულებრივი ადამიანები რიცხავენ ფულს, უცხოელები. უკვე 15 ათასზე მეტი დონაცია გაკეთდა, რაც ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანია მზად თუნდაც 10-15 დოლარით დაეხმაროს უკრაინულ მედიას და ეს ნამდვილად გასაოცარია. ბევრად ნაკლებს ველოდით.

The Fix-ის უპირატესობა, კამპანიის დასაწყისში, იყო ის, რომ ჩვენ კარგად ვიცნობდით უკრაინულ ბაზარსაც და ევროპულსაც და მალევე შევძელით კავშირების, კონტაქტების მოძებნა. დავიწყეთ გამომცემლებისა და მედიაზე მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება ამ საერთო იდეის გარშემო. მართლა უდიდესი მხარდაჭერა მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან, Axel Springer-მა შემოგვწირა ნახევარი მილიონი აღჭურვილობისთვის, კამპანიაში ჩაერთნენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა The Guardian, The Local, ასე 15-მდე გავლენიანი მედიასაშუალება. როგორც ფინანსურად და აღჭურვილობით გვეხმარებიან, ისე კამპანიას აშუქებენ. აგრეთვე, უნდა ვთქვათ, მედიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების ძალიან სერიოზულ მხარდაჭერაზეც, ფონდი „ღია საზოგადოება“, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი. ვრცელი სიაა.

  • დარწმუნებული ვარ, ომის დასრულების შემდე, უკრაინის მედია კიდევ უფრო დიდ და გრძელვადიან მხარდაჭერას მიიღებს საერთაშორისო დონორებისგან. თქვენ აღნიშნეთ, რომ საზოგადოებისგან ამხელა მხარდაჭერას არ ელოდით, მედიისგან ელოდით ამგვარ სოლიდარობას?

ბუნებრივია, ვიცოდით, რომ მედიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები დაგვეხმარებოდნენ. მათ 2014-შიც გააკეთეს ეს, მაგრამ ნამდვილად არ ველოდით ასეთ დიდ მხარდაჭერას მედიაორგანიზაციებისგან და მოქალაქეებისგან. ძალიან ბედნიერები ვართ ამით.

ვხედავთ, რომ ხალხი მუდმივად გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელების მიმართ – რიცხავენ ფულს ჰუმანიტარული მიზნებისთვის, არმიისთვის და ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მზადაა მედიასაც დაეხმაროს. მედიას ხომ უდიდესი როლი აქვს ომის დროს. სწორედ მედიის წყალობით ხედავენ ადამიანები ომს. აგერ, რა ხდება რუსეთში დამოუკიდებელი მედიის გარეშე – ადამიანები ძალიან შორს არიან რეალობისგან.

  • მთელი უკრაინა მოწმეა ამ ომში, მაგრამ მედია მაინც განსხვავებული მოწმეა. მას თავისი კადრებით, ამბებით შეუძლია ის, რაც არ შეუძლია სხვას – დოკუმენტირება. ეს მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ხალხი ამას ხედავს და აფასებს?

ესაა ზუსტად რაც გვინდა, რომ ავხსნათ – რომ ტიკ ტოკის ეპოქაში, როდესაც ყველას აქვს კამერა, რატომაა მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი და პროფესიონალური მედიის არსებობა. მისი მნიშვნელობა მართლაც შეუფასებელია. ომის დროს, უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში, ადამიანებს ძალიან უჭირთ სიმართლის პოვნა, ყალბი ამბების ნამდვილისგან გარჩევა.

კარგი რეპუტაციის მქონე და პროფესიული სტანდარტის დამცველი მედიის საქმე მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება არაა, არამედ მისი გადამოწმებაც და დადასტურებაც.

ცალკეა კიდევ ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ჟურნალისტები. მედიას, რომელსაც ეს გამოცდილება აქვს, შეუძლია ექსკლუზიური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოყოლა, იქიდან და ისე, როგორც არ შეუძლია სხვას.

ომამდე უკრაინული მედია იყო ძალიან მრავალფეროვანი, უკრაინის მედიაბაზარი კი – ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონში. უამრავი ახალი კომპანია ჩნდებოდა, მომგებიანი, დამოუკიდებელი, ჯანსაღი ორგანიზაციები. ბაზარი იზრდებოდა. 2020 წლიდან უკრაინულმა მედიამ აქტიურად დაიწყო კონტენტის გაყიდვაც, გამომცემლებმა დაინახეს, რომ შემოსავლების მიღება მხოლოდ რეკლამიდან კი არა მკითხველებისგანაც შეიძლება. ჩვენი კომპანიაც ამით იყო დაკავებული, რომ ეხმარებოდა ამ ყველაფერში მედიას. ამიტომაცაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ბაზარი გადავარჩინოთ, პირველ რიგში გადავარჩინოთ სიცოცხლე, მაგრამ ამავე დროს გადავარჩინოთ კომპანიებიც, ორგანიზაციები, სამუშაო ადგილები.

  • როგორ ართმევთ თავს ლოგისტიკას? ომის პირობებში განსაკუთრებით გართულდებოდა ტვირთების გადაზიდვა, დანიშნულების ადგილამდე მიტანა.

პირადად მე არ ვხელმძღვანელობ ლოგისტიკის ნაწილს, თუმცა ვიცი და გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია. მთელი მსოფლიოს ფულიც რომ გქონდეს, შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ ტრანსპორტირების, გადაზიდვის საკითხს ვერ მოაგვარებ. ეს პროცესი უფრო ნელა მიდის, ვიდრე ჩვენ გვინდა, თუმცა მაინც ვახერხებთ. აი, ახლახან შემოვიტანეთ აღჭურვილობა და საჭირო ნივთების ერთ-ერთი დიდი პარტია.

ბევრი დეტალი შემოდის, უნდა იცოდე ზუსტად, რა დოკუმენტები უნდა გქონდეს, ვინ არის ის კონკრეტული ადამიანი, ვისაც უნდა მიაკითხო და სხვ. ეს თუ არ იცი, ძალიან გაგიჭირდება.

  • დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ხომ არ არის რაიმე, რის დამატებაც გსურდათ დასრულებამდე?

ძალიან მადლობლები ვართ, რომ მონაწილეობთ ამ კამპანიაში. საქართველოს და უკრაინას ბევრი საერთო აქვს, რუსეთის თავდასხმების გამოცდილებაც მათ შორის. ამიტომაც ვიცით და გვჯერა, რომ თქვენ ნამდვილად კარგად გესმით ჩვენი. ასევე ქართულ მედიასაც. მადლობა მხარდაჭერისთვის.

მთავარი ფოტო: ზახარ პროციუკი

უკრაინაში დაიღუპა რუსული სადესანტო ხომალდის მეთაური

უკრაინაში დაიღუპა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემების 197-ე ბრიგადის დიდი სადესანტო გემის „ცეზარ კუნიკოვის“ მეთაური ალექსანდრე ჩირვა.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს სევასტოპოლის გუბერნატორზე დაყრდნობით.

„ტასის“ ცნობით, ჩირვა უკრაინაში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ჩირვა 2015-2016 წლებში სირიაში იბრძოდა.

აგრობარათებზე 75 – 375 ქულა დაგერიცხებათ, ცნობილია სარგებლობის ბოლო ვადაც

აგრობარათებზე ქულების დარიცხვა და ამ ქულებით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფლის განვითარების სააგენტოში უთხრეს. პროგრამისთვის 35 მილიონი ლარია გამოყოფილი. მესაკუთრეები ვერ მიიღებენ თანხას, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ დარიცხული ქულებით [1 ქულა = 1 ლარი].

პროგრამაში ისევ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, მომდევნო კვირიდან [26 აპრილის შემდეგ] შეძლებენ ბარათის აღებას ბანკში. აგრობარათებზე ქულების დარიცხვაც მომდევნო კვირაში დაიწყება.

„პროგრამა დღეს დამტკიცდა და აღდგომის დღესასწაულების შემდეგ ყველა ლოჯისტიკური საკითხი მოგვარებული იქნება“, – გვითხრეს სააგენტოში. აღდგომა 24 აპრილსაა.

სააგენტოს ინფორმაციით, აგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

„სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით და მას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. სუბსიდია ბენეფიციარებს დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად მხოლოდ“, – ეს განცხადება დღეს, 18 აპრილს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ანუ ქულები დაერიცხება მიწის იმ მესაკუთრეს, რომელიც 2 500 კვ/მ ან მეტ ფართობს ფლობს, ოღონდ მაქსიმუმ 12 500 კვ/მეტრის ჩათვლით. პირი, რომელსაც 2 500 კვ/მ-ზე ნაკლები ან 12 500 კვ/მ-ზე მეტი ფართობის მიწა გააჩნია საკუთრებაში, ის ამ სუბსიდიით ვერ ისარგებლებს .

მაგალითად, 2 500 კვ/მ მიწის ნაკვეთზე დაირიცხება 75 ლარი, 3 000 კვ/მ ნაკვეთზე – 90 ლარი, მაქსიმუმ 12 500 კვ/მ ნაკვეთზე კი – 375 ლარი.

ამასთან, თუ მაგალითად, მიწის ნაკვეთს, რომელზეც გაიცემა სუბსიდია, 2, 3 ან მეტი თანამესაკუთრე ჰყავს, სუბსიდია[ქულები] ყველა თანამესაკუთრეზე გადანაწილდება.

სოფლის განვითარების სააგენტოში ასევე გვითხრეს, რომ აგრობარათების მფლობელები იგივე სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძენენ შესაბამის საქონელს, სადაც ადრე ყიდულობდნენ.

  • ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

რაც შეეხება აგრობარათით საწვავის ან დახვნის მომსახურების შესყიდვას, ეს შესაძლებელი არ იქნება.

თუმცა აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია პროგრამა, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში მიწის უფასოდ დახვნას ითვალისწინებს. „აგროსერვისცენტრის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა სახელმწიფო შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“, რომელთანაც ხელშეკრულება 752 405 ლარზეა გაფორმებული.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამუშაოები დაწყებულია და პროგრამის ფარგლებში მიწის დახვნის მსურველებმა შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებს ან ადგილებზე აგროსერვისცენტრებს უნდა მიმართონ.


აგრობარათებზე ქულები ბოლოს 2020 წელს დაირიცხა. პროგრამა მაშინ 2 500 კვ/მ-დან 10 ჰექტრამდე ნაკვეთებისთვის გაიცემოდა. თუმცა 1.25 ჰა-დან 10 ჰა-მდე და მეტი ფართობის მიწის მესაკუთრეებს ქულების გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც სასოფლო-სამეურნეო საქონლის, ასევე ხვნის მომსახურების შესაძენად.

2022 წლის თებერვალში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრობარათების პროგრამის ხელახლა ამოქმედებისა და შესაბამისად, ბარათებზე ქულების დარიცხვის საკითხი არ განიხილებოდა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარა, ფაქტობრივად, ერთადერთი რეგიონია საქართველოში, სადაც მიწის რეფორმა არ ჩატარებულა. 2022 წლის ივლის-აგვისტოში კი სახელმწიფო აჭარაში მიწის უფასო რეგისტრაციას იწყებს.

რეგისტრაცია რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 12 თემში და მათში შემავალ სოფლებში ეტაპობრივად განხორციელდება და 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ვრცლად:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

„მეწყერი ჩამოდის გზაზე, სადაც მოსწავლეები დადიან“ – შუახევში აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ კობალთაში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 18 აპრილს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ დეტალური კვლევების ჩატარებას იმისთვის, რომ დადგინდეს: რატომ ვითარდებას პერიოდულად მეწყერი გზაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან? რატომ გაქრა წყალი სოფელში მას შემდეგ, რაც ჰესი ამუშავდა და იკლო მოსავლიანობამ?

„30 კომლი ვართ და 90 კაცი იყო აქციაზე, შინ არავინ დარჩა,“ – ამბობს თედო თავდგირიძე, რომელიც სოფელ კობალთაში ცხოვრობს და შუახევის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

თედო თავდგირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მეწყერი ხშირად კეტავს გზას და ქმნის საფრთხეს.

„მეწყერი, ცხადია, არაპროგნოზირებადია, არ იცი, როდის, რა მოხდება… ბევრჯერ ჩაკეტილა გზა. წყალი ახლა შედარებით არის, მაგრამ ზაფხულში მანქანებით მოაქვთ ადამიანებს წყალი, წყაროები დაშრა, მოსავლიანობამაც იკლო,“ – გვიყვება თედო თავდგირიძე.

„ეს ადამიანები ითხოვენ არა ბინებს და გასახლებას, არამედ იმას, რომ სადაც ცხოვრობენ, იქ მიეცეთ საშუალება იცხოვრონ მშვიდად. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ საჭირო იყო კვლევების ჩატარება, მაგრამ არ ჩაატარეს და შედეგები ვიწვნიეთ დღეს,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე ორგანიზაციიდან „ადამიანის უფლებებისთვის“.

ის კობალთაში აქციის მონაწილეებს ორგანიზებაში დაეხმარა.

თედო თავდგირიძე აღნიშნავს, რომ 2017 წელს, როცა შუახევში ჰესი ამოქმედდა, გეოლოგებმა იმუშავეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

„იმავე წელს, როცა ჰესი ამუშავდა, სოფელში მეწყერი ჩამოწვა… გეოლოგებმა იმუშავეს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება. ჩვენ გვჭირდება დეტალური ანალიზი და კავშირი საფრთხეებთან, კომპლექსური შესწავლაა საჭირო, ჰესის ერთი გვირაბი ჩვენი სოფლის ქვეშ გადის. ბუნებრივია, არსებობს მოსაზრება, რომ ეს პრობლემები უკავშირდება ჰესს,“ – დასძინა თედო თავდგირიძემ.

„ბათუმელები“ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას მის მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.

19 აპრილის საღამოს 9 საათიდან რიკოთის გვირაბი ჩაიკეტება – დილის 7 საათამდე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 აპრილს საღამოს 9 საათიდან 20 აპრილის დილის 7 საათამდე რიკოთის საავტომობილო გვირაბი ჩაიკეტება.

ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 19 აპრილის 21:00 სთ-დან 20 აპრილის 07:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასწავლებლის საგნისა და უნარების გამოცდაზე 34 ათასი მსურველი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, 12 500-ზე მეტმა კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია.

ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. „ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევდა საგნის გამოცდას.

საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ იყო შეზღუდული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება კი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს ჰქონდა“.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, არაქართულენოვან მასწავლებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ მშობლიური ენის გამოცდა. მათთვის ტესტები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა.

470-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა სომხური ენის გამოცდაზე, 380-მდე კი – აზერბაიჯანული ენის გამოცდაზე.

აჭარის სოფლები, სადაც 19 აპრილს დენი გაითიშება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, გეგმური  სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედისა და ხულოს აბონენტების ნაწილს.

ხელვაჩაურში ელექტროენერია გაითიშება 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შემდეგ სოფლებში: ფერია, მნათობი, განთიადი, კაპრეშუმი, წინსვლა და მიმდებარე სოფლები. დენი ასევე გაითიშება ურეხისა და მახინჯაურის დასახლებების ნაწილში.

ქობულეთში ელექტროენერია მონაცვლეობით გაითიშება 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში შემდეგ სოფლებში: აჭყვისთავი, ალამბარი, ჩაისუბანი, ჩაქვისთავი და მიმდებარე სოფლები. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილში.

ქედაში დენი გაითიშება მონაცვლეობით 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში შემდეგ სოფლებში: კვაშტა, ვაიო, კუჭულა, მერისი, კოლოტაური, ცხემნა და მიმდებარე სოფლები.

ხულოში დენი გაითიშება მონაცვლეობით 10:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, შემდეგ სოფლებში: ქვემო ვაშლოვანი, კორტოხი, პაქსაძეები, ჩაო და ვაშლოვანი.

ათასზე მეტი გერმანელი ექიმი მზად არის უკრაინაში იმუშაოს

გერმანიის სამედიცინო ასოციაციამ დაიწყო იმ ექიმების განაცხადების მიღება, რომლებიც მზად არიან უკრაინაში იმუშაონ. ორგანიზაციამ უკვე მიიღო 1100-ზე  მეტი განაცხადი.

1100-ზე მეტმა ექიმმა განაცხადა, რომ მზად არის დაზარალებულებისთვის დახმარების გასაწევად უკრაინაში ან მის მეზობელ ქვეყნებში წავიდეს – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“.

„ეს რიცხვი აჩვენებს, თუ რამდენად დიდია სამედიცინო მუშაკების სოლიდარობა უკრაინის მოქალაქეების მიმართ,“ – ამბობს კლაუს რაინჰარდტი, გერმანიის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი.

უკრაინაში მცხოვრებთა დახმარების მსურველი ექიმები ასოციაციის სპეციალურ პორტალზე რეგისტრირდებიან. ორგანიზაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან, ასევე, უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების საელჩოებთან იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ გერმანელ ექიმებს ომში დაზარალებული უკრაინელების დახმარება.

„როგორც კი მთავრობა გამოაცხადებს, რომ ექიმები საჭიროა საერთაშორისო ჰუმანიტარული მისიების ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ დახმარება საკმარისი რაოდენობით“, – ამბობს კლაუს რეინარდი.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად უკრაინაში 230 უცხოელი ექიმი მუშაობს, მათ შორის არიან ქართველი ექიმებიც.

ზღვის სანაპირო ზოლში ძლიერი ქარია მოსალოდნელი – გაფრთხილება

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 აპრილს, საღამოს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში შესაძლებელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი 17-22 მ/წმ სიჩქარით.

ამავე თემაზე:

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში

 

1251 ხანდაზმული გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა ქალია

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 1 251 ადამიანი, მათგან 378 კაცი და 873  ქალი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 27 კაცი და 64 ქალი.

ხანდაზმულებზე ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს, იგი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე სექსუალურ, ფსიქოლოგიურ/ემოციურ ძალადობას; ასევე ეკონომიკურ ძალადობას, ხანდაზმულის საჭიროებების უგულებელყოფას, მისთვის ღირსების შელახვას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში წერს, რომ საქართველოში ხანდაზმულები მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობა. ისინი ხშირად დამოკიდებულები არიან სოციალურ დახმარებასა და პენსიაზე, ცხოვრობენ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში.

ჯანმო: ხანდაზმულთა ძალადობის მაჩვენებლები გაიზარდა COVID-19 პანდემიის დროს.

2021 წლამდე შს სამინისტრო არ აწარმოებდა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის სტატისტიკას. იგი გაერთიანებული იყო 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის სტატისტიკასთან, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავდა ზუსტ მონაცემებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ოჯახში ხანდაზმულ პირებზე ძალადობა ძირითადად ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხასიათისაა. თავს იჩენს კიდევ ერთი ტენდენცია – ხანდაზმულ პირებზე არ ზრუნავენ და არ იჩენენ ყურადღებას მათ მიმართ.


ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს რაიონული ადმინისტრაციის უფროსის შვილი გაიტაცეს

ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდ სტარუხმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებას, პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებს ოლეგ ბურიაკის შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.

„ეს დანაშაული მაქსიმალურ საჯაროობას ითხოვს. ცივილიზებულ საზოგადოებაში, 2022 წელს, ასეთი რამ შეუძლებელია ხდებოდეს, მაგრამ რუსეთის არაადამიანურობას საზღვარი არ აქვს. ოლეგ ბურიაკის 16 წლის ვაჟი გაიტაცეს. ის ვასილიევკის საგუშაგოდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჩვენთვის მისი ბედი უცნობია“, – ამბობს ალექსანდრ სტარუხი ვიდეომიმართვაში.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, შემთხვევა 8 აპრილს, 11:22 საათზე მოხდა.

„ბავშვი ოკუპანტების საგუშაგოდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც საევაკუაციო კოლონა მელიტოპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიემართებოდა“, – განაცხადა გერაშჩენკომ.

მამის, ოლეგ ბურიაკის თქმით, ავტომანქანას, რომელშიც 16 წლის ვლადი იჯდა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში არ ატარებდნენ, შემდეგ კი ყველა გაუშვეს მისი ვაჟის გარდა. თვითმხილველებმა, რომლებიც იმ დროს საგუშაგოზე იმყოფებოდნენ, მამას უთხრეს, რომ რუს სამხედროებს ბავშვის გათავისუფლებას სთხოვდნენ, თუმცა ამაოდ. ზაპოროჟიეს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ ბურიაკი ამბობს, რომ შვილის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცის.

მთავარი ფოტო: ვლად და ოლეგ ბურიაკები

„დაიხსენით მარიუპოლი სატანის კლანჭებიდან“ – უკრაინელი მაიორის წერილი რომის პაპს

უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინა, რომის პაპს მიმართავს და მარიუპოლში მყოფი ხალხის გადარჩენას სთხოვს.

წერილს უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ აქვეყნებს.

„თქვენო უწმინდესობავ,

მე კათოლიკე არ ვარ, მართლმადიდებელი ვარ. მე ღმერთის მწამს და ვიცი, რომ ნათელი ყოველთვის იმარჯვებს ბნელზე.

მე არ მინახავს მსოფლიოსადმი თქვენი მიმართვები და არც თქვენი ბოლო განცხადებები წამიკითხავს. მე უკვე 50 დღეზე მეტია ომში ვარ და ერთადერთი, რისთვისაც დრო მაქვს, ეს გამალებული ბრძოლაა მტრის მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის თითოეული მეტრისთვის.

მე მეომარი ვარ, ოფიცერი, რომელმაც თავის ქვეყანას ერთგულება შეჰფიცა და მე მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო – იმის მიუხედავად, რომ მტერი უფრო მრავალრიცხოვანია, იმის მიუხედავად, რომ ფრონტზე არაადამიანური პირობებია, იმის მიუხედავადაც, რომ გამუდმებული საარტილერიო და სარაკეტო შეტევების ქვეშ ვართ და არასდროს გვაქვს საკმარისი წყალი, საკვები და მედიკამენტები.

თქვენ ალბათ ცხოვრებაში ბევრი რამ გინახავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გინახავთ ის, რაც ახლა მარიუპოლში ხდება, რადგან სწორედ ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

მე ცოტა დრო მაქვს საიმისოდ, რომ ყველა ის საშინელება აღვწერო, რასაც ყოველდღე ვხედავ. ქარხნის ბუნკერებში ცხოვრობენ ქალები ბავშვებით, ჩვილებით. შიმშილსა და სიცივეში. მტრის ავიაციის სამიზნეებად ქცეულნი. ყოველდღიურად კვდებიან დაჭრილები, რადგან მედიკამენტები არაა, არც წყალია, არც საკვები.

დახმარებისთვის მოგმართავთ, რადგან დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ლოცვა ვეღარ კმარა. გადაარჩინეთ ისინი. დრამატული თეატრის დაბომბვის შემდეგ აღარავის დარჩა რუსი ოკუპანტების ნდობა. გააგებინეთ სიმართლე მსოფლიოს, დაეხმარეთ ხალხს ევაკუაციაში და დაიხსენით მათი სიცოცხლე სატანის კლანჭებიდან, რომელსაც სურს დაწვას ყველაფერი ცოცხალი“.

მარიუპოლი პირველი მარტის შემდეგ ალყაშია, რუსეთის სამხედრო ძალები გამუდმებით უტევენ ქალაქს და მის აღებას ცდილობენ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიუპოლის უკრაინელი დამცველების დასახმარებლად. მან ასევე დასძინა, რომ მარიუპოლის უკრაინელი დამცველების განადგურებამ შესაძლოა წერტილი დაუსვას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას.

17 აპრილს გენშტაბმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმია, სავარაუდოდ, მარიუპოლში საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება.

მთავარი ფოტო: მაიორი სერგეი ვოლინა

გიზო უგლავა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობას შეასრულებს – უნიანი

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მოვალეობას გიზო უგლავა შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„უნიანის“ ცნობით, მას შემდეგ, რაც უწყების ხელმძღვანელს არტემ სიტნიკს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, დირექტორის მოვალეობის შესრულება გიზო უგლავას დაეკისრა.

არტემ სიტნიკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად კონკურსის შედეგად 2015 წელს დაინიშნა.

აქამდე გიზო უგლავა ანტიკორუფციულ ბიუროში დირექტორის მოადგილე იყო.

ის ამ პოზიციაზე 2015 წელს დაინიშნა.

გიზო უგლავა 2011-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

მანამდე კი აჭარის პროკურორად მუშაობდა.

მთავარი ფოტო: „უნიანი“

რუსეთში MTV-ი, nickelodeon-ი და Paramaunt-ის სხვა არხები გაითიშება

რუსული ტექნოლოგიური მედიაგამოცემა „კაბელშიკი” წერს, რომ რამდენიმე დღეა რუსული ოპერატორები იღებენ შეტყობინებებს კორპორაცია Paramount-ისგან, რომ მისი არხების ქვეყანაში დაიხურება 20 აპრილიდან.

დაახლოებით ერთი თვის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო ამ ფორმით შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

რუსულ მაუწყებლობას ტოვებს კინოარხი Paramount Channel-ი, გასართობი Paramount Comedy, საბავშვო არხები – Nickelodeon-ი, Nickelodeon HD-ი, NickToons-ი და Nick Jr. ამასთანავე რუსეთში მაუწყებლობას შეწყვეტს MTV-ს ყველა მუსიკალური არხი: MTV Russia, MTV Live HD, MTV 80s-ი, MTV 90s-ი, MTV 00s-ი.

Nickelodeon Россия ― რუსული სპეციალიზებული საბავშვო არხია, რომელიც ამერიკული ტელეარხი Nickelodeon-ის ლოკალური ვერსიაა, იგი რუსეთში 1998 წლის 15 ნოემბრიდან მაუწყებლობს. ამავე წლიდან მაუწყებლობს MTV-ს რუსული ვერსია.

Paramaunt-მა უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის გამო თვეზე მეტი ხნის წინ შეაჩერა თავისი ფილმების დისტრიბუცია რუსეთის კინოთეატრებში.

IV-IX კლასების მოსწავლეებს კომპლექსური დავალებებით შეაფასებენ – სამინისტრო

საჯარო სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება იწყება. როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრში უთხრეს, შეფასება IV-IX კლასის ჩათვლით ჩატარდება.

„სადიაგნოსტიკო შეფასებას განათლების სამინისტრო ატარებს იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური სურათი. დავალებები როგორ არის შედგენილი, ვერ გეტყვით.

დავალებების შედეგები არ ფასდება ნიშნით და არც სემესტრულ ნიშნებზე აისახება“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი გოჩა დავითაძე.

როგორც „ბათუმელებს“  საქართველოს განათლების სამინისტროში უთხრეს, მოსწავლე ყველა საგანში შეფასდება, გარდა მეორე უცხო ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიებისა.

„ყველა საგნის მასწავლებელი თვითონ ჩაატარებს შეფასებას თავის საგანში.  მოსწავლე შეფასდება კომპლექსური დავალებებით. ელექტრონულ ჟურნალში ცალკე სპეციალური გრაფა იქნება გამოყოფილი, სადაც მასწავლებლები ამ მონაცემებს შეიტანენ.

ეს მოკვლევა ტარდება სასწავლო დანაკარგების შეფასებისთვის. ამაში შედის, რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდიც, რადგან მან თავისი დაღი დაასვა სასწავლო პროცესს მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენთანაც. ამიტომ საგანმანათლებლო დანაკარგები უნდა შეფასდეს, რომ შემდეგ დაიგეგმოს, როგორ უნდა წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი.

კლასში, ვთქვათ, 29 მოსწავლიდან ვიღაც სუსტია, ვიღაც უფრო ძლიერი – ამ სურათს მასწავლებელს აძლევს დიაგნოსტიკური შეფასება. შემდეგ მან იცის, რომელ მოსწავლეს რა უნდა შეუვსოს, როგორ დაუგეგმოს ინდივიდუალურად სწავლა-სწავლების პროცესი“, – უთხრეს  „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფში.

კომპლექსური ტიპის დავალებებით შეფასება, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ დაიწყება საჯარო სკოლებში.

სადიაგნოსტიკო შეფასებაზე განათლების სამინისტრომ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლებში საატესტატო გამოცდები გაუქმდა.

_________________

გასულ წელს საქართველოს სკოლების ნაწილი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2021-შიც ჩაერთო. გასული წლის აპრილში საპილოტე ტესტირება ჩატარდა, წელს, მაისში კი,  ძირითადი ტესტირებების ჩატარება იგეგმება.

PISA-ს კვლევა მიზნად ისახავს 15 წლის მოსწავლეების კომპეტენციების შეფასებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში; შემოწმებას, თუ რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა ის ძირითადი ცოდნა და უნარები, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინდივიდის სრულფასოვანი მონაწილეობისათვის.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გერმანიაში 140-ზე მეტ საქმეს იძიებენ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მხარდაჭერისთვის

გერმანიაში რამდენიმე ფედერალური მიწის პოლიცია და პროკურატურა იძიებს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისა და გამართლების 140-ზე მეტ საქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“, Redaktionsnetzwerks Deutschland მედიაჯგუფის გაზეთებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქმეების უმეტესობა რუსული მილიტარიზმისა და თავდასხმის სიმბოლოდ ქცეული Z-ის გამოყენებას ეხება.

Z-ის საჯარო ადგილებში გამოჩენა ექვემდებარება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე მათთვის, ვინც „წაახალისებს ან სხვაგვარად… ამართლებს საჯაროდ, შეკრებებზე ან წერილობითი მასალების გავრცელებით“ ​​უკანონო ქმედებებს.

საქსონია-ანჰალტში ამ მუხლით 19 საქმე აღიძრა Z-ის გამო, ჰამბურგში – 17, აქედან 16 ასევე ეხება ამ სიმბოლოს.

გერმანიის ყველაზე დასახლებულ მიწაზე, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამართლება/მხარდაჭერის გამო 37 საქმეს იძიებენ, მათგან 22 ასევე Z-ის დემონსტრაციას უკავშირდება – წერს „დოიჩე ველე“.

ზოგიერთი რეგიონი, მაგალითად, ბავარია, არ აწარმოებს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მხარდაჭერის შემთხვევათა სტატისტიკას, მაგრამ ირწმუნებიან, რომ იღებენ ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილია ამ დანაშაულებში.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან გერმანიის რიგ ქალაქებში პრორუსული აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები ქუჩებში რუსეთის ფედერაციისა და საბჭოთა კავშირის დროშებით გამოვიდნენ.

___________________________________

მთავარ ფოტოზე პრორუსული დემონსტრაცია გერმანიაში, 10 აპრილი, 2022. წყარო: Tass

რუსებმა 12 წლის გოგოს მამა მოუკლეს, მას კი რუსეთის ობოლთა თავშესაფარში აგზავნიან

„უბრალოდ არ იტირო ან ინერვიულო, კარგი?“ – ეს აუდიოშეტყობინება 12 წლის კირა ობედინსკიმ ბაბუას გამოუგზავნა რუსეთის კონტროლირებადი ტერიტორიიდან. შემდეგ კი თავად ვერ შეძლო ცრემლის შეკავება: „რატომღაც მინდა ვიტირო, იმდენი ხანია არ მინახიხარ, რომ მინდა ვიტირო“, – ისმის ბავშვის მეორე აუდიოშეტყობინებაში, რომელსაც CNN-ი აქვეყნებს.

კირას დედა წლების წინ გარდაიცვალა, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა იყო. მამა, ევგენი ობედინსკი, უკრაინის წყალბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რუსმა სამხედროებმა 17 მარტს, დისტანციიდან სროლით მოკლეს, როდესაც მარიუპოლში შესვლისთვის იბრძოდნენ.

ევგენის მეგობარმა გოგონამ კირასთან ერთად მარიუპოლიდან ფეხით გაქცევა სცადა, რა დროსაც ვიღაცამ ნაღმს დააბიჯა ფეხი და აფეთქების შედეგად 12 წლის გოგონა დაშავდა. დაჭრილი კირა რუსებმა სეპარატისტული მთავრობის მიერ კონტროლირებადი დონეცკის რეგიონში, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის ახლა რუსული საინფორმაციო ომის უნებლიე მონაწილეა.

რუსული მედია ავრცელებს კირას ვიდეოებს, რომლებზეც იგი თავისი ისტორიის ეპიზოდს ჰყვება. მაგალითად, იმაზე, თუ რატომ გამოიქცა მარიუპოლიდან – რომ სროლები და დაბომბვა არ წყდებოდა. მოსკოვის პროპაგანდისტული კამპანია ამტკიცებს, რომ კირა არათუ ტყვეა, არამედ ის რუსმა სამხედროებმა იხსნეს.

ერთ-ერთ ვიდეორეპორტაჟში ჩანს დაობლებული და აფეთქებისას დაშავებული გოგონა როგორ ჰყვება სიხარულით, რომ დილით ბაბუასთან დარეკვის საშუალება მიეცა. რუსი ჟურნალისტი ამას უწოდებს მტკიცებულებას, რომ გოგონა არ არის გატაცებული, ის კარგადაა და უკრაინის ბრალდებები „სიყალბეა“. რუსულ მედიაში არ გაშუქებულა კირას აუდიომიმოწერა ბაბუასთან, ოლექსანდრე ობედინსკისთან, რომელიც შიშობს, რომ შვილიშვილს ვეღარასდროს ნახავს.

კირას ისტორია CNN-მა გამოიძია, ისევე როგორც რუსეთის მტკიცება, რომ მარიუპოლიდან და უკრაინის სხვა ტერიტორიებიდან უკრაინელი ხალხი ნებაყოფლობით გაჰყავს, რასაც ოფიციალური კიევი გატაცებას უწოდებს.

როგორც ოლექსანდრემ CNN-ს უთხრა, დონბასის სეპარატისტულმა მთავრობამ შვილიშვილის სანახავად და მასზე მეურვეობის მისაღებად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიწვია. როგორც ოლექსანდრე ამბობს, მიმდინარე ომის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია. მას უთხრეს, რომ საბოლოოდ კირას რუსეთში, ობოლთა თავშესაფარში გააგზავნიან.

რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრის გასწვრივ 60 000 უკრაინელს დაეხმარა სამშვიდობოს გასვლაში. უკრაინის მთავრობა კი ამბობს, რომ 40 000-ზე მეტი ადამიანი წაიყვანეს მათი ნების წინააღმდეგ, რასაც ოფიციალური კიევი გატაცებასა და იძულებით დეპორტაციას უწოდებს.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ 433 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა რუსეთში 24 თებერვლის – მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ათასობით ადამიანი იძულებით იქნა დეპორტირებული რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა დაბლოკეს უსაფრთხო გადასასვლელი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ევაკუირებული ადამიანები კი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს რუსეთის შორეულ ტერიტორიებზე.

CNN-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი მარიუპოლიდან ხალხის რუსეთში წასვლის იძულებაში დაადანაშაულა:

„რამდენიმე ათასი, ათიათასობით [ადამიანი] იძულებული გახდა ევაკუირებულიყო რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ჩვენ არ ვიცით, სად არიან, მათ არანაირი კვალი არ დატოვეს. მათ შორის არის რამდენიმე ათასი ბავშვი. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა დაემართათ მათ. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ არ არის,“ – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთი უარყოფს ოფიციალური კიევის ბრალდებებს და აცხადებს, რომ უკრაინა ხელს უშლის ხალხის რუსეთში „ევაკუაციის“ ძალისხმევას.

ომამდე – კირა მამასთან და ბაბუასთან ერთად

CNN თქმით, მარიუპოლში მცხოვრებთა და მათ ახლობლებთან ჩატარებული ათი ინტერვიუდან ირკვევა, რომ მათ მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდათ: წასულიყვნენ რუსეთში ან მომკვდარიყვნენ. ბევრი რესპონდენტი აღწერს, რომ რუსი და დონეცკის სეპარატისტული მთავრობის ჯარისკაცები ჩადიოდნენ თავშესაფრებში, სადაც ხალხი ბომბებს ემალებოდა და სთხოვდნენ სასწრაფოდ დაეტოვებინათ იქაურობა. არავინ იცოდა, სად მიჰყავდათ ისინი.

როგორც CNN წერს, უკრაინელი და აშშ-ის ოფიციალური პირები, ასევე ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელ დამკვირვებლები აცხადებენ, რომ რუსი და სეპარატისტული ჯარები ამუშავებენ ათიათასობით უკრაინელ მოქალაქეს ეგრეთ წოდებული “ფილტრაციის ბანაკების” მეშვეობით, სადაც მათ ბიომეტრიული სკრინინგი უტარდებათ. მათ რუსეთში გაგზავნამდე ართმევენ ტელეფონებსა და დოკუმენტებს.

12 წლის კირას ბაბუას თქმით, რუსებმა გოგონასაც წაართვეს დოკუმენტები და თქვეს, რომ რუსეთში ახალ საბუთებს მოუმზადებდნენ.

___

მთავარი ფოტო: მამა-შვილი ობედისნკები

წელს ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ყველაზე მეტი ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 601 ფაქტი გამოავლინეს, მათგან ყველაზე მეტი – 218 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში.

2022 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 53, ქვემო ქართლში – 50, კახეთში – 44, იმერეთში – 34, გურიაში – 13, შიდა ქართლშიც – 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი – 2.

2022 წლის თებერვალ-მარტში ნარჩენების მართვის კოდექსის 53 ფაქტია გამოვლენილი თბილისში.
ყველაზე მეტი – 346 ფაქტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაა;
  • მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 97 ფაქტი
  • სამშენებლო ან/და სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურება – 45
  • კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – 15
  • საბურავით გარემოს დანაგვიანება – 7
  • სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში [მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში] მოთავსება – 6
  • ცხოველის სხეულის ნარჩენით [მათ შორის, სასაკლაოდან] გარემოს დანაგვიანება – 4
  • სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა – 2
  • 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 1;
  • სხვა სამართალდარღვევა – 78 ფაქტი.

როგორი ამინდი იქნება ბათუმსა და აჭარის მთაში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 0-5, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი, ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი);

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათს, 20 აპრილს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მომდევნო ორ დღეს – 21 და 22 აპრილს კი, უნალექო ამინდი იქნება.

 

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს, რომ მარიუპოლის ასაღებად ამდენი დრო სჭირდება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას აქვეყნებს და წერს, რომ შეთანხმებულმა უკრაინულმა წინააღდეგობამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული გამოცდა მოუწყო და სხვა ადგილებში მათი გადაადგილება შეანელა.

„რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, რომ მარიუპოლის ასაღებად ამდენი დრო სჭირდება“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა: – „მარიუპოლის დაკავების მცდელობა ძალიან ძვირად უჯდებათ მის მცხოვრებლებს. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მსხვერპლია ადგილობრივ მოსახლეობაში.

მარიუპოლის დასახლებულ პუნქტებზე შეტევა სრულად იმეორებს რუსეთის იმ მიდგომებს, რაც 1999 წელს ჩეჩნეთში, ხოლო 2016 წელს სირიაში ვიხილეთ. მოსკოვის ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 24 თებერვლის განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც რუსეთი არ აპირებდა ქალაქებზე დარტყმას და უკრაინის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას“, წერია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

___

გუშინ რუსეთმა მარიუპოლის მცველებს დანებებისკენ მოუწოდა. ისინი ან იარაღს დადებენ და დაგვნებდებიან, ან დაიხოცებიან – ასეთი იყო რუსების მოთხოვნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ „თუ რუსეთი გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება“.

დღეს, 18 აპრილს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, კირილ ბურანოვმა თქვა, რომ „მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოწოდებისა დანებების შესახებ, მარიუპოლში მებრძოლებმა იარაღი არ დაყარეს და ბრძოლას აგრძელებენ“.

რუსეთის და უკრაინის დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 20 600 ადამიანი
  • ტანკი – 790 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 041 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 381 ერთეული
  • MLRS – 130 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული
  • თვითმფრინავი – 167 ერთეული
  • ვერტმფრენი – 147 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 487 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 155
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 136 თვითმფრინავი
  • 105 შვეულმფრენი
  • 471 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 308 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 249 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 254 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 998 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 171 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

[yellow_box]გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, „მასკვას“ დაზიანება ჩანს[/yellow_box]

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ დღეს, 18 აპრილს, ლვოვში სამოქალაქო ინსფრასტრუქტურაზე 5 ძლიერი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში მიიწვია:

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტებზე „ნადირობაა“ გამოცხადებული – რუსი სამხედროები ჟურნალისტებს იტაცებენ, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ომის გაშუქებისას დაიღუპა 20-მდე უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი.

[yellow_box]ჩვენ ვეძებთ რუს სამხედროებს უკრაინაში და ვადგენთ მათ სიას – ინტერვი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

გვტკივა იმის ნახვა, თუ როგორ ანადგურებენ ქალაქებს, კლავენ ჩვენს მოქალაქეებს – ინტერვიუ

მიწის დასამუშავებლად ფერმერები 300 ლარს მიიღებენ – ღარიბაშვილი

დღეს, 18 აპრილს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავებისთვის სახელმწიფო სუბსიდიები გაიცემა.

„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული დაწყების მიზნით, გაიცემა სახელმწიფო სუბსიდიები. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით.

სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰ-დან 1,25 ჰ-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარს შეეძლება, რომ მიიღოს ეს სუბსიდია და დაერიცხებათ ქულების სახით აგრობარათზე და შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად მხოლოდ“, – განაცხადა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ამ დახმარებას დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერი მიიღებს საქართველოში. „პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 95 მილიონ ლარს და ვფიქრობ, რომ ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზე“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე სოფლის მეურნეობის მიმართულებით 20 მილიონი ლარის სესხია გაცემული.

სოციალურად დაუცველი ბავშვები თვეში 150 ლარს მიიღენ – ღარიბაშვილი

დღეს, 18 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 50 ლარით გაიზრდება და თვეში 150 ლარი იქნება.

„პირველი ივნისიდან 150 ლარი იქნება ბავშვების სოციალური დახმარება. ამ მიმართულებით 341 მილიონი ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი, ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ ეს გაგრძელდეს ყოველ წელს.

ეს დახმარება შეეხება 215 ათასზე მეტ ბავშვს და ასევე, ვფიქრობთ, სხვა სოციალური პროგრამების განხორციელებასაც,“- თქვა ღარიბაშვილმა.

_________________

მსგავს თემაზე:

საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები

კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 18 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 74 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 42 შემთხვევა, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, ქვემო ქართლში –0, შიდა ქართლში – 1, გურიაში – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში –2, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ჩატარებულია კვლევა ტესტით – 4 970, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 436, PCR ტესტით – 1 534

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 347 ადამიანი. 

განხორციელდა 5 ძლიერი სარაკეტო თავდასხმა ლვოვზე – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ დღეს, 18 აპრილს, ლვოვში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 5 ძლიერი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

„ძველ ევროპულ ლვოვში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ერთდროულად განხორციელდა 5 ძლიერი სარაკეტო თავდასხმა. რუსეთი აგრძელებს უკრაინულ ქალაქებზე ბარბაროსულ თავდასხმას, მთელი მსოფლიოსთვის ცინიკურად დეკლარირებას, რომ მათი „უფლებაა“… უკრაინელთა დახოცვა“, – აცხადებს პოდოლიაკი.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოც. ამ დრომდე ოფიციალურ კიევს ვიზუალური მასალა არ გამოუქვეყნებია.


ლვოვი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვარზე მდებარე ქალაქია. მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ლვოვის მერიას ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

უკრაინელი დევნილები ძირითადად ქალაქ ლვოვში იყრიან თავს, საიდანაც ახერხებენ ევროპაში გასვლას. უკრაინა უკვე დატოვა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა.

გვტკივა იმის ნახვა, თუ როგორ ანადგურებენ ქალაქებს, კლავენ ჩვენს მოქალაქეებს – ინტერვიუ

ავტორი: თამარ რუხაძე

ალისა იურჩენკოს მობილურსა და ელექტრონულ ფოსტაზე, ყოველდღიურად, ათობით ფოტო, ვიდეო და ინფორმაცია მიდის რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ქალაქებიდან თუ სოფლებიდან, მისთვის ნაცნობი და საყვარელი ადგილებიდან. ყოველი ახალი შეტყობინება ახალ ტკივილს ნიშნავს, უკვე იცის, რა შეიძლება დახვდეს მის მიღმა – მაინც მუშაობენ, სჯერათ, რომ ახლა ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც იცის და შეუძლია. მათ კი, მას და მისი გუნდის წევრებს, საუკეთესოდ შეუძლიათ ამბების გამოძიება.

ალისა უკრაინული Bihus.info-ს რედაქტორი, ჟურნალისტი და წამყვანია. „ბიჰუსი“ გამომძიებელ ჟურნალისტთა ორგანიზაციაა, რომელიც უკრაინაში კორუფციის გამოძიებით, ე.წ. „მედვედჩუკის ჩანაწერებითა“ და საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების გაციფრულებითაა ცნობილი.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში, ალისა გვიყვება, როგორ შეცვალა ომმა რედაქციის სამუშაო რეჟიმი და როგორ დაისახეს მიზნად, მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენონ, რომ არამხოლოდ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, არამედ შექმნან ბაზა, რომელშიც ომის დანაშაულების დოკუმენტურ მტკიცებულებებს მოუყრიან თავს.

  • ომამდე თქვენ ხელისუფლების საქმიანობას, ბიუჯეტის ხარჯვას, კორუფციის საქმეებს იკვლევდით. მოგვიყევით იმაზე, თუ როგორ შეცვალა ომმა თქვენი საქმიანობა?

დიახ, დაარსების დღიდან, 2013 წლიდან, ანტიკორუფციულ გამოძიებებს ვატარებთ. ჩვენს ფოკუსში იყვნენ მაღალჩინოსნები, უწყებები, სამინისტროები – როგორ ხარჯავენ ისინი უკრაინელი გადამხდელების ფულს, თუმცა რაც ომი დაიწყო, მხოლოდ საომარ თემატიკაზე ვმუშაობთ. სრულიად შევცვალეთ ფორმატი. ახლა ერთდროულად რამდენიმე მიმართულება გვაქვს. ვცდილობთ იმ რუსი სამხედროების იდენტიფიცირებას, რომლებიც უკრაინაში შემოვიდნენ და ჩვენს მოქალაქეებს კლავენ. ვეძებთ, ვპოულობთ მათ სოციალურ ქსელებშიც, მათი აქ ყოფნის მტკიცებულებებს ვაგროვებთ და ვამზადებთ ვიდეომასალებს. ძალიან გვინდა, მონაცემთა საერთო ბაზა შევქმნათ იმ ინფორმაციით, რაც უკვე მოვიძიეთ. ამით დღეს ბევრი უკრაინული გამოცემა და ჟურნალისტია დაკავებული, ამიტომ ჯერ კიდევ ვფიქრობთ ამ ფორმატზე. შეიძლება, რომელიმე სხვა დიდ პროექტს შევუერთდეთ, შეიძლება დამოუკიდებლად გავაკეთოთ. ჩვენ უკვე გვქონდა ანტიკორუფციულ თემატიკაზე ასეთი მოცულობითი ბაზების შექმნის გამოცდილება.

ვმუშაობთ რუსულ პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზეც, ვამზადებთ მასალებს უკრაინელ კოლაბორაციონისტებზე, ვყვებით რუსულ ტექნიკაზე, რომელიც უკრაინაში შემოვიდა, როგორ უნდა მოვახერხოთ ამ ტექნიკის ამოცნობა.

ადრე ყოველდღიურ მაუწყებლობაზე არ გვიმუშავია, თუმცა ახლა ვაკეთებთ ლაივსტრიმებს ჩვენს ვიდეო არხზე, მაყურებელთან ერთად განვიხილავთ ახალ ამბებს, რა ხდება ფრონტის წინა ხაზზე, იმასაც, თუ რას წერენ უკრაინაზე საერთაშორისო გამოცემები.

  • რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა რედაქცია? ბუნებრივია, რადგან საგამოძიებო მიმართულება გქონდათ, მანამდე ნაკლებად გჭირდებოდათ ისეთ რამეებზე ზრუნვა, როგორიც მაგალითად, პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობის შეძენაა.

24 თებერვლამდე ომის თემაზე ასე ახლოდან არ გვიმუშავია, ამიტომ ფაქტობრივად, დაცვის არანაირი აღჭურვილობა არ გაგვაჩნდა. ჩვენი გუნდის წევრების დიდმა ნაწილმა ჟურნალისტურ საქმიანობასთან ერთად მოხალისეობრივი საქმიანობაც დაიწყო. პირველ რიგში, ვცდილობდით ჩვენ კოლეგებს, ნაცნობებსა და უცნობებს დავხმარებოდით ჯავშანჟილეტებისა თუ სხვა აღჭურვილობის შეძენაში, მათ ვინც ცეცხლის ხაზზე მუშაობს. ამაზე ვიყავით ორიენტირებულები და საკუთარ თავზე ზრუნვა ვერც მოვახერხეთ.

ახლა რედაქციაში ორი ჯავშანჟილეტი გვაქვს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უფრო მეტად მოკვლევას, გამოძიებას ვაკეთებთ, ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა არ ითხოვს უშუალოდ ბრძოლის ადგილებში ყოფნას, იქიდან რეპორტაჟების წაყვანას. ჩვენ უფრო მეტად მტკიცებულებების მოპოვებას ვცდილობთ. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ასეც. ამ წუთში ჩვენთვის უმთავრესია, არ გამოგვეპაროს ის ინფორმაცია, რომელიც უკვე არსებობს და რომლის ანალიზი და დამუშავებაც ჩვენ შეგვიძლია.

  • შეიძლება ითქვას, რომ დღეს საგანგებო ვითარებაში, უფრო ახალი ამბებისა და ომის კორესპონდენტების დროა, თუმცა ალბათ, როდესაც ომი დასრულდება, თქვენ, გამომძიებელ ჟურნალისტებს, კიდევ უფრო მეტი საქმე გექნებათ.

ნამდვილად ასეა, თუმცა ახლაც უამრავი რამაა, რის კეთებაც შეუძლიათ უკრაინელ ჟურნალისტებსაც და საერთაშორისო კორესპონდენტებსაც. მაგალითად, ომის დანაშაულები – ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ვეძებთ მოწმეებს ქალაქებსა და სოფლებში, ველაპარაკებით, ვიწერთ მათ ისტორიებს, ვთხოვთ ფოტოებს, ვიდეოებს. სადაც ჩასვლა შეგვიძლია, მივდივართ და ჩვენ თვითონ ვაფიქსირებთ ყველაფერს.

განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სამართლებრივ მხარეზე, ამ დანაშაულების აღწერას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსთან და საერთაშორისო კონვენციებთან მიმართებით. ასე რომ, ახლაც უამრავი საქმე აქვს მედიას და როდესაც ომი დასრულდება, მერეც ასე იქნება და, სამწუხაროდ, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს ომი მალე არ დამთავრდება.

  • როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესია დაიწყო, მაშინაც ასე ფიქრობდით?

როდესაც სისტემური გახდა დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის სამსახურებისა და პოლიტიკოსების განცხადებები, რომ პუტინი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავდა, მაშინ უკვე სრულად გავიაზრეთ, რომ ეს ინფორმაცია ვერ იქნებოდა უსაფუძვლო და მტკიცებულებების გარეშე ნათქვამი. არ გვინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ მივხვდით, რომ გარდაუვალი იყო და ბოლო თვეებში ყველანი ვცხოვრობდით იმ შეგრძნებით, რომ ეს მოხდებოდა.

პირადად მე, ბოლო თვე-ნახევარი, ლამის ყოველდღე ვწერდი ვიდეოებს, თუ როგორ შევძლებდი ამ ამბების მოყოლას, ველაპარაკებოდი კამერას, თავს ვაგუებდი რაღაცნაირად, რომ ამაზე ლაპარაკი მომიწევდა.

როდესაც სამსახურისკენ მოვდიოდი, დილაობით, ქუჩებში ჩემს საყვარელ ადგილებს ვაკვირდებოდი და იმ ადგილებსაც, რომლებიც სულაც არ მიყვარდა, მაგრამ იმ მომენტში, ისინიც ძალიან ძვირფასი და საყვარელი მეჩვენებოდა, რადგან ძალიან მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ რამდენიმე დღეში, იქაურობა შეიძლებოდა რაკეტის ერთ დარტყმას გაენადგურებინა. რთული იყო ამაზე ფიქრი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცოდით და გვესმოდა, რომ თუ ეს ომი დაიწყებოდა, ის ვერ დამთავრდებოდა მალე – რომ უკრაინა დიდია, უკრაინა აუცილებლად იბრძოლებდა, რომ არავინ გაივლებდა აზრად ქვეყნის დანებებას და რომ ვერ მოგვერეოდნენ.

  • როგორ ფიქრობთ, იქიდან გამომდინარე, რასაც თქვენ აკეთებთ, შეიძლება, ჟურნალისტიკამ მოახერხოს და შექმნას მტკიცებულებები უკრაინული ან საერთაშორისო სასამართლოსთვის?

ჩვენი მასალები ბევრჯერ გამხდარა სისხლის სამართლის საქმეების საფუძველი, თუმცა ეს იყო ანტიკორუფციული საქმეები და ომამდე. ახლა, ბუნებრივია, ჩვენი სამართალდამცველი ორგანოებიც აკეთებენ ამას, თუმც ეს ორი პარალელური საქმეა. კარგად გვესმის, რომ სამართლებრივი მტკიცებულებების შეგროვების ტვირთი შესაბამის ორგანოებს ეკისრებათ და არა ერთ პატარა რედაქციას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მასალები სამართალდამცველ ორგანოებსაც გამოადგებათ.

ამ საქმეზე უარის თქმა არაფრით შეიძლება – ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც კარგად იცის. ჟურნალისტიკა ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ომამდე, თუმცა ვიდრე საქმე სასამართლოებამდე მივა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.

  • დიახ, თქვენ სრულმასშტაბიან საინფორმაციო ომშიც ხართ. რა ტიპის და რა მოცულობის დეზინფორმაციასთან გიწევთ გამკლავება?

მე სწორედ მაგ მიმართულებით ვმუშაობ, რუსული პროპაგანდასა და დეზინფორმაციას ვაკვირდები და სრულიად გაოგნებული ვარ იმ უზარმაზარი პროპაგანდისტული ნაკადით, რასაც ვხედავ, იმ სიცრუით, რასაც რუსეთის ეგრეთ წოდებული მედია და საავტორო თუ ანონიმური ტელეგრამ არხები ავრცელებენ.

ბოლო ორი კვირაა ვაკვირდები, რომ რუსეთმა ძალიან გააძლიერა თავისი დეზინფორმაციის გავრცელება ინგლისურენოვან აუდიტორიაში, ყველგან, სოციალურ ქსელებშიც. საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. არ ვიცი, რამხელა ეფექტი აქვს ამას და მუშაობს თუ არა მათი პროპაგანდა დასავლურ აუდიტორიაზე, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მთელი ძალით ცდილობენ ამას.

ყოველი მეორე ცნობა უკრაინაზე, ჩემი დაკვირვებით, სიცრუეა. ჰყვებიან, რომ ის დანაშაულები, რასაც რუსი სამხედროები სჩადიან ჩვენს ქალაქებში, ბუჩაში, მარიუპოლში, კრემატორსკში, როდესაც მასობრივად ხოცავენ მოქალაქეებს, მოგონილია და რაღაც გაუგონარი მტკიცებულებების მოძებნას ცდილობენ ამის დასადასტურებლად. მაგალითად, იღებენ ცუდი ხარისხის ვიდეოს და მერე ამტკიცებენ, რომ აი, მკვდარმა ხელი გაამოძრავა, სინამდვილეში კი ეს ჩრდილი იყო. ამბობენ, რომ არ იყენებენ კონკრეტული სახის იარაღს, თუმცა ამის გაბათილებაც ძალიან მარტივად შეიძლება, ისევ მათი თავდაცვის უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბევრია ასეთი ცხადი სიცრუე, რომლის გადამოწმებაც ორი დაწკაპუნებით შეიძლება, მაგრამ ამას წარმოუდგენლად მასობრივი სახე აქვს. ამის გამო, უკრაინის საზოგადოებას გაუჩნდა შეგრძნება, რომ რუსეთის მოქალაქეებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს – ისინი გულმოდგინედ იჯერებენ იმ ყალბ ამბებს, რომლებსაც საკუთარი მედიისგან ისმენენ.

ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე მეც მეჩვენებოდა, რომ კიდევ შეიძლებოდა გვეძებნა გზები და რუსულენოვან აუდიტორიამდე მიგვეტანა სიმართლე, ახლა უკვე ვხედავ და უკრაინაში ადამიანების უმრავლესობასაც ესმის, რომ ეს სრულიად ამაოა. მათ უბრალოდ არ სურთ სინამდვილის მიღება, ისინი სიამოვნებით იღებენ ტყუილს. ჩვენი მიზანი არცაა რუსეთის მოქალაქეებს აზრი შევაცვლევინოთ, უფრო მეტად ორიენტირებულები ვართ ინგლისურენოვან აუდიტორიაზე, რომ მათ მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია.

ჩვენ ორ ენაზე ვაქვეყნებთ მასალებს, უკრაინულად და ინგლისურად, რათა საერთაშორისო საზოგადოებამაც გაიგოს ჩვენი ამბები. რეალურად, მთელი ჩვენი ძალები მივმართეთ იმისკენ, რომ ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ, შევქმნათ ბევრად მეტი საინფორმაციო პროდუქტი, ვიდრე როდისმე, რადგან ეს ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია.

  • და რამდენად რთულია ამ მოვალეობის შესრულება? თქვენ ხომ განსხვავებულ სიტუაციაში ხართ, ვიდრე თუნდაც ის კორესპონდენტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ამ ომის გასაშუქებლად.

რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ სასტუმროში შევხვდი ჟურნალისტს ჩინეთიდან, რომელმაც დილით, საუზმისას, მითხრა, – „იცით, მე ვკითხულობ „რია ნოვოსტის“, მერე შევდივარ უკრაინულ საიტებზე და მხვდება რადიკალურად საპირისპირო ინფორმაცია“ და გულწრფელად გითხრათ, მაშინ გავიაზრე, რამხელა სხვაობაა ჩვენ შორის. ის ჩამოვიდა ცხელ წერტილში, მაგრამ ბუნებრივია, ის სხვანაირად ხედავს ამ ომს, ვერ განიცდის იმას, რასაც ჩვენ, თუნდაც მე, როდესაც, ყოველდღიურად, ათობით შეტყობინებას ვიღებ, მათ შორის ნაცნობებისგან, მათ შორის იმ ქალაქებიდან, რომლებსაც ვიცნობ… და ამ შეტყობინებებში წერია, რომ ნაღმი ჩამოვარდა, რომ მისმა ნამსხვრევებმა…  რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან განსხვავებულად აღვიქვამთ ამ ამბებს, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ეს ჩვენს ახლობელ ადამიანებს და ჩვენთვის ახლობელ ადგილებს ეხება.

ეს განსაკუთრებით მძიმე იყო, როდესაც ცდილობდნენ კიევის აღებას, როდესაც შეტევა მიდიოდა და ჩემი მეგობრები, კოლეგები, ახლობლები იმყოფებოდნენ ბუჩაში, ირპენში. მათ თვალწინ შედიოდნენ რუსი ოკუპანტები, იკავებდნენ სახლებს. პირველი დღეებიდანვე ვიღებდით დახოცილი უკრაინელების ფოტოებს ბუჩიდან და საშინლად გვტკიოდა იმის ნახვა, თუ როგორ ანგრევენ შენს ქვეყანას, როგორ ასწორებენ მიწასთან ქალაქებს, როგორ კლავენ შენს თანამოქალაქეებს.

ჩვენი მედია პირველივე დღიდან უშვებს გარკვეული დოზით ემოციურ დამოკიდებულებას ომის გაშუქებისას. მათ შორის, ჩვენც, განსაკუთრებით, იმ რუს სამხედროებთან მიმართებით, რომლებმაც ვხედავთ, რომ უკრაინის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში გენოციდი ჩაიდინეს. ჩვენ ვერ ვიქნებით ისე შორიდან დამკვირვებლები, როგორც ამას საერთაშორისო კორესპონდენტი მოახერხებს.

24 თებერვლიდან მხოლოდ რედაქციის სამუშაო რეჟიმი არ შეცვლილა. „ბიჰუს ინფოს“ გუნდი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ნაწილი მთავარ ოფისში, კიევში, რჩება, მეორე ნაწილი კი ცენტრიდან უფრო მოშორებული რეგიონიდან მუშაობს. ასე ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. როგორც ინტერვიუში ამბობს, ალისას ომის მალე დასრულების არ სჯერა, თუმცა მაინც იტოვებს იმედს, რომ მალე ყველანი შეძლებენ დედაქალაქში დაბრუნებას.

მთავარი ფოტო: ალისა იურჩენკო

„ოცნების ქალაქში“ ხანძარია

დღეს, 17 აპრილს, საღამოს, ხანძარი განჩნდა ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ საცხოვრებელ სახლს უკიდია. ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური.

_______________________________

ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

ესტონეთმა, იტალიამ და რუმინეთმა დახურეს პორტები რუსული გემებისთვის

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციების ფარგლებში რუსული გემებისთვის პორტების დახურვა დაიწყეს.

დღეიდან, 17 აპრილიდან, რუსეთის დროშით მცურავ გემებს ესტონეთის პორტებში შესვლა ეკრძალებათ.

„კრემლი არ აჩვენებს აგრესიის შეწყვეტის ნიშანს, ამიტომ ევროპა თანდათან ეძებს სტრატეგიულ გზებს, რათა ომის ღირებულება იმდენად გაზარდოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის გაგრძელების პერსპექტივა გაქრება. ყველა საწარმოს, რომლის საქმიანობაც არის დაკავშირებული რუსეთთან, მოუწევს გადახედოს საქმიანობას, რათა გაუმკლავდეს ახალ ეკონომიკურ გამოწვევებს“, – განაცხადა ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტაავი აასმა.

რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის იკეტება იტალიის, რუმინეთისა და ბულგარეთის პორტებიც, მათ შორის იმ გემებისთვისაც, რომლებმაც 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის დროშა სხვა ქვეყნის დროშით შეცვალეს.

________________

ფოტოზე: ესტონეთი, ტალინის პორტი. ფოტო: ვიკიპედია

მარიუპოლის მცველები ბრძოლას აგრძელებენ

მარიუპოლის მცველები აგრძელებენ ბრძოლას მიუხედავად რუსეთის ულტიმატუმისა  დანებების შესახებ.

„უკრაინის არმიამ, რომელიც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში იმყოფება, უარი თქვა დანებებაზე,“ – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ABC-სთან ინტერვიუში.

მან თქვა, რომ უკრაინული ჯარები კვლავ აკონტროლებენ მარიუპოლის ნაწილს და ქალაქი „ჯერ კიდევ არ დაცემულა“.

მარიუპოლი მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში მარხავენ ან ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ.

ქალაქ მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.

ამავე თემაზე: 

რუსეთმა ბრძანება გასცა, ომის დანაშაულის ყველა კვალი წაშალონ – უკრაინის დაზვერვა

Exit mobile version