მთავარი,სიახლეები

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს, რომ მარიუპოლის ასაღებად ამდენი დრო სჭირდება

18.04.2022
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი შეშფოთებული უნდა იყოს, რომ მარიუპოლის ასაღებად ამდენი დრო სჭირდება

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ტვიტერზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას აქვეყნებს და წერს, რომ შეთანხმებულმა უკრაინულმა წინააღდეგობამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სერიოზული გამოცდა მოუწყო და სხვა ადგილებში მათი გადაადგილება შეანელა.

„რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, რომ მარიუპოლის ასაღებად ამდენი დრო სჭირდება“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა: – „მარიუპოლის დაკავების მცდელობა ძალიან ძვირად უჯდებათ მის მცხოვრებლებს. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა განადგურებულია, მსხვერპლია ადგილობრივ მოსახლეობაში.

მარიუპოლის დასახლებულ პუნქტებზე შეტევა სრულად იმეორებს რუსეთის იმ მიდგომებს, რაც 1999 წელს ჩეჩნეთში, ხოლო 2016 წელს სირიაში ვიხილეთ. მოსკოვის ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 24 თებერვლის განცხადებასთან, რომლის მიხედვითაც რუსეთი არ აპირებდა ქალაქებზე დარტყმას და უკრაინის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას“, წერია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

___

გუშინ რუსეთმა მარიუპოლის მცველებს დანებებისკენ მოუწოდა. ისინი ან იარაღს დადებენ და დაგვნებდებიან, ან დაიხოცებიან – ასეთი იყო რუსების მოთხოვნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ „თუ რუსეთი გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, შემდგომი სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელი გახდება“.

დღეს, 18 აპრილს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, კირილ ბურანოვმა თქვა, რომ „მიუხედავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოწოდებისა დანებების შესახებ, მარიუპოლში მებრძოლებმა იარაღი არ დაყარეს და ბრძოლას აგრძელებენ“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.