მთავარი,სიახლეები

საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები

01.06.2017 • 2501
საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. „იუნისეფის“ მონაცემებით, საქართველოში ბევრი ბავშვი მოკლებულია როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად განათლებას. ბავშვების 2,5 პროცენტი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რა შეიცვალა და რა არის საჭირო ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად? ამ თემაზე „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ესაუბრა.

ქალბატონო მაია, თქვენი ორგანიზაცია სახელმწიფოს  ხშირად აძლევს რეკომენდაციებს ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში ამ კუთხით და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად?

პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ჩვენ ვცდილობთ ყურადღება ბავშვთა განათლებაზე გავამახვილოთ, რადგან ვთვლით, რომ ხარისხიანი განათლება ეს არის ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. განათლების მაღალ დონეს შეუძლია სიღარიბისა და ასევე უთანასწორობის შემცირებაც. მეტი განათლება ნიშნავს ნაკლებ სიღარიბეს და ნაკლებ უთანასწორობას, ამიტომ განათლება არა მარტო კონკრეტული ინდივიდებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის, პროგრესისთვის და ამიტომაც გვინდა, რომ განათლების ამგვარი მნიშვნელობა დავანახოთ საზოგადოებას.

შეიძლება გვითხრათ, ბავშვების რა პროცენტს არ მიუწვდება დღეს ხელი სკოლამდელ ან ზოგად განათლებაზე?

ცალკე გამოვყოფდი სკოლამდელ განათლებას, რადგან სკოლამდელი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად იმისთვის, რომ შემდგომ კარგად ისწავლოს ბავშვმა და შემდგომ ცხოვრებაშიც წარმატებული იყოს. სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ჯერ კიდევ გასააზრებელია ჩვენს საზოგადოებაში. დღესდღეობით ორი ძირითადი პრობლებაა სკოლამდელ განათლებაში, პირველი, ეს არის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით სოფლებსა და რეგიონებში, სადაც ბავშვების ნახევარს ხელი არ მიუწვდება სკოლამდელ განათლებაზე. სკოლამდელ განათლებაში ქვეყნის მასშტაბით 62 პროცენტია ჩართული, რაც არასახარბიელოა, რადგან მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს, სადაც  80-90 პროცენტია სკოლამდელ განათლებაში ჩართული.

ადრეული ასაკი არის სწორედ ის პერიოდი, როცა საფუძველი ეყრება ბავშვის, როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალურ უნარ-ჩვევებს და ბევრ ისეთ თვისებას, რომლის განვითარებაც მერე არის შეუძლებელი და სპეციალისტები ამ ადრეულ წლებს შესაძლებლობათა ფანჯარას ეძახიან, რომელიც მერე იხურება.  მრავალი საერთაშორისო კვლევითაც დადგენილია, რომ ბავშვი, რომელიც ჩართულია სკოლამდელ განათლებაში, უკეთ სწავლობს სკოლაში.

მეორე პრობლემა ეს არის სწავლების ხარისხი. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სპეციალისტების კვალიფიკაცია და სასწავლო პროგრამები. საქართველომ მიიღო ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ კანონი შარშან და ამჟამად მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ეფექტური განხორციელება კანონის, რომ მან ხელი შეუწყოს როგორც ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე, ხარისხის გაუმჯობესებას.

„იუნისეფი“ რა ფორმით მონაწილეობს ამ პროცესში?

ჩვენ ამ პროცესებში ვმონაწილეობთ და ვეხმარებოდით საქართველოს მთავრობას ამ კანონის შემუშავებაში. ჩვენი დახმარებით შემუშავდა სხვადასხვა სტანდარტი სკოლამდელი განათლების და ველოდებით, რომ ეს სტანდარტები დამტკიცდეს. აპრილამდე უნდა დამტკიცებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ გადაიდო და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრამდე ეს სტანდარტები დამტკიცდება.

ეს სტანდარტებია – საგანმანათლებლო სტანდარტი, აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი, სკოლაში ფიზიკური გარემოს ანუ ინფრასტრუქტურის სტანდარტი, წყლის, სანიტარიის, ჰიგიენის და კვების სტანდარტი. ანუ, ყველა ის სტანდარტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბავშვის ნორმალურ, უსაფრთხო გარემოში განვითარება.

ესტონეთის მთავრობის დახმარებით ხდება სასწავლო პროგრამების გადასინჯვა, რაც იმედი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა მასწავლებელთა კვალიფიკაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნორმალური სასწავლო პროცესი განხორცილდეს სკოლებში.

ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებითაც გაქვთ რეკომენდაციები როგორც ვიცით, პრობლემის რომელ მხარეზე კეთდება უფრო მეტად აქცენტი?

„იუნისეფი“ გაეროს მოსახლეობის ფონდთან ერთად ატარებს კვლევას ნაადრევი ქორწინების შესახებ და წლის ბოლოსთვის გვექნება კვლევის შედეგები, რის შემდეგაც უკვე გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე.

ეს არ არის მხოლოდ რაოდენობრივი კვლევა. ეს იქნება ხარისხობრივი და თვისობრივი კვლევა, რომელიც გამოკვეთს იმ საჭიროებებს და იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს. ადრეული ქორწინება ეს არის გოგონების, ბავშვების უფლებების დარღვევა, ხშირად ეს ბავშვები მოკლებულნი არიან განათლებას, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჯანდაცვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ხოლმე და ეს არის მიუღებელი. ამიტომ, ვნახავთ ამ კვლევის შედეგს, თუ რა პრობლემები გამოიკვეთება და რისი გაკეთება არის აუცილებელი. კანონები ნაადრევი ქორწინების შესახებ არის მიღებული და ამ კანონებმა უნდა იმუშაოს, მაგრამ მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, რომ ადამიანებს გავაგებინოთ რა პრობლემებს იწვევს ადრეულ ასაკში ქორწინება და მოვახდინოთ ზეგავლენა იმ კულტურულ და სოციალურ ნორმებზე, რომლებიც  ძალიან ბევრ ჯგუფში და საზოგადოებაში არის.

ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით რა ვითარება არსებობს დღეს ქვეყანაში, თუ შეიცვალა რაიმე ამ მიმართულებით?

„იუნისეფი“ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების შესახებაც ატარებს კვლევას წელს, რადგან ბოლო კვლევა 2007 წელს ჩატარდა და მაშინდელი მონაცემებით, ქუჩაში 1 500 ბავშვი იყო საქართველოს 4 დიდ ქალაქში. წლის ბოლოს ახალი მონაცემები გვექნება. გავარკვევთ იმას, თუ ვინ არიან ეს ბავშვები, რა არის მათი პროფილი და რა საჭიროებები აქვთ. ძალიან ბევრი ბავშვი საზღვარს კვეთს და გადმოდის სხვა ქვეყნიდან, არის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან გადმოსვლის შემთხვევებიც, თუმცა კვლევის შედეგად ეს დეტალები უფრო ნათელი გახდება. ჯერ არ მინდა ემპირიული მონაცემებით ვისაუბრო.

ძირითადი მიზეზი ქუჩაში ყოფნის ეს არის სიღარიბე და სოციალური გაჭირვება. ასევე, ძალადობა ოჯახში, რასაც ხშირად ბავშები გაურბიან და ხვდებიან არანაკლებ ძალადობრივ გარემოში – ქუჩაში.

„იუნისეფისა“ და ევროკავშირის დახმარებით მუშაობდა ორწლიანი პროგრამა რომელიც ითვალისწინებდა კონკრეტული მომსახურებების დანერგვას ამ ბავშვების დასახმარებლად. ეს იყო მობილური ჯგუფები, დღის ცენტრები, ღამის თავშესაფრები, ასეთი ცენტრები შეიქმნა თბილისსა და ქუთაისში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

პროგრამა დაეხმარა 700-მდე ბავშვს, არის წარმატებული მაგალითებიც და წარუმატებელიც. არიან ბავშვები, რომლებიც ჩაერთნენ განათლების სისტემაშიც და არიან ისეთებიც, ვისთანაც მუშაობა დღემდე გრძელდება. თუმცა, აუცილებელია გატარდეს ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებები, რომ, ვთქვათ, ახალი ბავშვები არ გავიდნენ ქუჩაში.

ბავშვთა სიღარიბეც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში…

საქართველოში, ყოველი მე-5 ბავშვი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და ამ პროცესს ვაკვირდებით 2009 წლიდან. ბოლო კვლევა ჩატარდა 2015 წელს და ბავშვთა სიღარიბეში შემცირების ტენდენცია არის. 2013 წელთან შედარებით უკიდურესი სიღარიბე (3 ლარზე ნაკლები დღეში) თუ იყო 6 პროცენტი, ახლა არის 2,5 პროცენტი. ზოგადი სიღარიბე (დღეში 5 ლარზე ნაკლები) ბავშვებში 28 პროცენდიტან 21 პროცენტამდეა შემცირებული.

სიღარიბის მაჩვებლის შემცირება გამოიწვია სოციალური დაცვის პროგრამების ამოქმედებამ, რომელიც ქვეყანაში არსებობს, თუმცა, ჩვენი გამოთვლებით ბავშვები უფრო ღარიბები არიან ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები. სიღარიბის დონე სოფლად 50 პროცენტით მაღალია, ვიდრე ქალაქებში, ამიტომ „იუნისეფის“ დახმარებით განხორციელდა სოციალური დაცვის რეფორმა, რის შედეგადაც ველოდებით იმას, რომ სისტემა უკეთ დაინახავს ბავშვიან ოჯახებს და კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სიღარიბის შემცირებას. თუმცა, ეს რეფორმები ვერ წვდება იმ ჯგუფებს, რომლებიც სიღარიბის რისკის წინაშე იმყოფებიან. ყველაზე დაუცველი ჯგუფი ახალგაზრდები არიან, რომლებიც გამოდიან შრომით ბაზარზე, ქმნიან ოჯახებს და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა, რომ შემდეგ არ აღმოჩნდნენ პრობლემების წინაშე.

შშმ ბავშვების მდგომარეობის მხრივ თუ არის ცვლილებები?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია  ჩვენი საზოგადოების, რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ძალიან ბევრ მომსახურებაზე, რეგისტრირებულია ათი ათასამდე ბავშვი, მაგრამ ჩვენი გამოთვლებით სადღაც 35-40 ათასი ბავშვი უნდა იყოს, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან და ვერ სარგებლობენ სერვისებით. ასევე, ძალიან მაღალი სტიგმაა საზოგადოებაში ამ ბავშვებთან მიმართებაში და არის ნეგატიური განწყობები. მნიშვნელოვანია, რომ ეს განწყობები შემცირდეს და „იუნისეფი“ ახორციელებს კამპანიას – „დაინახე ყველაფერი“, რომლის მიზანია სწორედ ამ სტიგმის შემცირება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: