მთავარი,სიახლეები

„მადლობა მშვიდობისთვის“ – მასწავლებლები, რომლებიც ღარიბაშვილს დაახვედრეს

21.05.2022
„მადლობა მშვიდობისთვის“ – მასწავლებლები, რომლებიც ღარიბაშვილს  დაახვედრეს

დღეს, 21 მაისს, საქართველოს მთავრობის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონებში ვიზიტს ასახავს. ამ ვიდეო თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა კასპში, შიდა ქართლსა და ხაშურში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.

ის კადრებში ძირითადად საჯარო მოხელეების გარემოცვაშია, თუმცა ქალაქის კადრებში მას აქა-იქ მოქალაქეებიც ხვდებიან ან საგანგებოდ ახვედრებენ.

პრემიერის და მოქალაქეების საუბარში განსაკუთრებით თვალშისაცემია ფრაზა – „მადლობა მშვიდობისთვის“, „მადლობა, რომ მშვიდობა გვაქვს და არა ომი“ და ასე შემდეგ.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ „მშვიდობის“ თემა „ქართული ოცნების“ ძირითადი მესიჯ-ბოქსია.

მაგალითად, შიდა ქართლში ირაკლი ღარიბაშვილს „მშვიდობისთვის“ მადლობა გადაუხადა ქალმა, რომელიც მას სკოლის მასწავლებლად გაეცნო.

„მადლობა აღმშენებლობისთვის, თქვენი პატრიოტიზმისთვის, მართლმადიდებლობისთვის, მადლობა სიმშვიდისთვის და მადლობა უფალს, რომ ეხლა აღმოჩნდით იმ ადგილზე, სადაც ხართ. ჩვენც რომ ომის ალში არ გაგვახვიეს, ღმერთმა დაგვიფარა თქვენი პრემიერად დანიშვნით“, – აი ამ ფორმით გადაუხადა მადლობა 21 წლის სტაჟის მქონე მასწავლებელმა ირაკლი ღარიბაშვილს.

მასწავლებელი მადლობას უხდის ღარიბაშვილს „მშვიდობისთვის“.

კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელიც ღარიბაშვილს ხაშურში დაახვედრეს, ასევე „მშვიდობისთვის“ უხდის მადლობას.

„მადლობა მშვიდობისთვის“ ფრაზით იწყებს ღარიბაშვილთან  საუბარს ხაშურში კიდევ ერთი მოქალაქეც.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ მშვიდობისთვის, რომ ჩვენი ქალები ძაძებით არ არიან შემოსილები და რომ ომი არ გვაქვს“, – ეუბნება ის ღარიბაშვილს.

„მადლობა რომ არა ვართ ომში, მიუხედავად ამდენი მცდელობისა“- ეუბნება ღარიბაშვილს კიდევ ერთი მოქალაქე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაზა – „აბა ომი გინდათ?“, მას შემდეგ გამოიყენა, როცა მას ჟურნალისტებმა არაერთხელ ჰკითხეს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის აქტიურობა უკრაინის საკითხზე არის „პროვოკაცია“ და „2008 წლის უბედურების გამეორების მცდელობა“.

როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ ყველა კრიტიკას, რომელსაც უკრაინის მიმართ ნაკლებ სოლიდარობის თუ ანტიდასავლური განცხადებების გამო ისმენს, „მშვიდობის“ თემით ამართლებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: