მთავარი,სიახლეები

როგორ მოაშენა კალმახა სოკო ომალოში 37 წლის იურისტმა

21.05.2022 • 2992
როგორ მოაშენა კალმახა სოკო ომალოში 37 წლის იურისტმა

37 წლის იურისტი შენგელი ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობს. მან დაახლოებით ერთი თვეა, რაც ომალოში კალმახა სოკოს წარმოება დაიწყო.

შენგელი გვიამბობს, რომ კალმახა სოკოს შესახებ არაფერი იცოდა, სანამ გასული წლის შემოდგომაზე შემთხვევით სოკოს სათბურში არ მოხვდა.

„ძალიან დამაინტერესა სათბურში სოკოს წარმოებამ. მსგავს სათბურში მოხვედრის შემდეგ ამ სათბურზე ვეკითხებოდი ყველას და მალევე გავარკვიე როგორ იწარმოება სოკო სათბურში. პანკისის გრილი ჰაერი და ტენიანობა სოკოსთვის მისაღებია.

საბოლოოდ, როცა დავრწმუნდი, რომ საკმაო ცოდნა დავაგროვე და არ გამიჭირდებოდა თავად მეწარმოებინა სათბურის სოკო, მაშინვე საქმეს შევუდექი“, – გვიყვება შენგელი.

შენგელიმ კალმახა სოკოს წარმოებაზე იმიტომ შეაჩერა არჩევანი, რომ მისი შეფასებით, პანკისის პირობები სხვა სოკოებთან შედარებით უფრო კალმახა სოკოსთვისაა მისაღები.

კალმახა სოკო შენგელი ტოხოსაშვილის სათბურში

ახალგაზრდა მეწარმე მშობლებთან ერთად ცხოვრობს. გვიყვება, რომ თავისი იდეის შესახებ პირველად მშობლებს უთხრა. მისი თქმით, თავიდან ისინი ცოტა დაბნეულები იყვნენ, რადგან ვერ წარმოედგინათ სოკოს წარმოება ხელოვნურად, მაგრამ როცა მათ შენგელიმ სათბურში წარმოებული სოკოს ფოტოები და ვიდეოები აჩვენა, მისი იდეა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს.

ბოლო 4-5 თვე შენგელი მამასთან ერთად ყოველდღე მუშაობდა, რათა ეზოში უფუნქციო, ძველი საქონლის სადგომი სოკოს საწარმოდ გადაეკეთებინა.

იგი ამბობს, რომ ყველაზე რთული კალმახა სოკოს წარმოების პროცესში მისი ზრდისთვის საჭირო პირობების შექმნა და შენარჩუნებაა, ამიტომაც, სოკოს სათბურში თბოსაიზოლაციო, სავენტილაციო სისტემებისა და სანიაღვრე არხების გაკეთება მოუწია.

„კალმახა სოკოს სათბური დაახლოებით ერთი თვეა, რაც გავხსენით. პირველი ეტაპისთვის უკვე ინკუბირებული სოკოს 100 ტომარა შევიძინე. 1 ტომარა 16 ლარი ღირდა. სოკო წელიწადში სულ სამჯერ იძლევა მოსავალს. დაახლოებით 2-დან 3 ტონამდე სოკოს მოსავალს ველოდები წლის განმავლობაში.

სოკოს პირველი მოსავალი 4 დღის წინ ავიღე, დაახლოებით 150 კილოგრამი და ბაზარზეც გავიტანეთ, დასაწყისისთვის პანკისის მაღაზიებში. სოკო ეტაპობრივად იძლევა მოსავალს. 1 კილოგრამი სოკოს ღირებულება 8 ლარია“, – ამბობს შენგელი.

შენგელი ტოხოსაშვილის კალმახა სოკოს სათბური

შენგელის თქმით, კალმახა სოკოს დათესვიდან 2-3 კვირამდე სჭირდება ინკუბაციისთვის, პირველ მოსავალს კი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში იძლევა.

მისი თქმით, ინკუბაციისთვის სოკოს ცალკე სივრცე სჭირდება, რაც ამ ეტაპზე შენგელის არ აქვს. ის გეგმავს, რომ საჭირო დამატებითი სივრცეც მოაწყოს, რათა  თავად შეძლოს სოკოს დათესვა, ინკუბაცია.

შენგელის ვარაუდით, ზაფხულში კალმახა სოკო მოსავალს ვერ მისცემს, რადგან სოკოს სიცხე არ უყვარს, მაგრამ დანარჩენ სამ სეზონზე შეძლებს კალმახა სოკოს რეალიზებას.

შენგელი ტოხოსაშვილი კალმახა სოკოს გარდა უკვე სამი წელია უალკოჰოლო ლუდს აწარმოებს ასკილისა და შავი კუნელის ნახარშისგან. გვიყვება, რომ ეს ქისტების ტრადიციული სასმელია, რომელსაც ძირითადად სხვადასხვა დღესასწაულზე ამზადებდნენ.

შენგელს უნდოდა, რომ უალკოჰოლო ქისტური ლუდის დამზადების ტექნიკა შეენარჩუნებინა და რამდენიმე წლის წინ უალკოჰოლო ლუდის დამამზადებელი საწარმო გახსნა.

„საქართველოში არ დარჩენილა ლუდის საწარმო, სადაც არ ვყოფილვარ. ძალიან დიდი შრომა დამჭირდა. უამრავ ადამიანთან გავიარე კონსულტაცია. ბოლოს დაფინანსება მოვიპოვე ლუდის დამამზადებელი დანადგარების შესაძენად. დღეს უკვე ჩემი ლუდი პანკისში, კახეთსა და თბილისის 10-მდე ობიექტში იყიდება“, – გვიყვება შენგელი.

შენგელის უნდა, რომ მათი ტრადიციული სასმელი საქართველოს ყველა კუთხეში გასინჯონ, მათ შორის აჭარაშიც. დარწმუნებულია, რომ მისი დამზადებული უალკოჰოლო ლუდი აჭარაშიც დიდ მოწონებას დაიმსახურებს.

როგორც შენგელი ამბობს, კალმახა სოკოს სათბური უალკოჰოლო ლუდისგან მიღებული მცირე შემოსავლით, მშობლების მხარდაჭერით და სესხად აღებული თანხით მოაწყო.

შენგელი ტოხოსაშვილის კალმახა სოკოს სათბური

ახალგაზრდა მეწარმეს ახარებს, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე მისგან უალკოჰოლო ლუდს ყიდულობდნენ, ახლა მზად არიან მისი წარმოებული კალმახა სოკოც შეიძინონ.

შენგელი კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში მუშაობს ტრენერად. როგორც ამბობს, მისი მსმენელები ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომელთაც ტრენინგებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით უტარებს:

„ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ჩემი მსმენელებისგან თავადაც ბევრ რამეს ვსწავლობ. მათ ხშირად ვუზიარებ ჩემი, როგორც მეწარმის გამოცდილებასაც“.

შენგელის თქმით, პანკისელებში კალმახა სოკოს სათბურმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მისი ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადგილობრივი ოჯახი გეგმავს თავადაც მოაწყონ სოკოს სათბური.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: