5 ათასი ლარით დააჯარიმეს ფსიქიატრიული კლინიკა, რომელმაც ქალი უკანონოდ განათავსა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] სასამართლო დავა მოუგო ფსიქიატრიულ დაწესებულებას, რომელმაც ქალი უკანონოდ განათავსა კლინიკაში.

PHR-ის ცნობით, სასამართლომ კლინიკას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5000 ლარი დააკისრა.

„2019 წლის 31 აგვისტოს ნინო საკვები პროდუქტის შესაძენად გავიდა სახლიდან. დაბრუნებიდან რამდენიმე საათში კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ნინომ კარი გააღო. მასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მისული.

ადგილზე არ მომხდარა არანაირი კონფლიქტი ან დაძაბულობა. პოლიციის ეკიპაჟმა სამედიცინო შემოწმებისთვის ნინოს კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა.

ქალი დაიბნა, ვერ მიხვდა იმ მომენტში რა შეეძლო გაეკეთებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა კლინიკაში. გზად ნინომ გაიგო, რომ პოლიციისთვის მის დას დაურეკია.

მან უთხრა პოლიციელებს, რომ თავად იყო ოჯახის წევრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და მის დასაცავად შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული რამდენიმე დღის წინ. ამ ინფორმაციაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია და ნინო ფსიქიატრიულ კლინიკაში მიიყვანა, საიდანაც ის აღარ გამოუშვეს,“ – წერს PHR-ი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნინოს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანის და განთავსების დროს  არ უწარმოებიათ ფაქტების სრული და ობიექტური შესწავლა.

„კერძოდ, პოლიციამ და ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ქალის მონაყოლი, რაც ფაქტებით იყო დადასტურებული [დის მხრიდან ნინოზე ფიზიკური ძალადობა, რის გამოც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახა მოძალადე დამ მაშინ, როცა თავად ნინო იყო ძალადობის მსხვერპლი და დასაცავი დის მხრიდან].

საქალაქო სასამართლომ მხოლოდ ექიმ-ფსიქიატრების მოსაზრებას მოუსმინა და ნინო 6 თვით ფსიქიატრიულში, მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა.

PHR-ის დახმარებით ნინომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში კანონის დარღვევით მოთავსების გამო“.

PHR-ის ინფორმაციით, ნინომ მათთან ერთად დაიწყო სამოქალაქო დავა კლინიკის წინააღმდეგ და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო, „რამაც მას ტკივილი და ტანჯვა განაცდევინა, მისთვის მორალური ზიანის  ანაზღაურება მოითხოვა“.

სასამართლოს ორმა ინსტანციამ დააკმაყოფილა ნინოს მოთხოვნა და კლინიკას მორალური ზიანის გადახდა დააკისრა.

აზოვსტალიდან გაყვანილი ტყვეების ვინაობა არ გასაჯაროვდება – წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საჯაროდ არ გამოაქვეყნებს ინფორმაციას „აზოვსტალიდან“ გაყვანილი მარიუპოლის მცველების შესახებ. ამავე დროს, მებრძოლების ოჯახებს შეუძლიათ მიმართონ ორგანიზაციას ამ ინფორმაციის მისაღებად – ინფორმაციას უკრაინული „24 კანალი“ ავრცელებს უკრაინაში „წითელი ჯვრის“ სპიკერის, მირელა ჰოდეიბის განცხადებაზე დაყრდნობით.

მირელა ჰოდეიბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია აზოვსტალიდან გაყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობისა და პირადი მონაცემების შესახებ კონფიდენციალური დარჩება.

„ორგანიზაციის წარმომადგენელმა თავი აარიდა კითხვას, აზოვსტალიდან გაყვანილი რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის დაჭრილი, დარეგისტრირდა წითელი ჯვრის მიერ“, – წერს გამოცემა.

„ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების შემოწმება, გაუჩინარების პრევენცია და მათ ოჯახებთან კავშირის შენარჩუნება. მაგრამ ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ სიებს ან იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც მოვინახულეთ ან მათ, ვისაც მოვინახულებთ მომავალში“, – თქვა ჰოდეიბმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ სამხედრო ტყვეების რეგისტრაცია საშუალებას აძლევს მათ „თავი დაცულად იგრძნონ უკვალოდ გაქრობის რისკისგან“.

  • რა ვიცით მარიუპოლის მცველებზე

ქალაქ მარიუპოლში 16 მაისამდე აგრძელებდნენ ბრძოლას უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებში იყვნენ გამაგრებული. მათ შორის იყვნენ: აზოვის პოლკი, მესაზღვრეები, პოლიცია, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა, ეროვნული გვარდია და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვა.

აზოვსტალი 21 აპრილიდან ალყაში იყო და განუწყვეტლივ იბომბებოდა, ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ასობით დაჭრილი, ჯარისკაცებს უთავდებოდათ მედიკამენტები და წყალი.

20 მაისს „აზოვის“ პოლკის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დენის პროკოპენკომ, ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა.

აზოვსტალიდან რუსმა სამხედროებმა სრულად გაიყვანეს უკრაინელი სამხედროები. უკრაინული მხარე ამ პროცესს ევაკუაციას უწოდებს და იმედოვნებს, რომ მათ გადაცვლას შეძლებს რუს ტყვეებში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულებით.

კრემლი კი ამბობს, რომ უკრაინელი მებრძოლები ტყვედ ჩაბარდნენ.

_______________

ფოტოზე: აზოვსტალი. ფოტოს ავტორია პოლკ „აზოვის“ მებრძოლი დმიტრო კაზაცკი.

ჩვენ გვჭირდება ომში წასვლა იმისთვის, რომ გადავრჩეთ – უკრაინელი ენის პროფესორი ომიდან

ვიქტორ მოისენკო ჟიტომირის ივან ფრანკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო უკრაინული ენის კათედრაზე.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე პროფესორმა სწავლის პროცესი მიატოვა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაეწერა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოსთან მოისენკო ამბობს, რომ არც დაფიქრებულა უნდა წასულიყო თუ არა საომრად, რადგან „სასწორზე უკრაინის არსებობის საკითხი დგას. 24-25 თებერვალს, როცა პირველი ბომბები დაუშინეს უკრაინას, ბევრი პროფესორი, ექიმი, მასწავლებელი თუ სხვა პროფესიის ადამიანი წავიდა საბრძოლველად, რადგან ეს ნამდვილად უკანასკნელი ბრძოლაა, რომელშიც უკრაინა არ უნდა დამარცხდეს“, – ამბობს ახლა უკვე უმცროსი სერჟანტი ვიქტორ მოისენკო.

АрміяINFORM-ი წერს, რომ ომის დაწყებამდე მოისენკო 30 წელი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას.

გამოცემასთან მისი კოლეგები ამბობენ, რომ ის ახალგაზრდობიდანვე უკრაინას იცავდა.

„მაშინ მისი ბრძოლის იარაღი იყო ენა, ენის ისტორია და დიალექტოლოგია – ყველაფერი, რასაც ჩვენი ენა, გენეტიკური კოდი ეფუძნება. კაბინეტის მეცნიერისგან ის უკრაინის მცველად იქცა“, – ამბობს გამოცემასთან მისი კოლეგა.

ვიქტორ მოისენკო ომში, /ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო – АрміяINFORM

ახლა უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების 57 წლის წევრი საკუთარ არჩევანს ასე ხსნის:

„დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის უნდა მომხდარიყო. ყველაფერი ამისკენ მიდიოდა, ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს რთულად ეგუება და ამაში ბრალი უკრაინას არ მიუძღვის. უკრაინას არასდროს არავის მიმართ ჰქონია პრეტენზია, მაგრამ რაც დრო გადის, მით მეტი პრეტენზია აქვს ჩრდილოელ მეზობელს ჩვენს მიმართ.

უკრაინელებმა ხმამაღლა თქვეს, რომ უკრაინელები არიან, რომ ისინი არ ეხებიან სხვის ისტორიას – პოლონეთის, თურქეთის, თუ რუსეთის ისტორიას, მაგრამ აქვთ საკუთარი ისტორია. არც თურქები, არც მადიარები და არც რუმინელები, თავს არასდროს დაგვსხმიან.

ერთადერთი, ვინც ამას აკეთებდა ყოველთვის, არის ნახევრად ველური ერი, რომელსაც არ ასწავლიან საკუთარ ისტორიას და ხელყოფენ სხვისას“, – ამბობს მებრძოლი პროფესორი.

მეცნიერი ამბობს, რომ უკრაინამ უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი მსოფლიოში, რადგან ქვეყანა ირჩევს თავისუფლებას ან სიკვდილს.

„ჩვენ არ გვჭირდება ომში წასვლა, რომ მოვკვდეთ. ომში წასვლა გვჭირდება იმისთვის, რომ გადავრჩეთ, გავიმარჯვოთ და ავაშენოთ უკრაინა“, – ამბობს პროფესორი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვიქტორ მოისენკოს მსგავსად უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის ივან ფრანკოს ჟიტომირის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 მასწავლებელი და სტუდენტი.


მთავარი ფოტო: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტოდან: АрміяINFORM

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა ავარიული და სახიფათოა – სამხარაულის ექსპერტიზა

„ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო ცალკეული ზონები  მწვავედ ავარიული და საფრთხის შემცველია. არსებული სახით შენობის ექსპლუატაცია დაუშვებელია“, – ნათქვამია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა, დღეს, 23 მაისს, მიიღო.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავის დასკვნაში მკაცრად განსაზღვრა, ასევე, უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს შენობის, განსაკუთრებით კი წიგნთსაცავის, დაცლა.

„პირველი რიგში საჭიროა მოხდეს მწვავედ ავარიული უბნების განტვირთვა [წიგნთსაცავის დაცლა] შესაბამისი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ უსაფრთხოების წესების დაცვით, სათანადო თანმიმდევრობით, წინასწარ დამზღვევი კონსტრუქციების დამონტაჟების შემდეგ, [საჭიროა ყველა სართულზე ტელესკოპური დგარებისა და კოჭების მონტაჟი], ხოლო შემდგომ შენობას ჩაუტარდეს საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის მიხედვით“.

ბიბლიოთეკის დირექტორი ჯონი საბაშვილი პირად საუბრებში აცხადებს, რომ შენობას რეაბილიტაციას ჩაუტარებენ და სხვა რაიმე სახის ეჭვები უსაფუძვლოა: „ამის გარანტიას გაძლევთ.“

დოკუმენტების მიხედვით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს  ექსპერტიზა „ბიბლიოთეკის შენობის ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად“ 17 მაისს დაუკვეთა.

ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა დროებით სხვა შენობაში გადავა, თუმცა ამ დროისთვის არ ვიცით, სად: „შენობას ვეძებთ.“

ევროპა აგრძელებს დღეში 1 მლრ ევროს გადახდას მოსკოვისთვის ნავთობსა და გაზში – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ომის მესამე თვის ბოლოს, ევროპის მიერ რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე უარს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინა კვლავაც აგრძელებს „ევროპული საზღვრისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას“, როდესაც ევროპული ქვეყნები ყოველდღიურად 1 მილიარდ ევროს უხდიან მოსკოვს ნავთობსა და გაზში.

„რუსეთის უკრაინაში შემოჭრიდან მესამე თვე იწურება. ევროპის ქვეყნები აგრძელებენ ყოველდღიურად მოსკოვისთვის ნავთობისა და გაზის შეძენაში 1 მილიარდი ევროს გადახდას. რუსეთი აგრძელებს ბავშვების დახოცვას, ქალების გაუპატიურებასა და ქალაქების განადგურებას. უკრაინა აგრძელებს ევროპული საზღვრისა და დემოკრატიული ცივილიზაციის დაცვას. დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესება ოფიციალურმა კიევმა არაერთხელ მოითხოვა დასავლელი პარტნიორებისგან. უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა არაერთგზის შეადარეს „უკრაინელების ხოცვის დაფინანსებას“.

ემბარგოს ან სადამსჯელო ტარიფის დაწესებას რუსულ გაზსა და ნავთობზე საჯაროდ დაუჭირა მხარი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა. მან 25 აპრილს WELT-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას არ ჰყავდა საკმარისი მხარდამჭერები და ემბარგოს საკითხი შემდეგ სესიაზე – 30-31 მაისს კვლავ განიხილება.

რუსულ ნავთობზე ემბარგოს ან სადამსჯელო ტარიფის დაწესებას მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.

ამ დრომდე, ოფიციალური განცხადებებისა და საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს ევროკავშირში ეწინააღმდეგებიან გერმანია, უნგრეთი და ავსტრია.

საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსული ეროვნული ვალუტა რომ გადაერჩინა, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით რუსეთმა გაზის გაყიდვა რუბლში დაიწყო. რუსეთი გაზის გადაკეტვით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან ამ ულტიმატუმზე.

ფინური კომპანია Gasum-მა რუსეთს გაზის საფასურის რუბლით გადახდაზე უარი უთხრა, რის გამოც 21 მაისს, რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. შედეგად, ფინეთი გახდა მესამე ევროპული სახელმწიფო ევროპაში, რომელსაც რუსული გაზი გადაუკეტეს. მანამდე, იმავე ქმედების სამიზნე გახდა პოლონეთი და ბულგარეთი.

როგორც BBC-ი იტყობინება, სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის არაერთ სხვა სახელმწიფოს, რადგან მაისის ბოლოსთვის ახლოვდება გაზის საფასურის გადახდის თარიღი.

__________

ამავე თემაზე: 

 

[red_box]ბორელის თქმით, რუსეთს 35 დღეში 35 მილიარდი გადაუხადეს – „შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება“[/red_box]

ევროკომისია რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს 5 კვირაში განიხილავს

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გასულ კვირას, აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. ფაქტობრივი მაჩვენებლები დიდწილად მოლოდინების შესაბამისია – რეალური ექსპორტის მცირედით უფრო მეტი კლების, თუმცა საინვესტიციო დანიშნულების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, რაც სენტიმენტების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.

გრძელდება ტურიზმის აღდგენა. ამ მხრივ, საყურადღებოა რომ თიბისის მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, ტურისტულმა შემოსავლებმა მიგრაციის ეფექტის გარეშეც მოიმატა. გზავნილები კი, ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების ხარჯზე, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, გადმორიცხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრაციას უკავშირდება და ტურიზმის შემოსავლებშიც აღირიცხება. აშკარაა, რომ საგარეო შემოდინებები ძლიერია და საქართველოს საგარეო ბალანსი უმჯობესდება.

აპრილის საკრედიტო აქტივობა, მარტის გარკვეული შენელების შემდეგ, ძლიერი იყო. სავალუტო კომპოზიციის მხრივ, უცხოური ვალუტა ჭარბობდა. ასევე გაუმჯობესდა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები.

გასულ კვირაში, საქსტატმა მწარმოებელთა ფასების აპრილის ინდექსიც გამოაქვეყნა, სადაც, წინა პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. ეს ასევე საყურადღებოა სამომხმარებლო ფასების კუთხითაც, რადგანაც ხშირად მწარმოებელთა ფასები, ამ უკანასკნელის წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. თავისთავად, ინფლაციის შემცირების კუთხით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამომავლოდ, ლარის შემდგომი გამყარების არგუმენტები კვლავაც სავალუტო ბაზარზე დოლარის ძლიერი მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით, საშუალო კურსიდან გამომდინარე, მისი ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა.

ბუნებრივია, დღესდღეობით ინფლაცია დიდი გამოწვევაა და ლარის შემდგომი გამყარება ამ მხრივ მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, საერთაშორისო მასშტაბით ძლიერი დოლარის გათვალისწინებით, უფრო ნეიტრალური პროგნოზის ალბათობა შედარებით მეტია. ეს სცენარი, სავალუტო ბაზარზე დოლარის გაზრდილი მიწოდების პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან, დოლარის შესყიდვის მიმართულებით სავალუტო ინტერვენციების გააქტიურებას გულისხმობს.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 23 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

რა ხდება დონბასში, ფრონტის წინა ხაზზე

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში შეტევებს იგერიებენ. იქ რუსი სამხედროები ცდილობენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვრებიდან გამოვიდნენ და უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე წაიწიონ წინ.

უკრაინის 24-ე არხი ავრცელებს დონეცკის ოლქის გენშტაბის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა მებრძოლებმა შეაჩერეს რუსი სამხედროების შეტევები სლავიანსკის მიმართულებით.

„დონეცკის ოლქში გრძელდება თავდასხმები ფრონტის მთელ ხაზზე. ღამით მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა ქალაქი ავდეევკა, ასევე, მარინკა და კრასნოგოროვკა, უგლედარი და ტორეცკი. რაც შეეხება იმ ქალაქებს, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მოშორებითაა, სამწუხაროდ, თავდასხმებისგან უკვე ძალიან დაზიანდა ქალაქი ბახმუტი, სოლედარი და მთლიანად ლიმანსკის ოლქი – განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ.

ის აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციებს იცავენ.

„მტერს შეტევის უკვე იმდენი მცდელობა ჰქონდა, რომ დათვლაც კი გვიჭირს, თუმცა მათ მცდელობებს წარმატებული შედეგი არ მოაქვს. რუსები კვლავაც დიდ დანაკარგებს განიცდიან. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახერხებენ გადაჯგუფებას და დამანგრეველ დარტყმებს აყენებენ მათ.“

კირილენკო აცხადებს, რომ უკვე მიმდინარეობს მზადება უკრაინის ტერიტორიების სრულად გასათავისუფლებლად. ამავე დროს, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან დაწყებულია ევაკუაცია.

რა ხდება სხვა საბრძოლო მიმართულებებზე – უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 40 სამხედროს ლიკვიდაცია შეძლეს ზაპოროჟიესთან.

თავდასხმები გრძელდება ლუგანსკის ოლქში. რუსი სამხედროები ცდილობენ სევეროდონეცკისა და სხვა ქალაქების აღებას.

23 მაისს, ღამით, განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ავდეევკა, 2014 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის თავდასხმა ამ ქალაქზე არ ყოფილა.

___

მთავარი ფოტო: უკრაინაში საომარი მოქმედებების რუკა/დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

„პუტინი ეშმაკია“ – ბოლო ზარზე ამ შეძახილისთვის დაღესტნელ გოგოს ბოდიში მოახდევინეს

რუსეთის ფედერაციის დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ იზბერბაშში სკოლის მოსწავლემ ბოლო ზარზე ომი გააპროტესტა.

„არა ომს, თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!“ – განაცხადა მიკროფონში გოგომ სკოლის დასრულების დღეს, ბოლო ზარის ღონისძიებაზე. ამ შეძახილების ამსახველი 12-წამიანი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. ვიდეოჩანაწერში ისმის ტაშის ხმაც.

მოგვიანებით გოგომ ბოდიში მოიხადა განცხადებისთვის.  ვიდეო, რომლითაც ის ბოდიშს იხდის, ასევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მოკლე ვიდეოში გოგო ამბობს, რომ მას ზუხრა ალბეკოვა ჰქვია, ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ ნანობს თავის საქციელს. მისი თქმით, მას ყურადღების მიქცევა სურდა.

„ამ ბოლო დროს გამოცდებზე ვნერვიულობდი, დედაჩემს ვეჩხუბე, ვაღიარებ ჩემს შეცდომას და ბოდიშს ვიხდი, რომ დღესასწაული ყველას გავუფუჭე”, – ამბობს ზუხრა ალბეკოვა.

გავრცელდა გოგოს დედის ვიდეოც, სადაც ქალი ბოდიშს იხდის მისი შვილის „ემოციური, დაუფიქრებელი საქციელისთვის“. ქალი ამბობს, რომ მის შვილს გამოცდებზე ძლიერი სტრესი ჰქონდა და ამიტომ გამოვიდა ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით. იგი ვიდეოში ამბობს, რომ მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკურ კურსს და „სპეცოპერაციას უკრაინაში“. „რაღაც გამომეპარა შვილის აღზრდაში, გპირდებით, რომ ასეთი რამ აღარასდროს განმეორდება“ – ამბობს ქალი.

Кавказ.Реалии-ს ცნობით, დედა-შვილს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა აიძულეს საჯაროდ ბოდიშის მოხდა. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღესტნის მმართველმა, სერგეი მელიკოვმა, პირადად დაურეკა ქალაქის მერს მოთხოვნით, გაერკვია ეს საკითხი.

Кавказ.Реалии-ს ცნობით, დაღესტნის პროსამთავრობო ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ კურსდამთავრებულის წინააღმდეგ შედგენილია ადმინისტრაციული ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.3.3 მუხლის მიხედვით [რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია] , ხოლო დედის წინააღმდეგ – 5.35-ე მუხლით [მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების მიერ არასრულწლოვანთა ვალდებულებების შეუსრულებლობა არასრულწლოვანთა მოვლა-პატრონობასა და აღზრდაში].

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 24 მაისს დაიწყება

ხვალ, 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება, რომელიც 15 ივნისს, დღის ბოლოს დასრულდება.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის 1700 თავისუფალი ადგილია. „მხოლოდ მე-15 სკოლაშია შევსებული ადგილები“-გვეუბნებიან რესურსცენტრში.

რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – registration.emis.ge მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

„შეგახსენებთ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესული ცვლილების გათვალისწინებით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში განხორციელდება იმ ბავშვების ჩარიცხვაც, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ,“- აცხადებს სამინისტრო.

III ეტაპის, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპზე, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

 

„ფარული ხარჯვა“ აჭარის ტელევიზიაში – 900 ათასი ლარის შესყიდვა კონკურსის გარეშე

მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების დევნის საქმის გამოძიებაზე პროკურატურამ უარი თქვა, ხოლო სასამართლომ ჟურნალისტების და რედაქტორების საქმის განსახილველად ვერ მოიცალა, დირექტორი უკვე მილიონამდე ლარის სატელევიზიო პროდუქციას უკონკურსოდ, პირდაპირი წესით ყიდულობს. ამისთვის მან დებულება უკვე შეცვალა, რაზეც ბორდმა უსიტყვოდ მოუწერა ხელი.

„არ ვყიდულობთ ტენდერით მექანიკურ პროდუქციას, პირდაპირ ვყიდულობთ… რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საოცარი რამეა, იმ წესით რომ მივდივარ, უფრო ძვირი გამოდის,“ – განაცხადა აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს 22 თებერვლის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად განიხილეს, დირექტორისთვის მიეცათ თუ არა ნება, კონკურსის გარეშე შეეძინა მილიონამდე ლარის ღირებულების სატელევიზიო პროდუქტი.

განიხილეს რა – ძირითადად გია ქარცივაძემ დასვა კითხვები სხდომაზე, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა და ეს ბორდის მეორე წევრმა, თამილა დოლიძემ გააპროტესტა. „ამდენი ადამიანი ვსხედვართ და ვისმენთ მხოლოდ თქვენს პაექრობას ამდენი საათია. თუ ასე პირადად გაქვთ რაღაცები სალაპარაკო, გაბრძანდით ოთახში და ილაპარაკეთ. დავიღალეთ რა…“ – განაცხადა თამილა დოლიძემ.

„უფრო ძვირი გამოდის,“ – უთხრა გია ქარცივაძეს გიორგი კოხრეიძემ კონკურსით წესით შესყიდვის წესის ცვლილებაზე და კონკრეტიკის გარეშე სცადა დასაბუთება: რატომ სჯობია დემოკრატიის ფუნდამენტურ წესს – საჯაროობას, ტენდერს და კონკურსს პირდაპირი შესყიდვის მსგავსი შესყიდვა, როცა საქმე მილიონამდე ლარის ხარჯვას ეხება.

საუბარია მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, ასევე სერიალების შესყიდვაზე, რაშიც წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“ 899 099 ლარს დახარჯავს. იმის მიუხედავად, რომ იგივე მექანიკური პროდუქციისთვის 2021 წელს, კონკურსის გზით ჩატარებული შესყიდვის შედეგად, აჭარის ტელევიზიამ 702 769 ლარი დახარჯა, აჭარის ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ მან „80 ათასი ლარი დაუზოგა ტელევიზიას“.

ბორდის სხდომაზე გიორგი კოხრეიძემ გია ქარცივაძეს ჰკითხა: რატომ იყენებდნენ კონკურსის წესს [წინა დირექტორის, ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობის დროს გია ქარცივაძე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა], როცა მის გარეშე შეიძლებოდა მექანიკური პროდუქციის შეძენა კანონით და თან კოხრეიძის მტკიცებით, თანხაც დაზოგეს.

„საიდან მოვიდა ეს 80 ათასი?… გარდა იმისა, რომ უარს ვამბობთ საჯაროობაზე, ეს აჩენს კორუფციის რისკს,“ – თქვა მრჩეველთა საბჭოს 22 თებერვლის სხდომაზე გია ქარცივაძემ, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ბორდის წევრებს შორის, ვინც გიორგი კოხრეიძეს მხარი არ დაუჭირა.

გიორგი კოხრეიძემ მრჩეველთა საბჭოს იმავე სხდომაზე აღნიშნა, რომ „52 საათამდე მეტი პროდუქცია შეიძინა“. თუმცა როცა გია ქარცივაძემ მეტი კონკრეტიკა ითხოვა და სხდომას ინგა გოგოლიშვილი შემოუერთდა, სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი, მან თქვა, რომ „ვადებში ვიჭედებოდით“. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ტელევიზია სამ კომპანიას დაუკავშირდა, ბაზარი მოიკვლია, ვის შეეძლო ლიცენზირებული „მექანიკური პროდუქციის“ მოწოდება და ისე მიიღეს გადაწყვეტილება.

ბორდის სხდომაზე გაირკვა, რომ ტელევიზიის დირექტორს წესი ბორდის სხდომამდეც უკვე შეუცვლია დებულებაში და მას აღარ სჭირდება მექანიკური პროდუქციის კონკურსის წესით შესყიდვა. ტელევიზიაში კომისია იქმნება, რომელიც მოიკვლევს ბაზარს იმ სატელევიზიო პროდუქტის შესახებ, რის შეძენაც სურთ და შემდეგ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას გაუფორმებენ ხელშეკრულებას.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკამ ცხადყო, რომ არ არის მიზანშეწონილი კონკურსის გამოცხადება, შესაბამისად შესყიდვის გამართლებულ მეთოდად ამ მომენტისათვის უნდა იქნეს მიჩნეული შესყიდვა ბაზრის კვლევის საფუძველზე და გამონაკლის შემთხვევებში პირდაპირი ფორმით შესყიდვა,“ – ჩაუწერია დებულებაში გიორგი კოხრეიძე.

„ეს არის ფარული ხარჯვა, შეძენა. ეს პირდაპირი შესყიდვაც არაა, რასაც სახელმწიფო აკეთებს, დაახლოებით ისეთია, მაგრამ ეს სრულიად დახურულია,“ – განმარტავს გია ქარცივაძე „ბათუმელებთან“. ის პროფესიით იურისტია და სხდომაზეც იკითხა: „ვისაც თქვენ იცნობდით, მარტო იმას დაუკავშირდით? იქნებ მეც მინდოდა მოწოდება, ვინ დამიკავშირდა? სად იყო გამოქვეყნებული ინფორმაცია ამის შესახებ?“ – თქვა ბორდის სხდომაზე გია ქარცივაძემ, რომელიც ასევე უპასუხოდ დარჩა.

ბორდის სხდომაზე ინგა გოგოლიშვილმა ისაუბრა თანხის დაზოგვაზეც: „მაგალითად, 2 ათასი ლარი იყო BBC-ის დოკუმენტური ფილმი, ახლა „ენ რეკორდსი“ გვაძლევს 1850 ლარად,“ – თქვა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ჯამურად რატომ იხდის ტელევიზია ახლა უფრო მეტს წინა წელთან შედარებით. „ბათუმელებს“ მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გია ქარცივაძემ გააცნო აჭარის ტელევიზიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზიამ 2021 წელს, როცა კონკურსი ჩატარდა, მექანიკური პროდუქციის შეძენაზე 702 496 ლარი დახარჯა.

„კი, დაახლოებით 700 ათასი დავხარჯეთ,“ – პასუხობს ინგა გოგოლიშვილი გია ქარცივაძეს ბორდის სხდომაზეც. წელს კი, „ენ რეკორდსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, აჭარის ტელევიზია მექანიკურ პროდუქციაში 899 099 ლარს გადაიხდის.

„მინიმუმ საზოგადოების ფინანსების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების მწვერვალია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გია ქარცივაძე და განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ არ დარღვეულა და ამის საკანონმდებლო დაშვება 2018 წლიდან არსებობს:

„მაგრამ არსებობს წესრიგი, ჩამოყალიბებული პრაქტიკა და ორგანიზაციული ტრადიცია, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ფინანსების გამჭვირვალე, საჯარო ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მარტიდან კანონმდებელმა გაათავისუფლა მაუწყებელი მექანიკური პროდუქციის შესაძენად საჯარო/ღია ტენდერი ჩაეტარებინა.

მაუწყებლის იმ დროინდელმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ საჯარო/საზოგადოების ფინანსების ხარჯვაში, რომელიც რამდენიმე ასეულობით ათასი ლარია, მინიმალური გამჭვირვალობის სტანდარტი მაინც ყოფილიყო დაცული. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში, მიმდინარე წელთან შედარებით, ბევრად ნაკლები თანხა იხარჯებოდა [ღია კონკურსის წესით] მექანიკური პროდუქციის შესაძენად, მიმდინარე წელს, როდესაც თანხა საკმაოდ მოცულობითი გახდა [თითქმის 900 000 ლარი], ამ შეძენის წინ გააუქმა დირექტორმა აღნიშნული კონკურსის წესი. ჩემთვის გაუგებარია ობიექტურ დამკვირვებელს როგორ არ უნდა გაუჩნდეს კითხვები: მაშინ როდესაც თანხა ნაკლები იყო ტარდებოდა კონკურსი  და ახერხებდა მაუწყებელი შეძენას, ხოლო როდესაც თანხა გაიზარდა, უარი ვთქვით კონკურსზე,“ – განმარტავს გია ქარცივაძე.

„იმისთვის გაკეთდა ეს, რომ არ გაესაჩივრებინა ვინმეს შემდეგ ეს გადაწყვეტილება და არ დაჩენილიყო მექანიკური პროდუქციის გარეშე ტელევიზია. ეს ჰქონდათ მიზნად, გეუბნებით,“ – უპასუხა გია ქარცივაძეს გიორგი კოხრეიძემ, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.

წელს აჭარის ტელევიზიას მექანიკურ პროდუქცია კომპანია „ენ რეკორდსი“ მიაწვდის. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ინგა გოგოლიშვილმა, სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების უფროსმა, აღნიშნა, რომ ეს იგივე კომპანია „ბრავოა,“ ვისთანაც წინა წლებშიც თანამშრომლობდა აჭარის ტელევიზია. „გადაირქვა სახელი, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ადამიანები იგივე არიან,“ – დასძინა ინგა გოგოლიშვილმა.

კორუფციული რისკების შემცირებაზე დასვა კითხვა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ „ფილმების შესყიდვა ტენდერით მართლაც ძალიან რთულია“. გიორგი კოხრეიძეს არ უპასუხია კონკრეტულად, როგორ შეამცირებს კორუფციის რისკს ახალი წესი, როცა კონკურსი აღარ ტარდება და ისე ყიდულობს ტელევიზია მილიონამდე ლარის პროდუქციას, რომ საჯაროდ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის.

კითხვა თამილა დოლიძემაც დასვა მას შემდეგ, რაც ახალი ფილმების და სერიალების ჩამონათვალს გაეცნო:

„ძველი ფილმებია ძირითადად“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ 2014 წლამდე წარმოებაში გაშვებულ ფილმებს ნახავს აჭარის ტელევიზიის მაყურებელი.

„აბა, ახალი, საპრემიერო ფილმები ოთუზბირი ღირს,“ – გადახედა თამილა დოლიძეს გიორგი კოხრეიძემ. დემოკრატიის დამასუსტებელი ახალი წესის შემოღებაში ოპოზიციის კვოტით ბორდში არჩეულმა თამარ წილოსანმაც აუწია მას ხელი.

სად დაიზოგა კონკრეტულად 80 ათასი ლარი, რაზეც გიორგი კოხრეიძე საუბრობდა და რატომ არჩია აჭარის ტელევიზიამ დახურული წესი ღია კონკურსს? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს. „თუ რამე გაინტერესებთ, მომწერეთ ოფიციალურად და მიიღე პასუხს ოფიციალურად,“ – მოგვწერა მან.

___

მთავარი ფოტო: სქრინი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 22 თებერვლის სხდომიდან

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
  • ტანკი – 1 293 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 3 166 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 604 ერთეული [+5]
  • MLRS – 201 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 204 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 170 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 476 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 110 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 206 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 177 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 990 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 319 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 421 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 643 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 106 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა 3 თვეში იმდენი სამხედრო დაკარგა, რამდენიც 9 წელში ავღანეთში – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა 3 თვეში იმდენი სამხედრო დაკარგა, რამდენიც 9 წელში ავღანეთში – ბრიტანეთის დაზვერვა

„თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველივე სამ თვეში, რუსეთმა დაახლოებით იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის განმავლობაში“, – ასე აფასებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვა რუსეთის სამხედრო დანაკარგებს უკრაინასთან ომში.

უწყების 23 მაისის განახლება ტვიტერზე მთლიანად რუსეთისთვის მიყენებულ ზიანს, მის მიზეზებსა და შესაძლო შედეგებს ეხება.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მოსკოვის წარუმატებლობისა და დიდი მსხვერპლის მიზეზად რუსეთის შეიარაღებული ძალების ცუდ ტაქტიკას, შეზღუდულ საჰაერო თავდაცვას, მოუქნელობას, შეცდომების გამეორებას და სარდლობის არასწორ მიდგომებს ასახელებს.

„ამან რუსეთი მიიყვანა ძალიან დიდ დანაკარგებამდე და ეს დანაკარგები იზრდება დონბასზე შეტევების ფონზე“, – წერს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა.

უწყება მიუთითებს, რომ წარსულში რუსეთის საზოგადოებამ აჩვენა, თუ რამდენად მგრძნობიარეა ომის მსხვერპლთა მიმართ.

„რაც უფრო გაიზრდება მსხვერპლი უკრაინაში, ეს დანაკლისი მით უფრო შესამჩნევი გახდება. ამან შესაძლოა გაზარდოს საზოგადოებაში ომით უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილების გამოხატვის სურვილი“.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინაში უკვე დაიღუპა 29 200 სამხედრო. NATO-ს მიერ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოკლული, დაკარგული, ტყვედ ჩავარდნილი ან დაჭრილია რუსეთის 40 000  სამხედრო მოსამსახურე.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განახლებას ტვიტერზე ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ პოსტში უწყება მიუთითებდა, რომ რუსეთმა სატანკო მხარდაჭერის საბრძოლო მანქანები, იგივე BMP-T „ტერმინატორები“, დონბასში, სევეროდონეცკის მიმართულებაზე განალაგა. დაზვერვის ანალიზის მიხედვით, მათი იქ ყოფნა მიანიშნებს, რომ ამ თავდასხმაში ჩართულია „სამხედრო ძალების ცენტრალური დაჯგუფება“ (CGF) – ერთადერთი დაჯგუფება, რომელიც „ტერმინატორს“ ველზე მართავს.

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბის ფეისბუქგვერდიდან

სიჩუმე კლავს, რეაქცია უნდა იყოს უფრო მკაფიო – ბათუმში ფემიციდი გააპროტესტეს

„შენი სიჩუმე კლავს“, „არ დახუჭო თვალი“ – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ასოციაციის“ წარმომადგენლები  ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ „როდესაც ქალს კლავენ, საზოგადოების რეაქცია ისეთი მკაფიო არ არის, როგორიც უნდა იყოს.“

მსგავსი შინაარსის აქციით ორგანიზაციები დღეს, 22 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში  გუშინ, 21 მაისს, მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურნენ.

21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ქმარმა ცოლი მოკლა. კაცი ქალს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ცივი იარაღით დაესხა თავს.

„ჩვენ გაბრაზებულები ვართ იმის გამო, რაც მოხდა და  გვინდა საზოგადოებას მოვუწოდოთ, რომ გამოეხმაურონ მსგავს შემთხვევებს უფრო მკვეთრად. დავგმოთ მსგავსი სახის სიძულვილი. ჯანსაღ საზოგადოებაში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. თუ ეჭვიანობ, უნდა გაშორდე ცოლს, ამის კომპლექსი საზოგადოებაში უნდა დაიგმოს ერთხელ და სამუდამოდ. ახლა ბავშვებმა მთელი ცხოვრება ამ ტრავმებით უნდა იცხოვრონ, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი. მე შევუერთდი ამ საპროტესტო აქციას, როგორც ბათუმელი მოქალაქე, “  – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს შემეცნებითი ცენტრის“ წარმომაგედნლის ლარა ქარცივაძის თქმით, მათი მთავარი გზავნილი  არის ის, რომ ახალგაზრდებს ჯანსაღ გარემოში სურთ ცხოვრება: „საქართველოში ამ მხრივ ძალიან რთული ვითარებაა, ჩვენ, ახალგაზრდები ამას არ ვემხრობით და გვინდა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.  აქ ვდგავართ იმისთვის, რომ დავიცვათ იმ ქალების ხმა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუღწევიათ თავი ძალადობისგან. ძალიან ბევრი ინტერესიანი მზერა დავინახე დღეს და მიხარია, რომ თუნდაც აქ გამვლელები მხარდაჭერას გამოხატავენ. ორი წუთით მაინც შეჩერდნენ, სწორად გაიგეს ჩვენი მესიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“

„ჩვენ ვაპროტესტებთ ფემიციდს და გვსურს საზოგადოებას დავანახოთ, რომ არ უნდა გაჩუმდნენ. თუ საზოგადოებამ არ მოახდინა რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, ეს განმეორდება ხვალაც და ამიტომ მსგავს ფაქტებს გაცილებით დიდი რეაქცია და პროტესტი უნდა მოჰყვეს. არ შეიძლება თვალის დახუჭვა, გაჩუმება და რაღაც ქცევების იმით გამართლება, გიჟი იყო, რატომ გაქვთ რეაქცია და ასე შემდეგ. ფეისბუქში შემხვდა მსგავსი კომენტარები, ეს არის ფემიციდი და ქალთა მკვლელობა იმის გამო, რომ ისინი არიან ქალები,“- ამბობს მარიამ ხაჟომია.

 

რა ბედი ელის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას და რატომ არ აქვს შენობას ძეგლის სტატუსი

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაურკვეველი ვადით დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ითქვა, რომ შენობა არა სანიტარული სამუშაოების გამო, არამედ მისი შესაძლო ავარიულობის მიზეზით არის დაკეტილი.

ამ თემაზე „ბათუმელების“ კითხვების შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაადასტურა, რომ მკითხველის მომსახურება არა სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების ჩატარების გამო, არამედ სხვა მიზეზით შეაჩერეს:

„ძვირფასო მკითხველებო,
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ბიბლიოთეკის ძირითადი კორპუსის (ვაჟა-ფშაველას#21) მდგრადობის კომპლექსური ანალიზი და საექსპერტო დასკვნის მომზადება.
აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებით წყვეტს ბიბლიოთეკა მკითხველთა მომსახურებას.
მომსახურების განახლების შესახებ გაცნობებთ.“

ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ შესასვლელში გამოკრული განცხადებაც შეცვალა:

როდის მომზადდება დასკვნა? – ბიბლიოთეკის დირექტორმა ჯონი საბაშვილმა პირად საუბარში გვითხრა, რომ დასკვნას 23 მაისს ელოდება.

ბიბლიოთეკის რამდენიმე თანამშრომელი, ვისთანაც „ბათუმელებმა“ გასაუბრება შეძლო, დარწმუნებულია, რომ შენობა ავარიულია და აქ მუშაობა საშიშია: „ჩამოგვენგრევა თავზე“. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ამ შიშის გაჩენაზე „მიზანმიმართულად იმუშავეს“.

ყველა მათგანი სახელისა და გვარის დასახელებით საუბარს ერიდება.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ შენობის კედლები მას შემდეგ დაიბზარა, როცა სარდაფში რამდენიმე სივრცე მოაწყვეს. არის თუ არა ეს ასე, ალბათ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გახდება ცნობილი.

ბიბლიოთეკის დირექტორი, ჯონი საბაშვილი აცხადებს, რომ შშმ პირებისთვის ბიბლიოთეკის სრული სერვისის მისაწვდომობის მიზნით ლიფტი უნდა მოაწყონ, ამიტომაც დასჭირდათ შენობის მდგრადობის შესწავლა.

ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით გავრცელებულ ამ ახალ ამბავს საეჭვოდ მიიჩნევენ ძეგლების დამცველები.

„იმდენად სახასიათო და საინტერესო შენობაა, წარმოუდგენელია, მაგას რაიმე დაემუქროს. თუმცა უნდობლობის ფაქტორია ძალიან მაღალი. საზოგადოებისგან ფარულად ხდება ხოლმე სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რაც მთავრდება ღირებული შენობების დაზიანებით, ან საერთოდ დემონტაჟით. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ცუდი ხდება შენობის თავს, რაღაც ცუდი აქვთ ჩაფიქრებული. სასურველია, რომ თავიდანვე ყველაფერი იყოს ღია და გამჭვირვალე“, – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი.

მიუხედავად შენობის ისტორიული ღირებულებისა, მას ძეგლის სტატუსი არ აქვს. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა გვითხრეს ისიც, რომ სტატუსის მინიჭებისთვის ყოფილმა დირექტორმა, გენო მახარაძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლამდე მიმართა, თუმცა შენობას სტატუსი არ მიანიჭეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი განაცხადი მათთან არ შესულა, შესაბამისად ის არ განუხილავთ.

არქიტექტორი გია რამიშვილი აცხადებს, რომ შენობას გარდა ისტორიულისა, არქიტექტურული ღირებულებაც აქვს და მას სტატუსი უნდა მიენიჭოს. იმსახურებს თუ არა შენობა სტატუსს, თუნდაც მხოლოდ მისი ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე და ხომ არ არის დაგეგმილი შესაბამისი განაცხადის ეროვნულ სააგენტოში გაგზავნა, ამაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვკითხეთ. პასუხი არ მიგვიღია.

ორგანიზაცია „ბათომის“ წევრის, შოთა გუჯაბიძის თქმით, იმის გამო, რომ შენობას აქვს ისტორიული ღირებულება, ნებისმიერ შემთხვევაში „უნდა მოხერხდეს მისი გამაგრება და სხვა არაფერი.“
„მე ვარ ნამყოფი ქვემოთ [სარდაფში] განთავსებულ ოთახებში და იქ სერიოზული არაფერი ჩატარებულა, ჩვეულებრივი პატარა ოთახებია, რომლებსაც საექსპოზიციო დარბაზებად იყენებენ. თუკი კვლევა მართლაც მდგრადობის დასადგენად ტარდება, სწორია, მაგრამ იმდენად აქვს გატეხილი სახელი ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი განცხადება აჩენს ეჭვს, რომ ის მიმართულია ამ ღირებულებისა და ისტორიის დასანგრევად. ვიღაცების ფულის საკეთებლად. ამიტომ ჩნდება ეჭვი“.
წყაროების მიხედვით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 1902  წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა: „ბათუმის ინტელიგენციის, ინტელიგენციასთან თანამდგომი ქალაქის დაბალი ფენებისა და ქალაქის მესვეურების ძალისხმევით.“
ბიბლიოთეკის გამგეობის შემადგენლობაში შედიოდნენ: ივ. ანდრონიკაშვილი (ქალაქის თავი), გრ. ვოლსკი, ვ. ლორტინი, ე. ტურკინი და კ. ჩხეიძე. ქალაქის მმართველობამ ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის გამოყო 1500 მანეთი. ახლად დაფუძნებული საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უმთავრესად შეწირული წიგნებით იზრდებოდა.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბიბლიოთეკის ფონდი 596 640 ერთეულია, მათ შორის 373 839 წიგნი, 84 ერთეული აუდიოწიგნი, 152 388 – ჟურნალი, 38 069 ერთეული და 3 902 კომპლექტი გაზეთია. საერთო მონაცემში შედის, ასევე, ფოტომასალა, რუკები, პლაკატები, კალენდარი და  სხვა.

აფხაზეთის ომის ვეტერანი ზელენსკის გამარჯვებასა და საკუთარ უსახლკარობაზე

„რა დამავიწყებს იმ დღეებს, უკრაინელი ბიჭები ჩვენთან ერთად რომ იდგნენ ავტომატებით ხელში და იბრძოდნენ. ახლაც რომ შემეძლოს, წავიდოდი უკრაინაში,“ – ამბობს აფხაზეთის ომის ვეტერანი და დევნილი აფხაზეთიდან გოჩა ბექაია. მან რუსეთ-უკრაინის ომზე საკუთარი პოზიცია გაგვიზიარა და აფხაზეთის ომი გაიხსენა, სადაც უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ.

„მოლაპარაკებაო, რომ ახსენებენ, ერთი მითხრან, რომელი შეთანხმება არსებობს, რომელიც რუსეთმა არ დაარღვია? რუსეთი ყველაფერს არღვევს და აფუჭებს… ჩვენი მიწებიც რუსებმა წაგვართვეს. ვინ ვერ ხვდება ამას?

ახლა უკრაინა რითაც დგას ამ დრომდე ფეხზე, ეს დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერაა, აწვდიან ყველაფერს, მაგრამ მე იმას ვფიქრობ, რომ მარტო იარაღს კი არ უნდა აწვდიდნენ, რეალურად უნდა გააჩერონ რუსეთი. მუდმივად არ უნდა ვიჭყლიტებოდეთ შუაში ჩვენ და უკრაინა, მოლდოვაც შესაძლოა მოიყოლონ უკვე.

რასაც აზოვსტალის მებრძოლებს ვუყურებ, როგორ წარმოუდგენიათ მაგათი დამარცხება? რუსების გაყრა დაკავებული მიწიდან ძალიან ძნელია, მაგრამ იმედია, შეძლებენ ამას უკრაინელები… ზელენსკი მოიგებს, რადგან ის ხალხის გვერდითაა. ესაა მთავარი მებრძოლისთვის, როცა ხელისუფლება და პრეზიდენტი შენ გვერდითაა. ლიდერი როცა ხარ, კი არ უნდა დაიმალო, წინ უნდა წახვიდე.

აფხაზეთის ომში 11 დღე არტილერიის გარეშე დაგვტოვეს, მოლაპარაკებაა და ვრიგდებითო. ეს რომ გავიგეთ, თავიდან კი გაგვიხარდა, მაგრამ რა მოლაპარაკება? დაგვტოვეს არტილერიის გარეშე, ცარიელი ავტომატებით ხელში,“ – გვიყვება გოჩა ბექაია.

იგი იხსენებს, რომ 23 წლის იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. ომამდე გოჩა ბექაია ტექნიკუმში სწავლობდა და ჯარში გაწვევის გამო სწავლა შეუწყვეტია. ჯარიდან დაბრუნებიდან მეორე დღეს გოჩას ეზოში უთხრეს, ომი დაიწყო.

„ძირითადად ავტომანქანაზე ვმუშაობდი, რომელიც შეიარაღებას აწვდიდა საბრძოლო დანაყოფებს. სოხუმში ერთი ასეთი დასახელებაა – ლინდავა, მაქ გავიცანი უკრაინელი მებრძოლები. მაგენი რასაც ჰქვია იბრძოდნენ, პირდაპირ პოზიციაზე იდგნენ… ახლო მეგობრები არ იყვნენ ჩემი, მაგრამ რამდენჯერმე შევხდი, მესალმებოდნენ, მოვიკითხავდით ერთმანეთს.

მერე, რომ გართულდა სიტუაცია, მეც პოზიციაზე დავდექი, სადაც 10 კაცი მინიმუმ მაინც უნდა ვყოფილიყავით, ხუთი ვიდექით, სხვები აფხაზეთის დატოვებაში ეხმარებოდნენ ოჯახებს.

ჩემებიც გავამგზავრე მეგონა, მაგრამ ვერ წასულან, თურმე. მერე გავიგე, რომ დედაჩემს და ჩემს დასაც 27 სექტემბერს დაუტოვებიათ სოხუმი. იმ გემით წამოვიდნენ, რომლის კადრებიც არსებობს, აი, ძაღლი რომ გამორბის უკან… სხვათა შორის, დედაჩემმა და ჩემმა დამაც უკრაინელების დახმარებით დატოვეს მშვიდობიანად აფხაზეთი.

მე სოხუმის დაცემის მერე წამოვედი ფეხით, 19 ჯარისკაცი ვიყავით ერთად, რამდენიმე დღე და ღამე ვიარეთ ფეხით,“ – იხსენებს გოჩა ბექაია. მას ფოსტიდან დაურეკავს ოჯახის ნათესავისთვის და გაურკვევია, რომ მისი ოჯახის წევრები ბათუმში წამოვიდნენ, მამის შესახებ კი, არაფერი ისმოდა.

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს 44 წლის გულერი ბექაიას დახვრეტის ამბავი ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ უთხრეს.

„მამაჩემი ქიმიური ქარხნის ყარაულად მუშაობდა, დახვრიტეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი იყო, იქვე, ქარხანასთან… ერთია, როცა ომში გხვდება ტყვია და მეორე, მშვიდობიან ადამიანს რომ კლავ.

არ ვიცი, ვის როგორ უნდა შევურიგდე. მე ვერ ვაპატიებ, ჩემმა შვილებმა აპატიონ…

მამას დახვრეტის ამბავი თავიდან არ ვიცოდით, მაგრამ ვხდებოდით, რომ მამა აღარ იყო ცოცხალი, არაფერი აღარ ისმოდა, დეპეშას გამოაგზავნიდა მაინც… წლების შემდეგ დამირეკა ახლობელმა ქალმა და მითხრა, რომ მამა დახვრიტეს, მე ვიცი ეს ამბავი, არ გეუბნებოდითო. სამი კაცი ერთად დახვრიტეს თურმე ტყუილუბრალოდ და მათ შორის იყო მამაც. დნმ-ის მონაცემები დიდი ხანია გაგზავნილი მაქვს, „წითელი ჯვარი“ ეძებს მის ცხედარს, მაგრამ ამ დრომდე ვერ იპოვეს…“ – გვითხრა გოჩა ბექაიამ.

აფხაზეთის ომის ვეტერანი ამბობს, რომ წლებია უსახლკაროდაა. მას ბათუმში, სასტუმრო „მესხეთიდან“ გამოსახლების დროს 7 ათასი ამერიკული დოლარი მისცეს. ამ ფასად საცხოვრებელი ბინის შეძენა ვერ მოახერხა.

„ახლა გირაოთი ვართ 13 ათას დოლარად, ვადა მეწურება, უნდა მოვძებნო ახალი ბინა, მაგრამ სად მოვძებნო? 9 ბინა მოვიცვალეთ უკვე, ჩემმა შვილებმა უკვე ბათუმის ყველა უბანი იციან. უფროსი გოგოა და უკვე ამთავრებს სკოლას, მეორე ბიჭია და 14 წლისაა უკვე… მაშინაც ვამბობდი, მაყიდინეთ რამე და შევალ-მეთქი. ჩემს მდგომარეობაშია ძალიან ბევრი სხვა დევნილიც და ამ დროს ვისმენთ განცხადებას, რომ ყველა დევნილი დაბინავებულია, სად ვარ დაბინავებული?“ – კითხულობს აფხაზეთიდან დევნილი.

აფხაზეთიდან დევნილებს სახელმწიფო თვეში 45 ლარს ურიცხავს. როგორც ომის ვეტერანს, გოჩა ბექაიას სახელმწიფო ელექტროენერგიის საფასურის დასაფარავად ურიცხავს თვეში 100 ლარს.

„წელს გაზარდეს, მანამდე 22 ლარი იყო. რომ არ ვმუშაობდეთ, არ ვიცი, როგორ უნდა ვიარსებოთ საერთოდ, შიმშილით დავიხოცებოდით, ალბათ,“ – გვითხრა ომის ვეტერანმა და დამშვიდობებამდე დასძინა, ყველაზე მეტად სოხუმში დაბრუნება რომ ურჩევნია, დიდი კორპუსის ერთ პატარა ბინაში, მის ოჯახს რომ ეკუთვნოდა.

„ჩამონგრეულია და აღარ იცხოვრება, სოციალურ ქსელში იყო რაღაც ვიდეო და იქ მაჩვენეს, ბოლომდე ვეღარ ვუყურე…“, – დასძინა გოჩა ბექაიამ.

ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ორბის“ უკანონო მშენებლობის დემონტაჟს ითხოვენ | აქცია

დღეს, 22 მაისს ბათუმში,ხიმშიაშვილის #15-ში, 9-სართულიანი სახლის და მის გვერდით მდებარე კორპუსების მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანია „ორბის“ უკანონო მშენებლობის შეჩერებასთან ერთად, უკვე აგებული კონსტრუქციის დემონტაჟს ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მხოლოდ მშენებლობის შეჩერება მოითხოვა და არა დემონტაჟი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ არ დაანგრევენ უკანონოდ აშენებულ ნაგებობას, სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მუნიციპალურმა ინსპექციამ „ორბი ჯგუფი“ თავდაპირველად გააფრთხილა. კომპანიამ მშენებლობა მაინც გააგრძელა. შემდეგ ინსპექციამ „ორბი ჯგუფი“ 5 000 ლარით დააჯარიმა და მშენებლობა გააჩერა.

_____

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 

კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

სურსათის დეფიციტის თავიდან ასარიდებლად მოგვეცით შეიარაღება – პოდოლიაკი მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ყოველკვირეული ბრიტანული ჟურნალის The Economist-ის 19 მაისის გამოცემის მთავარ თემას გამოეხმაურა.

The Economist-ის მიმდინარე კვირის ნომრის გარეკანზე დიზაინერ რიკარდო რეის ილუსტრაციაა, პურის თავთავები, რომლებსაც მარცვლების ნაცვლად თავის ქალები ასხია.

„მოახლოებული სასურსათო კატასტროფა,“ – ასე ჰქვია სტატიას. როგორც თავად გამომცემლობა წერს ტვიტერზე, სტატია მოგვითხრობს, თუ როგორ შეიძლება ომით გამოწვეული მოსალოდნელი მასობრივი შიმშილობის უბედურების მინიმუმამდე შემცირება.

„უკრაინაზე თავდასხმით ვლადიმერ პუტინი გაანადგურებს ბრძოლის ველიდან გაცილებით შორს მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ეს ისეთი მასშტაბის იქნება, მან შესაძლოა ინანოს კიდეც,” – ასე იწყება სტატია, რომელშიც განხილულია ომით გამოწვეული საკვების დეფიციტი. საუბარია უკრაინიდან მარცვლეულისა და ზეთოვანი თესლის ექსპორტის შეჩერებასა და იმაზე, რომ შესაძლოა იგივე მოხდეს რუსეთის შემთხვევაშიც.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ წლის დასაწყისიდან 53%-ით გაზრდილი ხორბლის ფასი 16 მაისს, ინდოეთის მიერ ხორბლის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, კიდევ 6%-ით გაიზარდა. The Economist წერს, რომ ომმა კიდევ უფრო შეარყია კოვიდპანდემიის, გლობალური დათბობისა და ენერგეტიკული შოკისგან ისედაც დასუსტებული გლობალური სასურსათო სისტემა.

„როგორც მოსალოდნელია, თუ ომი კიდევ გაგრძელდება, რუსეთიდან და უკრაინიდან მარაგები იქნება ლიმიტირებული, ასობით მილიონი ადამიანი ჩავარდება სიღარიბეში. გავრცელდება პოლიტიკური არეულობა, დაირღვევა ბავშვების განვითარება და ხალხი იშიმშილებს,“ – ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც, როგორც პოდოლიაკი წერს, მსოფლიოს სთავაზობს მიაღწიონ შეთანხმებას უკრაინასა და რუსეთთან, შავ ზღვაში სურსათის საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ მსგავსი შეთანხმებისთვის რუსეთთან ვაჭრობაზე უკეთესი იდეაა უკრაინის სარაკეტო სისტემებითა და სხვა მძიმე იარაღით მომარაგება.

„სურსათის დეფიციტის გამო შესაძლოა 1,6 მილიარდ ადამიანს არასრულფასოვანი კვება დაემუქროს. ფასების ზრდასთან დაკავშირებით ასობით მილიონი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება. ასე პროგრნოზირებს The Economist-ი ომის ეფექტს და მსოფლიოს შავ ზღვაში სურსათის საერთაშორისო გადაზიდვებზე რუსეთსა და უკრაინასთან შეთანხმების მიღწევას სთავაზობს.

ვევაჭროთ ქვეყანას, რომელმაც მძევლები აიყვანა? ჩვენ უკეთესი იდეა გვაქვს. მსოფლიო უნდა შეთანხმდეს MLRS – ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და სხვა აუცილებელი მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემაზე, შავ ზღვაში ბლოკადის მოსახსნელად. ამის შემდეგ ყველაფერს თავად გავაკეთებთ,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

რუსეთ-უკრაინის ომის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრული – Wall Street Journal-ი

გამოცემა  Wall Street Journal-ი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულის 5 სხვადასხვა შესაძლო დასასრულს განიხილავს.

გამოცემა წერს, რომ ომის მესამე თვესაც კი, ჯერ კიდევ ვერ აღწევს რუსული მხარე სერიოზულ წარმატებას ბრძოლის ველზე. ექსპერტების ნაწილი უკრაინის დიდი კონტრშეტევის შესაძლებლობასაც განიხილავს, რამდენიმე კვირაში.

ომის დასასრულის 5 სხვადასხვა ვარიანტზე ვრცელი სტატია WSJ-მ 19 მაისს გამოაქვეყნა.

  • რუსეთის კრახი

მაღალი მოტივაციით განმსჭვალულმა და კარგად შეიარაღებულმა უკრაინულმა ძალებმა ისარგებლეს რუსი სამხედროების სისუსტეებით.

რუსები იბრძვიან სუსტი ლოჯისტიკით, კოორდინაცია სუსტია საჯარისო ნაწილებს შორისაც. რუსულ ჯარს არც მორალური და სულიერი შემართება აქვს.

დასავლელი ექსპერტების უმრავლესობა ომის ანალიზისას აღნიშნავს, რომ მოსკოვის „გეგმა ბ“ გულისხმობს ძალების აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კონცენტრირებას, საკუთარი პლაცდარმის გაფართოებას დონბასში. ეს გეგმა გაცილებით ნელა მუშაობს, ვიდრე ამას რუსები იმედოვნებდნენ.

ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, შეუძლებელია რუსების გეგმის განხორციელება: მოაქციონ უკრაინის ჯარი ალყაში, მით უფრო, რომ ომში უკვე იყენებენ დასავლურ ნაღმმტყორცნ M777-სა და სხვა იარაღს. პენტაგონი ამბობს, რომ სწორედ ეს იარაღი ცვლის ომში ვითარებას.

საუკეთესო რამ, რაც ზოგიერთ ანალიტიკოსს შეუძლია თქვას მოსკოვის საომარ მოქმედებებზე, არის ის, რომ ჯერ ისინი არ დაცემულან. „შეიძლება ვთქვათ, რომ რუსული არმია კარგად უმკლავდება მდგომარეობას, იმის გათვალისწინებით, რა წინააღმდეგობის მოგერიებაც უწევთ“, – ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების დამსახურებული პროფესორი ლოურენს ფრიდმანი. თუმცა, იქვე დასძენს, რომ „ჯარი შეიძლება მყიფე აღმოჩნდეს“.

დასავლეთის დაზვერვის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ რუსი სამხედროების დიდი ნაწილი უარს აცხადებს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

დასავლური დაზვერვის ცნობით, რუსული დანაყოფები, რომლებიც კიევთან ბრძოლებში დამარცხდნენ, ისევ ომში დააბრუნეს ცუდად გაწვრთნილი ახალწვეულებით.

დაზვერვა ამბობს, რომ დამატებითი ძალების მობილიზებამ, როგორიცაა ჩეჩენი ბოევიკები, კიდევ უფრო გაურთულა ძალთა კოორდინაციის შესაძლებლობა რუსეთს.

„მგონია, რომ ესაა სცენარი, რომელიც შესაძლოა საკმარისად არაა შეფასებული და გაანალიზებული. ეს რუსეთის რეალური კოლაფსის შესაძლებლობაა“, – ამბობს ელიოტ კოენი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევარი.

კოენის თქმით, ომის ნებისმიერი შედეგი მოახდენს გავლენას მოსკოვზე. „მგონია, რომ რაღაც ფუნდამენტურ დონეზე პუტინმა უკვე წააგო ომი. ძნელი წარმოსადგენია, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – ამბობს მკვლევარი.

  • უკრაინის კრახი

უკრაინელების მიერ რუსეთის ძალებისთვის მიყენებული ზიანი და დანაკარგები კარგად არის დოკუმენტირებული და აღწერილი. თუმცა ნაკლები მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, თუ რა დანაკარგები აქვს უკრაინულ მხარეს.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოწმობს, რომ უკრაინული მხარის საომარ აღჭურვილობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. თუმცა, დასავლეთის შეფასებით, უკრაინის ცოცხალი ძალის მსხვერპლი გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც რუსეთმა განიცადა. ნატოს მიერ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა 40 ათასი რუსი სამხედრო.

მარიუპოლის აღება რუსეთის დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება იყო. უკრაინელები თითქმის სამი თვის განმავლობაში იყვნენ მოქცეულები ფოლადის ქარხნის ალყაში, მერე კი იარაღი დაყარეს.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ მოსკოვის შეიარაღებული ძალები ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებენ უკრაინაზე სევეროდონეცკში, დონბასისა და ლიმანის გარშემო.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინული ძალების ეფექტურობას დასავლური ტექნიკა მნიშვნელოვნად გაზრდის.

გაერთიანებული ძალების სამეფო ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი და უსაფრთხოების საკითხებში ლონდონის ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი, მაიკლ კლარკი განმარტავს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის პირობა, გაუწიოს უკრაინას 33 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, არის ერთგვარი სიგნალი – ამერიკის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, ამ ომში უკრაინა რომ არ დამარცხდეს. კლარკის მოსაზრებით, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს უკრაინის დამარცხების ალბათობას.

  • ჩიხი

ომი ხშირად ექცევა ჩიხში და არც ერთ მხარეს არ სურს ამ დროს დანებება, წაგება. დასავლელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ამ გარემოებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კონფლიქტის გაგრძელებას მომავალ წელსაც ან კიდევ დიდხანს.

„ომი ხშირად კონკურენტული კოლაფსია, როცა გამარჯვება მიდის ჯერ კიდევ ფეხზე მდგარი მხარისკენ, თუმცა ამ დროს ორივე მხარე საშინლად იტანჯება. ასე მოხდა 1918 წელსაც“, – ამბობს კოენი პირველი მსოფლიო ომის დასასრულზე საუბრისას.

კოენის თქმით, ნაკლებსავარაუდოა რუსებმა შეძლონ დანაკარგების აღდგენა. უფრო სარწმუნო სცენარია, რომ  უკრაინელები გამოიყენებენ ტაქტიკურ უპირატესობას: შეარჩევენ ადგილებს, დროს, რუსულ ძალებზე თავდასხმისა და დანაყოფებში შეღწევისთვის.

რამდენიმე ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ თუ უკრაინის ძალებს ახლა შეუძლია დაუპირისპირდეს რუსების შეტევას დონბასში, მაშინ ისინი შეძლებენ კონტრშეტევაზე გადასვლასაც რამდენიმე კვირაში, რაც ომის კრიტიკული ფაზა იქნება.

კლარკის თქმით, რუსული არმია მცირერიცხოვანია იმისთვის, რომ  თუნდაც გარკვეულ მიზნებს მიაღწიოს უკრაინაში. ახლა მოსკოვის გრძელვადიანი ამოცანაა, შეძლოს ძალების რეკრუტირება და ძირითად არმიაში დამატებით 150-180 ათასამდე სამხედრო პირის მობილიზება.

„აუცილებელი წვრთნების გათვალისწინებით, ახალწვეულები ბრძოლის ველზე წლის ბოლომდე გამოჩნდებიან. თუ შემდეგ წელს რუსები შეძლებენ დიდი ძალების მობილიზებას, ჩიხში შევალთ“, – ამბობს კოენი.

  • უკრაინის შეტევა

აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ ჯარების გადასროლის შემდეგ, როგორც ჩანს, რუსებმა იჩქარეს ეტაპობრივი შეტევის წამოწყება, რიგ შემთხვევებში კიევიდან გამოძევებული ჯარების საქმეში ჩართვით, ნაცვლად იმისა, რომ დრო დაეთმოთ ჯარების ფართომასშტაბიანი მობილიზებისთვის.

რაღაც მომენტში რუსები წინსვლას შეწყვეტენ. ამ ეტაპზე კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასავლური იარაღი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ.

შორსმტყორცნი ამერიკული ჰაუბიცები უკრაინელებს საშუალებას აძლევს შეუტიონ რუსეთის ჯარებს ცეცხლის ზონაში მოხვედრის გარეშე. უკრაინა ასევე იღებს სხვა დასავლურ აღჭურვილობას, როგორიცაა Switchblade და Phoenix Ghost დრონები.

უკრაინელების მინიმალური მიზანია ქვეყნის საზღვრების აღდგენა ომის დაწყებამდე – 23 თებერვლის მდგომარეობით.

ანალიტიკოსების თქმით, თუ უკრაინელები წარმატებას მიაღწევენ, შეჩერება პოლიტიკური გამოწვევა იქნება პრეზიდენტ ზელენსკისთვის და გაჩნდება სურვილი რუსების კიდევ უფრო შორს განდევნის.

შეტევითი ოპერაციები თავდაცვით ოპერაციებზე უფრო რთულია. იმ ტერიტორიებზე გადაადგილება, სადაც რუსები არიან გამაგრებულები, უკრაინისთვის ამბიციური ნაბიჯი იქნება.

ზეწოლა გარედან, განსაკუთრებით ევროპელების მხრიდან, ზელენსკიზე გაიზრდება შესაძლო შემტევი ბრძოლების შეჩერების მიზნით.

  • ესკალაცია

ზოგიერთი ანალიტიკოსი ახლა წუხს, რომ რუსეთის ლიდერის კუთხეში მიმწყვდევამ შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს. ესკალაციად ისინი განიხილავენ ბრძოლის ველზე ტაქტიკური ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების ალბათობას, თუმცა დასავლელი ანალიტიკოსების აზრით ეს ნაკლებსავარაუდოა.

მათი აზრით, მაშინაც კი, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ ბრძოლის ველზე, კონფლიქტი ავტომატურად მაინც არ გადაიზრდება დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებაში, ისე, რომ ისინი ერთმანეთს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებით დაუპირისპირდნენ.

რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება დაარღვევს ომში ამგვარი იარაღის გამოყენების აკრძალვას, რომელიც 1945 წლიდან მოქმედებს. რეაქციაც შესაბამისი იქნება.

„ვვარაუდობ, რომ თუ პუტინი ასე შორს წავიდა, ის წინააღმდეგობას წააწყდება და ქვეშევრდომები მის ბრძანებებს არ შეასრულებენ“, – ამბობს კოენი.

ასეთი იარაღის გამოყენება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცევს რუსეთს სანქციების მორიგი ტალღით, რომელიც მიმართული იქნება არამხოლოდ რუსული, არამედ ნებისმიერი კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთში ეწევა ბიზნესს.

ანალიტიკოსების თქმით, ამგვარი იარაღის გამოყენებაც კი, რუსეთს ბრძოლის ველზე უპირატესობასა და წარმატებას ვერ მოუტანს, რადგან რუსული და უკრაინული ძალები ახლო დისტანციაზე ებრძვიან ერთმანეთს – ერთ კონკრეტულ ადგილას არ არიან უკრაინული ძალები კონცენტრირებულნი.

საბრძოლო მოქმედებებიდან მოშორებით აკრძალული ბომბების გამოყენება რუსეთის მხრიდან იქნებოდა კიევში გადაწყვეტილების მიმღები პირებისა დატერორება და ზეწოლა დასავლეთზეც, რომ ამ უკანასკნელმა წაახალისოს ზელენსკი მშვიდობის დასამყარებლად, უკრაინის დანებების გზით. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჰიპოთეტურად ეს შესაძლებელია, თუმცა მოვლენების ასე განვითარება ნაკლებადაა მოსალოდნელი.

ანალიტიკოსების თქმით, დასავლეთისგან ბირთვული იარაღით პასუხი მოსალოდნელი დიდად არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ ისინი ამისთვის სამხედრო პასუხს გასცემენ რუსეთს.

ამჟამინდელი წითელი ხაზები, რომელიც არ აძლევს დასავლეთს შესაძლებლობას ჩაერთოს საჰაერო ოპერაციებში, სავარაუდოდ გაქრება ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში და შეიქმნება ფრენის აკრძალული ზონა.

კოენის თქმით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შესაძლოა დასავლეთის პოტენციურ სამიზნედ იქცეს, რუსეთის რაციონალურ მოთამაშეებს კი სურთ, აირიდონ პირდაპირი შეტაკებები აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების საჰაერო ძალებთან.

ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა – დაიღუპა ერთი ქალი

ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა. ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაიწვა ერთსართულიანი ხის სახლი.

ხანძრის გაჩენის დროს სახლში ორი პირი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი ეტლით მოსარგებლე, მისი გამოყვანა ადგილობრივებმა შეძლეს, თუმცა 72 წლის ქალის გამოყვანა ვეღარ მოხერხდა. ის დაიღუპა.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები: „ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებისთვის თავშესაფრის გამოყოფაზე. ჩვენ ამის შესახებ  ვერაფერს გეტყვით.“

მერის წარმომადგენელი რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – გოჩა შანთაძე ამბობს, რომ დაზარალებულ ოჯახს მეზობელთან გადაიყვანენ და ქირის თანხას მერია აანაზღაურებს.

ოჯახი, რომელსაც სახლი დაეწვა, 7-სულიანი იყო.

სევეროდონეცკის მიმართულებით რუსებმა „ტერმინატორები“ განალაგეს – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 22 მაისის მონაცემებით, როგორც ჩანს, სატანკო მხარდაჭერის საბრძოლო მანქანები, იგივე BMP-T  „ტერმინატორი“, დონბასში, სევეროდონეცკის მიმართულებაზე განალაგეს.

დაზვერვის ანალიზის მიხედვით, მათი იქ ყოფნა მიანიშნებს, რომ ამ თავდასხმაში ჩართულია „სამხედრო ძალების ცენტრალური დაჯგუფება“ (CGF) – ერთადერთი დაჯგუფება, რომელიც „ტერმინატორს“ ველზე მართავს.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, CGF-ს თავდასხმის პირველ ფაზაში მძიმე დანაკარგები აქვს აღმოსავლეთ კიევის გარღვევის წარუმატებელი მცდელობისას.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 22 მაისის განახლებაში ვკითხულობთ, „ტერმინატორი“ რუსეთმა მას შემდეგ შექმნა, რაც ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში აღმოაჩინა, რომ საბრძოლო ტანკებს სჭირდებოდა დაცვისა და მხარდაჭერის მიწოდება.

დაზვერვის ინფორმაციით, სევეროდონეცკის არეალი ამ დრომდე რჩება რუსეთის ერთ-ერთ სასწრაფო ტაქტიკურ პრიორიტეტად. თუმცა მაქსიმუმ ათი „ტერმინატორით“, რაც ახლა დონბასშია განლაგებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გავლენას იქონიებს საბრძოლო კამპანიაზე.

______

მთავარი ფოტო: BMP-T ტერმინატორი 

უკრაინაში მოკლეს მინისტრ შოიგუს ინგუში მოადგილის დის შვილი – მედია

უკრაინაში ლიკვიდირებული იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილის, იუნუს-ბეკ ევკუროვის დის შვილი. ამის შესახებ უკრაინული მედია პორტალ The Magas Times-ზე დაყრდნობით წერს. ევკუროვი მრავალი წლის განმავლობაში იყო კრემლის საიმედო დასაყრდენი ინგუშეთში და ამ კავკასიური რესპუბლიკის ლიდერის პოზიცია უპრეცედენტო საპროტესტო აქციების შედეგად, იძულებით დატოვა.

The Magas Times-ის მიხედვით, მოკლული ადამ ხამხოევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კაპიტანი იყო. ის უკრაინაში მოკლეს 20-21 მაისის ღამეს. ოფიცერი ერთ-ერთ საჰაერო-სადესანტო ნაწილს მეთაურობდა.

ლიკვიდირებულის ცხედრის გადასვენება დღეს, 22 მაისს იგეგმება ინგუშეთში, სადაც მას დაკრძალავენ.

The Magas Times-ის იუწყება, რომ ადამ ხამხოევი დაამთავრა რიაზანის საჰაერო-სადესანტო ძალების უმაღლესი სამეთაურო სკოლა, რის შემდეგაც მსახურობდა ქალაქ ულიანოვსკში.

გამოცემა Fortanga ირწმუნება, რომ ადამ ხამხოევი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იუნუს-ბეკ ევკუროვის დის შვილია. – „ევკუროვი მას დაეხმარა კარიერის გაკეთებაში. ის იყო ღირსეული ბიჭი”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და არც ინგუშეთის ხელისუფლებას ხამხოევის დაღუპვა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

ყოფილი ჯარისკაცი, იუნუს-ბეკ ევკუროვი 2019 წლის 25 იანვრამდე ინგუშეთის რესპუბლიკის ლიდერი იყო და მან თანამდებობა ხალხის პროტესტის ფონზე დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა მრავალთვიანი აქციები მეზობელ ჩეჩნეთთან სასაზღვრო შეთანხმების დადების გამო, რომელსაც ინგუშეთში უსამართლოდ მიიჩნევდნენ.

2018 წლის 26 სექტემბერს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა ხელშეკრულება გააფორმეს, რომლითაც რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიები იცვლებოდა. ამ შეთანხმებით დგინდებოდა ადმინისტრაციული საზღვარი ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის.

___

მთავარი ფოტო: იუნუს-ბეკ ევკუროვი და ადამ ხამხოევი

ბათუმის ბულვარი 72 ათას ლარს გადაიხდის 4 ქანდაკების რეაბილიტაციაში

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია 72 562 ლარს გადაიხდის ოთხი ქანდაკების რეაბილიტაციაში. ეს ქანდაკებებია: „ყირამალა“ და კიდევ სამი – „ვარიაცია სიყვარულზე“.

„აღნიშნული ქანდაკებები წარმოადგენენ ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლებიც მუდმივად იზიდავენ ქალაქის სტუმრებსა და ბულვარის ვიზიტორებს. ქანდაკებები ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდა 2009-2013 წლებში.

ბათუმისთვის დამახასიათებელი ხშირი წვიმისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქანდაკებების ნაწილი ბევრ ადგილზე დაიჟანგა, დაკარგა ვიზუალური მიმზიდველობა და ფუნქცია. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, „ყირამალა“ დაზიანების მაღალი ხარისხის გამო აღებულ იქნა და განთავსებულია ბულვარის საწყობში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა ქანდაკებების დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციის განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ქანდაკებების რეაბილიტაციის მომსახურებას ბულვარი ამ ქანდაკებების ავტორისგან, გელა წულაძისგან შეისყიდის, რომელიც აღდგენა-რესტავრაციის მომსახურების შესრულების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. შესაბამისად, ხელშეკრულებას ბულვარის ადმინისტრაცია მასთან ტენდერის გარეშე გააფორმებს. ბულვარი შესყიდვების სააგენტოსგან შესაბამის თანხმობას ელოდება.

რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის ოდენობა, ბულვარის განაცხადის მიხედვით, განსაზღვრულია „ქანდაკების ავტორის მიერ წარმოდგენილი აღდგენა-რესტავრაციისთვის საჭირო მომსახურების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.“

ქანდაკებების ძველი და ახლანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები:

ყირამალა
„ვარიაცია სიყვარულზე“
„ვარიაცია სიყვარულზე“
„ვარიაცია სიყვარულზე“ / ფოტოები შესყიდვების პორტალიდან

ამავე თემაზე:

რატომ აიღეს „ყირამალა“ ბათუმის ბულვარიდან

არ დახუჭო თვალი, შეიძლება შენ იყო შემდეგი – ქალთა ორგანიზაციების აქცია ბათუმში

დღეს, 22 მაისს ორგანიზაციები: საქართველოს შემეცნებითი ცენტრი და ქალთა ასოციაცია „გვირილა“ საქართველოს სამ ქალაქში აქცია- პერფორმანსს მართავენ. ორგანიზაციების განმარტებით აქცია ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად დაიგეგმა.

„21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შვილების თვალწინ ქმარმა ცოლს სიცოცხლე მოუსპო. ჩვენ, ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ გამოვდივართ და ვიკრიბებით საქართველოს სამ სხვადასხვა ქალაქში: თბილისში, ბათუმსა და ზუგდიდში.“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებენ.

აქციის მთავარი გზავნილებია: „არ დახუჭო თვალი“, „შენი სიჩუმე კლავს“, „შეძლება შენ იყო შემდეგი“, „გამოდი სიცოცხლის უფლებისთვის“.

აქცია ბათუმში ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან 18:00 საათზე დაიწყება.  აქცია ზუგდიდში 15:00 საათზე სკეიტპარკის ტერიტორიაზე, თბილისში კი ფილარმონიის წინ 18: 00 საათზე დაიწყება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 29 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 285 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა / APV – 3 141 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 599 ერთეული [+3]
  • MLRS – 201 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 93 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 204 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 170 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 470 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 107 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 194 ერთეული [+16]
  • სპეცტექნიკა – 43 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 174 თვითმფრინავი
  • 125 ვერტმფრენი
  • 977 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 317 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 198 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 408 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 622 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 077 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სარედაქციო კოლეგია ვარაუდობს, რომ უკრაინას ომის შესაჩერებლად დიდი ალბათობით ტერიტორიებს დათმობა მოუწევს.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი აღნიშნა, რომ უკრაინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება და რუსების გაყრა იქ, სადაც ისინი იმყოფებიან თავისი განვითარებით – შუა საუკუნეებში:

[yellow_box]რუსეთისთვის ნებისმიერი დათმობა არის ომის რამდენიმე წლით გაგრძელება – პოდოლიაკი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რა ელით აზოველებს რუსეთში და რა ელის რუსულ ჯარს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან – უახლოესი დღეების პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 მაისის 21 საათიდან 23 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 18-23 გრადუსი სითბო
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 5-10, დღისით 15-20 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 1-6, დღისით 10-15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 და 25 მაისს აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად წვიმიანი ამინდი.

 

 

რუსეთისთვის ნებისმიერი დათმობა არის ომის რამდენიმე წლით გაგრძელება – პოდოლიაკი

დღეს რუსეთისთვის ნებისმიერი დათმობა არის არა მშვიდობის გზა, არამედ რამდენიმე წლით გახანგრძლივებული ომი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისი ტერიტორიების გათავისუფლება და იქიდან რუსების განდევნა.

„თუ მოვლენების ადგილიდან ათასი ან მეტი კილომეტრით ხარ დაშორებული, გეჩვენება, რომ გლობალურად ყველაფერი გესმის, განსაკუთრებით რუსეთის შესახებ. განსაკუთრებით იმაზე, რომ ამ ქვეყანასთან საჭიროა მცირე დათმობაზე წასვლა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად. ასე რომ, რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი დათმობა – აბსოლუტური სიზუსტით ეს არის უფრო მძლავრი ომი გაცილებით მოკლე დროში. ანუ გახანგრძლივებული ომი. გვინდა კიდევ უფრო დიდი ომი, გვინდა კიდევ უფრო სისხლიანი ომი, გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ მასში, მაშინ წავიდეთ რუსეთთან დათმობაზე. უკრაინას ყველაფერი სხვაგვარად ესმის“, – განაცხადა პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება და რუსების გაყრა იქ, სადაც ისინი იმყოფებიან თავისი განვითარებით – შუა საუკუნეებში.

„ამიტომ, უკრაინის სტრატეგია აბსოლუტურად ნათელია და ჩვენ არ უნდა შემოგვთავაზოთ შეუსრულებელი გეგმები, რუსეთის ფედერაციისთვის საკუთარი სახის შესანარჩუნებლად. არა, უკრაინა საკუთარ ბედს თავად გადაწყვეტს“, – დასძინა პოდოლიაკმა.

New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სარედაქციო კოლეგია ვარაუდობს, რომ უკრაინას ომის შესაჩერებლად დიდი ალბათობით ტერიტორიებს დათმობა მოუწევს.

სტატიაში ნათქვამია, რომ „თუ კონფლიქტი რეალურ მოლაპარაკებამდე მივა, უკრაინის ლიდერებს მოუწევთ მტკივნეული ტერიტორიული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ნებისმიერი კომპრომისი მოითხოვს“.

ეკომიგრანტმა ხულოდან როგორ გახსნა საკონდიტრო წალკაში – „ტკბილი ფორთოხალი“

29 წლის რუსუდან ღორჯომელაძე წალკაში ცხოვრობს. ის ეკომიგრანტია ხულოს სოფელ ღურტიდან.

რუსუდანი პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მას წალკაში ყველა იცნობს, როგორც კონდიტერს.

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ტორტის გამოცხობა რთული იყო და ვერ შევძლებდი. ვერ წარმომედგინა, რომ ზრდასრულ ასაკში კონდიტერი შეიძლება გავმხდარიყავი.

ბავშვობაში მიფიქრია კონდიტერობაზე. მახსოვს, მე-10 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში მცირე ბიზნესგეგმის მოდელის შექმნა დაგვავალეს. ჩემი ბიზნეს გეგმა საკონდიტროზე იყო“, – იხსენებს რუსუდანი.

მან რამდენიმე წლის წინ აქტიურად დაიწყო ტორტების გამოცხობა და დღეს უკვე საკუთარი საკონდიტრო აქვს.

რუსუდანი ბანკში მუშაობდა, როცა მეორე შვილი შეეძინა და შვებულება აიღო. გვიყვება, რომ უფროს შვილთან ერთად მულტფილმს უყურებდა, როცა შემთხვევით ტორტის მომზადების ვიდეო ჩაირთო.

„ვიდეოს ნახვის შემდეგ ვიფიქრე, რომ ტორტის გამოცხობას შევძლებდი და გადავწყვიტე მეცადა. პირველ ჯერზე არ გამომივიდა, მაგრამ არ დავნებდი და რამდენიმე მცდელობის შემდეგ საკმაოდ კარგი ტორტი გამოვაცხვე. 2 თვეში ვიყიდე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა დამჭირვებოდა სახლში ტორტების ცხობისთვის და აქტიურად დავიწყე ტორტების ცხობა.

პირველი სამი თვე ჩემს გამომცხვარ ტორტებს მეზობლებს ვასინჯებდი. მას შემდეგ, რაც ჩემმა ტორტებმა ჩემი მეზობლების მოწონება დაიმსახურა, ფეისბუქგვერდის გაკეთება და შეკვეთების მიღება გადავწყვიტე“, – გვიყვება რუსუდანი.

რუსუდანის თქმით, წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ტორტების დიდი არჩევანი არასდროს ჰქონიათ. მან გვერდის გაკეთებიდან მალევე მიიღო პირველი შეკვეთაც – „ჩემს მომხმარებლებს შეეძლოთ დიზაინის მიხედვით აერჩიათ ტორტი. ეს მათთვის ძალიან დიდი სიახლე იყო“.

კონდიტერის თქმით, დაახლოებით 6 თვის შემდეგ შეკვეთებს ყოველდღიურად იღებდა. იგი ამ პერიოდისთვის უკვე სამსახურშიც დაბრუნდა და ტკბილეულს ძირითადად ღამით აცხობდა – „გვიან ღამემდე ვიდექი ფეხზე. მაშინ ერთი ტორტის გაკეთებისთვის 6-8 საათი მაინც მჭირდებოდა“.

რუსუდანი ამბობს, რომ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, ტორტის გამოცხობის დრო რომ შეემცირებინა. იხსენებს, რომ შეკვეთების რაოდენობის გაზრდის შემდეგ ხშირად წინასწარ ამზადებდა ტორტისთვის საჭირო დეტალებს, კრემს და მაცივარში ტოვებდა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს საქმე გამარტივებოდა.

ტორტის შეკვეთების მიღების 2 წლისთავზე რუსუდანმა „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსება მოიპოვა.  დაახლოებით 10 თვეა, რაც საკონდიტრო გახსნა.

რუსუდანი სამი შვილის დედაა. მან საკონდიტროს „ტკბილი ფორთოხალი“ დაარქვა, რადგან ასე ხშირად მიმართავს ხოლმე შვილებს.

რუსუდან ღორჯომელაძემ საკონდიტროს გახსნის შემდეგ 2 ადამიანი დაასაქმა და ტკბილეულის ასორტიმენტიც გაზარდა. გვიყვება, რომ „ტკბილ ფორთოხალში“ ახლა მზადდება ბაქლავა და სხვა სადღესასწაულო ტკბილეული, ასევე, აჭარული და იმერული ხაჭაპურიც. საკონდიტროში მიტანის სერვისიც აქვთ. კონდიტრის თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ყოველთვის ტორტებზეა.

რუსუდანის გვიყვება, რომ მისი ქმარი და ოჯახის სხვა წევრები ყოველთვის მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ – „ნამდვილად არ არის მარტივი გქონდეს სამსახური, გყავდეს მცირეწლოვანი შვილები და ამასთან იყო კონდიტერი“.

მისი შეფასებით, ყველაზე რთული საკონდიტრო საქმეში დროის სწორად განაწილებაა. იხსენებს, რომ დროის მენეჯმენტი საქმის დაწყებისას ძალიან უჭირდა და ახლაც უჭირს, როცა ბევრი შეკვეთა აქვს.

რუსუდანი სამომავლოდ საკონდიტროს ასორტიმენტის კიდევ უფრო გაზრდას და დახვეწას გეგმავს.

„როცა დავიწყე ტორტების გამოცხობა, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ისეთი საკონდიტრო უნდა მქონოდა, როგორიც ახლა მაქვს“, – ამბობს რუსუდანი.

„მადლობა მშვიდობისთვის“ – მასწავლებლები, რომლებიც ღარიბაშვილს დაახვედრეს

დღეს, 21 მაისს, საქართველოს მთავრობის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონებში ვიზიტს ასახავს. ამ ვიდეო თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში, შიდა ქართლსა და ხაშურში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.

ის კადრებში ძირითადად საჯარო მოხელეების გარემოცვაშია, თუმცა ქალაქის კადრებში მას აქა-იქ მოქალაქეებიც ხვდებიან ან საგანგებოდ ახვედრებენ.

პრემიერის და მოქალაქეების საუბარში განსაკუთრებით თვალშისაცემია ფრაზა – „მადლობა მშვიდობისთვის“, „მადლობა, რომ მშვიდობა გვაქვს და არა ომი“ და ასე შემდეგ.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ „მშვიდობის“ თემა „ქართული ოცნების“ ძირითადი მესიჯ-ბოქსია.

მაგალითად, შიდა ქართლში ირაკლი ღარიბაშვილს „მშვიდობისთვის“ მადლობა გადაუხადა ქალმა, რომელიც მას სკოლის მასწავლებლად გაეცნო.

„მადლობა აღმშენებლობისთვის, თქვენი პატრიოტიზმისთვის, მართლმადიდებლობისთვის, მადლობა სიმშვიდისთვის და მადლობა უფალს, რომ ეხლა აღმოჩნდით იმ ადგილზე, სადაც ხართ. ჩვენც რომ ომის ალში არ გაგვახვიეს, ღმერთმა დაგვიფარა თქვენი პრემიერად დანიშვნით“, – აი ამ ფორმით გადაუხადა მადლობა 21 წლის სტაჟის მქონე მასწავლებელმა ირაკლი ღარიბაშვილს.

მასწავლებელი მადლობას უხდის ღარიბაშვილს „მშვიდობისთვის“.

კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელიც ღარიბაშვილს ხაშურში დაახვედრეს, ასევე „მშვიდობისთვის“ უხდის მადლობას.

„მადლობა მშვიდობისთვის“ ფრაზით იწყებს ღარიბაშვილთან  საუბარს ხაშურში კიდევ ერთი მოქალაქეც.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვიდობისთვის, რომ ჩვენი ქალები ძაძებით არ არიან შემოსილები და რომ ომი არ გვაქვს“, – ეუბნება ის ღარიბაშვილს.

„მადლობა რომ არა ვართ ომში, მიუხედავად ამდენი მცდელობისა“- ეუბნება ღარიბაშვილს კიდევ ერთი მოქალაქე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაზა – „აბა ომი გინდათ?“, მას შემდეგ გამოიყენა, როცა მას ჟურნალისტებმა არაერთხელ ჰკითხეს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის აქტიურობა უკრაინის საკითხზე არის „პროვოკაცია“ და „2008 წლის უბედურების გამეორების მცდელობა“.

როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ ყველა კრიტიკას, რომელსაც უკრაინის მიმართ ნაკლებ სოლიდარობის თუ ანტიდასავლური განცხადებების გამო ისმენს, „მშვიდობის“ თემით ამართლებს.

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! – ბათუმში ბელარუსებმა ლუკაშენკოს რეჟიმი გააპროტესტეს

დღეს 21 მაისს, ბათუმში, ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეულმა ბელარუსებმა რეჟიმი გააპროტესტეს. აქციაზე მათ იმ ადამიანების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა იმსხვერპლა.

ბათუმში მცხოვრები ბელარუსების თქმით, ლუკაშენკოს რეჟიმი ათასობით ადამიანს დევნის, აპატიმრებს და კლავს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ეს ადამიანები ლუკაშენკოს რეჟიმის მსხვერპლები არიან. ზოგი პოლიტპატიმარი ბელარუსიის ციხეში გარდაიცვალა, ზოგი ისევ ციხეშია. ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, იდევნებიან. ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული პოლიტიკური ნიშნით. მათ შორის არასრულწლოვნები“-ამბობს ოლგა ბიგელი.

„თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – საპროტესტო აქცია ბათუმში ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ბათუმში 4 ათასზე მეტი ბელარუსი ცხოვრობს, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ.

ვიდეო საპროტესტო აქციიდან:

10 მილიონი ხულოს ვაშლოვანში ახალი სკოლისა და საერთო საცხოვრებლის ასაშენებლად

ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში საჯარო სკოლის არსებულ შენობას დაანგრევენ და მის ადგილზე ახალ შენობას ააშენებენ. სკოლის სამსართულიან შენობასთან ერთად ააშენებენ ხუთსართულიან კამპუსსაც [საერთო საცხოვრებელს]. საჯარო სკოლის ახალი შენობა გათვლილია 300 ბავშვზე, ხოლო კამპუსი 170 ადამიანზე.

საჯარო სკოლის ძირითადი შენობის და კამპუსის მშენებლობის სამუშაოების მრავალწლიან [2022-2025 წწ] სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 10 მილიონ 283 ათას 87 ლარით გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 12 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში, 17 ივნისს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებლის მიერ სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 36 კალენდარულ თვეში. ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. აღნიშნულ ვადაში გათვალისწინებულია ზამთრის პერიოდიც.“

ქვემო ვაშლოვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გარდა ყველა ნაგებობას დაანგრევენ. უშუალოდ მემორიალს რეაბილიტაცია 2020 წელს ჩაუტარდა, რაშიც ხულოს მერიის ინფორმაციით, 36 431 ლარი დაიხარჯა / ფოტოზე – ქვემო ვაშლოვნის საჯარო სკოლა და მემორიალი / ფოტო: ხულოს მერია
ქვემო ვაშლოვნის ახალი საჯარო სკოლა – რენდერი პროექტიდან

რამდენიმე ინფორმაცია ახალი სკოლის პროექტიდან:

  • ამ დროისთვის საჯარო სკოლის სარგებლობაშია 2494 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, გარდა არსებული მონუმენტისა. ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთი მდებარეობს 1186 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოწყობილია ღია სპორტული მოედანი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მდებარეობს 511კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც ფიზიკური პირის საკუთრებაა და იგეგმება მისი შემოერთება და გაერთიანდება ძირითად მიწის ნაკვეთთან.
  • საპროექტო ტერიტორიაზე განთავსდება ორი ძირითადი შენობა – სკოლის და კამპუსის შენობები.
  • სკოლის შენობა წარმოადგენს მართკუთხა ფორმის სამსართულიან ნაგებობას. პირველ სართულზე წარმოდგენილია: ფოიე, ადმინსტრაციული ოთახები, სველი წერტილები და საკლასო ოთახები. მეორე სართულზე – ბიბლიოთეკა წიგნების საცავით, სააქტო დარბაზი გასახდელებითა და საკლასო ოთახები. ხოლო მესამე სართულზე – სპორტული დარბაზი სამაყურებლო აივნით, გასახდელებით და ინსტრუქტორის ოთახით, საკლასო ოთახები და სველი წერტილები.
  • შენობა დაყოფილია ორ ბლოკად. ბლოკი წარმოდგენილია ცალქანობიანი სახურავით, ხოლო ბლოკი ორქანობიანით. სახურავი მოწყობილია სენდვიჩპანელებით. სართულებს შორის კავშირი ხორციელდება ერთი კიბის უჯრედის და ლიფტის მეშვეობით.
  • კამპუსი წარმოადგენს მართკუთხა ფორმის ხუთსართულიან ნაგებობას. პირველ სართულზე წარმოდგენილია: ფოიე, მიმღები, მომსახურე პერსონალის ოთახები, სველი წერტილები, რომლებიც ადაპტირებულია შშმ პირებზე. სასადილო სამზარეულოთი, საძილე ოთახი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, რომლებიც აღჭურვილია შშმ პირთათვის. მეორე სართულზე გვხვდება მხოლოდ მოსწავლეთა ერთ და ოთხადგილიანი საძილე ოთახები. ასევე სარეკრეაციო სივრცე. მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე განთავსებულია საძილე ოთხადგილიანი ოთახები. სართულებს შორის კავშირი ხორციელდება ერთი კიბის უჯრედის და ლიფტის მეშვეობით.“

რა ელით აზოველებს რუსეთში და რა ელის რუსულ ჯარს უკრაინაში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ომის სახეს ცვლის რუსეთი“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ვისთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ფრონტის ბოლო ამბების შეფასება ვთხოვეთ. იგი დარწმუნებულია, რომ მალე რუსეთი ძირითადად თავდაცვით პოზიციას დაიკავებს უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე. „თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა უკვე დაიწყეს ზაპოროჟიეს მიმართულებით“, – შენიშნავს გადამდგარი გენერალი და საკუთარ გათვლასაც გვიზიარებს: როდის მოახერხებს უკრაინა კონტრდარტყმას.

ვახტანგ კაპანაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „აზოვსტალიდან“ გაყვანილ მებრძოლებს რუსები ტყვეებში გაცვლიან.

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, მარიუპოლით დავიწყოთ. გუშინ საღამოს თქვა „აზოვის“ პოლკის მოადგილე კალინამ, რომ „ოპერაცია გრძელდება“. უკრაინულ მხარეს კი ნათქვამი აქვს, რომ „აზოვმა“ საბრძოლო დავალება უკვე შეასრულა და მებრძოლების „ევაკუაცია“ დაიწყო. საინტერესოა თქვენი დაკვირვება: რატომ დათანხმდა „აზოსვტალიდან“ მებრძოლების გაყვანას რუსეთი? 

ფაქტია, რომ „აზოვსტალში“ არავითარი საბრძოლო მოქმედება აღარ მიმდინარეობს. კალინა გულისხმობს ევაკუაციას, რომელიც იქ ამ დრომდე გრძელდება, იქიდან ჯგუფ-ჯგუფად გამოდიან ადამიანები. 1750-ზე მეტი კაცი უკვე გამოიყვანეს, მაგრამ ჯამში 2500-ზე მეტი კაცია, მათ შორის, 804 აზოველი, ხოლო 3 რუსი ტყვე, რომლებიც მათ ჰყავდათ ჩემი მონაცემებით.

თუ დააკვირდებით, ერთსა და იმავე რეალობას სხვადასხვა ტერმინით აღწერენ „აზოვსტალის“ შესახებ უკრაინელები და რუსები. უკრაინელები ამბობენ, რომ ეს არის „ევაკუაცია“, რუსები კი, ახსენებენ „ჩაბარებას“. სამხედრო ენაზე ამას იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ოპერაცია ჰქვია. აღსანიშნავია, რომ დაჭრილები გადაჰყავთ სამკურნალო დაწესებულებებში, ხოლო სხვები – დონეცკის რაიონში, ყოფილ კოლონიაში და აცალკევებენ აზოველებს. ეს გაცალკევება, ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, მათ შორის, „წითელი ჯვრის“ მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითად, ოფიცრები ცალკე და ასე შემდეგ. თუმცა აზოველების ცალკე გამოყვანა მიანიშნებს იმას, რომ მათზე იქნება განსაკუთრებული წნეხი და გამოიყენებენ პროპაგანდისტული მიზნებისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ მათ მარტივად გაუცვლიან ტყვეებში უკრაინელებს.

  • რა ბედი ელით აზოველებს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? 

რუსები მაქსიმალურად ეცდებიან, არ გაცვალონ ეს ტყვეები. თუმცა გააჩნია, უკრაინა რა დონის ტყვეს ჩაიგდებს ხელში. არაა გამორიცხული დიპლომატიური ზეწოლა და ვაჭრობა – მთავარია, რომ ისინი ცოცხლები არიან და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ველოდები უფრო, რომ იქნება მათი სასამართლო და რუსები მოაწყობენ ღია სასამართლოებსაც, რომ ვნახოთ, მათ შორის, აღიარებითი ჩვენებებიც, იქნება მონტაჟი, დაწერილი ტექსტების წაკითხვა და ასე შემდეგ. გაგებით უნდა მოეკიდოს ამას როგორც უკრაინა, ისე საქართველოს მოსახლეობა, ვინაიდან ფაქტია, რომ ეს ადამიანები გმირები არიან და გმირულად იბრძოლეს, სანამდე შეიძლებოდა.

სასიკვდილო განაჩენი არ აქვთ რუსეთში, თუმცა ამისკენ მოწოდებებიც ისმის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში საერთაშორისო მონიტორინგი, განსაკუთრებით კი, „წითელი ჯვრის“ და „Human rights watch“-ის ჩართულობა.

  • ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, „უკრაინელთა მტკიცე წინააღმდეგობამ მარიუპოლში შედეგად მოიტანა ის, რომ ამ რეგიონში მყოფ რუსეთის ძალებს გადაიარაღება და განახლება დასჭირდებათ, ვიდრე მათი ეფექტიანად გამოყენება გახდება შესაძლებელი“. თქვენი აზრით, რა ეფექტი ჰქონდა „აზოვსტალს“ ამ ომში და როგორ შეცვალა მან ომის მოცემულობა ორივე მხარისთვის?

ვერ ვიტყოდი, რომ „აზოვსტალმა“ ომის მოცემულობა შეცვალა, თუმცა რაღაც დროის გასვლის შემდეგ სამხედრო ექსპერტების გასარჩევი იქნება, რაც მოხდა. სამხედრო ანალიზის თემა იქნება იმის განსჯაც, რამდენად გამართლებული იყო მათი ალყაში დატოვება და შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყვანა.

ფაქტია, რომ აზოველებმა რუსების მნიშვნელოვანი ძალები მიაჯაჭვეს ამ რეგიონს, ზაპოროჟიეს მიმართულებას ვგულისხმობ. საუბარია დაახლოებით 12-15-ათასკაციან დაჯგუფებაზე. ომში ბევრი მითი იქმნება და მე არ ვიცი, უკრაინის ოპერატიულ გეგმებში რა იყო: შესაძლოა, არ იყო მზად ზაპოროჟიეს მიმართულებაზე თავდაცვითი ზღუდეები და ეს შეკავება მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარისთვის. არსებობს პოზიციაც, რომ თავიდან დაახლოებით 3500 კაცი იყო ამ დაჯგუფებაში და შეიძლება გამოსდგომოდათ თავიდანვე იგივე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. კლაუზევიცი [გერმანელი სამხედრო თეორეტიკოსი, პრუსიელი გენერალი] იყენებდა ტერმინს „ომის ხახუნი“, როდესაც იქმნება პირობები, წინააღმდეგობები და მარტივის განხორციელება ხდება რთული, რთულისა – შეუძლებელი. უდავოა, რომ „აზოვსტალის“ დაცვის ეპიზოდი ისტორიაში შევა, როგორც სიმამაცის თვალსაჩინო მაგალითი.

  • რა ხდება ფრონტის წინა ხაზზე? საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ ოპერაციებს, რათა წინ წაიწიონ პოპასნას ჩრდილოეთით და დასავლეთით მოემზადონ სევეროდონეცკზე შეტევისთვის.

თავიდან იყო საუბარი სამი ტიპის ალყის შესაძლებლობაზე, თუმცა აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო როგორც დიდი, ისე საშუალო ალყის განხორციელება. ახლა რუსეთს დარჩენილი აქვს რამდენიმე შესაძლოა ტაქტიკური ალყა, რასაც რუსები ეძახიან „ტაქტიკურ ქვაბს“, ანუ სიღრმეში გამაგრებული უკრაინული რაიონების ალყაში მოქცევა.

როგორც ხედავთ, მაქსიმალური ძალისხმევაა სევეროდონეცკი – ლისიჩანსკის მიმართულებაზე. რუსებმა ეს თუ მოახერხეს, ალყაში აღმოჩნდება დაახლოებით 10 – 12 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. მთელი დიდი გეგმებიდან, რაც ჰქონდა რუსეთს, რომ უნდა გასულიყო პოლონეთის საზღვარზე და აეღო კიევი, აქედან დარჩა მხოლოდ სევეროდონეცკის აღება და ესეც უცნობია, შეძლებენ თუ ვერა.

ჩემი აზრით, დაახლოებით თვის ბოლოს რუსეთი გადავა დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე და შეცვლის ომის სახეს. ამაზე მეტყველებს უკვე საფორტიფიკაციო სამუშაოების დაწყება, რაც მიმდინარეობს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. რუსეთმა უკვე დაიწყო თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა.

  • იზიუმთან აძლიერებდნენ საბრძოლო დანაყოფებს და არტილერიას. რა ხდება ამ მიმართულებით?

იზიუმის სამხრეთით არის სევეროდენცკი და ლისიჩანსკი. იყო ჩანაფიქრი, რომ იზიუმიდან და გულიაპოლიდან შეუტევდნენ და შექმნიდნენ ღრმა რკალს. ამ მეთოდით ისინი მთლიანად დაჯგუფებას მოაქცევდნენ ალყაში, მაგრამ ვერაფერს ახერხებენ… ამ დროისთვის ძირითადი აქტიურობა არის სევეროდონეცკის მიმართულებაზე, სადაც 100 კვადრატულ კილომეტრზე თავმოყრილია 20-მდე საბატალიონო, ტაქტიკური ჯგუფი.

  • ანუ მაისის ბოლოს ელოდებით, რომ რუსეთი გადავა თავდაცვაზე და მხოლოდ ოკუპირებული დონბასის დაცვას შეეცდება? 

დიახ, ის ძირითადად გადავა დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების მოქმედებაზე, რაც არ გამორიცხავს ცალკეული მიმართულებით შეტევასაც, მაგრამ ოპერატიულ დონეზე ეს იქნება თავდაცვის ორგანიზება. ჩემი აზრით, მხოლოდ ეს რესურსი დარჩა რუსეთს.

  • წინა ინტერვიუში რაც გვითხარით, აღნიშნა ბრიტანეთის დაზვერვამაც – „რუსი სამხედრო მეთაურები ძლიერი ზეწოლის ქვეშ არიან“. თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა, მაგალითად, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კისელის შემთხვევაში, რომელიც ელიტური პირველი გვარდიის სატანკო არმიას ხელმძღვანელობდა. არის ვერსია, რომ ის თანამდებობას ჩამოაშორეს იმიტომ, რომ ხარკოვის აღება ვერ შეძლო.

დიახ, ასეა. ჩამოსაშორებელიც იყო, მაგრამ ეს რამდენად უნდა განხორციელებულიყო ახლა, შესაფასებელია. როგორც ამბობენ, მდინარეზე გადასვლისას ცხენებს არ ცვლიან. ის შეცვალეს იმიტომ, რომ ამოცანა ვერ შეასრულა და დიდი დანაკარგი ჰქონდა. ის ხელმძღვანელობდა სატანკო არმიას, რომელიც რამდენიმე სამანევრო შენაერთისგან შედგებოდა. ეს იყო ყველაზე საჩვენებელი არმია…

  • თანამდებობა დაკარგა ვიცე-ადმირალმა იგორ ოსიპოვმაც, რომელიც შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა. ეს უკავშირდება აპრილში კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას?

დიდი ალბათობით, ასეა. გარდა ამისა, ამდენი ხომალდი დაკარგა მოწინააღმდეგესთან, რომელსაც საზღვაო ძალები საერთოდ არ ჰყავს, ვერც დესანტი გადასხა, ამხელა ფლაგმანი ჩაეძირა. თავისთავად, ეს გამოიწვევდა უკმაყოფილებას და ამ ცვლილებასაც.

  • ამჯერად რამდენად არის მოსალოდნელი რუსეთისგან საზღვაო ძალების გაძლიერება? უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის თქმით, „რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან რთულია ახლა წინსვლა, ამიტომაც მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრძოლაში წყალქვეშა გემები, ფლოტი და სხვა საბრძოლოს კომპონენტები ჩართოს.“

ორი აზრი არ არსებობს, რომ წყალქვეშა ხომალდები არის ყველაზე უსაფრთხო შესაძლებლობა, დაარტყა რაკეტებით, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის საზღვაო, ზედაპირული ძალები 200 კილომეტრზე ახლოს ვერ უახლოვდებიან უკრაინას, მის აკვატორიაში ვერ შედიან, ისინი ამ მანძილიდან ახორციელებენ სარაკეტო დარტყმებს. რუსები, ძირითადად, საზღვაო ძალებს იყენებენ სახმელეთო, საზღვაო, საცეცხლე მხარდაჭერისთვის და ახორციელებენ შორი მანძილიდან დარტყმებს. იყო ასევე მოსაზრება, რომ სადესანტო ხომალდები გადიან, შემოდიან და ასე შემდეგ, შესაძლოა, ისინი ელოდებიან დესანტის გადასხმის მომენტს, მაგრამ ოდესაში ეს გამორიცხულია. თუ ეს მოხერხდება, მოხერხდება ბესარაბიაში, რომელიც მოწყვეტილია ოდესას.

  • რა ხდება კუნძულ ზმეინიზე, რომელზეც კონტროლის მოხვეჭა მნიშვნელოვან სამხედრო უპირატესობას ნიშნავს განსაკუთრებით დესანტის გადასხმის კუთხით? 

რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზმეინიზე განათავსოს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა ჯერჯერობით იქ განთავსებულია მხოლოდ საშუალო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. უფრო მეტად გაძლიერებას იქ რუსები ვერ ახერხებენ, რადგან უკრაინელებისთვის ზმეინი არის ცეცხლის მიწვდომის მანძილზე, საჰაერო თუ უპილოტო საფრენი საშუალებების მიწვდომის მანძილზე. შესაბამისად, ზმეინი რჩება ნაცრისფერ ზონად.

რუსებმა იქ ვერ დააყენეს საშუალებები, რაც მათ სჭირდებათ, უკრაინელებმა კი, სრული კონტროლი ვერ მოიპოვეს, რადგან დიდი დანაკარგი განიცადეს ამ პროცესში. ამიტომაც, შეეცდებიან ისევ უბრალოდ, რუსებს არ მისცენ საშუალება, აიღონ სრული კონტროლი ზმეინიზე.

  • შეიარაღების ახალი პაკეტის შესახებ რა შეიძლება გვითხრათ, რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო რესურსი?

ეს ნამდვილად დაეტყობა უკრაინას, როცა ის სრული მასშტაბით შეძლებს მიწოდებული აღჭურვილობის გამოყენებას. რაც ამ ბოლოს მიიღო უკრაინამ, ვგულისხმობ M-113 მუხლუხიან ჯავშანტრანსპორტიორებს და T-72 – ებს, ეს ძირითადად სჭირდებათ დანაკლისის აღსადგენად. უკრაინამ უნდა დაიწყოს ახალი დანაყოფების დაკომპლექტება, რომლებიც სრულად აღჭურვილნი იქნებიან დასავლური სისტემით და ეს გამოიყენოს შემდეგ კონტრდარტყმის განსახორციელებლად, ანუ ოპერატიული, ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის.

  • პოდოლიაკი წლის ბოლოს ელოდება ამ ომის დასრულებას. „გამარჯვების რეცეპტი მარტივია:  რეალური ემბარგო ნავთობზე + ტანკები, თვითმფრინავები და არტილერია. მოდით, დავასრულოთ ის ერთად,“ – დაწერა მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერის  პირად გვერდზე. თქვენი მოლოდინი როგორია?

მაგრამ უკრაინელები გამარჯვებად მიიჩნევენ არა 24 თებერვლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ ტერიტორიების სრულად დაბრუნებას ყირიმის ჩათვლით და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას რუსეთის მხრიდან. არა მგონია, რომ ეს ამოცანები წლის ბოლომდე შესრულდეს.

მინიმუმ ყირიმის დაბრუნებას სერიოზული საზღვაო ძალების კომპონენტის მომზადება და ჩართვა დასჭირდება. გარდა ამისა, დანაყოფების შექმნა პროცესია, ინტეგრირება და ასე შემდეგ. ჩემი გათვლებით, სამი თვე მაინც დასჭირდება უკრაინას ამის მოსამზადებლად.

უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ფოსფორით მოწამვლა დაუდასტურდათ

უკრაინაში მებრძოლი ათი ქართველი მებრძოლი 7 მაისს, საავადმყოფოში მოწამვლის სიმპტომებით მოხვდა.

ერთ-ერთი მათგანი, ავთო ქაჯაია „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ რუსმა სამხედროებმა ამ დღეს მათ წინააღმდეგ აკრძალული იარაღი გამოიყენეს.

20 მაისს გაცემული სამედიცინო დასკვნით დასტურდება, რომ მებრძოლები ნამდვილად ფოსფორის შემცველი ნივთიერებით მოიწამლნენ.

„შხამიანი ფოსფორის შემცველი ნივთიერებით მოწამვლა“, – ასე წერია ავთანდილ ქაჯაიას დიაგნოზში. მებრძოლები ქალაქ დნიპროს ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

როგორც ავთო ქაჯაია ამბობს, ამჟამად ათივე მებრძოლი თავს კარგად გრძნობს და მალე საბრძოლო მოქმედებებშიც ჩაერთვებიან.

ქიმიური იარაღით მოწამვლაზე ჰოსტომელში ბრძოლების დროსაც ითქვა, თუმცა უცნობია, ეს სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა თუ არა.

23-26 მაისს თბილისში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

შსს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

23 მაისს,  24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება  რუსთაველის გამზირზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

25 მაისს, 24:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება.

შსს ინფორმაციით, ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.

მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა)  მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე.  ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ  ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.

როგორ მოაშენა კალმახა სოკო ომალოში 37 წლის იურისტმა

37 წლის იურისტი შენგელი ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობს. მან დაახლოებით ერთი თვეა, რაც ომალოში კალმახა სოკოს წარმოება დაიწყო.

შენგელი გვიამბობს, რომ კალმახა სოკოს შესახებ არაფერი იცოდა, სანამ გასული წლის შემოდგომაზე შემთხვევით სოკოს სათბურში არ მოხვდა.

„ძალიან დამაინტერესა სათბურში სოკოს წარმოებამ. მსგავს სათბურში მოხვედრის შემდეგ ამ სათბურზე ვეკითხებოდი ყველას და მალევე გავარკვიე როგორ იწარმოება სოკო სათბურში. პანკისის გრილი ჰაერი და ტენიანობა სოკოსთვის მისაღებია.

საბოლოოდ, როცა დავრწმუნდი, რომ საკმაო ცოდნა დავაგროვე და არ გამიჭირდებოდა თავად მეწარმოებინა სათბურის სოკო, მაშინვე საქმეს შევუდექი“, – გვიყვება შენგელი.

შენგელიმ კალმახა სოკოს წარმოებაზე იმიტომ შეაჩერა არჩევანი, რომ მისი შეფასებით, პანკისის პირობები სხვა სოკოებთან შედარებით უფრო კალმახა სოკოსთვისაა მისაღები.

კალმახა სოკო შენგელი ტოხოსაშვილის სათბურში

ახალგაზრდა მეწარმე მშობლებთან ერთად ცხოვრობს. გვიყვება, რომ თავისი იდეის შესახებ პირველად მშობლებს უთხრა. მისი თქმით, თავიდან ისინი ცოტა დაბნეულები იყვნენ, რადგან ვერ წარმოედგინათ სოკოს წარმოება ხელოვნურად, მაგრამ როცა მათ შენგელიმ სათბურში წარმოებული სოკოს ფოტოები და ვიდეოები აჩვენა, მისი იდეა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს.

ბოლო 4-5 თვე შენგელი მამასთან ერთად ყოველდღე მუშაობდა, რათა ეზოში უფუნქციო, ძველი საქონლის სადგომი სოკოს საწარმოდ გადაეკეთებინა.

იგი ამბობს, რომ ყველაზე რთული კალმახა სოკოს წარმოების პროცესში მისი ზრდისთვის საჭირო პირობების შექმნა და შენარჩუნებაა, ამიტომაც, სოკოს სათბურში თბოსაიზოლაციო, სავენტილაციო სისტემებისა და სანიაღვრე არხების გაკეთება მოუწია.

„კალმახა სოკოს სათბური დაახლოებით ერთი თვეა, რაც გავხსენით. პირველი ეტაპისთვის უკვე ინკუბირებული სოკოს 100 ტომარა შევიძინე. 1 ტომარა 16 ლარი ღირდა. სოკო წელიწადში სულ სამჯერ იძლევა მოსავალს. დაახლოებით 2-დან 3 ტონამდე სოკოს მოსავალს ველოდები წლის განმავლობაში.

სოკოს პირველი მოსავალი 4 დღის წინ ავიღე, დაახლოებით 150 კილოგრამი და ბაზარზეც გავიტანეთ, დასაწყისისთვის პანკისის მაღაზიებში. სოკო ეტაპობრივად იძლევა მოსავალს. 1 კილოგრამი სოკოს ღირებულება 8 ლარია“, – ამბობს შენგელი.

შენგელი ტოხოსაშვილის კალმახა სოკოს სათბური

შენგელის თქმით, კალმახა სოკოს დათესვიდან 2-3 კვირამდე სჭირდება ინკუბაციისთვის, პირველ მოსავალს კი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში იძლევა.

მისი თქმით, ინკუბაციისთვის სოკოს ცალკე სივრცე სჭირდება, რაც ამ ეტაპზე შენგელის არ აქვს. ის გეგმავს, რომ საჭირო დამატებითი სივრცეც მოაწყოს, რათა  თავად შეძლოს სოკოს დათესვა, ინკუბაცია.

შენგელის ვარაუდით, ზაფხულში კალმახა სოკო მოსავალს ვერ მისცემს, რადგან სოკოს სიცხე არ უყვარს, მაგრამ დანარჩენ სამ სეზონზე შეძლებს კალმახა სოკოს რეალიზებას.

შენგელი ტოხოსაშვილი კალმახა სოკოს გარდა უკვე სამი წელია უალკოჰოლო ლუდს აწარმოებს ასკილისა და შავი კუნელის ნახარშისგან. გვიყვება, რომ ეს ქისტების ტრადიციული სასმელია, რომელსაც ძირითადად სხვადასხვა დღესასწაულზე ამზადებდნენ.

შენგელს უნდოდა, რომ უალკოჰოლო ქისტური ლუდის დამზადების ტექნიკა შეენარჩუნებინა და რამდენიმე წლის წინ უალკოჰოლო ლუდის დამამზადებელი საწარმო გახსნა.

„საქართველოში არ დარჩენილა ლუდის საწარმო, სადაც არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი შრომა დამჭირდა. უამრავ ადამიანთან გავიარე კონსულტაცია. ბოლოს დაფინანსება მოვიპოვე ლუდის დამამზადებელი დანადგარების შესაძენად. დღეს უკვე ჩემი ლუდი პანკისში, კახეთსა და თბილისის 10-მდე ობიექტში იყიდება“, – გვიყვება შენგელი.

შენგელის უნდა, რომ მათი ტრადიციული სასმელი საქართველოს ყველა კუთხეში გასინჯონ, მათ შორის აჭარაშიც. დარწმუნებულია, რომ მისი დამზადებული უალკოჰოლო ლუდი აჭარაშიც დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

როგორც შენგელი ამბობს, კალმახა სოკოს სათბური უალკოჰოლო ლუდისგან მიღებული მცირე შემოსავლით, მშობლების მხარდაჭერით და სესხად აღებული თანხით მოაწყო.

შენგელი ტოხოსაშვილის კალმახა სოკოს სათბური

ახალგაზრდა მეწარმეს ახარებს, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე მისგან უალკოჰოლო ლუდს ყიდულობდნენ, ახლა მზად არიან მისი წარმოებული კალმახა სოკოც შეიძინონ.

შენგელი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში მუშაობს ტრენერად. როგორც ამბობს, მისი მსმენელები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომელთაც ტრენინგებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით უტარებს:

„ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემი მსმენელებისგან თავადაც ბევრ რამეს ვსწავლობ. მათ ხშირად ვუზიარებ ჩემი, როგორც მეწარმის გამოცდილებასაც“.

შენგელის თქმით, პანკისელებში კალმახა სოკოს სათბურმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადგილობრივი ოჯახი გეგმავს თავადაც მოაწყონ სოკოს სათბური.

500 ლარით დააჯარიმეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ქალს უკრაინის დროშის გამო დაარტყა

დღეს, 21 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 19 მაისს, ბათუმში, თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა. საქმეს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავდა.

როგორც ამ ამბის ერთ-ერთი თვითმხილველი და ამავე ბიუროს თანამშრომელი ელენე ხაჯიშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, მოსამართლემ რუსეთის მოქალაქეს ქვეყნის პატივისცემისკენაც მოუწოდა. „როცა საქართველოში ხართ, პატივი უნდა სცეთ საქართველოსო, უთხრა“ – ამბობს ელენე ხაჯიშვილი.

რუსეთის მოქალაქემ თარჯიმანთან ბიუროში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია. ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“

ბიუროს თანამშრომელმა ნანა წაქაძემ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კერძო საკუთრებაში და სხვის ქონებას აზიანებდნენ. როცა ნანა წაქაძე ვიდეოგადაღება დაიწყო, სწორედ ამ დროს დაარტყა მას რუსეთის მოქალაქემ, რის შემდეგაც თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის დროს სათარჯიმნო ბიუროში მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იმყოფებოდა.

ბათუმში ავტომანქანა გატეხეს

დღეს 21 მაისს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავტომანქანა გატეხეს. დამსხვრეულია ავტომანქანის მინა. სავარაუდოდ წაღებულია ფული და გარკვეული ნივთები.

ამავე ქუჩაზე ასევე მცდელობა იყო მეორე მანქანის გატეხვისაც. ავტომანქანას დაზიანებული აქვს მინა.

 

Exit mobile version